რას ასწავლიან ლონდონის ეკონომიკის სკოლაში?

ლონდონის ეკონომიკის სკოლა კვლევითი უნივერსტეტია ლონდონში, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ და სელექციურ უნივერსიტეტად ითვლება. წელს, იმის მაგივრად რომ მთელი ზაფხული ფეისბუქზე და ინსტაგრამზე გამეტარებინა, გადავწყვიტე ზაფხულის სკოლაში კურსები ამეღო, დავკვირვებოდი ბრიტანული განათლების სისტემას, მესწავლა ალტერნატიულ საგანმანათლებო გარემოში და შემეგრძნო ბრიტანული ცხოვრების რიტმი და ტემპი. ჩემს მოტივებზეც ვიტყვი ორიოდ სიტყვას: ერთ-ერთ შაბათ-კვირას, ლონდონში მშობლები მესტუმრნენ. მამაჩემმა დრო იხელთა და მკითხა, აბა ანიკო რა ისწავლეო. ჰოდა, მკითხველს ზუსტად იმას მოვუყვები, რაც მამას, ერთ წვიმიან დღეს, ლონდონის პატარა კაფეში, შუადღის ჩაის დროს მოვუყევი.

კურსი რომელიც მე ავიღე, ორი ნაწილისგან შედგებოდა - ფინანსების შესავალი და კორპორატიული ფინანსები. ფინანსების შესავალი მოიცავდა შემდგომს:

* როგორ ხდება ინვესტიციის, პროექტის ან კომპანიის ამჟამინდელი ღირებულების დადგენა და რა ფაქტორების გათვალისწინებაა შეფასების პროცესში;

* სხვადასხვა ტიპის ობლიგაციები და ობლიგაციის პირობები (სტრუქტურა, ხანგრძლივობა, რისკი);

* პორტფოლიოს თეორიის განუყოფელი ელემენტები და მათი არსი: რისკი, რისკის შეფასების მექანიზმები და დივერსიფიკაცია. პორტფოლიოს თეორია, ფინანსური ცნება, რომელიც ცდილობს მოახდინოს კაპიტალური ბრუნვის მაქსიმალიზაცია მოცემული პორტფოლიოს რისკით ან ექვივალენტურად რისკის მინიმალიზაცია მოცემული კაპიტალური ბრუნვით;

* კაპიტალური აქტივების შეფასების მოდელი: ბეტა, როგორც რისკის მსაზღვრელი და კაპიტალზე ამონაღები, როგორც კრიტერიუმი წარმატებული პროექტების აღმოსაჩენად. კაპიტალური აქტივების შეფასების მოდელი გამოიყენება რისკიანი ფასიანი ქაღალდების შესაფასებლად და აღწერს კავშირს რისკსა და მოსალოდნელ კაპიტალურ ბრუნვას შორის და ფინანსურ ინდუსტრიაში;

* ეფექტური ბაზრის ტიპები და რა პრაქტიკული შედეგები აქვთ მათ;

* როგორ ავიცილოთ თავიდან სისტემური და ბიზნესის რისკი: დივერსიფიკაცია და ჰეჯინგი.

კორპორატიული ფინანსები მოიცავდა შემდგომს:

* კაპიტალური სტრუქტურა და რა განაპირობებს კომპანიის არჩევანს ვალსა და აქტივებს შორის;

* მოდილიანი-მილერის თეორემა, რომელმაც ჩამოაყალიბა თანამედროვე აზროვნების ჩარჩოები კაპიტალური სტრუქტურის შესახებ;

* გადასახადების და ბანკროტობის როლი კაპიტალურ სტრუქტურაში და ოპტიმალური კაპიტალური სტრუქტურის დადგენაში;

* რა როლი აქვს კაპიტალურ სტრუქტურას კომპანიის ყოველდღიურ ოპერაციებში და რა კონფლიქტებს იწვევს ის გრძელვადიან გეგმებში კომპანიის დაინტერესებულ მხარეებს შორის;

* როგორ შეიძლება ზემოთნახსენები უთანხმოებების შემსუბუქება და თანამედროვე თეორიები ამ კონფლიქტების შესახებ;

* კორპორატიული შემოსავლები: რატომ იხდიან კომპანიები დივიდენდებს ან რა განაპირობებს კომპანიების საფონდო ბირჟაზე გასვლას.

ჯამში კურსი ძალიან საინტერესო იყო. მომეცა საშუალება დავკვირვებოდი საკლასო დინამიკას, რომელიც განსხვავდებოდა ქართული, ამერიკული და ფრანგული საკლასო დინამიკისგან. ამ გამოცდილებამ დამაფიქრა სხვაობებზე ამერიკულ და ბრიტანულ განათლების სისტემებს შორის. მქონდა იმის შესაძლებლობა, რომ საკლასო ოთახში გავცნობოდი ჩემი თანატოლების აზრს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეებიდან - ინდოეთიდან, სამხრეთ ამერიკიდან თუ ჩინეთიდან. ჩემი დაკვირვებით, განსხვავება ამერიკულ და ბრიტანულ განათლების სისტემებს შორის მგდომარეობს დამოკიდებულებაში ცოდნის პრაქტიკულობასთან დაკავშირებით. ამერიკაში სწავლის ამოსავალი წერტილი პრაქტიკაა, კითხვა რომლითაც იწყება გაკვეთილი არის ის, თუ როგორ შეიძლება გამოვიყენოთ სამსახურში იმ კონკრეტული ლექციის აზრები, რომელსაც ვესწრებით. მეორე მხრივ, ბრიტანული სისტემა ხაზს უსვამს ცოდნის მნიშვნელობას თეორიული პერსპექტივიდან: აუცილებელია იცოდე თეორიული პრინციპები, როგორ მივიდა ადამიანის გონება კონკრეტულ შეფარდებასთან ან თეორიასთან, ვინ და რა წვლილი შეიტანა ამ თეორიული დარგის განვითარებაში. რა თქმა უნდა, ჩემი დაკვირვება უნივერსალურად ყველა კურსს და უნივერსიტეტს არ მოიცავს; მე ვტოვებ შესაძლებლობას, რომ სხვა სტუდენტებს სხვა გამოცდილებები და დაკვირვებები ჰქონდეთ ამ საკითხთან დაკავშირებით. სწორედ ამიტომ მნიშნელოვნად მიმაჩნია ჩემი აზრების გაზიარება, რადგან ვიმედოვნებ რომ ეს საწყისი იქნება იმ დიალოგის რომელიც ჩემსა და თქვენს შორის გაიმართება.

 

წინა სტატია

უნდა გამოეყოს თუ არა საქართველოს ეროვნულ ბანკს ზედამხედველობის ფუნქცია
06 აგვისტო, 2015

შემდეგი სტატია

ლეო, თბილისის ბრენდი
11 აგვისტო, 2015
QNET’s vision
ინტერვიუ | ოქტ, 02, 2018
233 დაგეგმილი პროექტი - ბრენდული სასტუმროები, რომელიც საქართველოში გაიხსნება
ახალი ამბები ქართულად | ოქტ, 16, 2018
Nexia TA - ერთადერთი აუდიტორული კომპანია საქართველოდან, რომელმაც IAB-ის ცერემონიაზე ჯილდო მოიპოვა
საქართველო | ოქტ, 08, 2018
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა