კრიმინალი და ეკონომიკა

რა კავშირი შეიძლება არსებობდეს კრიმინალსა და ეკონომიკას შორის? ქვეყნის  ეკონომიკური ზრდაა დამოკიდებული ქვეყანაში არსებულ კრიმინალურ ვითარებაზე თუ პირიქით - ქვეყანაში არსებული ეკომონიკური მდგომარეობა განაპირობებს კრიმინალს? კვლევებმა ცხადყო, რომ ვითარება არც ისე ერთგვაროვანია.

დავიწყოთ კრიმინალური ვითარების გავლენით ეკონომიკაზე. დანაშაულებრივი საქმიანობა ეკონომიკაზე მოქმედებს გადასახადის მსგავსად: ის ხელს უშლის როგორც ადგილობრივ, ისევე პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს, ამცირებს ფირმების კონკურენტუნარიანობას, იწვევს რესურსების არასწორად გადანაწილებას, ქმნის გაურკვევლობასა და ამცირებს ეფექტიანობას. ნათელია, რომ არც ადგილობრივი და არც უცხოელი ინვესტორი არ მოისურვებს საკუთარი კაპიტალის განთავსებას იქ, სადაც კრიმინალი მაღალია და მომავალი გაურკვეველი. კრიმინალი მძიმედ აწევს ბიუჯეტსაც, რადგან მაღალი კრიმინალის შემთხვევაში მეტი თანხებია ბიუჯეტიდან გამოსაყოფი მასთან საბრძოლველად. შესაბამისად, პირდაპირ თუ ირიბად კრიმინალი გავლენას ახდენს ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობაზე.

როგორია დანაშაულის სტატისტიკა საქართველოში? როგორც გრაფიკიდან ჩანს, 2006 წლიდან მოყოლებული რეგისტრირებული დანაშაულის ოდენობა მცირდება, შემდეგ იზრდება 2012-2013 წლებში და კვლავ იკლებს 2014 წლისთვის. 2015 წლის პირველი კვარტალის მდგომარეობით, რეგისტრირებული დანაშაულის რაოდენობამ 9.0 ათასი შეადგინა. აქედან, ყველაზე დიდი წილი მოდის დანაშაულზე საკუთრების წინააღმდეგ (36%), ნარკოტიკულ დანაშაულზე (14%), დანაშაულზე ჯანმრთელობის წინააღმდეგ (12%) და სატრანსპორტო დანაშაულზე (10%).

როგორ ხასიათდებიან მსჯავრდებულები? 2014 წლის მდგომარეობით, მსჯავრდებულთა 50% მიეკუთვნება 30-49 წლამდე ასაკის კატეგორიას, 4% მდედრობითი სქესის წარმომადგენელია, 2% კი არასრულწლოვანია. მსჯავრდებულთა 81%-ს მიღებული აქვს საშუალო განათლება, 13%-ს კი უმაღლესი, მათი უმრავლესობა (88%) უმუშევარია, ხოლო ნახევარი (50%) დაოჯახებული.        

ახლა კი დავუბრუნდეთ ქვეყანაში არსებული ეკონომიკური ვითარების გავლენას კრიმინალზე. მეცნიერთა ერთი ნაწილი ამტკიცებს, რომ ეკონომიკური დაღმავლობის პერიოდში უფრო მეტ ადამიანს აქვს მოტივი, რომ ჩაიდინოს დანაშაული. ცუდი ეკონომიკური პირობების გამო  უფრო მეტი ადამიანი ჩადის დანაშაულს საკუთრების წინააღმდეგ (ძარცვა, ქურდობა, ყაჩაღობა), ამ გზით ისინი ცდილობენ მიიღონ ის, რისი შეძენის საშუალებაც მათ არ აქვთ. ეკონომიკური სიდუხჭირე იწვევს ასევე მეტ ოჯახურ თუ სხვა ტიპის ძალადობას. მეცნიერთა მეორე ნაწილი კი საწინააღმდეგოს ამტკიცებს. ისინი მიიჩნევენ, რომ სწორედ ეკონომიკური აღმავლობის პერიოდშია მეტი დანაშაული მოსალოდნელი. ასეთ დროს უფრო მეტი ადამიანი ფლობს ფუფუნების საგნებს, რაც მათ მოპარვას უფრო ხელმისაწვდომს ხდის. გაუმჯობესებული ეკონომიკური პირობების შედეგად იზრდება მოთხოვნა ალკოჰოლსა და ნარკოტიკულ საშუალებებზეც, რასაც კვლავაც ძალადობისკენ მივყავართ. მიუხედავად ორივე თეორიის ლოგიკური არგუმენტებისა, რეალობა ცხადყოფს, რომ ეკონომიკური ციკლის პერიოდები ქვეყანაში არსებულ კრიმინალურ მდგომარეობაზე გადამწყვეტ გავლენას ვერ ახდენს, ანუ კვლევების თანახმად, ამ ორ ცვლადს შორის ძლიერი კორელაცია არ დასტურდება.

შესაბამისად, ეკონომიკა უფრო მეტად ზარალდება კრიმინალის არსებობით, ვიდრე ეკონომიკური მდგომარეობა ახდენს გავლენას დანაშაულის ოდენობაზე. მაშასადამე, ეკონომიკური ზრდის მისაღწევად, ერთ-ერთს რასაც ქვეყანა უნდა ცდილობდეს არის დანაშაულის შემცირება. იმისთვის, რომ დანაშაული შემცირდეს, საჭიროა დადგინდეს რა იწვევს დანაშაულს. დანაშაულის გამომწვევი ბევრი მიზეზი შეიძლება არსებობდეს: დაუდევრობა, პირადი შურისძიება, დანაშაულის ჩადენისკენ მიდრეკილება, გამდიდრების სურვილი და სხვა, მაგრამ, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ერთ-ერთი ძირითადი ფაქტორი უმუშევრობაა (და ეს სტატისტიკურადაც ნათელია, ვინაიდან მსჯავრდებულთა 88% დანაშაულის ჩადენამდე უმუშევარი იყო). თუმცა უმუშევრობა შესაძლოა გამოწვეული იქნეს არა მხოლოდ სამუშაო ადგილების სიმწირით (რაც ქვეყანაში არსებული ეკონომიკური დაღმავლობის პერიოდში წარმოიქმნება), ასევე საჭირო უნარების არარსებობით (როგორც ვნახეთ, მსჯავრდებულთა მხოლოდ 13% ფლობს უმაღლეს განათლებას). მაშასადამე, ერთ-ერთი ფუნდამენტური პრობლემა განათლებაა და გამოსავალიც განათლების დონის ამაღლებაში უნდა ვეძებოთ. არასრულწლოვან მსჯავლდებულთა ნახევარი არ სწავლობს, მწირია სრულწლოვან პატიმართა განათლების დონეც, ხოლო მხოლოდ 2014-2015 სასწავლო წლის განმავლოაში ქვეყნის მასშტაბით. სწავლა 14 ათასმა მოსწავლემ მიატოვა. გამოკვლევები კი ცხადყოფს, რომ განათლება ეხმარება ადამიანს ლეგალურად იყოს დასაქმებული (ანუ ნაკლები სტიმული ქონდეს დანაშაულის ჩადენისა) და განათლებული ადამიანისთვის დანაშაულის ჩადენის ფსიქიკური ღირებულება მაღალია, რადგან ის მეტად აცნობიერებს დანაშაულის ჩადენის შედეგებსა და შესაძლო რისკებს. შესაბამისად, განათლება საკუთარი პირველადი მნიშვნელოვნების გარდა, მნიშვნელოვანია იმისათვისაც, რომ ქვეყანაში არსებული კრიმინალის დონე შემცირდეს.

წინა სტატია

რეპუტაცია - თანამედროვე მსოფლიოს ახალი ვალუტა
20 აგვისტო, 2015

შემდეგი სტატია

საქართველოში განხორციელებული ფულადი გზავნილების მოცულობა კლებას განაგრძობს
24 აგვისტო, 2015
NEXIA TA - წლის კომპანია საქართველოდან
კომპანიები | თებ, 15, 2018
The Reform Ambassador
Forbes Georgia in English | იან, 24, 2018
ქართული პროდუქციის 10 უმსხვილესი ექსპორტიორი კომპანია
ახალი ამბები ქართულად | იან, 30, 2018
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა