ლარის გაუფასურების ეფექტი სამშენებლო სექტორზე

ლარის კურსის გაუფასურება კვლავაც ქართული ეკონომიკის ნომერ პირველ გამოწვევად რჩება. აღნიშნულმა ფაქტმა გავლენა იქონია, როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირების შემოსავლებზე. არაერთ მოქალაქეს გაუძვირდა სესხი, რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ კომპანიები, რომელნიც ძირითადად საიმპორტო საქმიანობით იყვნენ დაკავებული და ა.შ. თუმცა პირველი ბაზარი, რომელიც დოლარის კურსთან ასოცირდება სამშენებლო ბაზარია, ვინაიდან დეველოპერულ ბაზარზე გარიგებები სწორედ დოლარში ხორციელდება. საინტერესოა რა გავლენა იქონია დოლარის კურსმა სამშენებლო კომპანიებზე და ზოგადად ქვეყანაში მიმდინარე მშენებლობებზე? გავრცელებული აზრით, ქვეყანაში შენობა-ნაგებობების რეალიზაცია შემცირდა, რადგან მოსახლეობა თავს იკავებს დოლარში გარიგებების დადებისაგან და ლარის კურსის დასტაბილურებას ელოდება. თუმცა, საქსტატის მონაცემებით,  2015 წლის I  კვარტალში გაიყიდა 731.1 მლნ. ლარის ღირებულების საწარმოების მიერ სარეალიზაციოდ შექმნილი შენობა-ნაგებობები, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 52%-ით აღემატება. თუ გავითვალისწინებთ, რომ 2014 წლის პირველ კვარტალში დოლარის საშუალო გაცვლითი კურსი 1.75 ლარი იყო, 2015 წელს კი 2.15 ლარი და ამას დავუმატებთ წლიურ 5%-იან ინფლაციასაც, ზრდა არც ისე დიდი გამოდის (მიახლოებით 18%), თუმცა ფაქტია, რომ დოლარის კურსის ცვალებადობა ახლად შექმნილ შენობა-ნაგებობების რეალიზაციაზე ამ ეტაპზე დიდ გავლენას არ ახდენს.

აქვე საინტერესოა რამდენად იზრდება მშენებლობათა რიცხვი ქვეყანაში?  დეკლარირებული მონაცემებით, 2015 წლის პირველი 6 თვის განმავლობაში მშენებლობაზე გაცემული ნებართვების საერთო რაოდენობამ 4649 შეადგინა, რომელთა 65% მოდის საცხოვრებელ შენობებზე, 10% სავაჭრო ობიექტებზე, 5% სამრეწველო და სასაწყობო შენობებზე. მშენებლობაზე გაცემულ ნებართვათა 49% დედაქალაქზე მოდის, მეორე ადგილზეა ქვემო ქართლი, რომელზეც გაცემულ ნებართვათა 14% მოდის, ხოლო მესამე ადგილი აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას უჭირავს, გაცემულ ნებართვათა 12%-ით. თუ მშენებლობაზე გაცემულ ნებართვათა დინამიკას გადავხედავთ, დავინახავთ რომ მშენებლობებზე ყველაზე მეტი ნებართვა 2011 წელს გაიცა, 2012 წელს აღნიშნული მაჩვენებელი იკლებს, ხოლო 2013-2014 წლებში ზრდის ტრენდით ხასიათდება. მიუხედავად 2011 წელს გაცემულ ნაბერთვათა მაქსიმალური ოდენობისა, ნებართავათა დიდი ნაწილი არსებული შენობების რეკონსტრუქციაზე გაიცა. რაც შეეხება ახალ მშენებლობაზე გაცემულ ნებართვათა რიცხვს, ის ყოველწლიურად მზარდი დინამიკით ხასიათდება და შესაბამისად პიკს განხილული პერიოდის ბოლოს (2014 წელს) აღწევს. როგორც უკვე აღვნიშნეთ, 2015 წლის პირველი ნახევრის განმავლობაში მშენებლობებზე ჯამურად გაიცა 4649 ნებართვა, მათ შორის ახალ მშენებლობაზე გაცემულმა ნებართვათა რიცხვმა კი 3722, ანუ მთლიანად მშენებლობაზე გაცემულ ნებართვათა 80% შეადგინა, რაც საკმაოდ მაღალი წილია, თუმცა, სამწუხაროდ, მხოლოდ წლის პირველი ნახევრის მონაცემებზე დაყრდნობით, რთულია იმის განსაზღვრა მშენებლობების ზრდის ტრენდი 2015 წელსაც გაგრძელდება თუ არა.

რაც შეეხება უკვე დასრულებულ მშენებლობათა რაოდენობას, 2015 წლის პირველი 6 თვის განმავლობაში 1080 შენობა-ნაგებობის მშენებლობა დასრულდა. დასრულებულ მშენებლობათა 45% საცხოვრებელ შენობებზე მოდის, 19% სავაჭრო ობიექტებზე, 7% სამრეწველო და სასაწყობო შენობებზე. საქსტატის მონაცემებით, 2015 წლის ივნისის მდგომარეობით, ბოლო 12 თვის განმავლობაში მშენებლობისათვის შეძენილი მასალების ფასები საშუალოდ 0.2%-ით გაიზარდა, ხოლო სამშენებლო მოედნის მომზადებისათვის განკუთვნილი ხარჯები 2.2%-ით შემცირდა. 2015 წლის პირველი კვარტალის მონაცემებით, გაზრდილია ასევე მშენებლობის სფეროში დასაქმებულთა რიცხოვნობაც.

ყოველივე ზემოთ ხსენებულზე დაყრდნობით, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ მიუხედავად ბოლო პერიოდში არსებული ლარის კურსის რყევებისა და მკვეთრი გაუფასურებისა, ამ ეტაპზე აღნიშნული მოვლენის მკვეთრი გავლენა სამშენებლო სექტორზე არ აღინიშნება. გაზრდილია გასაყიდად განკუთვნილ შენობა-ნაგებობათა რეალიზაცია, სტაბილურად გაიცემა ნებართვები მშენებლობებზე, გრძელდება მშენებლობათა დასრულება და იზრდება სამშენებლო სექტორში დასაქმებული ადამიანების რაოდენობა.

წინა სტატია

ექსპორტის ფასების ინდექსი
02 სექტემბერი, 2015

შემდეგი სტატია

რამდენად დიდ პრობლემად შეიძლება იქცეს კადრების დენადობა ორგანიზაციისთვის?
07 სექტემბერი, 2015
Destination Developer
Forbes Georgia in English | ივლ, 25, 2018
ემიგრანტების მიერ გადმორიცხული თანხით ევროკავშირმა რუსეთს გადაუსწრო
საქართველო | ივლ, 31, 2018
ქებურიების ამბასადორიალი
კომპანიები | აგვ, 03, 2018
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა