"დავიბადე 1971 წელს. ვარ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნეს სკოლის დეკანი".

ვეძებთ ლიდერებს. ანაზღაურება 2 700 000 დოლარიდან

ვეძებთ ლიდერებს. ანაზღაურება 2 700 000 დოლარიდან

თუ თქვენ კარგი განათლება გაქვთ, მუშაობთ მომგებიან კომპანიაში და ახორციელებთ წარმატებულ პროექტებს, იცოდეთ, რომ თქვენს მუშაობას ვიღაც მუდმივად აკვირდება. ნუ გაგიკვირდებათ, თუ სხვა კომპანიიდან დაგიკავშირდნენ, რამდენჯერმე უფრო მაღალი ანაზღაურება და უკეთესი სამუშაო პირობები შემოგთავაზეს. თქვენი პირველივე მნიშვნელოვანი წარმატების შემდეგ იცოდეთ, რომ თქვენზე ნადირობის სეზონი გახსნილია.

დღევანდელ ბიზნეს სამყაროში, ფინანსური ბაზრების და ტექნოლოგიური ცვლილებების ფონზე ეფექტურ ლიდერებზე მოთხოვნილება ერთ-ერთი ყველაზე აქტულური საკითხი ხდება.

რა იქნება სტივ ჯობსის შემდეგ, გადარჩება და განვითარდება თუ არა “Apple” ? ამ საკითხის გარშემო უკვე ასობით სტატია და რამდენიმე წიგნიც არის დაწერილი და ყველაზე აქტუალური შეკითხვა არის ის,  თუ ვინ და როგორ შეასრულებს ახალი ლიდერის ფუნქციას.

ბიზნესში ეფექტური გადაწყვეტილების მიღების შესახებ ასობით თეორია არსებობს, რომელიც მოიცავს როგორც საფეხურებრივ ეტაპებს, ასევე რთული მათემატიკური მოდელირების მეთოდებს, მაგრამ ცალსახა პასუხი იმის შესახებ, თუ რომელი მეთოდია ყველაზე ეფექტური და რომელ მოდელს იყენებენ ლიდერები სწორი გადაწყვეტილებების მიღებისას არ არსებობს. ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში რაიმე სფეროს გაუმჯობესების და განვითარების მიმართებით გადადგმული ნაბიჯები, კონკრეტული ლიდერების გადაწყვეტილებით იყო განპირობებული.

წლების წინ ჩატარებულმა კვლევამ, რომელიც მიზნად ისახავდა ლიდერის მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცესის შესწავლას, გამოავლინა რომ ყველაზე ეფექტურ გადაწყვეტილებებს ლიდერები ,,გონების გაბრწყინებას’’ მიაწერდნენ. რიცხობრივი მონაცემების და ფაქტების ანალიზს მეორეხარისხოვან დეტერმინატორად თვლიდნენ, თუმცა ყველა ლიდერმა განმარტა, რომ ე.წ. „გონების გაბრწყინება“ სწორედ ანალიტიკური მასალის გაცნობის შემდეგ მოხდა ან ხდებოდა.

თეორიულად გამოყოფენ სამი სახის ლიდერს:

ავტორიტეტული – რომელიც მხოლოდ საკუთარი თამაშის წესებს ცნობს, ასევე მკაცრი დისციპლინის და საშემსრულებლო მოვალეობების მომხრეა.

დემოკრატიული – ითვალისწინებს კოლეგების აზრს, ახდენს თანამშრომლების მოტივირებას და ახდენს ფუნქციების თავისუფალ დელეგირებას.

ლიბერალური – არ ახდენს ჯგუფის წევრების მიმართ მოთხოვნების ჩამოყალიბებას, არ ახდენს ჯგუფების სტრუქტურირებას, სამუშაო ფუნქციები უფრო ქაოტურია და დამოკიდებულია კონკრეტულ ამოცანებზე.

ეს სამი მიმართულება დამახასიათებელი იყო უფრო მშვიდი ბიზნესის წარმოების პერიოდში, 80-იან და 90-იანი წლებისთვის, ხოლო ახალი საუკუნის „ტურბულენტურ“ ბიზნეს რეალობაში, სადაც ტექნოლოგიები წამიერად იცვლება, ლიდერების მიმართ სხვა მოთხოვნები დგება. მხოლოდ ერთი კონკრეტული ლიდერის მეთოდით მართვა ალბათ არეფექტური იქნება. აუცილებელია ცვალებად გარემოში სწრაფი ადაპტირება და საკუთარი თამაშის წესების დემონსტრირება, ამისთვის კი ლიდერის სამივე ფორმა უნდა იყოს გაერთიანებული. ერთი ორგანიზაციის ფარგლებში ყოველთვის მოიძებნება ბიზნეს ამოცანები, რომელიც სრულ თავისუფლებას და ლიბერალური ლიდერის როლს მოითხოვს (მაგალითად ახალი ინოვაციური პროდუქტის ან მომსახურებების შემუშავებისას), არის ასევე სწორად და სწრაფად განსახორციელებელი ამოცანები, რომელიც ავტორიტეტულ ლიდერის პოზიციას მოითხოვს და ა.შ. დღევანდელ გარემოში სწორედ ასეთ უნივერსალურ ლიდერებზეა მოთხოვნა, რომელთაც საკუთარი მართვის სტილის მოდელირება  კონკრეტული ამოცანებიდან გამომდინარე შეუძლიათ.

ეფექტურ ლიდერებზე მსოფლიოში უდიდესი მოთხოვნილებაა. დიდი, გლობალური კორპორაციები ნადირობენ წარმატებულ მენეჯერებზე, რომლებმაც სხვადასხვა პროექტებში თავის გამოჩენა უკვე მოასწრეს. ასეთი ლიდერების გადმობირებაში საკუთარი საკადრო სამსახურის გარდა უამრავი კერძო კომპანიაა ჩართული, რომელიც მთელი მსოფლიოს მასშტაბითაა დაკავებული ეფექტური ლიდერების „სკრინინგით“.

ლიდერების სიმცირის გამო ყოვეწლიურად იზრდება მათი ანაზრაურებაც: მაგალითად „გლობალ ბიზნეს სერვისის“ აღამასრულებელი დირექტორის ფილიპო პასერინის წლიური ხელფასი თითქმის 5 მილიონ დოლარს უტოლდება  (ჟურნალ „ფორბსის“ მონაცემები), ხოლო “FedEx”-ის აღმასრულებელი დირექტორის წლიური ხელფასი 4, 870 000 დოლარს. ხოლო თუ ავიღებთ ყველაზე მაღალანაზრაურებადი მენეჯერების ტოპ 15 მაჩვენებელს და დავიანგარიშებთ მათ საშუალო ხელფასს, მივიღებთ დაახლოებით 2 700 000 აშშ დოლარს, რაც საკმაოდ შთამბეჭდავი რიცხვია.

გამოდის, რომ კარგი აღმასრულებელი მენეჯერის წლიური ანაზღაურება რამდენიმე მილიონი შეიძლება იყოს, ხოლო ეფექტური ლიდერის უნარების გამოვლენის შემთხვევაში მაჩვენებელი კიდევ უფრო მაღალია. ანაზღაურების გარდა, ლიდერის მოტივირება კომპანიის აქციების გადაცემის ან სხვა წამახალისებელი ფორმებითაც ხდება.

ინფოგრაფიკი მოამზადა მარიამ ფერიშვილმა

გააზიარე