რეპუტაცია - თანამედროვე მსოფლიოს ახალი ვალუტა

როდესაც მე და ჩემს უმცროს დას უთანხმოება მოგვივიდოდა – სათამაშოს ვერ გავიყოფდით ან ვერ შევთანხმდებოდით, ან დედა ვინ იქნებოდა და ვინ შვილი, ჩვენი მშობლების თვალში დამნაშავე ყოველთვის მე ვიყავი. რატომ? გარდა იმისა, რომ მე უფროსი ვიყავი და როგორც ჩემი მშობლები იტყოდნენ, მეტი მომეთხოვებოდა, მე მქონდა რეპუტაცია, როგორც დამჩაგვრელის, ჩემს დას კი როგორც მსხვერპლის. ამ დაკვირვებამ ადრეული ასაკიდან მასწავლა ცუდი რეპუტაციის შედეგები და სწორედ ამიტომ კარგი რეპუტაციის მოპოვება და შენარჩუნება მტკიცედ გადავწყვიტე.

ჩემმა ქმედებებმა შედეგი გამოიღო, როდესაც სკოლაში, როგორც კარგ მოსწავლეს, ნაკლებად მამოწმებდნენ მომზადებული მქონდა საშინაო დავალება თუ არა. იმის შიში, რომ ჩემი რეპუტაცია შეიბღალებოდა, თუ ოდესმე დავალებას არ დავწერდი, მუდმივად მიბიძგებდა ყოველთვის მომზადებული ვყოფილიყავი გაკვეთილისთვის. ცხადია, რომ რეპუტაცია ადამიანს ადრეული ასაკიდან უყალიბდება და ცხოვრევბის ყველა ეტაპზე გავლენას ახდენს მის არჩევანზე, საზოგადოების მოლოდინზე და მომავალ შესაძლებლობებზე. ამის მტკიცებას ბევრ დროს არ დავუთმობ: ბოლოს და ბოლოს ყველას სმენია - „სახელის გატეხვას თავის გატეხვა ჯობიაო“. მიუხედავად ამისა, ერთი შეხედვით, რთულია კავშირის გაბმა რეპუტაციასა და ვალუტას შორის. სხვაგვარად რომ ვთქვათ, როგორ შეიძლება რეპუტაციის გამოყენება მუდმივად ცვალებად სოციალურ-ეკონომიკურ ლანდშაფტში, სადაც ანონიმური, ვირტუალური სამყარო შესაძლებლობების საზღვრებს აფართოვებს?

Airbnb, Uber, Kickstarter, Etsy – მცირე ჩამონათვალია იმ კომპანიებისა, რომელიც თანამედროვე მსოფლიოში ტექნოლოგიური პროგრესის შედეგად ჩამოყალიბდა. Airbnb საშუალებას აძლევს უძრავი ქონების მფლობელებს გააქირავონ თავისი ქონება, ხოლო ტურისტებს, რომლებიც ადრე სასტუმროებში რჩებოდნენ, იქირავონ სახლი რამოდენიმე დღით. Uber - ალტერნატიული ტრანსპორტის საშუალებაა, რომელიც კონცეპტუალურად ტაქსის დანიშნულებას ასრულებს ერთი დიდი განსხვავებით: Uber-ის მძღოლები ჩვეულებრივი ადამიანები არიან, რომელსაც თავისუფალ დროს დამატებითი ფულის გამოსამუშავებლად საკუთარ ქონებას იყენებენ. Kickstarter ალტერნატიული ინვესტიციების პლატფორმაა, რომელიც აკავშირებს ადამიანებს ფინანსური კაპიტალით ადამიანებთან, რომლებსაც სჭირდებათ დაფინანსება. Etsy კი ვებსაიტია, რომელიც საშუალებას აძლევს დიასახლისს მიჩიგანში იყიდოს თავისი შვილის ჰელოუინის კოსტიუმი ხელოვნების სკოლის მოსწავლისგან კონექტიკუტში ან ნიუ-იორკში.

ამ კომპანიების წარმატება (მაგალითად, Uber დაიწყო, როგორც პატარა ექსკლუზიური სერვისი 2009 წელს და ამჟამად 3.76 ბილიიონიანი კომპანიაა, რომელიც მსოფლიოს გარშემო ათეულობით ქალაქში მუშაობს) განაპირობა კოლაბორაციულმა მოხმარებამ, რომელიც საშუალებას აძლევს ინდივიდებს დაზოგონ ან გამოიმუშავონ ფული არსებული აქტივებისგან. ტექნოლოგიების განვითარების როლის უარყოფა შეუძლებელია ამ კონტექსტში – ის ქმნის ნდობას უცხოებს შორის – მაგრამ რეპუტაციის გარეშე, რომელიც მოქმედებს როგორც სოციალური ძალა, რომელიც შესაძლებელს ხდის ვირტუალურ სამყაროში ნდობის ჩამოყალიბებას, ის წარმოუდგენელია. რეპუტაციის მნიშვნელობა Airbnb, Uber, Kickstarter, Etsy-დან არ იწყება. კრედიტის ქულა, როგორც მთავარი კრიტერიუმი იმისა მიიღებ თუ არა სესხს ბანკისაგან და დაზღვევის ქულა, რომელიც წყვეტს რამდენს გადაიხდი დაზღვევაში – ზუსტად იგივე პრინციპზეა დაფუძნებული. თუ მუდმივად ხვდები ავტოსაგზაო შემთხვევებში, შენი დაზღვევის ფასი იზრდება, თუ ვერ ახერხებ საპროცენტო შენატანების გადახდას, მომავალში მოსალოდნელია, რომ ბანკი სესხს არ მოგცემს. სწორედ ესაა თანამედროვე რეპუტაციის მნიშვნელობა, რომელსაც აშკარა ფინანსური შედეგები აქვს.

რთულია მკითხველის დარწმუნება იმაში, რომ რეპუტაცია ოდესმე ჩაანაცვლებს ვალუტას, მაგრამ აუცილებელია იმის აღნიშვნა, თუ რამხელა როლს თამაშობს რეპუტაცია თანამედროვე მსოფლიოში. დაზღვევა და კრედიტი დიდი ცხოვრებისეული არჩევანის მაგალითია, მაგრამ საჭიროა იმის აღნიშვნა, რომ რეპუტაცია უპრო პატარა მასშტაბის გადაწყვეტილებებზეც ახდენს გავლენას. თუ წიგნის ყიდვა მინდა ამაზონიდან და იმ ადამიანს, რომლისგანაც წიგნი უნდა ვიყიდო ცუდი რეცენზიები აქვს, მე არ ვიყიდი წიგნს. თუ ბოსტონში, ქალაქის ერთი წერტილიდან მეორეში წასვლა მინდა და მძღოლი, რომელმაც უნდა მომაკითხოს არც თუ ისე სანდოა, მისი Uber ქულის მიხედვით, უარს ვიტყვი მის სერვისებზე და გადაადგილების ალტერნატიულ მეთოდს მივმართავ. ამ შემთხვევაში ცხადია, თუ როგორი კავშირია რეპუტაციასა და კაპიტალის მოძრაობას შორის ჩემი ჯიბიდან წიგნის გამყიდველის ან უბერის მძღოლის ჯიბეში: ტრანზაქცია არ მოხდება თუ მათი რეპუტაცია არ არის კარგი, თუ არ მივიღებ ჩემს ქონებაზე საკმარის ამონაღებს მათი პროდუქტის ან სერვისის გამოყენების შემდეგ. რთული არ არის იმის დანახვა, რომ თუ ჩემი რეპუტაცია განაპირობებს, მომცემს თუ არა ბანკი სესხს, რამდენს გადავიხდი დაზღვევაში, იყიდიან თუ არა ჩემს პროდუქციას, მენდობიან თუ არა სხვა ადამიანები, რომ რეპუტაცია თანამედროვე მსოფლიოს ახალი ვალუტაა.

წინა სტატია

საარსებო მინიმუმი საქართველოში
18 აგვისტო, 2015

შემდეგი სტატია

კრიმინალი და ეკონომიკა
21 აგვისტო, 2015
QNET’s vision
ინტერვიუ | ოქტ, 02, 2018
233 დაგეგმილი პროექტი - ბრენდული სასტუმროები, რომელიც საქართველოში გაიხსნება
ახალი ამბები ქართულად | ოქტ, 16, 2018
ბიძინა ივანიშვილის ქონება ერთ კვირაში $80 მილიონით შემცირდა
ახალი ამბები ქართულად | ოქტ, 11, 2018
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა