ბიზნესი, რომელშიც წარმატებას მიაღწევ

(ავტორი: ნინო ენუქიძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლა).

რა არის სტარტაპი?

დამეთანხმებით, შეუძლებელია მოიფიქრო სტარტაპ იდეა მაშინ, როდესაც არ გაქვს მკაფიო წარმოდგენა იმისა, თუ რას ნიშნავს ეს ტერმინი.

ყველა ბიზნეს გამოცემა, ექსპერტი თუ მეცნიერი, განსხვავებულად განმარტავს სტარტაპს. ამ ბლოგის მომზადებისას 20მდე ქართულენოვანი სტატია წავიკითხე, დისონანსი აშკარაა. ტერმინი ,,სტარტაპი’’ ხშირად მცირე ბიზნესის ან ახლად დარეგისტრირებული საწარმოს სინონიმად გვევლინება, ეს კი შეცდომაა. შესაძლებელია სტარტაპის მოგება 1 მილიარდ დოლარს აღწევდეს, რამდენად მართებულია ასეთ ბიზნესს ,,მცირე’’ ვუწოდოთ? ისიც შესაძლებელია, სტარტაპი 3 წელიწადზე მეტ ხანს არსებობდეს ბაზარზე, რამდენად არის ის ,,ახლადშექმნილი’’?

განმარტებათა ზღვაში დაკარგულებს, ერთ მარტივ მინიშნებას მოგცემთ: სტარტაპი არის ბიზნესი, რომელსაც მასშტაბური და გლობალური ზრდა შეუძლია. მსოფლიოში ცნობილი ბიზნეს აქსელერატორი, პოლ გრეჰემის განცხადებით, ადგილობრივი რესტორანი არის მცირე ბიზნესი და არა სტარტაპი, ვინაიდან მისი ზრდის ტემპი ვერ იქნება სწრაფი, ზრდის არეალი კი გლობალური, თუნდაც ფრენჩაიზის შემთხვევაში. სწორედ ამ მიზეზით, სტარტაპს ხშირად მაღალტექნოლოგიურ და ინოვაციურ ბიზნესს უწოდებენ, რომელსაც ზრდა ყოველწუთიერად, მსოფლიოს მასშტაბით შეუძლია. თუმცა, ნუ იფიქრებთ რომ სტარტაპი მხოლოდ მაღალტექნოლოგიურ ინდუსტრიას მოიცავს. ფართო გაგებით, ეს არის არა მხოლოდ მზარდი კომპანია, არამედ ისეთი, რომელსაც ძალუძს ჩვენი მიდგომების რადიკალურად შეცვლა, საზოგადოებასა და ყოველდღიურობაზე დიდი გავლენის მოხდენა.

საერთო საცხოვრებელში მცხოვრები სტუდენტის ბიზნეს იდეა, რომელსაც ოთახიდან გამოსვლის გარეშე, ინტერნეტ სივრცეში ახორციელებს, შესაძლებელია მსოფლიოში ყველაზე წარმატებულის სტარტაპი გახდეს.

სტატისტიკურად, სტარტაპის კრიტიკული პერიოდი, კომერციალიზაციიდან 3 წელიწადია. ამ დროს, წამოწყებული ბიზნესის 90% წარუმატებლობისთვის განწირულია. ამის მრავალი მიზეზი არსებობს: არასრულფასოვანი ბაზრის ანალიზი, შეუფერებელი ზრდის ტემპი, არასწორი სტრატეგია. შემდეგ წლებში მიღწეული წარმატება კი ინდუსტრიების შესაბამისად, ასე ნაწილდება:

1. ფინანსები/დაზღვევა და უძრავი ქონება - ამ სფეროში შექმნილი სტარტაპების 58% ინარჩუნებს საბაზრო წილს და არის კონკურენტუნარიანი, შექმნიდან 3 წლის შემდეგაც.

2. განათლება/ჯანდაცვა - 56%

3. აგროკულტურა - 56%

4. მომსახურების სფერო - 55%

5. ბითუმად ვაჭრობა - 54%

სოციალური მედიასაშუალებების სფერო, სტარტაპ კომპანიებისთვის ერთერთი ყველაზე მიმზიდველი ინდუსტრიაა: კომპანია Dropbox - შეფასებული 10 მილიარდ აშშ დოლარზე მეტად, Pintereset – 4 მილიარდი აშშ დოლარი, ქართველი სტუდენტების მიერ შექმნილი Deehubs – 7 მილიონი აშშ დოლარი.

2014 წლის ყველაზე ,,ცხელი’’ სტარტაპების ათეულში კი ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული ბიზნესები მოხვდა: ტაქსების კომპანია ელექტრონული სერვისებით, ბინის გაქირავების ვებ პორტალი, ეკოლოგიურად სუფთა სამომხმარებლო პროდუქტის მწარმოებელი კომპანია, რომელიც ელექტრონულ პლატფორმაზე მუშაობს, ელექტრო სიგარეტის მწარმოებელი კომპანია, ,,ქლაუდ’’ სისტემაზე მომუშავე საინფორმაციო საცავი და ა.შ.

უკვე გაგიჩნდათ ბიზნეს იდეა?

მაშინ გავაგრძელებ:

საქართველოში, ტერმინი ,,სტარტაპი’’ სულ ცოტა ხნის წინ გახდა აქტუალური. ინვესტორები დაფიქრდნენ, რომ ბიზნესის კეთების ტრადიციული ფორმები მსოფლიოში იცვლება და საჭიროა ამ ტენდენციის დროულად გათავისება. ინოვაციური ბიზნეს იდეების მფლობელებიც მიხვდნენ, რომ მხოლოდ იდეა მატერიალურ სარგებელს ვერ მოიტანს. იმისთვის, რომ იდეა განხორციელდეს, საჭიროა ინვესტიცია. მოთხოვნის გაჩენამ, წარმოშვა მრავალი ერთეული, ინკუბატორები და საშუამავლო სერვისები, რომელიც აკავშირებს მომთხოვნსა და მიმწოდებელს, იდეის ავტორსა და ინვესტორს. სტარტაპ იდეის მქონე ადამიანისთვის, მსგავსი შეთავაზება შესაძლოა ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯის გადადგმის შესაძლებლობა გახდეს. იდეის არსებობა წარმატებისთვის არასაკმარისი პირობაა. მისი რეალიზებისთვის ნაბიჯების გადადგმაა საჭირო. არაერთი წარმატების ისტორია უნდა გახდეს ბიძგი იმისთვის რომ ინოვატორები დარწმუნდნენ, არ ღირს დამსაქმებლის მუდმივად ლოდინი, თვითდასაქმების პერსპექტივა საქართველოში უკვე არსებობს.

ის, რომ საქართველო პატარა ქვეყანაა, სტარტაპ ბიზნესისთვის პირიქით, ხელსაყრელია. დიდ ქვეყნებში შექმნილ ბიზნესს უჭირს ლოკალური სივრციდან თავის დაღწევა და მანამ სანამ მოიცავს მთელს ბაზარს, განვითარების ტემპს ანელებს. პატარა ქვეყნებში სტარტაპების პროცენტული თანაფარდობა ერთ სულ მოსახლესთან მიმართებაში, 2-3ჯერ მაღალია. დამფუძნებლებმა თავიდანვე იციან, რომ თუ სურთ განვითარება, უნდა გასცდნენ ქვეყნის საზღვრებს და ეს მინიმალური დანახარჯით და მაქსიმალურად ინოვაციური იდეით უნდა გააკეთონ. სწორედ ამიტომ, საქართველო სტარტაპ ბიზნესის დაწყებისთვის ერთ-ერთი საუკეთესო ადგილია.

წინა სტატია

კრიზისების გადადინების ეფექტები და საქართველო
09 ივლისი, 2015

შემდეგი სტატია

ევრაზიული კავშირი - შავი ჭირი, რომელზეც ჩვენ უარს ვამბობთ!
10 ივლისი, 2015
ისტორიული ალიანსი
კომპანიები | მაი, 21, 2018
სექტორული ალიანსი
ფორბს-მოსაზრება | ივნ, 11, 2018
STARBUCKS საქართველოში შემოდის
ახალი ამბები ქართულად | ივნ, 11, 2018
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა