"ვარ ბიზნეს კონსულტანტი..."

მომავლის კომპანია - წესები, რომელსაც თქვენ ქმნით

მომავლის კომპანია - წესები

გათავისუფლდით არსებული რეალობისგან და იფიქრეთ მომავალზე. ეს წარმოსახვითი სავარჯიშოა, რომელსაც ბიზნეს კონსულტანტები პირველ ინტერვიუებში ვიყენებთ კლიენტთან. წარმატებული ბიზნესის მფლობელები და მენეჯერები ხშირად ყოველდღიურ საქმიანობში, გამძაფრებულ კონკურენციაში ისე არიან ჩართული, რომ არ რჩებათ დრო, იფიქრონ, სად იქნება მომავალში მათი ბიზნესი. ისინი ყოველდღიურად იზღუდებიან ინდუსტრიის მიმდინარე კონიუნქტურით, თამაშის წესებით და მეტოქეების ინოვაციური შეთავაზებებით. სწორედ ამ მიზეზების და დროის სიმცირის გამო ერთ დროს წარმატებული ბიზნესები წარსულში რჩებიან და მომავლის კომპანიების ადგილს სხვებს უთმობენ.

როგორც კი ინდუსტრია განვითარების ტემპებს ანელებს და სტაგნაციის ნიშნები ჩნდება, კომპანიები სისხლიან ომებს მართავენ ბაზრის წილის გაზრდის  მიზნით. რესურსების დიდ ნაწილს „ქარის წისქვილებთან“ ბრძოლაში კარგავენ და ალტერნატიულ შესაძლებლობებზე ნაკლებ კონცენტრაციას ახდენენ.  არადა მომავალი მოძველებულ ინდუსტრიებში კი არა,  მათ განახლებაშია. ამ დაშვების წარმატებით გამოყენების ერთ-ერთი საუკეთესო მაგალიათია ამერიკული ავტომობილების მწარმოებელი  კომპანია ტესლა მოტორსი, რომელმაც თავდაყირა დააყენა საავტომობილო ინდუსტრია. მაგალითად ტესლას ქარხნები ამერიკის შეერთებული შტატების ტერიტორიაზეა განლაგებული, ეს კომპანია  პატენტებს ისე იძლევა, რომ ხანდაზმულობის ასაკს არ ელოდება. თამამი და რისკიანი პოზიციონირებით კომპანია, რომელიც 5 წლის წინ გაგებულიც არ გქონდათ, დღეს სახელდება როგორც ყველაზე ინოვაციური ავტომწარმოებელი. ამ პერიოდის განმავლობაში მისი კაპიტალი ზუსტად 5.3 მილიარდი აშშ დოლარით  გაიზარდა. წარმატების გასაღები კი ინდუსტრიაში გამეფებული თამაშის წესების უარყოფა გახდა. აი ასე, ტესლა მოტორსის ტოპ მენეჯმენტმა უარი თქვა ჩართულიყო კონკურენციის უკვე წესადქცეულ ფერხულში და შექმნა აბსოლუტურად ახალი ბაზარი, სადაც სხვა ავტომწარმოებელი, კლასიკური გრანდები, არაკომფორტულად გრძნობენ თავს და ბევრ მათგანს ჯერ კიდევ არ აქვს გააზრებული ინდუსტრიის ხელახალი დაბადების პროცესი.

ტესლა მოტორსის მაგალითი კარგად აჩვენებს, თუ რას ნიშნავს შექმნა მომავლის კომპანია. მაგრამ საქმე საქმეზე რომ მიდგება რთულია, ვინმემ გირჩიოს კონკრეტული სტრატეგიული ლოგიკა, რომელიც წარმატებას მოგიტანს. შევეცდები გაგიზიაროთ გამოცდილება, რომელსაც ვიყენებთ, კომპანიების სტრატეგიულ საკითხებში კონსულტირების პროცესში და იმედი მაქვს, რომ თქვენთვისაც სასარგებლო იქნება:

1. დაივიწყეთ ბაზარზე არსებული შეზღუდვები და წარმოიდგინეთ თქვენი კომპანიისთვის იდეალური პირობები. ამ დაშვების შემდეგ იფიქრეთ განვითარების პერსპექტივაზე;

2. როცა კონკრეტულ გადაწყვეტილებამდე მიხვლათ, დაუშვით, ამ გადაწყვეტილების არმიღების შემთხვევაში როგორ განვითარდება მოვლენები, მხოლოდ ამის შემდეგ გააკეთეთ შეფასებები;

3. არ ეცადოთ გადაერთოთ იმ ინდუსტრიებზე, რომელიც დღეს ძალიან მიმზიდველად გეჩვენებათ. ყველა ინდუსტრია მომგებიანია  თუ თქვენ კარნახობთ მას წესებს;

4. ნუ გამიჯნავთ საკუთარ თავს ინდუსტრიისგან. გახსოვდეთ, რომ ინდუსტრიას სწორედ თქვენ და თქვენნაირები ქმნით. ამიტომ უფრო მეტი ყურადღება დაუთმეთ იმაზე ფიქრს, როგორ შეიძლება ამ ინდუსტრიის ცვლილება საკუთარ თავთან ერთად. ეს სიმბიოზი ისე უნდა გქონდეთ გაშინაგნებული, რომ ფაქტიურად ერთდროულად გიცემდეთ პულსი;

5. და ბოლოს, ატარეთ ექსპერმინეტები, თუნდაც ჰიპოთეტური. ეს ბევრად უფრო საინტერესოს და განუმეორებელს გახდის თქვენი კომპანიის არსებობას. თქვენი კომპანია ხომ თქვენი შემოქმედების ნაყოფია, რომელიც თქვენსავით სუნთქავს, ვითარდება და  ძლიერდება.

გაითვალისწინეთ რჩევები, არ მოგერიდოთ იმპროვიზაციის. თქვენ შეძლებთ, რომ წითელი[1] (სისხლიანი) ოკეანიდან ლურჯ[2] (კამკამა) ოკეანეში გადაინაცვლოთ, სადაც თავად შექმნით ახალ ბაზრებს.



[1] Red Ocean Strategy

[2] Blue Ocean Strategy

გააზიარე