"დავიბადე 1984 წლის 11 აგვისტოს, ვარ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის დეკანის მოადგილე, ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორი."

კვლევის უპირატესობა

კვლევის უპირატესობა

ორ წელზე მეტი დრო გავიდა მას შემდეგ, რაც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლაში ბიზნესის კვლევა ერთ-ერთ განსაკუთრებულ პრიორიტეტად დავისახეთ. ამ პერიოდის განმავლობაში რამდენიმე ასეული დიდი და მცირე კვლევა ჩავატარეთ, რომლებიც სრულად იყო მიმართულ ბიზნეს საქმიანობის შესწავლაზე. ძალიან საინტერესო იყო და არის კვლევებში სტუდენტების ჩართულობა. კვლევის შემდეგ ხშირად დავკვირვებივარ, თუ რამდენად კარგად ხედავენ სტუდენტები ამა თუ იმ კომპანიის პრობლემებს და ბევრჯერ მიფიქრია, რომ ისინი თამამად გაუწევდნენ კონსულტაციას ცალკეულ ქართულ კომპანიებს, განსაკუთრებით კი ისეთებს, რომელთა მენეჯმენტიც თვლის, რომ “ყველაფერი კვლევის გარეშეც კარგად იცის”.

რას ნიშნავს კვლევა და რატომაა კვლევაზე დაფუძნებული ინფორმაცია ღირებული ან იქნებ საერთოდ არც არის კვლევა მნიშვნელოვანი? ერთი შეხედვით კითხვა უწყინარია და პასუხიც მარტივი, თუმცა, რეალურად, საქართველოში მხოლოდ ძალიან ცოტა კომპანია თუ მოიძებნება, რომელიც საკუთარ სამოქმედო სტრატეგიას კვლევაზე და ბიზნეს გეგმაზე ამყარებს. კომპანიების დიდი ნაწილისათვის სამოქმედო სტრატეგია საუკეთესო შემთხვევაში საკმაოდ მოკლევადიანია, ხოლო უარეს შემთხვევაში საერთოდ არ არსებობს.

უფრო მეტიც, ხშირად, როდესაც კომპანიებს ნეიტრალური მხარე მათ შესახებ კვლევას წარუდგენს, “არასასურველი” მონაცემების არსებობა კომპიანიათა ერთი ნაწილის მხრიდან არა დაინტერესებას და საკვლევი საკითხის სიღრმისეულ შესწავლას, არამედ გაღიზიანებას იწვევს.

საქართველოს უახლეს ე.წ. ბიზნეს ისტორიას თუ გადავხედავთ, აღმოვაჩენთ, რომ ისტორია სავსეა წარუმატებელი ბიზნეს მაგალითებით. ცხადია, ამ მაგალითებს უამრავი ობიექტური მიზეზი ახლავს თან, რაც საქართველოს შემთხვევაში გამოიხატება ბიზნესის პოლიტიკური, საკანონმდებლო თუ სოციალურ-კულტურული გარემოს თავისებურებებით.

თუმცა, ამავე დროს უმრავია შემთხვევა, როდესაც ბიზნესის დახურვის პრეცედენტები ერთი შეხვედვით სრულიად უწყინარ პერიოდში, მეტ-ნაკლებად სტაბილური ბიზნეს გარემოს შემთხვევაში მომხდარა. თითოეულ ჩვენგანს უამრავი მსგავსი ფაქტის გახსენება შეუძლია. რა იყო მთავარი მიზეზი სტაბილურობის პირობებში ბიზნესის დახურვის?  პასუხი უმარტივესია: კვლევის გარეშე დაწყებული და წარმოებული საქმიანობა. უფრო მარტივად რომ ვთქვათ, ხშირად ქართველი “ბიზნესმენი” საქმიანობას იწყებს პრინციპით “რაღაც იქნება”, თუმცა ეს “რაღაც” ხშირად არასოდეს არ არის.

პოტენციურ ბიზნესმენთა მთავარი პრობლემა მარტივია, ისინი ბიზნესის დაწყებისას არ სვამენ უმთავრეს კითხვას: “ვინ იყიდის ჩვენს პროდუქტს/მომსახურებას?” პირიქით, საქმიანობას იმ იმედით იწყებენ, რომ “თუ სხვა ყიდის მეც გავყიდი”. სინამდვილეში შეცდომა სწორედ აქ არის, მხოლოდ იმ იმედით საქმიანობის დაწყება, რომ ბაზარი წარმატებულია და იქ შესვლით ყველას წარმატება ელოდება (ბიზნესის “სხვა კანონების” გაუთვალისწინებლობის შემთხვევაში), როგორც წესი ბიზნესის დახურვით მთავრდება.

კვლევის საჭიროება სწორედ აქ იკვეთება: იმ შემთხვევაში თუ კვლევაზე და არა მხოლოდ ენთუზიამზე იქნება ბიზნესის დაწყება დაფუძნებული შედეგები უფრო წარმატებული იქნება. მარტივად რომ ვთქვათ, კვლევა გვაჩვენებს ღირს თუ არა ბიზნესის დაწყება.

გიორგი აბაშიშვილი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის დეკანის მოადგილე

გააზიარე