პარეტო და ჩემი გარდერობი

ცოტა ხნის წინ, მეგობრის რეკომენდაციით, წიგნს ვკითხულობდი, როდესაც ნაცნობ ციფრთა შეფარდებას გადავაწყდი:პორტფოლიოს ერთ-ერთი მენეჯერი, რომელიც განვითარებად ქვეყნებში აკეთებდა ინვესტიციებს, წერდა, რომ როგორც წესი, მოგების 80 პროცენტი საუკეთესო კლიენტების 20 პროცენტიდან მოდიოდა. რადგან 80/20ის კომბინაციას ჩემს აკადემიურ და არააკადემიურ ცხოვრებაში ხშირად ვაწყდებოდი, გადავწყვიტე მკითხველისთვისაც გამეზიარებინა ჩემი დაკვირვებები.

80/20ის წესს პარეტოს პრინციპი ჰქვია და მას ეკონომიკაში, მეცნიერებაში და რასაკვირველია ბიზნესშიც ვხვდებით. ეს კონცეფცია იტალიელ ეკონომისტს ვილფრედო პარეტოს ეკუთვნის, რომელმაც დაკვირვებების შედეგად განაცხადა, რომ იტალიაში, მიწის 80 პროცენტი ეკუთვნოდა მოსახლეობის 20 პროცენტს, რაც თანამედროვე რეალობაში ითარგმნება როგორც ფაქტი, რომ ქვეყნის სიმდიდრის 80 პროცენტს აკონტროლებს მოსახლეობის 20 პროცენტი. გარდა ამისა, ბიზნესში ხშირად ამბობენ, რომ კომპანიის მოგების 80 პროცენტის მიზეზი პროდუქტების 20 პროცენტია, მაიქროსოფთმა განაცხადა, რომ ყველაზე ხშირი პრობლემების 20 პროცენტის გადაწყვეტით სხვა პრობლემების 80 პროცენტის გამოსწორება შეიძლებოდა და ამერიკული ჯანდაცვის სისტემაში, პაციენტების 20 პროცენტი რესურსების 80 პროცენტს იყენებს.

პარეტოს პრინციპი არამარტო ბიზნესში და დიდ დარგებში გამოიყენება, არამედ მისი გამოყენებით შესაძლებელია დროს მენეჯმენტი და სამსახურეობრივი ბალანსის მიღწევა. ჰარვარდის ბიზნესმიმოხილვის მიხედვით, პროექტებისა და დავალებების ყოველდღიურობიდან ამოღება და მნიშვნელოვანი ამოცანების 20 პროცენტის შესრულება უკეთეს შედეგს გამოიღებს ვიდრე არაპრიორიტეტული მიმართულებით მუშაობა. უფრო მეტიც, საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე, შემიძლია ვთქვა, რომ ამ პრინციპის გამოყენებით ნაკლები მუშაობით მეტი შედეგის მიღწევა შეიძლება. დღის დასაწყისში, პრიორიტეტული (20 პროცენტი) საქმის გაკეთებით ნაკლები დრო რჩება არაპრიორიტეტულ (80 პროცენტი) საქმეებზე მუშაობისთვის და ყველაზე პროდუქტიული დრო იხარჯება ყველაზე მნიშვნელოვან ამოცანებში. აუცილებელია, ვიცოდეთ დროის ის მონაკვეთი, რომელშიც ყველაზე პროდუქტიულები ვართ და ჭკვიანურად გამოვიყენოთ ეს დრო გადამწყვეტი საკითხების მოსაგვარებლად. არც ის არის საშიში. თუ პროდუქტიულობის ეს ფანჯარა ღამითაა - ბოლოს და ბოლოს ამერიკის პრეზიდენტი ბარაკ ობამა ღამე მუშაობს ყველაზე პროდუქტიულად. ერთი სიტყვით, თანამედროვე მსოფლიოს გამოწვევების - პრიორიტეტების შედგენა, ეფექტური ქმედება და დროის ოპტიმიზაცია - გადაჭრა პარეტოს პრინიპით შეიძლება. ვინ იფიქრებდა, რომ ბალანსის მიღწევა არაბალანსირებული შეფარდებით შეიძლება.

შესაძლებელია დაუჯერებლად მიგაჩნდეთ ასეთი დისტრიბუცია, მაგრამ ყველაზე ცოტა, დააკვირდით მოვლენებს თქვენს გარშემო, იქნებ იპოვოთ პარეტოს პრინციპის მაგალითები. ადეკვატური შეფასების შემდეგ, აღმოვაჩინე, რომ ჩემი გარდერობის 20 პროცენტს ვატარებ დროის 80 პროცენტის მანძილზე - ფაქტი, რომელსაც ნამდვილად გავითვალისწინებ შემდეგი შოპინგის დროს.

წინა სტატია

ემოციური ინტელექტი (EQ)
08 აგვისტო, 2016

შემდეგი სტატია

გრაალის თასი ანუ კვანტური სტრატეგია
15 აგვისტო, 2016
აუდიტის ბაზრის ამომავალი ვარსკვლავი
კომპანიები | აგვ, 14, 2017
10 ყველაზე მაღალშემოსავლიანი აუდიტორული ფირმა საქართველოში
ახალი ამბები ქართულად | ივლ, 04, 2017
Golden Fleece Token - პირველი ქართული კრიპტოვალუტა!
ინტერვიუ | აგვ, 15, 2017
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა