რატომ უნდა ვიყოთ ფრთხილად გადაწყევტილების მიღების პროცესში

ბიზნესის წარმატება მიღებულ გადაწყვეტილებებზეა დამოკიდებული. უამრავი მიდგომა, თეორია არსებობს იმის შესახებ, თუ რა განსაზღვრავს ჩვენს გადაწყვეტილებებს კონკრეტულ სიტუაციაში. თანამედროვე მეცნიერება არაერთგვაროვანი გამოწვევების მატარებელ მოდელებს გვთავაზობს. ხშირად გვსმენია, რომ პროგნოზირება, სტატისტიკური მონაცემები, გამოცდილება, განწყობები და წარსული შემთხვევები ჩვენს სამომავლო ქმედებებს განაპირობებს. სინამდვილეში კი სურათი ასეთია:  ფსიქოლოგმა დანიელ კანემანმა (ნობელის პრემიის ლაურეატი ეკონომიკურ მეცნიერებებში) ჩაატარა ექსპერიმენტი და აღმოაჩინა, რომ თუ ადამიანს ათქმევინებ  მისი პირადი ნომრის ბოლო ოთხ ციფრს და შემდეგ კითხავ დანტისტების რაოდენობას მანჰეტენზე, აუცილებლად დაადგენ  ამ ორ რიცხვს შორის კორელაციას.  ეს პარადიგმა ცნობილია, როგორც “ღუზის ჩაშვების წინასწარგანწყობა”. ეს არის ტენდეცია, დაეყრდნო პირველად მოწოდებულ ინფორმაციას  (რომელიც ღუზის ეფექტს ატარებს) შეფასების ან გადაწყვეტილების მიღების პროცესში.

თუ ამ მოსაზრებას დავუშვებთ, უცნაურად აღარ მოგვეჩვენება, რომ იდენტური დილემების შემთხვევაში ადამიანები  განსხვავებულ შედეგებამდე მიდიან.  ყოველ კონკრეტულ სიტუაციაში გადაწყვეტილების მიმღები ეყრდნობა სპეციფიურ ინფორმაციას ან ფასეულობას, რომელსაც გარემოებების სხვა მაჩვენებლებსაც არგებს. ეს მიდგომა სუბიექტური და მიკერძოებულია, მაგრამ  ალბათობას სწორედ ამ მოდელით განსაზღვრავენ ადამიანები.  ტენდენციურობის თავიდან აცილება შესაძლებელია ცოდნის, ინფორმაციაზე წვდომის და პროგნოზირების კომპლექსური გაერთიანებით. ეს ტრიადა გვევლინება  წარმატების წინაპირობად.  ინფორმირებული, გამოცდილი და განათლებული ადამიანები- დარგობრივი ექსპერტები თავის გადაწყვეტილებების ობიექტურობას არსებული რისკების და საფრთხეების რაციონალურ-მეცნიერული წინასწარმეტყველებით უზრუნველყოფენ.

თუმცა მხოლოდ ცოდნა, ინფორმაცია და პროგნოზირების უნარი არ არის საკმარისი. წლების განმავლობაში შექმნილი, ადაპტირებული და გამოცდილი სისტემები ერთ დღეს შეიძლება, თავდაყირა დადგეს. როგორც ნასიმ ტალები ამბობს, 21-ე საუკუნეში ეს კომპონენტები გადაფასებულია, ხოლო შემთხვევითობა და განუსაზღვრელობა არ არის საკმარისად დაფასებული. ნასიმ ტალები ცნობილი წიგნის “შავი გედის” ავტორია. ეს წიგნი მეორე მსოფლიო ომის შემდგომ გამოცემულ ყველაზე გავლენიან და დიდი მნიშვნელობის მქონე 12  წიგნს შორისაა. ბერძენი ფოლოსოფოსებიდან მოყოლებული შავი გედი შეუძლებლობასთან ასოცირდებოდა, სანამ მე-17 საუკუნის ბოლოს ამჟამინდელ ავსტრალიაში არ აღმოაჩინეს. პირველად  არისტოტელეს ნაშრომებში გვხვდება, როგორც ლოგიკური, მაგრამ არარეალური დაშვება. შავი გედი  მცირე ალბათობის, მაგრამ დიდი გავლენის მქონე მოვლენაა, რომლის პროგნოზირებაც შეუძლებელია.

მე-18 საუკუნის შოტლანდიელი ფილოსოფოსი და ეკონომისტი დევიდ ჰიუმი ძალიან საინტერესოდ განმარტავდა შავი გედის ფენომენს. ის ამბობს, რომ ინდუქციის პრობლემა არის იმაში, რომ უსასრულო დაკვირვება  გედებზე გვაძლევს საშუალებას დავასკვნათ, რომ ყველა გედი არის თეთრი, მაგრამ ერთი შავი გედის აღმოჩენა მთლიანად აბათილებს ამ დასკვნას.

საფინანსო ინსტიტუტები და დიდი ორგანიზაციები  მოწყვლადნი არიან ასეთი ტიპის მოვლენების მიმართ.  რადგან ისინი  თავის თავში ატარებენ  რისკს, რომლის მიმართაც  თანამედროვე ფინანსური ინჟინერიის ინსტურმენტები უძლურია. ჩნდება კითხვა, თუ ვუშვებთ, რომ არსბეობს შავი გედი - როგორც გამონაკლისი, იშვიათობა, როგორ უნდა გავითავლისწინოთ ეს ცოდნა გადაწყვეტილებების მიღების პროცესში და როგორ უნდა ავიცილოთ თავიდან სავარაუდო საფრთხეები?  სამწუხაროდ, ნასიმ ტალები თავის თეორიაში ამ კითხვებზე პასუხს ვერ იძლევა. არ არსებობს არანაირი სისტემა და მოდელი, სადაც მომავალი ზუსტად იქნება ინტერპრეტირებული და სისტემატიკური რისკის განულება მოხდება. სამაგიეროდ გადაწყვეტილების მიღების მისეული მიდგომა იმ საფრთხეების ზემოქმედების მინიმალიზაციას გვთავაზობს , რომელიც არ გვესმის, განსხვავებით მეინსთრიმ რისკ მენეჯმენტისგან, რომელიც გვიქმნის უკვდავ ილუზიას,  თითქოს მუდმივად შეგვიძლია მომავლის განჭვრეტა.  როგორც წესი “შავ გედებს” ადამიანები  არასწორედ  იგებენ  ან საერთოდ უგულებელყოფენ. ეს ნაწილობრივ კოგნიტური მიკერძოებულობის, ნარატივის და გადაჭარებებით თვითდარწმუნებულობის ბრალია. საბოლოო ჯამში , ადამიანების ასეთმა დამოკიდებულებებამ, მზაობის არარსებობამ და ამ პრინციპით მიღებულმა გადაწყვეტილებებმა შეიძლება სავალალო სისტემური შედეგები გამოიწვიოს.

მნიშვნელოვანია, ობიექტურად ვაფასებდეთ გარემოს, ჩვენს შესაძლებლობებს, რაციონალურად ვიყენებდეთ ცოდნას, რომ თავიდან ავიცილოთ 2008 წლის მსგავსი ეკონომიკური კრიზისი. კრიზისი, რომელიც ჩვენსავე წინდაუხედაობის, გათამამებული გადაწყვეტილებების  და არასწორად დანახული შესაძლო შედეგების გამო  21-ე საუკუნის პირველი დეკადის ყველაზე ნეგატიურ შავ გედად წოდებულ მოვლენად არის შეფასებული.

ასე რომ, იყავით ფრთხილად, სანამ მიიღებთ გრძელვადიან გადაწყვეტილებებს და ადეკვატურად შეაფასეთ თქვენი შესაძლებლობები.

წინა სტატია

ვეძებთ ლიდერებს. ანაზღაურება 2 700 000 დოლარიდან
11 მარტი, 2014

შემდეგი სტატია

რას ფიქრობს ბოსი შენს დაწინაურებაზე?
17 მარტი, 2014
"აჭარა ჯგუფი" თბილისში ახალ სასტუმრო "სტამბას" ხსნის
ახალი ამბები ქართულად | მაი, 01, 2018
რიცხვები პოპულიზმის წინააღმდეგ
ფინანსები | მაი, 09, 2018
Forbes მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი ადამიანების სიას აქვეყნებს
რეიტინგი | მაი, 09, 2018
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა