"დავიბადე 1993 წლის 3 დეკემბერს. 2012 წელს დავამთავრე ამერიკული აკადემია თბილისში და ამჟამად ვარ ნორთისტერნის უნივერსიტეტის (Northeastern University, Boston, Mass, USA) ბიზნესის ფაკულტეტის მეოთხე კურსის სტუდენტი".

10 რჩევა მათთვის, ვინც გასაუბრებაზე მიდის

10 რჩევა მათთვის

ბიზნესსკოლაში კურსების უმრავლესობა პროფესიულ ცოდნას გვაძლევს. როგორ შევაფასოთ კომპანიის ლიკვიდურობა, როგორ გამოიყურება პროდუქტის მოთხოვნის გრაფიკი, როგორ ავიცილოთ თავიდან პრობლემები – მცირე ჩამონათვალია იმ საკითხებისა, რომელსაც უნივერსიტეტში გვასწავლიან. როგორ დავწეროთ თანმხლები წერილი, რა ჩავიცვათ ინტერვიუზე და როგორ მოვემზადოთ გასაუბრებისთვის კი ის აუცილებელი ცოდნა და უნარ-ჩვევებია, რის გარეშეც შეუძლებელია სასურველ სამსახურში მოხვედრა. საბედნიეროდ, Northeastern University–ს აქვს co-op პროგრამა, რომელიც ზუსტად ამ უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებას და დახვეწვას გვასწავლის. ჩემი აკადემიური კარიერის განმავლობაში, რამდენიმე ინტერვიუზე ვიყავი, დავესწარი სამ კურსს, რომელიც ამ საკითხებს ეხებოდა, ორი ექვსთვიანი პრაქტიკა გავიარე და ერთი ცხოვრებისეული გაკვეთილი ვისწავლე, რომელსაც დიდი სიამოვნებით გაგიზიარებთ. ერთი სიტყვით, მოგიყვებით იმ 10 რჩევაზე, რომელიც მე ჩემს დას გავუზიარე, როდესაც ის მიდიოდა გასაუბრებებზე.

1. სანამ გასაუბრებაზე მოხვდებით აუცილებელია გქონდეთ  CV, ანუ რეზიუმე. რეზიუმე არის ერთგვერდიანი დოკუმენტი, რომელიც მოიცავს საკონტაქტო ინფორმაციას, აკადემიურ კვალიფიკაციებს, სამუშაო ისტორიას და არასავალდებულო პერსონალურ სექციას, სადაც აღწერილია მაგალითად ის ენები რაზეც საუბრობთ, პირადი მიღწევები, ჰობი და გამოსადეგი უნარ-ჩვევები. რეზიუმეს ხშირად ურთავენ რეკომენდაციის წერილს ან ყოფილი დამსაქმებლის საკონტაქტო ინფორმაციას. 

2. დამსაქმებელი ტელეფონით ან უფრო ხშირ შემთხვევებში E-მეილით უკავშირდება პოტენციურ თანამშრომელს. რადგანაც ამ დროს არარსებობს პირადი კონტაქტი, აუცილებელია გააზრებული პასუხების შერჩევა, რომლებიც იქნება მარტივად გასაგები და აღსაქმელი, საკითხთან დაკავშირებული და კონკრეტული. გასათვალისწინებელია, რომ პიროვნებას ტელეფონის მეორე მხარეს არ აქვს ბევრი დრო და რაც უფრო სწრაფად მოგვარდება ლოგისტიკური დაგეგმარების პროცესი, მით უფრო რეალური კანდიდატი ხდებით გამსაუბრებლის თვალში. არ დაგავიწყდეთ, გასაუბრება მაშინ არ იწყება, როდესაც მომავალ უფროსს ხელს ართმევთ, გასაუბრება იწყება იმ შეხების პირველი წერტილიდან, რომელიც კომპანიასთან ან გამსაუბრებელთან გაქვთ.

 3. ინტერვიუსთის მოსამზადებელ გაკვეთილზე, ყველაზე მეტი კითხვა ყოველთვის დრეს-კოდს ეხება. დრეს-კოდი დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელ ქვეყანაში აპირებთ მუშაობას, იმ კომპანიაზე, სადაც გადიხართ გასაუბრებას და იმ სფეროზე, რომელშიც მოღვაწეობთ. ბიზნესის და განსაკუთრებით ფინანსების სფერო აღინიშნება მკაცრი ფორმალობით. აუცილებელია თეთრი პერანგი, კოსტიუმი და დახურული, გამოსასვლელი ფეხსაცმელი. სასურველია კოსტიუმი იყოს მუქი ფერის, შავი, ნაცრისფერი ან ლურჯი.

4. როგორც კი ინტერვიუზე მიხვალთ აუცილებელია ხელი კარგად ჩამოართვათ ყველას, ვინც გაგეცნობათ. შესაძლებელია ინტერვიუს ერთზე მეტი ადამიანი ესწრებოდეს და სწორედ ამიტომ აუცილებელია ყველა დამსწრეს თანაბარი ყურადღება დაუთმოთ. დაიმახსოვრეთ მათი სახელი, პოზიცია კომპანიაში და დეტალები, რომლებსაც საკუთარ თავზე გაგიმხელენ.

5. მიდით ინტერვიუზე მომზადებული: გქონდეთ ზედმეტი რეზიუმე, სავიზიტო ბარათი, კალამი და ფურცელი.

6. ინტერვიუს დროს იყავით თავდაჯერებული და გულახდილი.

7. მოამზადეთ პასუხი რამდენიმე სავარაუდო კითხვაზე, რომელსაც აუცილებლად დაგისვამენ ინტერვიუზე.

8. ზუსტი და დამაკმაყოფილებელი პასუხების გაცემის გარდა, ინტერვიუს წარმატებით გავლა შეუძლებელია კარგად მოსმენის გარეშე. მოუსმინეთ კითხვებს და იმ ადამიანებს, ვისთანაც ხართ გასაუბრებაზე. თუ დარწმუნებული არ ხართ, რომ კითხა გაიგეთ, ჩაეკითხეთ ინტერვიუერს.  თქვენი დაინტერესება ავლენს იმას, რომ ყურადღებიანი ადამიანი ხართ და გულისყურით ისმენთ კითხვებს და მომავალში სამუშაო დავალებებს.

9. არ იყოთ დაძაბულები და არ ინერვიულოთ, დადებითად განეწყვეთ მაგიდის მეორე მხარეს მჯდომ პირების მიმართ, გაიღიმეთ და თქვენი დამოკიდებულება ინტერვიუერებსაც გადაედებათ – რაც უფრო ადვილს და საინტერესოს გახდის ინტერვიუს.

10. გასაუბრების დასრულების შემდეგ მადლობა გადაუხადეთ პოტენციურ დამსაქმებელს და მის კოლეგებს – აღნიშნეთ, რომ მადლობელი ხართ, რომ მათ თავისი დრო დაგითმეს და გამოართვით სავიზიტო ბარათები. რამდენიმე საათის შემდეგ, სასურველია E-mail-ითაც გადაუხადოთ მადლობა – ეს გამოგყოფთ დანარჩენ ათეულობით კანდიდატს შორის და თქვენ თავს დაამახსოვრებს.

წარმატებები!

გააზიარე