უმუშევრობა, რომელიც არ ჩანს

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) თანახმად, 2015 წელს საქართველოში უმუშევრობის დონე 12%-ია. ამ მონაცემით ბოლო 12 წლის მანძილზე ყველაზე დაბალი მაჩვენებელი დაფიქსირდა.  უნდა ითქვას, რომ აღნიშნული მაჩვენებელი მკვეთრად განსხვავდება იმისგან, თუ როგორ აღიქვამს ამ პრობლებას საზოგადოება, რაც კარგად  იკვეთება სოციოლოგიურ კვლევებში. კერძოდ, ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) საზოგადოებრივი აზრის კვლევის მიხედვით, მოსახლეობას ყველაზე მეტად აწუხებს სამუშაო ადგილების პრობლემა (66%), ფასების ზრდა და ინფლაცია (43%) და სიღარიბე (39%). პრობლემების ტოპ-სამეული მთლიანად ეკონომიკური ხასიათისაა და უკან იტოვებს ისეთ უმნიშვნელოვანეს ეროვნულ პრობლემას, როგორიცაა ტერიტორიული მთლიანობა.

წინამდებარე სტატიის მიზანია, გავიგოთ თუ რას ნიშნავს უმუშევრობა სტატისტიკის მიხედვით და ასახავს თუ არა იგი შრომის ბაზარზე არსებულ რეალურ ვითარებას, რაც დაგვეხმარება გავაანალიზოთ, თუ რა განაპირობებს ოფიციალურ სტატისტიკასა და საზოგადოებრივ აღქმას შორის უზარმაზარ სხვაობას ჩვენს ქვეყანაში. აქვე, გავეცნობით თუ რა გამოცდილება არსებობს განვითარებულ ქვეყნებში უმუშევრობის პრობლემის კვლევის და ანალიზის მიმართულებით და რა უნდა გაკეთდეს საქართველოში. უნდა აღინიშნოს, რომ უმუშევრობის რეალური სურათის დანახვა და მისი ადექვატური ანალიზი ამ პრობლემაზე ზემოქმედებისთვის პოლიტიკის შესამუშავებლად საჭირო ერთადერთი და ყველაზე ეფექტიანი ინსტრუმენტია. ასევე, ვინაიდან გვსურს ფოკუსირებული ვიყოთ სტატიის მთავარ ამოცანაზე, არ (ნაკლებად) განვიხილავთ დასაქმების სტატისტიკის მეთოდოლოგიური ჩარჩოს საკითხებს.

რას ნიშნავს უმუშერობა სტატისტიკის მიხედვით?

საქსტატი  დასაქმება/უმუშევრობის სტატისტიკის შემუშავებისას ხელმძღვანელობს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) მეთოდოლოგიით, რომლითაც ასევე ხელმძღვანელობს მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანა. აღნიშნული მიდგომა ხელს უწყობს ქვეყნებს შორის ოფიციალური სტატისტიკის ურთიერთშესადარისობას. საქსტატი სამუშაო ძალის სტატისტიკას აქვეყნებს წელიწადში ერთხელ. ქვემოთ მოცემულია საქართველოს შრომის  ბაზრის კვლევის მეთოდოლოგიური ჩარჩო და 2015 წლის პროცენტული მაჩვენებლები, რაც შემდგომში განსახილველი საკითხების უფრო ნათლად ილუსტრირებისთვის დაგვჭირდება:

საქსტატის, ისევე როგორც ILO-ს მეთოდოლოგიით, უმუშევარი არის 15 წლის და უფროსი ასაკის ადამიანი, რომელიც არ მუშაობდა  გამოკითხვის მომენტში გასული 7 დღის მანძილზე, ეძებდა სამუშაოს ბოლო 4 კვირის განმავლობაში და მზად იყო მუშაობის დასაწყებად მომავალი 2 კვირის ვადაში. ხოლო დასაქმებულია ყველა, ვინც თუნდაც 1 საათით მაინც იმუშავა, ნებისმიერი ტიპის სარგებლის სანაცვლოდ. მაშასადამე, უმუშევრობის დონე, რომელიც საქართველოში 12%-ს შეადგენს, არის უმუშევართა პროცენტული წილი ეკონომიკურად აქტიურ მოსახლეობაში.

ასახავს თუ არა უმუშევრობის სტატისტიკა შრომის ბაზარზე არსებულ რეალურ ვითარებას?

საქართველოში დასაქმება/უმუშევრობის სტატისტიკის კვლევის მიღმა რჩება ეკონომიკურად არააქტიური მოსახლეობა. ამ კატეგორიას მიეკუთხვნება 15 წლის და უფროსი ადამიანი, რომელიც არ მუშაობდა გამოკითხვის მომენტში 7 დღის მანძილზე, არ ეძებდა სამსახურს 4 კვირის განმავლობაში, ან არ იყო მზად მუშაობის დასაწყებად უახლოეს 2 კვირის ვადაში. როგორც გრაფაშია აღნიშნული, საქართველოში ამ კატეგორიის ადამიანთა წილი შრომისუნარიანი ასაკის მოსახლეობის 32%-ს შეადგენს და ის თითქმის 1 მილიონ ადამიანს მოიცავს.

სამწუხაროდ, განვითარებადი ქვეყნები ნაკლებად „იცლიან“ ისეთი საქმეების შესრულებაზე, რასაც არ ავალდებულებენ საერათაშორისო ორგანიზაციები (ამ შემთხვევაში ILO-ს სტანდარტი), გარკვეული სარგებლის სანაცვლოდ (შეღავათიანი სესხი, გრანტი, სხვ.). თუმცა, განვითარებული ქვეყნების მიდგომა ამ საკითხთან მიმართებაში რადიკალურად განსხვავებულია. ისინი ამ ადამიანებს (მოსახლეობის არააქტიურ ჯგუფს) განიხილავენ პოტენციურ სამუშაო ძალად, ამიტომ დეტალურად სწავლობენ თუ რა განაპირობებს მოსახლეობის ერთი ნაწილის  ეკონომიკური აქტივობის მიღმა დგომას.

ბუნებრივია, ამ  კატეგორიაში ხვდებიან ადამიანები, რომლებსაც არ აქვთ სურვილი ან ვერ ახერხებენ მუშაობას. მაგრამ კვლევები ადასტურებს, რომ მათ შორის უმრავლესობა არის ადამიანი, რომელმაც ხანგრძლივი მცდელობის შემდეგ დაკარგა სამსახურის პოვნის იმედი; ან, ადამიანი, რომელსაც არსებულ დაბალ ხელფასზე მუშაობას, ურჩევნია სოციალური პროგრამის შემწეობით იარსებოს. განვითარებული ქვეყნების სტატისტიკის მეთოდოლოგიური ჩარჩოს მიხედვით, ასეთი ტიპის უმუშევარ პირს უწოდებენ იმედგაცრუებულ მუშაკს (discouraged worker), ხოლო უმუშევრობის ამ კატეგორიას კლასიფიცირებას უკეთებენ, როგორც ფარულ უმუშევრობას (hidden unemployment).

საყურადღებოა ის ფაქტიც, რომ საქართველოში წარმოებული ოფიციალური სტატისტიკა ასევე ვერ ასახავს არასრულ დასაქმებას (Underemployment), რაც მოიცავს დასაქმებულთა იმ კატეგორიას, რომელსაც აქვს სამუშაო, მაგრამ არასაკმარისი. ჰიპოთეტურად წარმოვიდგინოთ  ადამიანი, რომელმაც კვლევის მომენტში, გასული 7 დღის მანძილზე იმუშავა 1 საათით და ჩაითვალა დასაქმებულად. სინამდვილეში ასეთი ადამიანი თავს დაუსაქმებლად ან არასაკმარისად დასაქმებულად მიიჩევს. ამ კატეგორიის ძირითად სეგმენტს წარმოადგენენ სოფლის მეურნეობით და მცირე მეწარმეობით თვითდასაქმებული პირები, ასევე, სეზონურად დასაქმებულები.

რა გამოცდილება არსებობს განვითარებულ ქვეყნებში,  უმუშევრობის პრობლემის ანალიზის მიმართულებით?

ევროპის ქვეყნებში უმუშევრობისა და ფარული უმუშევრობის კვლევას თანაბარი ყურადღება ექცევა. მონაცემების აღრიცხვა ხდება ყოველთვიურად და, შესაბამისად, უმუშევრობის წლიური ნიშნული  საშუალო შეწონილი მაჩვენებელია. ამ ქვეყნებში, ერთი მხრივ, უმუშევრობის სტატისტიკა ეფუძნება ILO-ს სტანდარტებს, რადგან საერთაშორისო მონაცემების ურთიერთშედარებას არ შეეშალოს ხელი, ხოლო, მეორე მხრივ, ფარული უმუშევრობის დადგენა ხდება ევროკავშირის სამუშაო ძალის კვლევის (EU LFS) სტანდარტების მიხედვით, რომელიც ზომავს არასაკმარის დასაქმებას და პოტენციურ სამუშაო ძალას. მათ შორის, იმედგაცრულებულ მუშაკს. 

აშშ-ს შემთხვევაში, შრომის ბაზრის სტატისტიკის ბიურო აწარმოებს ორი ტიპის დამოუკიდებელ კვლევას. აქაც, უმუშევრობის კვლევა ეფუძნება ILO-ს სტანდარტებს, ხოლო, მეორე კვლევა სწავლობს შრომის ბაზრის სტრუქტურას სიღრმისეულად. ამ კვლევაში დეტალურად არის მოცემული როგორც დასაქმებისა და უმუშევრობის, ასევე ნახევარ-განაკვეთზე დასაქმების, არასაკმარისი დასაქმების, იმედგაცრულებული მუშაკის და პოტენციური სამუშაო ძალის შესახებ ინფორმაცია. აღსანიშნავია, რომ ამ კვლევაში საერთოდ არ რთავენ სოფლის მეურნეობაში თვითდასაქმებულ პირებს, რათა კვლევამ უფრო ზუსტი მონაცემები აჩვენოს წმინდა უმუშევრობის შესახებ.

განვითარებულ ქვეყნებს, სამუშაო ძალის ასეთი დეტალური აღრიცხვა ესაჭიროება, რათა შეძლონ უმუშევრობის პრობლემის მრავალპარამეტრიანი ანალიზი და დაადგინონ უმუშევრობის მახასიათებლები, დაითვალონ უმუშევრობის შედარებითი ეკონომიკური დანაკარგები და შეიმუშაონ ეფექტური ინსტრუმენტები, რაც ზეგავნენას მოახდენს უმუშევრობაზე. მართალია, თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის პირობებში დასაქმება განისაზღვრება მოთხოვნა-მიწოდების საფუძველზე და, შესაბამისად, უმუშევრობის გარკვეული დონის არსებობა გარდაუვალია, თუმცა, ზემოაღნიშნული მეთოდოლოგიებით მიღებული ინფორმაცია მათ ეხმარება დროულად და ეფექტიანად მოახდინონ სხვადასხვა ფისკალური, მონეტარული და საგანმანათლებლო ინსტრუმენტების გამოყენება, რაც უმუშევრობის პრობლემის მართვასა და მისგან გამოწვეული ეკონომიკური უკუეფექტების მიღებისაგან დაიცავს ქვეყანას. ეს გარემოებები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეკონომიკური ან/და ფინანსური კრიზისის დროს.

უმუშევრებისა და სამუშაო ძალის მიღმა მყოფი მოსახლეობის მრავალგანზომილებიანი აღრიცხვის საფუძველზე ხდება პრობლემის ანალიზი და დაჯგუფება მახასიათებლების მიხედვით. ძირითადად, გამოყოფენ სამი ტიპის უმუშევრობას: სტრუქტურული უმუშევრობა, ფრიქციული უმუშევრობა და ციკლური უმუშევრობა. განვიხილოთ რა იგულისხმება მოცემულ ტერმინებში და რით ეხმარება ეს ინფორმაცია სახელმწიფო ორგანოებსა და გადაწყვეტილების მიმღებ 

სტრუქტურული უმუშევრობა: როდესაც გარკვეული პროფესიების ადამიანების საჭიროება ქრება. აღნიშნული მოვლენის ძირითადი მიზეზებია ტექნოლოგიური განვითარება ან საზოგადოების პრეფერენციების ცვლილება, მოდა. სტრუქუტრული უმუშევრობის ერთ–ერთი ფორმაა სეზონური უმუშევრობა, როდესაც გარკვეული სამუშოები იქმნება სეზონის მიხედვით და ქრება სეზონის გასვლასთან ერთად (მაგ.: საზღვაო კურორტებზე დასაქმება).

ü  ეს მაჩვენებელი გადაწყვეტილების მიმღებ პირებს აწვდის ინფორმაციას, თუ რა სტრუქტურული პრობლემები და არაეფექტიანი მემკვიდრეობა ახასიათებს სამუშაო ბაზარს ქვეყანაში, სად არის აცდენა სამუშაო ძალაზე მოთხოვნასა და კომპეტენციების მიწოდებას შორის. მისი ანალიზი საფუძვლად ედება საგანმანათლებლო პოლიტიკაში ცვლილებების შეტანას, პროფესიული და უწყვეტი განათლების (life-long learning) პროგრამების შემუშავებას.

ფრიქციული უმუშევრობა: ეს არის უმუშევრობის ფორმა, როდესაც ადამიანი ნებაყოფლობით ტოვებს სამსახურს, რათა შეიცვალოს სამუშაო სფერო/კვალიფიკაცია და მოძებნოს ახალი სამსახური. ფრიქციული უმუშევრობის ერთ–ერთი გამოვლინებაა, როდესაც ადამიანს ურჩევნია იყოს დროებით უმუშევარი, ვიდრე იმუშაოს არსებულ დაბალ ხელფასზე.

ü  მისი გაანალიზება გადაწყვეტილების მიმღებ პირებს ეხმარება საზოგადოებრივი აღქმების გაცნობაში, ახალი სამუშაოს დაწყების და კვალიფიკაციის შეცვლისთვის საჭირო საშუალო პერიოდის დადგენაში; ასევე, ხელფასის ეფექტიანობის და შორმითი პროდუქტულობის საშუალო დონის გაცნობაში. ეს მაჩვენებლები მნიშვნელოვან როლს თამაშობენ ქვეყნის ეკონომიკური პრიორიტეტების რანგირებისა და პარამეტრების განსაზღვრის დროს, მათ შორის, სოციალური პროგრამების დაგეგმვაში. მაგ: რამდენი უნდა იყოს და რა ვადით უნდა დაინიშნოს უმუშევრობის შემწეობა, რომ ადამიანმა არ დაკარდოს სამსახურის ძებნის სტიმული.

ციკლური უმუშევრობა: ამ ტიპის უმუშევრობის მაჩევენებლი მოძრაობს მშპ-ს საწინააღმდეგო მიმართულებით, ეკონომიკური კრიზისის დროს. ყველა ეკონომიკას ახასიათებს ციკლურობა მისი ბიზნესების წარმოების ციკლებიდან გამომდინარე. გარკვეულ პერიოდებში ქვეყანა განიცდის ეკონომიკურ ზრდას, ან პირიქით - ვარდნას. უმუშევრობის დონე პირდაპირ რეაგირებს ეკონომიკურ ციკლებზე. რეცესიის დროს, მომხმარებელი ნაკლებს ხარჯავს; კომპანიების შემოსავლები ეცემა. მათ უწევთ ხარჯების შეზღუდვა და როგორც წესი ეს თანამშრომლების დათხოვნით მთავრდება. თავის მხრივ, უმუშევრობის ზრდა კიდევ უფრო აქვეითებს მოხმარებას, რაც ეკონომიკურ კრიზისს კიდევ უფრო აღრმავებს. სწორედ ეკონომიკის ციკლურობასა და უმუშევრობის დონეს შორის არსებული კორელაციის გამო მიიჩნევა ეს ცვლადი ერთ–ერთ უმიშვნელოვანეს ეკონომიკურ ინდიკატორად და ამიტომ აღირიცხება ის ყოველთვიურად, ისევე, როგორც მშპ-ს ზრდა/კლება.

ü  ეს ინფორმაცია ესაჭიროება გადაწყვეტილების მიმღებ პირებს, რათა დაადგინონ ქვეყანაში უმუშევრობასა და ეკონომიკურ ციკლებს შორის კორელაციისა და რეაგირების ხარისხი. აღნიშნული ინფორმაცია საფუძვლად ედება მონეტარული ინსტრუმენტების გამოყენებას, როგორიცაა ფულის მასის ზრდა/კლება. თუ ციკლის მიხედვით კრიზისი მოკლევადიანია, მაშინ შესაძლებელია, გამოყენებულ იქნას ფულის მასის ზრდა, რაც დროებით შეინარჩუნებს სამომხმარებლო დანახარჯების დონეს. ეს კი,  ბიზნესს დაიცავს შემოსავლების და სამუშაო ადგილების შემცირების პრობლემისგან. თუმცა, ამ ინსტუმენტის გამოყენება არ არის რაციონალური გრძელვადიან კრიზისულ ციკლში შესვლის დროს, ან, მაშინ, როდესაც უმუშევრობის ბუნებრივ გარემოებებთან გვაქვს საქმე.

რა უნდა გაკეთდეს საქართველოში უშევრობის რეალური პრობლემის დასანახად?

საქართველოს დეკლარირებული მიზანია ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრირება. მიზნის მისაღწევად ხორციელდება აქტიური ქმედებები, თუმცა საზოგადოების შეჭირვებულ ნაწილს უჭირს ამ სიკეთეების აღქმა, რადგან ის მათ პირად ცხოვრებაზე ჯერ არ ასახულა. საჭიროა ქმედითი ღონისძებების გატარება, რათა ხელი შეეწყოს ეკონომიკის ინკლუზიურ გავითარებას. მათ შორის, ერთ–ერთი ქმედება უნდა იყოს უმუშევრების და სამუშაო ძალის მიღმა მყოფი მოსახლეობის მრავალმხრივი შესწავლა და ანალიზი, რათა პრობლემის შესახებ რეალური წარმოდგენა  შეიქმნას. სწორი დიაგნოსტირება საფუძველს ჩაუყრის პოლიტიკის შემმუშავებელი პირების მაღალინფორმირებულობას და რეალურ საჭიროებებზე დაფუძნებული გადაწვეტილებების მიღებას.

ამისათვის საჭიროა, რომ საქართველოში დაინერგოს სამუშაო ძალის სტრუქტურის თვისობრივად განსხვავებული კვლევა, ისეთი, როგორიც იწარმოება ევროპასა და აშშ-ში. მსგავსი კვლევები, ერთის მხრივ შეგვიქმნის სრულს წარმოდგენას შრომის ბაზრის შესახებ. მეორე მხრივ, შემცირდება „ორმო“, რომელიც ოფიციალურ სტატისტიკასა და საზოგადოებრივ აღქმას შორის არსებობს ჩვენს ქვეყანაში. ფარული უმუშევრობისა და არასაკმარისი დასაქმების დაუთვლელობა არის რეალური პრობლემის არ-აღიარების ტოლფასი ქმედება, რადგან იგი თავშივე კლავს ამ პრობლემის მოგვარების პერსპექტივას. შედეგად, იკარგება პოტენციური ადამიანური და ეკონომიკური რესურსი, რაც არარაციონალურია თუკი საუბარია მოსახლეობის ერთ მესამედზე.

გარდა ამისა, არ არის საკმარისი შრომის ბაზრის წელიწადში ერთხელ კვლევა. ეს მაჩვენებელი არ გვაძლევს სრულ წარმოდგენას ამ სფეროში შექმნილ ვითარებაზე, ვერ ასახავს სეზონურად დასააქმების დინამიკას და არ გვაძლევს შესაძლებლობას გავაანალიზოთ უმუშევრობის პრობლემა ეკონომიკური ციკლების ჭრილში. ძალიან მნიშვნელოვანია, აღრიცხვის წარმოება და გამოქვეყნება მოხდეს ყოველთვიურად, სულ მცირე კვარტალურად.

დასკვნის სანაცვლოდ:

დასასრულს, დემოკრატიულ ქვეყანაში უმუშევრობა პრობლემას წარმოადგენს არა მხოლოდ ინდივიდისთვის, არამედ სახელმწიფოსთვისაც, როგორც მოვალეობრივი ასევე პრაგმატული თვალსაზრისით. ეროვნული სტატისტიკის დამკვეთი და ფინანსური გარანტი მთავრობაა, ამიტომ მისი კომპეტენციაა სტატისტიკური აღრიცხვის განვითარების საჭიროების დანახვა.  საქსტატი აწარმოებს კვლევას, რის საშუალებასაც აძლევს არსებული მატერიალური და ადამიანური რესურსები. ხოლო, დამატებითი საქმიანობისთვის დამატებითი რესურსებია საჭირო, რაც მთავრობის პრეროგატივა და პოლიტიკური ნების საკითხია.  

წინა სტატია

პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიმოხილვა
23 ივნისი, 2016

შემდეგი სტატია

ინვესტიცია და რისკი
07 ივლისი, 2016
გული და ნება
ფორბს-მოსაზრება | ნოე, 21, 2017
რომელი სახელმწიფო უწყებების დაფინანსება იზრდება 2018 წელს
საქართველო | ოქტ, 02, 2017
ქართული ბიზნესის #1 არჩევანი
კომპანიები | ოქტ, 19, 2017
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა