კონკურენციის როლი საბაზრო ეკონომიკაში

(ავტორი: რევაზ გერაძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლა).

საბაზრო ეკონომიკა წარმოადგენს ეკონომიკურ სისტემას, სადაც ინდივიდები ფლობენ და დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების საფუძველზე მართავენ წარმოების ძირითად საშუალებებს. ასეთი ტიპის ეკონომიკაში ორი ძალა - პირადიეკონომიკური ინტერესი და კონკურენცია თამაშობს მთავარ როლს.

რატომ ვმუშაობთ? რატომ ვსწავლობთ? იმიტომ, რომ გვაქვს ინტერესი, ვეძებთ პირად სარგებელს .ვმუშაობთ, რადგან მივიღოთ ანაზღაურება, რომელსაც შემდეგ გამოვიყენებთ საჭირო აქტივების შესაძენად. ვსწავლობთ, რადგან შევძლოთ უკეთესი სამსახურის პოვნა, შესაბამისად მივიღოთ უფრო მაღალი ანაზღაურება, რომ შევძლოთ მომავალში საკუთარი მოთხოვნის დაკმაყოფილება. ეკონომიკური აქტივობები, რასაც ყოველდღიურ ცხოვრებაში ვხვდებით, პირადი ეკონომიკური ინტერესის დაკმაყოფილების მცდელობის შედეგია.

რატომ აცხობს მცხობელი პურს? იმიტომ, რომ ეს არის გზა, რომელიც მან იპოვა შემოსავლის მისაღებად და არა იმიტომ, რომ ის იჩენს სიკეთეს ამ პროდუქციის მომხმარებლის მიმართ. მაგრამ, თუ მცხობელი პირადი ინტერესის გამოაცხობს პურს, იწვევს თუ არა ეს ფაქტი ამ მიზნით შექმნილ პროდუქციაზე უსამართლოფასის დაწესებას, დაბალი ხარისხის პროდუქციის წარმოებას და მომწოდებლის მხრიდან არაკეთილსინდისიერ დამოკიდებულებას? ზოგჯერ ასეც ხდება, მაგრამ ძირითადად, საბაზრო ეკონომიკის პირობებში, კონკურენცია უზრუნველყოფს სამართლიანობას. თუ მე ვარ მცხობელი იმისათვის, რომ ჩემი ნაწარმი შეიძინოს მომხმარებელმა მე შევეცდები ვაწარმოო ჩემი კონკურენტის მიერ წარმოებულზე უკეთესი ხარისხის პური, შედარებით დაბალ ფასად. თუ ჩემი პური იქნება ძვირი, უხარისხო, ან ჩემს საცხობში მომსახურების დონე იქნება დაბალი, სხვა თანაბარ პირობებში, მომხმარებელი შეიძენს ჩემი კონკურენტისგან. იმისათვის, რომ მივიღო თქვენი ფული უნდა შემოგთავაზოთ მაღალი ხარისხის პროდუქცია სამართლიან ფასად. ეს ყველაფერი იმ შემთხვევაში თუ ბაზარზე არის კონკურენცია. თუმცა, ასეთის ა არსებობის შემთხვევაშიც კი, შედარებით დაბალი ხარისხის პროდუქციის არასამართლიან ფასად გაყიდვის შესაძლებლობის არსებობისას, აუცილებლად გამოჩნდება სხვა პირადი ეკონომიკური ინტესესის მქონე ადამიანი, რომელიც ეცდება მოგების მიღების არსებული შესაძლებლობის გამოყენებას და გახსნის კონკურენტ საცხობს.

სრულყოფილი კონკურენციის დროს ბაზარზე წარმოდგენილია ბევრი გამყიდველი, რომლებიც ყიდიან ურთიერთჩამნაცვლებელ პროდუქციას, ფასი განისაზღვრება მოთხოვნა-მიწოდების ურთიერთქმედებით და კომპანიები არიან არსებული ფასის მიმღებები, ფირმებს აქვთ ბაზრის შედარებით დაბალი წილი, ასეთი ტიპის ბაზარი გახსნილია ახალი კომპანიებისთვის. შესაბამისად, ერთი კომპანიის მიერ ფასის ზრდა, სხვა თანაბარ პირობებში, იწვევს მომხმარებლის უახლოეს კონკურენტ კომპანიაში გადასვლას. ამიტომ ნებისმიერი კომპანია ფასის ზრდის შემდეგ კარგავს ბაზარზე საკუთარ წილს და მოგების ნაწილს.

კონკურენცია ინფლაციის შემცირების გზით ხელს უწყობს ეკონომიკურ ზრდას,როგორც სექტორულ, ასევე აგრეგირებულ დონეზე. ხსნის ბაზარს ახალი შემომსვლელებისთვის და ზრდის ინვესტორების და მომხმარებლების ნდობას (ევროპის ცენტრალური ბანკი, 2005).

გარდა ამისა:

პირველი - კონკურენცია აიძულებს კომპანიებს გაზარდონ წარმოების ეფექტიანობა, რადგან კონკურენტი კომპანიები სისტემატურად ეძებენ ხარჯების შემცირების გზებს, რომ გაზარდონ საკუთარი მოგება და მიიღონ კუნკურენტული უპირატესობა. ფირმები, რომლებიც ბაზრის სხვა მოთამაშეებისგან სისტემატურად განიცდიან მეტოქეობას, მუდმივად ცდილობენ გახდნენ უფრო ეფექტიანები.

მეორე - კონკურენცია უზუნველყოფს ბაზარზე მაღალპროდუქტიული კომპანიების წარმატებულ საქმიანობას, რაც თავის მხრივ იწვევს დაბალპროდუქტიული კომპანიების ბაზრიდან გასვლას.

მესამე - მაღალი კონკურენციის პირობებში კომპანიები ცდილობენდანერგონ ინოვაციები, რაც ავითარებს სექტორს და ეკონომიკას. კონკურენციის არ არსებობის შემთხვევაში კომპანიებს არ ექნებოდათ მოტივაცია დაენერგათ ახალი წარმოების მეთოდები და წარმოედგინათ ახალი დასახელების პროდუქტები.

მეოთხე - კონკურენცია ხელს უწყობს დაბალკონკურენტული სექტორების რესტრუქტურიზაციის პროცესს. საქმე იმაშია, რომ სახელმწიფოსთვის რთულია განსაზღვროს სექტორი, რომელიც საჭიროებს რესტრუქტურიზაციას, ან კომპანია რომელიც უნდა გავიდეს ბაზრიდან და როდის არის საუკეთესო დრო ამისთვის.მაშინ როდესაც, კონკურენცია ბაზარზე იწვევს ფულადი ნაკადების და რესურსების გადადინებას შედარებით სუსტი და ნაკლებად კონკურენტული სექტორებიდან და კომპანიებიდან ძლიერ და კონკურენტულ სექტორებსა და კომპანიებში. 

როდესაც ბაზარზე სრულყოფილ კონკურენციაზე ვსაუბრობთ, არ ვგულისხმობთ, რომ სახელმწიფო განზე უნდა იდგეს და საერთოდ არ მონაწილეობდეს  ბაზრის ფუნქციონირებაში. ზოგიერთ შემთხვევაში ეს აუცილებელიც არის, ინფორმაციის ასიმეტრიულობითა და უარყოფითი გარეგანი ეფექტებით გამოწვეული საბაზრო ჩავარდნის (market failure) თავიდან ასაცილებლად.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სრულყოფილი კონკურენცია არის ბაზრის თეორიული სტრუქტურა. რეალური სტრუქტურა მრავალმხრივად განსხვავდება სახელმძღვანელოებში განხილული სრულყოფილი კონკურენციის მოდელისგან.

წინა სტატია

შემცირებული ეკონომიკური ზრდის ტემპი და ბიზნესსექტორი
15 ივლისი, 2015

შემდეგი სტატია

სახელმწიფო საგარეო ვალი - საფრთხე თუ ქვეყნის განვითარების პერსპექტივა?
20 ივლისი, 2015
"აჭარა ჯგუფი" თბილისში ახალ სასტუმრო "სტამბას" ხსნის
ახალი ამბები ქართულად | მაი, 01, 2018
ისტორიული ალიანსი
კომპანიები | მაი, 21, 2018
რიცხვები პოპულიზმის წინააღმდეგ
ფინანსები | მაი, 09, 2018
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა