უმსხვილესი სასაქონლო ჯგუფების იმპორტის ანალიზი

იმ მაკროეკონომიკური მაჩვენებლებიდან, რომლებიც გაცვლით კურსზე მოქმედებს, ერთ-ერთია იმპორტის მოცულობა. თუ ექსპორტის ზრდა ქვეყანაში უცხოური ვალუტის შემოდინებას უწყობს ხელს და ეროვნული ვალუტის გაუფასურების რისკს ამცირებს, იმპორტის ზრდა, პირიქით, ქვეყნიდან უცხოური ვალუტის გადინებას იწვევს და ეროვნული ვალუტის გაუფასურებაზე ახდენს ზეწოლას.

საქსტატის მონაცემებით, 2015 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არაორგანიზებული ვაჭრობის გარეშე) 6 395 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 14 პროცენტით ნაკლებია; ექსპორტი შემცირებულია 24%-ით, ხოლო იმპორტი 10%-ით. 2014 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, იმპორტის ღირებულება შემცირებულია დსთ-სა (6%-ით) და სხვა ქვეყნებიდან (8%-ით), ხოლო გაზრდილია ევროკავშირის ქვეყნებიდან (2%-ით). ზოგადად, ქვეყნების ჯგუფების წილი მთლიან იმპორტში შემდეგნაირად ნაწილდება: საქართველოში იმპორტირებული საქონლის ღირებულების 32% მოდის ევროკავშირის ქვეყნებზე, 25% დსთ-ს ქვეყნებზე, ხოლო 43% სხვა დანარჩენ ქვეყნებზე.

            წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური.

2015 წლის იანვარ-აგვისტოს მონაცემებით, საქართველოს უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორების ხუთეული შემდეგნაირად გამოიყურება: თურქეთი (17%), ჩინეთი (8.1%), რუსეთი (7.3%), აზერბაიჯანი (7.2%) და უკრაინა (6.0%). აქვე აღსანიშნავია, რომ უმსხვილესი საიმპორტო ქვეყნების ხუთეული 2015 წელს 2014 წელთან შედარებით არ შეცვლილა.

რაც შეეხება იმპორტირებულ სასაქონლო ჯგუფებს, ღირებულების მიხედვით, პირველ ადგილზეა ნავთობი და ნავთობპროდუქტები, მეორეზე სამკურნალო საშუალებები, ხოლო მესამეზე მსუბუქი ავტომობილები. საქართველოში ნავთობისა და ნავთობ პროდუქტების იმპორტი ძირითადად აზერბაიჯანსა და რუმინეთიდან ხორციელდება. მიუხედავად იმისა, რომ 2015 წლის იანვარ-ივლისში 2014 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით იმპორტირებული ნავთობის ღირებულება შემცირდა, ქვეყანამ განახორციელა 19%-ით მეტი ოდენობის ნავთობისა და ნავთობ პროდუქტების იმპორტი, რაც მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასების კლებით აიხსნება.

იმპორტირებული სასაქონლო ჯგუფებიდან ღირებულების პროცენტულად ყველაზე დიდი მატება დაფიქსირდა სამკურნალო საშუალებებზე, რაც დიდი ალბათობით ლარის გაუფასურებითაა გამოწვეული. აღნიშნულზე მეტყველებს წლიური ინფლაციის მაჩვენებელიც, ვინაიდან 2015 წლის აგვისტოში, 2014 წლის აგვისტოსთან შედარებით, ჯანმრთელობის დაცვაზე ფასებმა 9.1%-ით მოიმატა. იქიდან გამომდინარე, რომ სამკურნალო საშუალებები პირველადი მოხმარების საგნებს განეკუთვნება და მოთხოვნის ელასტიურობით ნაკლებად გამოირჩევა, გასაკვირი არაა, რომ მასზე ღირებულების ზრდის მიუხედავად დისტრიბუტორები კვლავაც განაგრძნობენ ქვეყანაში სამკურნალო საშუალებების იმპორტს, ვინაიდან მასზე მოთხოვნა ფასის ცვლილებას საგრძნობლად არ პასუხობს. სამკურნალო საშუალებები საქართველოში უმეტესწილად რუსეთიდან, თურქეთიდან და გერმანიიდან შემოდის.

როგორც აღვნიშნეთ, იმპორტირებულ სასაქონლო ჯგუფებში მესამე ადგილი მსუბუქ ავტომობილებს უკავია. მსუბუქი ავტომობილების იმპორტი საქართველოში რეექსპორტის ხასიათს ატარებდა და უმეტეს შემთხვევაში ექსპორტზე გადიოდა აზერბაიჯანის ბაზარზე. მაგრამ, ვინაიდან 2014 წლის აპრილში აზერბაიჯანი გადავიდა ევრო 4-ის ეკოლოგიურ სტანდარტზე და ატმოსფეროში მავნე გამონაბოლქვების შემცირების მიზნით შეზღუდა გარკვეული ტიპის ავტომობილების გამოყენება, მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტმა მიმზიდველობა დაკარგა. შესაბამისად, 2015 წლის იანვარ-აგვისტოში, 2014 წლის იანვარ-აგვისტოსთან შედარებით, შემცირებულია როგორც მსუბუქი ავტომობილების იმპორტის ღირებულება, ასევე იმპორტის მოცულობა. ერთადერთი ქვეყანა, საიდანაც ავტომობილების იმპორტის მოცულობის ზრდა ფიქსირდება იაპონიაა, ხოლო იაპონიიდან იმპორტირებული ავტომობილები უმეტესად  პირადი მოხმარებისთვისაა განკუთვნილი და მისი იმპორტი ნაკლებად ხდება რეექსპორტის მიზნით.

უმსხვილესი სასაქონლო ჯგუფები საქართველოს იმპორტში:

 

2014 წ. იანვარი-აგვისტო

2015* წ. იანვარი-აგვისტო

ათასი აშშ დოლარი

პროცენტული წილი

ათასი აშშ დოლარი

პროცენტული წილი

იმპორტი –  სულ

5 498 294.9

100

4 936 503.7

100

მათ შორის:

 

 

 

 

ნავთობი და ნავთობპროდუქტები

611 076.2

11.1

443 129.9

9.0

სამკურნალო საშუალებები

201 328.6

3.7

428 197.8

8.7

მსუბუქი ავტომობილები

461 722.2

8.4

316 588.8

6.4

ნავთობის აირები და აირისებრი ნახშირწყალ-ბადები

214 301.4

3.9

261 749.7

5.3

სპილენძის მადნები და კონცენტრატები

127 466.3

2.3

135 950.3

2.8

სატელეფონო აპარატები, ფიჭური ან სხვა უსადენო ქსელებისთვის

113 686.8

2.1

92 669.4

1.9

ხორბალი

86 914

1.6

66 261.5

1.3

სიგარეტები

65 228.9

1.2

60 873.2

1.2

მილები და მილაკები შავი ლითონებისაგან

6 459.6

0.1

48 254.0

1.0

წნელები ნახშირბადიანი ფოლადისაგან  - ე.წ. „არმატურა“

41 371.4

0.8

37 756.4

0.8

დანარჩენი საქონელი – სულ

3 568 739.5

64.9

3 045 072.7

61.7

* წინასწარი მონაცემები.

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური.

მიუხედავად იმპორტის ღირებულების კლებისა, რაც უმეტესწილად გამოწვეულია ეროვნული ვალუტის გაუფასურებით, საქართველო მაინც იმპორტზე დამოკიდებულ ქვეყანად რჩება. ხშირ შემთხვევაში კი ხორციელდება პირველადი მოხმარებების საშუალებების იმპორტი, რაზეც მოსახლეობა ფასის ზრდის მიუხედავად უარს ვერ ამბობს და რისი ჩანაცვლებაც, სამწუხაროდ, ადგილობრივი წარმოებით ვერ ხერხდება.

წინა სტატია

მეორე კვარტალში მშპ-ს რეალურმა ზრდამ 2.5% შეადგინა
30 სექტემბერი, 2015

შემდეგი სტატია

რა პროფესიის ბრძანდებით?
02 ოქტომბერი, 2015
მეორედ მოსვლა მეორედ წასვლისთვის
ფორბს-მოსაზრება | ივლ, 11, 2018
გლობალური ქსელის თბილისელი შვილობილი
Forbes Woman | ივნ, 28, 2018
ახალი სტანდარტი
ინტერვიუ | ივნ, 20, 2018
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა