სანქცირებული რუსი ტურისტის მარშრუტი, ანუ Russo turisto, obliko morale! Verstanden?

რუსეთის ეკონომიკა უმძიმესი კრიზისის პირას დგას - ბარელი ნავთობის ფასი 29 დოლარს შეადგენს და ეს ჯერ კიდევ არ არის ქვედა ზღვარი. ფასის კლებადი ნიშნული უკიდურესად აზარალებს ქვეყნის ეკონომიკას, რომელიც მილიარდობით დოლარის შემოსავალს ჰკარგავს, უფასურდება რუსული რუბლის შემსყიდველუნარიანობა, იზრდება ბიუჯეტის დეფიციტი, მოსახლეობა ღარიბდება. სანქციების ქარცეცხლში გახვეული ფედერაციის მოსახლეობა კი შეძლებისდაგვარად ცდილობს გადაანაწილოს კვების, ჯანდაცვის, მოგზაურობის ხარჯები. რუს მოგზაურთა ტურისტული ნაკადი რამდენიმე მილიონიან ჯგუფს შეადგენს, რომელთა სამომხმარებლო ქცევა მნიშვნელოვნად განაპირობებს დასასვენებელი კურორტების რენტაბელობას. რუსეთის ტურიზმის ფედერალური სააგენტოს მონაცემებზე დაყრდნობით, ყველაზე პოპულარული სამოგზაურო დესტინაციების სამეულიდან, თურქეთმა ათეულის ბოლო რიგებში გადაინაცვლა.

გასულ წელს, თურქეთს 3,6 მილიონი რუსი ეწვია, რაც საგრძნობლად ჩამორჩება 2014 წლის ანალოგიური პერიოდის სტატისტიკას. შეგახსენებთ, რომ რუსეთის ფედერაციის მიერ, თურქეთისთვის ეკონომიკური სანქციების დაწესება მას შემდეგ მოხდა, რაც მათი სამხედრო თვითმფრინავი, თურქეთის ტერიტორიაზე შეჭრის შემდეგ, გაუვნებელყოფილ იქნა.  სანქციებს მოჰყვა ტუროპერატორების მიერ თურქეთის მიმართულებით საგზურების გაყიდვის შეწყვეტა და შესაბამისად, რუს მოგზაურთა მრავალმილიონიანი არმიის ტურისტული გეგმების ცვლილება.

სანქცირებულია რუსეთი ევროკავშირის მხრიდანაც, ყირიმისა და სევასტოპოლის ანექსიასთან დაკავშირებით, რასაც საპასუხოდ, სამრეწველო პროდუქციაზე ემბარგო მოჰყვა. ევროკავშირთან დაძაბული ურთიერთობა აგრეთვე ცვლის რუსი მოგზაურის ტურისტულ მარშრუტს. ყოველივე უკვე აისახება ტურიზმის ფედერალური სააგენტოს მიერ გამოქვეყნებულ სტატისტიკურ მონაცემებში.

თურქეთის გარდა, რუს ტურისტთა ტოპ-დესტინაციებს ეგვიპტე, ტაილანდი და არაბეთის გაერთიანებული საემიროები შეადგენდა. მას მოჰყვებოდა ევროპის ქვეყნები, რომლებიც დღეის მონაცემებით ათეულიდან ამოვარდნილია. რუსი ტურისტები უკვე ერიდებიან ეგვიპტეში მოგზაურობას, მძიმე პოლიტიკური მდგომარეობისა და არეულობის ფონზე, მოგზაურობის მცირე ბიუჯეტის მიუხედავად. ტაილანდი - გაუფასურებული რუბლის გამო, სულ უფრო ნაკლებად ხელმისაწვდომია, ისევე როგორც დუბაი - ძვირადღირებული კურორტები, მძიმე კლიმატური პირობებით ვეღარ იზიდავს რუს ტურისტთა დიდ ნაკადს.

რამდენიმე თვეში, ტურისტული სეზონი პიკს მიაღწევს და ყველა პოტენციური მოგზაური ერთ შეკითხვას დაუსვავს თავს - სად გავატარო დასვენების დღეები? გაუფასურებული რუბლითა და შემცირებული შემოსავლით, ცხადია მოგზაურები ახლომდებარე, შედარებით იაფიან ოფციას აირჩევენ. ადგილს, სადაც ზღვა, კარგი ამინდი და სასიამოვნო გარემოა.

უკვე მიხვდით რომელ დესტინაციაზეა საუბარი?

ბიზნესის გაფართოებისა და სასტუმროების მაქსიმალური დატვირთვისათვის დიდი შესაძლებლობები ეძლევათ აჭარის რეგიონში მცხოვრებ მეწარმეებს. რამდენად შეფასდება რუსული ოკუპაცია სასტუმროების ნომრებში, ამას ზაფხულში ვნახავთ.

ნინო ენუქიძე. ილიაუნის მართვის ინსტიტუტი

წინა სტატია

არ იყიდოთ ეს ქურთუკი!
18 იანვარი, 2016

შემდეგი სტატია

“დაზოგვის დილემა” ლარის გაუფასურების ფონზე
22 იანვარი, 2016
გლობალური ქსელის თბილისელი შვილობილი
Forbes Woman | ივნ, 28, 2018
მეორედ მოსვლა მეორედ წასვლისთვის
ფორბს-მოსაზრება | ივლ, 11, 2018
ახალი სტანდარტი
ინტერვიუ | ივნ, 20, 2018
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა