ეკონომიკური სანქციების საგა: რუსეთის დაცემის მოლოდინში

პეტერსონის საერთაშორისო ეკონომიკის ინსტიტუტის (აშშ) კოლექტიური მონოგრაფიის მეორე გამოცემაში “ეკონომიკური სანქციების გააზრება: ეკონომიკა და თანამედროვე პოლიტიკა” (1990) წერია, რომ ეკონომიკურ სანქციებს შეუძლიათ მიაღწიონ დასახულ მიზნებს მხოლოდ 30%-იანი ალბათობით. იმავე ნაშრომში დასტურდება ჰიპოთეზა, რომ ეკონომიკური სანქციები სხვა ტიპის ღონისძიებებთან (მაგ. სამხედრო-პოლიტიკური ხასიათის) კომბინაციაში იძლევა საოცრად ეფექტურ შედეგს ქვეყნის პოლიტიკური სისტემის დესტაბილიზაციის კუთხით. სხვა შემთხვევებში, თუ მოცემული სანქციები არაა უზრუნველყოფილი “სხვა ტიპის ღონისძიებებით”, მაშინ პოზიტიური შედეგების მიღწევა საკმაოდ სათუო ხდება.  

სწორედ ამ ლოგიკის გათვალისწინებით, შეიძლება ითქვას, რომ  რუსეთის შიში ნატოს მის საზღვრებთან მიახლოებასთან დაკავშირებით და ინტენსიურად მზარდი სამხედრო დანახარჯები, საბოლოო ჯამში უფრო სავალალო შედეგების მომტანი  აღმოჩნდება რუსეთის ეკონიმიკისთვის, ვიდრე თვით დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციები.

საბერძნეთის კრიზისის ასე თუ ისე ჩაწყნარების შემდგომ, საზოგადოების ყურადღბის ცენტრში კვლავ მოექცა რუსეთისა და დანარჩენი ცივილიზებული სამყაროს დაპირისპირება. მოვლენები სწრაფად ვითარდება და შედეგებიც სახეზეა.

აღმოსავლეთ უკრაინაში საბრძოლო ვითარების დაძაბვის ფონზე კვლავ დაიწყო ნავთობის საერთაშორისო ფასის შემცირება, რომელიც წინა თვესთან შედარებით 20%-ით გაუფასურდა და დღეს ბარელის ღირებულება  42.23 აშშ დოლარს შეადგენს.  პარალელურ რეჟიმში ყოველდღიურად უფასურდება რუსული ვალუტაც და დინამიკის შენარჩუნების შემთხვევაში, სავარაუდოდ რამდენიმე დღეში, დოლარი-რუბლის მიმართება 1-65-ს გადააჭარბებს. თვალსა და ხელს შუა ილევა რუსეთის ფედერაციის ოქროს სავალუტო რეზერვებიც. მოცემულ მოვლენებს ემატება რუსეთისთვის დაწესებული სანქციების გაფართოების და გაღრმავების აწ უკვე ტრადიციად ქცეული დინამიკა და უკვე მერამდენედ გაჟღერებული მუქარა ჩვენი დამპყრობელი ქვეყნის SWIFT (მსოფლიო ბანკთაშორისი საფინანსო ტელეკომუნიკაციების საზოგადოება) სისტემისგან გათიშვის შესახებ.

რა თქმა უნდა, დასავლეთს რუსეთიც არ ჩამორჩა და სავაჭრო ემბარგო აშშ-ს, ევროკავშირის, კანადის, ავსტრალიის და ნორვეგიის შემდეგ კიდევ 4 ქვეყანას (ლიხტენშტეინი, ისლანდია, ალბანეთი, მონტენეგრო) დაუწესა. მათ რიცხვს უკრაინაც შეუერთდება, თუ ევროკავშირის მიერ რუსეთზე დაწესებულ სანქციების განხორციელებას ხელს შეუწყობს. უფრო მოკლედ რომ ვთქვათ, ბოლო ერთი წლის განმავლობაში დასავლეთსა და რუსეთში სამხედრო ხარჯების მასშტაბური ზრდის პარალელურად მივიღეთ სწრაფად მზარდი სავაჭრო ომი სანქციებისა და კონტრსანქციების სახით.

მოცემული სავაჭრო დაპირისპირება ცხადია საზიანოა როგორც დასავლეთისთვის, ასევე რუსეთისთვის, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ მრავალი ფაქტორის გათვალისწინებით რუსეთის ფედერაცია იხდის გაცილებით დიდ ფასს, ვიდრე ევროკავშირი ან ნებისმიერი სხვა ემბარგოდადებული ქვეყანა (რა თქმა უნდა უკრაინის გარდა). როგორც Capital Economics-ის ექსპერტები ვარაუდობენ ეს დაპირისპირება გაგრძელდება 2018 წლამდე, რის შემდეგაც რუსეთს ამოეწურება ოქროს სავალუტო რეზერვები და აღმოჩნდება სავალალო ვითარებაში, რასაც სავარაუდოდ საკმაოდ დიდი და რადიკალური ცვლილებების ეპოქა მოჰყვება.  

მოცემული კურსისა და დინამიკის შენარჩუნების შემთხვევაში ევროკავშირმა შესაძლოა მთლიანობაში დაკარგოს დაახლოებით 100 მილიარდი დოლარი თავისი საექსპორტო შემოსავლებიდან, შემცირდეს შრომის ბაზრის მოცულობა, მაგალითად გერმანიაში 460 ათასი სამუშაო ადგილით, პოლონეთში - 330 ათასით, იტალიაში 210 -ათასით, საფრანგეთში - 145 ათასით.  სანქციებით გამოწვეული მოცემული ნეგატიური ეკონომიკური შედეგები აუცილებლად გაიწელება დროში და ევროპის ქვეყნები თანმიმდევრულად დადგებიან ამ პრობლემის წინაშე. გამოსავლის პოვნა უკვე დღის წესრიგში დგას ევროკავშირში და შესაძლებელია ძალთა კონსოლიდაციის ხარჯზე ყველაზე ეფექტურად დაიძლიოს პრობლემა. 

აი რუსეთის ფედერაცია კი ნამდვილად შავ დღეშია. 2015 წლის მეორე კვარტალში, გასული წლის ანალოგიური პერიოდთან შედარებით ქვეყნის ეკონომიკა 4.6%-ით შემცირდა, გაიზარდა მშპ-ს ვარდნის ტემპებიც. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ბოლო 15 წლის განმავლობაში ქვეყანა არ ყოფილა ასეთ ღრმა კრიზისში, რომელსაც ბოლო ჯერ კიდევ არ უჩანს.

ამ მოსაზრებას ამყარებს ირანისთვის სანქციების მოხსნა და  ბოლო დღეებში OPEC-ის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები, რომელიც  დააჩქარებს მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასის შემცირებას და უზრუნველყოფს მისი დაბალ ნიშნულზე ხანგრძლივი პერიოდით შენარჩუნებას.

მე უბრალოდ  კიდევ ერთხელ შეგახსენებთ: ცივი ომის დასრულების შემდგომ, უკვე მეორედ, სახეზე გვაქვს ეკონომიკური სანქციებისა და “სხვა ტიპის ღონისძიებების” კომბინაციის თავსმოხვევის პოლიტიკა, რომელმაც თავის დროზე გამოიწვია სსრკ-ს დაშლა და დიდი ალბათობითვე იქნება რადიკალური ცვლილებების მაპროვოცირებელი დღევანდელ რუსეთთან მიმართებაშიც.

საქართველოს უმთავრესი ამოცანა მოცემულ კონტექსტში არის იპოვოს თავისი ადგილი და მაქსიმალურად გამოიყენოს ის შანსი, რომელიც მომავალში აუცილებლად მიეცემა, ქვეყნის მთლიანობის აღსადგენად და ევროზონაში ინტეგრაციისთვის.

წინა სტატია

ლეო, თბილისის ბრენდი
11 აგვისტო, 2015

შემდეგი სტატია

საარსებო მინიმუმი საქართველოში
18 აგვისტო, 2015
მეორედ მოსვლა მეორედ წასვლისთვის
ფორბს-მოსაზრება | ივლ, 11, 2018
გლობალური ქსელის თბილისელი შვილობილი
Forbes Woman | ივნ, 28, 2018
ახალი სტანდარტი
ინტერვიუ | ივნ, 20, 2018
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა