ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.

მეორე კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა გაიზარდა

მეორე კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა გაიზარდა

საქართველოს მსგავსი მცირე ზომის გარდამავალი ეკონომიკის მქონე ქვეყნისთვის, დიდი მნიშვნელობა ენიჭება პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვას. ამ უკანასკნელის მნიშვნელობა განსაკუთრებით გაიზარდა საქართველოში სავალუტო ნაკადების შემოდინების შემცირების და ეროვნული ვალუტის გაუფასურების ფონზე.

გარე და შიდა ფაქტორების გავლენით საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა წლიდან წლამდე ცვალებადობას განიცდის. საქსტატის მონაცემებით 2014 წელს აღნიშნულმა მაჩვენებელმა 1 758 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა და 87%-ით გადააჭარბა 2013 წლის მონაცემს. 2015 წლის მეორე კვარტალში კი საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 355 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 81%-ით აღემატება 2014 წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემს.

პირდაპირი უცხოური ინვესტიციები საქართველოში – 2013-2015* წწ. (მლნ. აშშ დოლარი)

2015 წლის მეორე კვარტალში საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობის მიხედვით აზერბაიჯანი ლიდერობს (45%), საიდანაც 160 მლნ აშშ დოლარის მოცულობის ინვესტიცია განხორციელდა,  მეორე ადგილზეა ნიდერლანდები 68 მლნ აშშ დოლარით (19%), ხოლო მესამე ადგილს თურქეთი იკავებს 41 მლნ აშშ დოლარით (12%).

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური, * წინასწარი მონაცემი

ისევე როგორც პირველ კვარტალში, 2015 წლის მეორე კვარტალშიც, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ყველაზე დიდი წილი ტრანსპორტსა და კავშირგაბმულობის სექტორზე მოდის, სადაც 207 მლნ აშშ დოლარის მოცულობის ინვესტიცია განხორციელდა (მთლიანი ინვესტიციების 58%), მას მოჰყვება საფინანსო სექტორი – 41 მლნ აშშ დოლარით (12%), დამამუშავებელი მრეწველობა – 30 მლნ აშშ დოლარით (8%), მშენებლობა – 25 მლნ აშშ დოლარით (7%) და უძრავი ქონება – 20 მლნ აშშ დოლარი (6%).

 

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური, * წინასწარი მონაცემი

როგორც უკვე აღინიშნა 2015 წლის მეორე კვარტალში წინა წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემთან შედარებით პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობის მნიშვნელოვანი მატება დაფიქსირდა. ტენდენციის გაგრძელების შემთხვევაში ეროვნული ვალუტის გაცვლით კურსზე, ფულადი გზავნილებისა და ექსპორტის მკვეთრი შემცირების საწინააღმდეგოდ, ინვესტიციების მოცულობის ზრდა დადებით გავლენას იქონიებს.

ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის შედეგად საქართველო ლიბერალიზაციის უფრო მაღალ საფეხურზე გადადის, ეს ფაქტი ჩვენი ქვეყნის სასარგებლოდ უნდა იქნას გამოყენებული. კერძოდ, მომავალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობის გაზრდისთვის მნიშვნელოვანია ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების გამოყენებით  ქართული ექსპორტისთვის ბაზრების დივერსიფიკაცია, რადგან ქართული ექსპორტის წახალისება მოხდეს, რაც თავის მხრივ გაზრდის ინვესტორთა ნდობას. საერთაშორისო სავალუტო ფონდის თანახმად, საქართველოს მომავალი ეკონომიკური განვითარებითვის მნიშვნელოვანია სწორედ მომხმარებლებისა და ინვესტორების ნდობის გაძლიერება.

 

გააზიარე