“დაზოგვის დილემა” ლარის გაუფასურების ფონზე

განმარტების თანახმად, თამაშთა თეორია სტრატეგიულ სიტუაციებში ადამიანთა ქცევის შესწავლაა. ანუ სიტუაციებში, როდესაც, თითოეულმა ადამიანმა გადაწყვეტილების მიღებისას უნდა გაითვალისწინოს ის, თუ როგორ მოიქცევიან სხვები მისი ქცევის საპასუხოდ და შესაბამისად აირჩიოს საკუთარი დომინანტური სტრატეგია. ანუ სტრატეგია, რომელიც საუკეთესოა მისთვის, იმის მიუხედავად, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს სხვა. თამაშთა თეორიის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული და თვალსაჩინო მაგალითია ე.წ. “პატიმრის დილემა”.

“პატიმრის დილემა” დაფუძნებულია ორი დამნაშავის ამბავზე, რომელიც პოლიციამ დააკავა, თუმცა არ ფლობს საკმარის სამხილებს მათი ხანგრძლივად დაპატიმრებისათვის. პოლიციას აქვს მხოლოდ წვრილმანი სამხილები, რაზე დაფუძნებითაც შეუძლია მათთვის თავისუფლების აღკვეთა მხოლოდ ერთი წლის ვადით. პატიმრები განთავსებულნი არიან ინდივიდუალურ იზოლატორებში და არ შეუძლიათ ერთმანეთთან კომუნიკაცია. დავუშვათ, პოლიცია მათ სთავაზობს შემდეგ გარიგებას: თუ თქვენ აღიარებთ დანაშაულს, გაგათავისუფლებთ, ხოლო თქვენს პარტნიორს მიესჯება 10 წლიანი პატიმრობა, მაგრამ თუ ორივე აღიარებთ, ორივეს მოგესჯებათ თავისუფლების აღკვეთა 7 წლით.

როგორ მოიქცევა თითოეული მათგანი? სად მიიღწევა წონასწორობა აღნიშნულ თამაშში? როგორც ცხრილიდან ჩანს, თითოეული მათგანის გადაწყვეტილება დამოკიდებულია პარტნიორის გადაწყვეტილებაზე. თუ A აღიარებას გადაწყვეტს, ჯობია B-მაც აღიაროს და ციხეში 10-ის ნაცვლად 7 წელი გაატაროს, ხოლო თუ A უარყოფას გადაწყვეტს, B-სთვის კვლავაც აღიარება უმჯობესია, რადგან ასეთ შემთხვევაში ის თავისუფალი იქნება. ანუ ყველა  შემთხვევაში აღიარება B-სთვის დომინანტური სტრატეგიაა. ანალოგიურად იმსჯელებს A-ც და ბოლოს ორივე მათგანი აღიარებს. შესაბამისად, ორივეს მიუსჯიან 7-7 წელს, მიუხედავად იმისა, რომ ორივესთვის უმჯობესი იქნებოდა თუ დანაშაულს უარყოფდნენ და ციხეში მხოლოდ ერთ წელს გაატარებდნენ.

რა მოხდება თუ შევეცდებით აღნიშნული თეორია საქართველოს სავალუტო ბაზარს შევუსაბამოთ? დავუშვათ მოცემულია, რომ ეკონომიკა შედგება მხოლოდ ორი, A და B პიროვნებისგან, რომლებიც შემოსავალს იღებენ ლარში და თანხის ნაწილს დანაზოგის სახით ინახავენ ასევე ლარში. ახლა დავუშვათ, რომ ლარის კურსი დოლართან მიმართებაში გაუფასურდა. როგორ მოიქცევიან ჩვენი მოთამაშეები? ისევ ლარში განაგრძობენ შეგროვებას თუ დოლარში გადაიტანენ საკუთარ დანაზოგს? დავუშვათ, თუ ორივე მათგანი გადაწყვეტს განაგრძოს საკუთარი დანაზოგის ლარში შენახვა, ლარის კურსი დოლართან მიმართებაში აღარ შეიცვლება და სტაბილური იქნება. მაგრამ თუ ერთ-ერთი მათგანი მაინც გადაწყვეტს მოახდინოს საკუთარი დანაზოგის კონვერტაცია დოლარში, ასეთ შემთხვევაში გაიზრდება დოლარზე მოთხოვნა, რაც კიდევ უფრო გაამყარებს დოლარს და შეასუსტებს ლარს, ანუ ლარის კურსი უფრო გაუფასურდება დოლართან მიმართებაში, რაც აღნიშნულ მოთამაშეს, როგორც დოლარის მფლობელს სარგებელს მოუტანს, ხოლო მეორე მოთამაშე, რომელიც ლარს ფლობს დაზარალდება; ხოლო თუ ორივე მათგანი გადაწყვეტს საკუთარი ყოველთვიური დანაზოგის დოლარში გადატანას, ლარი კიდევ უფრო მეტად გაუფასურდება დოლართან მიმართებაში და რაც დრო გავა ჩვენი მოთამაშეები დოლარის უფრო და უფრო მცირე რაოდენობის შეძენას მოახერხებენ და წაგებაში აღმოჩნდებიან.

რა იქნება თითოეული მათგანის დომინანტური სტრატეგია? ვინაიდან ვალუტის გაუფასურების რისკი მაღალია, თითოეული მათგანი თავის დაზღვევის მიზნით საკუთარი დანაზოგის დოლარში კონვერტაციას ამჯობინებს, რაც დროთა განმავლობაში ვალუტის კიდევ უფრო დიდ გაუფასურებასთან და მეტ დანაკარგთან მიგვიყვანს. მაშინ როდესაც, რეალურად თითოეული მათგანი უკეთეს მდგომარეობაში აღმოჩნდებოდა დანაზოგის კვლავ ლარში დაგროვების შემთხვევაში.

მიუხედავად იმისა, რომ რეალურ სამყაროში ჩვენი მოდელისაგან განსხვავებით ორ ადამიანზე მეტი ცხოვრობს, ვალუტის კურსზე კი მათი გადაწყვეტილებების გარდა სხვა ბევრი ფაქტორიც ახდენს გავლენას, ერთი რამ მაინც ცხადია: თუ ყველა მათგანი საკუთარი დანაზოგის დოლარში შენახვას შეეცდება, ლარის გაუფასურება ისევ და ისევ გაგრძელდება, რაც დააზარალებს არამარტო მათ, არამედ მთლიანად ეკონომიკას. 

წინა სტატია

სანქცირებული რუსი ტურისტის მარშრუტი, ანუ Russo turisto, obliko morale! Verstanden?
20 იანვარი, 2016

შემდეგი სტატია

საქართველოს ზამთრის კურორტები
28 იანვარი, 2016
ევროკავშირში თითქმის ორჯერ მეტი პროდუქცია გაგვაქვს, ვიდრე რუსეთში
საქართველო | ივლ, 19, 2018
Destination Developer
Forbes Georgia in English | ივლ, 25, 2018
ემიგრანტების მიერ გადმორიცხული თანხით ევროკავშირმა რუსეთს გადაუსწრო
საქართველო | ივლ, 31, 2018
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა