ინფლაციის დონე საქართველოში

ინფლაციის მაჩვენებელზე როგორც ეკონომიკის მიწოდების, ასევე, მოთხოვნის მხარე შეიძლება ახდენდეს გავლენას. დამატებით, ინფლაცია შეიძლება პროვოცირებული იყოს საშინაო ან საგარეო ფაქტორების ზემოქმედებით. საქართველოში, ბოლო პერიოდში, ეროვნული ვალუტის გაუფასურების ფონზე გაზრდილია ინფლაციური მოლოდინები. ამის ძირითადი საფუძველი არის ჩვენი ქვეყნის იმპორტზე მაღალი დამოკიდებულების დონე. მოგეხსენებათ ეროვნული ვალუტის გაუფასურება მნიშვნელოვნად ზრდის იმპორტირებული საქონლის ფასს.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2015 წლის აგვისტოში 2014 წლის აგვისტოსთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 5.4% შეადგინა. წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ სასაქონლო ჯგუფებზე:

  • სურსათი და უალკოჰოლო სასმელები - ფასების 6.3% ზრდა;
  • ჯანმრთელობის დაცვა - ფასების 9.1% ზრდა;
  • ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო - ფასების 13.1% ზრდა;
  • ავეჯი, საოჯახო ნივთები და მორთულობა, სახლის მოვლა-შეკეთება - ფასების 9.3% ზრდა.

სურსათი და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში ფასების ზრდა დაფიქსირდა შემდეგ ქვეჯგუფებზე: ხილი და ყურძენი (48.3%), ბოსტნეული და ბაღჩეული (14.9%), პური და პურპროდუქტები (3.6%) და ზეთი და ცხიმი (12%). ჯანმრთელობის დაცვის ჯგუფში ფასები ძირითადად გაიზარდა სამედიცინო პროდუქციის, აპარატურისა და მოწყობილობების ქვეჯგუფზე (24.2%). ალკოჰოლური სასმელები, თამბაქოს ჯგუფში ფასები გაიზარდა, როგორც ალკოჰოლურ სასმელებზე (13.4%), ასევე თამბაქოს ნაწარმზე (11.8%).

წლიური ინფლაციის დონე საქართველოში

(წინა წლის შესაბამის თვესთან, პროცენტული ცვლილება)

 

 

 

 

 

 

 

 

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

2015 წლის აგვისტოს თვეში ყოველთვიური ინფლაცია 1%-ს შეადგენდა. მოცემულ პერიოდში ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ სასაქონლო ჯგუფებზე:

  • სურსათი და უალკოჰოლო სასმელები -  ფასების 2% ზრდა;
  • საცხოვრებელი სახლი, წყალი, ელექტროენერგია, აირი და სათბობის სხვა სახეები -  ფასების 4.4% ზრდა.

სურსათი და უალკოჰოლო სასმელების სასაქონლო ჯგუფში ფასების ზრდა უმეტესად განპირობებული იყო რძე, ყველსა და კვერცხზე (9.4%) და ხილსა და ყურძენზე (8.6%) ფასების მატებით. ამავე პერიოდში ფასები შემცირდა ბოსტნეულსა და ბაღჩეულზე (0.7%). საცხოვრებელი სახლი, წყალი, ელექტროენერგია, აირი და სათბობის სხვა სახეების ჯგუფში ფასების დინამიკა ძირითადად განაპირობა ელექტროენერგიაზე ფასების 11.4% ზრდამ.

რაც შეეხება საშუალო წლიური ინფლაციის დონეს, 2015 წლის აგვისტოს მდგომარეობით ეს მაჩვენებელი 3.2%-ს გაუტოლდა.

საშუალო ინფლაციის დონე საქართველოში

(12 თვის საშუალო წინა 12 თვის საშუალოსთან, პროცენტული ცვლილება)

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

სურსათის და სამკურნალო საშუალებების ფასების მატება მტკივნეულად აისახება მოსახლეობის მდგომარეობაზე. ფასების ზრდის ტენდენციას აბრკოლებს საერთაშორისო ბაზარზე ენერგომატარებლებსა და სურსათზე ფასების კლება, ასევე ამ მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია შემცირებული ერთობლივი მოთხოვნა. სწორედ ამიტომ ინფლაციის მაჩვენებელი მიზნობრივ ნორმებში რჩება.

როგორც სტატიის დასაწყისში აღინიშნა, საქართველოს შემთხვევაში ვითარებას ამძიმებს ჩვენი ქვეყნის დამოკიდებულება იმპორტზე. საქართველოს საიმპორტო ათეულში შედის ისეთი სასაქონლო ჯგუფები, რომელთა ადგილობრივი წარმოება არ არის განვითარებული და შესაბამისად მათი ადგილობრივით ჩანაცვლებაც ვერ ხერხდება. ეროვნული ვალუტის კურსის გაუფასურება კი აძვირებს იმპორტირებულ პროდუქციას და იწვევს ინფლციის იმპორტს.

წინა სტატია

უნდა ხდებოდეს თუ არა მევენახეების ქრონიკული სუბსიდირება?
18 სექტემბერი, 2015

შემდეგი სტატია

რა არის სოციალური პროგრესის ინდექსი და ზომავს თუ არა ის ქვეყნის წარმატებას?
22 სექტემბერი, 2015
საცხოვრებელი კომპლექსი, რომელმაც დროს გაუსწრო
მენეჯერები | აპრ, 16, 2018
ყველაზე რეიტინგული სასტუმროები საქართველოში
რეიტინგი | აპრ, 17, 2018
ყველაზე მოგებიანი სადაზღვევო კომპანიები საქართველოში
ახალი ამბები ქართულად | მარ, 26, 2018
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა