უნდა ხდებოდეს თუ არა მევენახეების ქრონიკული სუბსიდირება?

სექტემბრის დადგომასთან ერთად ტრადიციულად კვლავ აქტუალური გახდა ყურძნის რეალიზაციის, გასაყიდი ფასის და სახელმწიფო სუბსიდირების საკითხები. გლეხები, როგორც ყოველთვის უკმაყოფილონი არიან ყურძნის საბაზრო ფასით, აღნიშნავენ, რომ მოცემული ღირებულება ვერ უზრუნველყოფს ყურძნის მოყვანის თვითღირებულების დაფარვას და ვაზის გაჩეხვით, ან უკიდურეს შემთხვევაში კახეთის „გადაღობვით და რუსეთისკენ წასვლით“ იმუქრებიან, რადგანაც ჩვენი მეზობელი თურმე უკეთ შეძლებს მათ შენახვას. ღვინის მწარმოებელი კომპანიები ყურძნის მისაღებ ფასს ბაზარზე არსებული მოთხოვნა-მიწოდებით, ექსპორტის შემცირებით და მსგავსი ფაქტორებით ხსნიან და უარს ამბობენ უფრო მაღალი ღირებულების გადახდაზე. და როგორც წესი, სწორედ აქ ხდება საბაზრო პრინციპების დარღვევა და სახელმწიფოს იძულებითი ჩარევა.

20015 წელს „დელტა“-სა და სახელმწიფოს ერთობლივი პროექტის ფარგლებში კახეთის რეგიონში მოხდა სეტყვის საწინააღმდეგო ერთიანი სისტემის მონტაჟი და ალბათ მას უნდა ვუმადლოდეთ, რომ წელს, ბოლო 9 წელთან შედარებით, ელოდებიან ყურძნის რეკორდულ მოსავალს, რომელიც მინიმუმ 30% მეტი იქნება 2014 წლის მაჩვენებელზე.

წყარი: საქსტატი .2015

2015 წლის აგვისტოში სოფლის მეურნეობის მინისტრმა განცხადა, რომ მოცემულ წელს სახელმწიფო არ აპირებდა მევენახეების სუბსიდირებას, თუმცა შემდგომში გადაწყვეტილება შეცვალა, რაც საექსპორტო ბაზარზე ქართული ღვინის შემცირებით ახსნა.

საქართველოს სტატისტიკის დეპარტამენტის მიხედვით, 2015 წელს იანვარ-ივლისის მონაცემებით საქართველომ მოახდინა დაახლოებით 48 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ყურძნის ნატურალური ღვინის ექსპორტი, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით  დაახლოებით 51 მილიონი აშშ დოლარით ნაკლებია. კლების ტენდენცია საგანგაშოა, რომელიც ძირითადად გამოწვეულია ღვინის ექსპორტის შემცირებით რუსეთისა და უკრაინის ბაზარზე. რუსეთის ბაზარზე ღვინის ექსპორტის ვარდნა ემბარგოთი, მის შედეგად ბაზარზე ქართული ღვინის პოზიციების დაკარგვითა და მომავალი, სრულიად რეალური, განმეორებითი ემბარგოს შიშითაა გამოწვეული; ხოლო უკრაინაში ძლიერი ეკონომიკური კრიზისითა და რუსეთის ფედერაციის მიერ პროვოცირებული საომარი მოქმედებებით.

მოცემულ ფონზე, თუ რამდენად მართებული და ეფექტურია, საექსპორტო ნეგატიური ტრენდის აღმოფხვრის მიზნით, მევენახეებისთვის სუბსიდიების დანიშვნა და რამდენად და როგორ გამოიწვევს გაცემული ფინანსური დახმარებები ღვინის ექსპორტის ზრდას, ეს ალბათ უკვე სხვა თემა და განზომილებაა, რომელზეც  ალბათ არც ღირს დროის და ენერგიის ხარჯვა. უფრო მნიშვნელოვანი საკითხია უნდა შეისყიდოს, თუ არა სახელმწიფომ ყურძენი და უნდა ახდენდეს თუ არა ქრონიკულად მევენახეების პირდაპირ სუბსიდირებას?! ამ კითვაზე პასუხი ცალსახად არის - არა. სახელმწიფოს როლის გააზრება და დანიშნულება ამ მიმართულებით მხოლოდ პლატფორმის მომზადებას გულისხმობს, რომელიც დარგის განვითარებას შეუწყობს ხელს და იზრუნებს ქართული ღვინის პოპულარიზაციაზე გლობალური მასშტაბით. პირდაპირი სუბსიდირება კი უმიზნოდ გახარჯული თანხებია, რომელიც ვერც ღვინის ექსპორტს შეუწყობს ხელს, ვერც არსებული პრობლემების მოგვარებას და ერთადერთი რაც შეიძლება მოყვეს ამას, არის მევენახეების გაჩუმება მომავალი წლის სექტემბრამდე.

შესაბამისად სახელმწიფო შიშის და პოლიტიკური დივიდენდების მოხვეჭის მიზნით კვლავ ადგას  მეღვინეობისა და მევენახეობის სექტორის არასწორი ფუნქციონირების გზას. როგორც ზევით აღვნიშნე, სახელმწიფო უნდა ზრუნავდეს მოცემული დარგის განვითარებაზე, ქმნიდეს ხელსაყრელ გარემოს და აუცილებლობის შემთხვევაში ახდენდეს მიზნობრივ სუბსიდირებასაც, მაგრამ ამავე დროს, მოცემულ დარგი აუცილებლად უნდა ექვემდებარებოდეს საბაზრო ეკონომიკის პრინციპებს, არ უნდა იყოს ყოველწლიურად სახელმწიფო ბიუჯეტზე ჩამოკიდებული და არ უნდა აფერხებდეს ქვეყნის განვითარებას. სახელმწიფომ უნდა მიიღოს ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იმის თაობაზე, თუ რაში ჭირდება ხელოვნურად აცოცხლოს სოფლის მეურნეობის დარგი, რომელიც ბუნებრივად  სასიცოცხლო ციკლის ვარდნის ეტაპზე იმყოფება.  

წინა სტატია

იმპორტი ლარის გაუფასურების ფონზე
10 სექტემბერი, 2015

შემდეგი სტატია

ინფლაციის დონე საქართველოში
21 სექტემბერი, 2015
"აჭარა ჯგუფი" თბილისში ახალ სასტუმრო "სტამბას" ხსნის
ახალი ამბები ქართულად | მაი, 01, 2018
რიცხვები პოპულიზმის წინააღმდეგ
ფინანსები | მაი, 09, 2018
Forbes მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი ადამიანების სიას აქვეყნებს
რეიტინგი | მაი, 09, 2018
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა