რა პროფესიის ბრძანდებით?

რა პროფესიის ხართ? - დაგისვამთ ასეთი მარტივი კითხვა საკუთარი თავისთვის? ცხადია, ამ  კითხვაზე  ერთმნიშვნელოვნად  დაასახელებთ იმ ფაკულტეტს, რომელიც დაამთავრეთ და დიპლომიც გაქვთ აღებული. შეიძლება ფიქრობთ,  მთავარია,  დასაქმებული იყოთ, ხოლო პროფესიას მნიშვნელობა არა აქვს, მაგრამ,  რამდენად გაქვთ გააზრებული,  თუ რა პროფესიის ხართ და არის თუ არა თქვენი პროფესია თქვენთვის მეორეხარისხოვანი,  ისე, როგორც ეს დღეს ჩვენს ქვეყანაში ხდება. მაგალითად, ზოგიერთ ტაქსის მძღოლს ორი დიპლომი აქვს, გამყიდველი იურისტია, ხოლო მენეჯერი -  სახვითი ხელოვნების ოსტატი.

სანამ გაიაზრებთ თქვენი პროფესიის მნიშვნელობას, მანამდე მინდა ჩემს შესახებ მოგიყვეთ, რაც პირადად მე გადამხდა.

დღესდღეისობით ტრეინინგების ჩატარებით ვარ დაკავებული. ამ სფეროში, როგორც ხშირად ხდებოდა ხოლმე, “ქარმა შემომაგდო”.  ქარმა იმიტომ, რომ თავის დროზე არც მეტი და არც ნაკლები, კონსერვატორია დავამთავრე, საოპერო სიმღერის განხრით. ჩემს მშობლებს სჯეროდათ, რომ მომავალი “პავაროტი” ვიზრდებოდი. მეც ამ რწმენით ვიცხოვრე მთელი 14 წელი მანამ, სანამ მუშაობის აუცილებლობამ ბიზნესის სფეროში, კერძოდ კი გაყიდვებში არ მიკრა თავი.

2014 წლის თებერვლის სუსხიანი საღამო იდგა. კონსერვატორიის დიდი დარბაზის წინ თბილად ჩაცმული ხალხი ირეოდა ოპერა “ტრავიატას” მოლოდინში. მე და ჩემი მეუღლეც შესასვლელი კარის გაღებას ველოდებოდით, თან ერთმანეთში ვსაუბრობდით. განვლილ დღეზე ვუყვებოდი თუ როგორ ჩაიარა ჩემს მიერ ჩატარებულმა მორიგმა ტრენინგმა.

როგორც იქნა კარი გაიღო და ჩვენც მალე დარბაზში აღმოვჩნდით.ეს სწორედ ის დარბაზია, რომელშიც ერთ დროს მეც ვმღეროდი. მალე სპექტაკლიც დაიწყო. ვინც სცენაზე იდგა, ყველას პირადად ვიცნობდი და რაღაცნაირად მეამაყებოდა.  ერთ საათში პირველი მოქმედება დასრულდა და შესვენებაც გამოცხადდა.

შესვენებაზე შევხვდი ჩემს ყოფილ მაესტროს, რომელიც წლების წინ საოპერო სიმღერას მასწავლიდა. ჩვენ  შორის საუბარი ცოტა უცნაურად წარიმართა. მაესტრომ მომიკითხა, შემდეგ მკითხა: თუ სად დავიკარგე მთელი ექვსი წელი და მთხოვა, რომ შემდეგ კვირაში მასთან  კონსერვატორიაში შემევლო. ათ წუთში მეორე მოქმედებაც დაიწყო, თუმცა სპექტაკლს უკვე ნაკლებად ვუსმენდი. მაესტროს საუბარმა ჩამაფიქრა. ამასთან, ცოტა გაკვირვებულიც ვიყავი, თან გახარებული.  ვფიქრობდი, რომ ტრენინგების პარალელურად სიმღერას დავუბრუნდებოდი.

მესამე დღეს უკვე მაესტროს კლასში ვიდექი. მალე დამიძახა, გამამღერა და შემაქო, ხმა აშკარად შენარჩუნებული მქონდა.

პირველ შეხვედრას მოყვა ის, რომ მაესტრომ მეორედ, მესამედ და მეათედაც დამიბარა.

ნებსით თუ უნებლიეთ, ფაქტია რომ ჩავერთე ძველ საქმიანობაში, სიმღერაში და პარალელურად ჩემი ძირითადი საქმიანობა, ტრენინგების ჩატარება განვაგრძე. როდესაც მაესტროსთან ვმღეროდი, ზარებს არ ვპასუხობდი, სიმღერაში რომ არ შემშლოდა ხელი. როგორც შემდეგ ვარკვევდი, პარტნიორები და თანამშრომლები რეკავდნენ ხოლმე ძალზედ მნიშვნელოვან საქმეზე და ზარების იგნორირებით საქმეს აშკარად ვაფუჭებდი.

ასე ვიცხოვრე დაახლოებით ერთი თვე.  ერთ-ერთ ხუთშაბათს ჩემმა მაესტრომ გამომიცხადა, რომ მეორე დღეს, პარასკევს, კონცერტზე უნდა მემღერა. სიხარულისაგან, აშკარად ადრენალინის მოზღვავება ვიგრძენი და დავთანხმდი.

პარასკევი დღეც გათენდა. დილიდანვე პირველი სამსახურისაკენ გავემართე, თანამშრომელთა ტრეინინგები უნდა დამეგეგმა. სადღაც შუადღის პირველი საათი იქნებოდა, როდესაც მეორე სამსახურს, ტრეინინგ ცენტრს ვეწვიე, მეგობართან ერთად ახალი ტრეინინგის შინაარსსა და დასახელებაზე ვიმსჯელეთ.

სამი საათისათვის უკვე საკონცერტო დარბაზში ვიდექი, სცენაზე ჩემი გამოსვლის დრო იყო. გავედი და ვიმღერე, რაღაცნაირად, არც ძალიან კარგად და არც ცუდად, საშუალოდ.

საღამო იყო, როდესაც კონცერტიდან  სამსახურში დავბრუნდი, მაშინვე სატრენინგო მასალებს ვეცი და დალაგება დავუწყე. მეორე დღეს დილიდან ტრენინგი უნდა ჩამეტარებინა. იქვე, მაგიდაზე, ტრენინგისათვის საჭირო წიგნი შევნიშნე, ყვითლად იყო მონიშნული სხვადასხვა დეტალი, რომელსაც მტვრის ფენა ფარავდა. წიგნი აშკარად მიტოვებული მქონდა, რადგანაც მთელ დროს ოპერების მოსმენასა  და ნოტების გარჩევაში ვატარებდი.

უცებ გავშეშდი, ჩემს თავს გვერდიდან შევხედე და თავზარი დამეცა. მძიმე სურათი დავინახე. აშკარა იყო, რომ ჩემს  პროფესიას, ტრენერობას ვკარგავდი. პროფესიას, რითიც დილიდან დაღამებამდე ვცხოვრობდი და ვარსებობდი, ხელიდან მეცლებოდა. მისთვის დრო აღარ მრჩებოდა. იმასაც ვხვდებოდი, რომ დიდი სცენისა და სიმღერის დრო უკვე წარსულს ჩაბარდა .  შანსი  - საოპერო მომღერალი გავმხდარიყავი, ექვსი წლის წინ  დავკარგე. ახლა კი დიდი საფრთხე  ჩემს პროფესიას, ტრენერობას ემუქრებიდა და კიდევ ჩემს პატარა სცენას ... სცენას, სადაც თითქმის ყოველდღე გამოვდიოდი  და ვასწავლიდი. ასე უბედურად თავი არასოდეს  მიგრძნია.

მთელი ღამე ფიქრებში გავატარე. გადავწყვიტე...!  ტრენერობა გადავწყვიტე! მივხვდი,  თუ ჩემი ცხოვრების გზაზე სხვა პროფესიის არჩევა მომიწევდა, მხოლოდ მისთვის უნდა მიმეძღვნა სული და გული.

როდესაც მეორე დღეს გავიღვიძე, ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს დიდი ლოდი ჩამომხსნოდა გულიდან. ტრენინგმაც წარმატებით ჩაიარა. მე ისევ სცენაზე ვიდექი, შედარებით მომცრო სცენაზე ,თუმცა  ვსაუბრობდი, აღარ ვმღეროდი.

საღამოს მაესტრომ დამირეკა, ავუხსენი, რომ პარასკევს  კონცერტზე ჩემი ბოლო გამოსვლა იყო. ამის შემდეგ  მხოლოდ მეგობრებად დავრჩებოდით. სავარაუდოდ, მგონი, გამიგო.

ასე გადარჩა ჩემი დღევანდელი პროფესია, რაშიც დიდი წვლილი ჩემს მეგობარსა და კოლეგას მიუძღვის. კოლეგას, ვის ტრენინგზეც პირველად ჩავფიქრდი თუ რა მნიშვნელოვანია, რომ მიიღო გადაწყვეტილება  თუ რა პროფესიის ხარ და საით მიდიხარ.

ბლოგის ბოლოს მაინც ვიკითხავ, ხომ არ გადაგიწყვეტიათ რა პროფესიის ხართ?

თუ უკვე გადაწყვიტეთ, მაშინ ყოველდღე თითო, თუნდაც მცირე პროფესიული ნაბიჯი გექნებათ გადასადგმელი თქვენი საქმიანობის განსავითარებლად.

ვინც ფიქრობთ, რომ რამოდენიმე, სრულიად განსხვავებულ საქმეს ძალზედ წარმატებულად გაართმევთ თავს, იფიქრეთ, წინ მთელი საათები გაქვთ. საათები და არა თვეები, რადგანაც თუ მალევე არ გადაწყვეტთ რა პროფესიის ხართ, მაშინ ვერც განვითარდებით, ხოლო თუ ვერ განვითარდებით, ვერც  ბედნიერი იქნებით. რატომ? იმიტომ, რომ  მეცნიერები და ფსიქოლოგები ამტკიცებენ - ბედნიერება განვითარებაშია.

წინა სტატია

უმსხვილესი სასაქონლო ჯგუფების იმპორტის ანალიზი
01 ოქტომბერი, 2015

შემდეგი სტატია

2015 წლის ექსპორტის მაჩვენებლების ანალიზი
05 ოქტომბერი, 2015
QNET’s vision
ინტერვიუ | ოქტ, 02, 2018
233 დაგეგმილი პროექტი - ბრენდული სასტუმროები, რომელიც საქართველოში გაიხსნება
ახალი ამბები ქართულად | ოქტ, 16, 2018
Nexia TA - ერთადერთი აუდიტორული კომპანია საქართველოდან, რომელმაც IAB-ის ცერემონიაზე ჯილდო მოიპოვა
საქართველო | ოქტ, 08, 2018
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა