დავიბადე 1980 წლის 1 დეკემბერს. ვარ Forbes Georgia-ს აღმასრულებელი რედაქტორი.

ბათუმის არის...

ბათუმის არის...

– ბათუმი კარგი ქალაქია. ყირიმს ბევრად ჯობია.

– ჰო, იქ უკრაინელს რომ გაეკარო, დედას გაგინებს და ისე გამოგიშვებს. აქ უფრო სალმიანები არიან.

რუსების გარდა, წელს ბათუმში გაცილებით უფრო ჭრელი ტურისტული სეზონია: დასასვენებლად ჩამოვიდნენ თურქეთიდან, აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან, გერმანიიდან, პოლონეთიდან, უკრაინიდან, ისრაელიდან.

ამ ქალაქს მთელი საქართველოსგან განსხვავებული სქაილაინი აქვს. ცენტრში მოხეტიალე ტურისტები ხშირად გეჯახებიან, ფეხზე გაბიჯებენ. თავიდან ბრაზდები და თუ ზრდილობას არ კარგავ, ან შენთვის ბუტბუტებ ჩუმად, ან კიდევ სახის გამომეტყველება მკვეთრად გეცვლება. მერე თუ მათაც არ დაუკარგავთ ზრდილობა, გიბოდიშებენ და გეუბნებიან, რომ მაღლა ყურების ბრალია – ბათუმში ბევრი მაღალი და ლამაზი შენობაა. გსიამოვნებს და გეღიმება – ძალაუნებურად სხვა ტურისტების ქცევას აკვირდები: შენობაში ჩამონტაჟებული ეშმაკის ბორბლისკენ გაშვერილი თითები; ანბანის კოშკის გარშემო  კისერმოღრეცილი ტურისტები, რომლებსაც არ სურთ, ქართული ანბანის ერთი ასო მაინც გამორჩეთ; ალის და ნინოს წინ შეჯგუფული ტურისტები, რომლებიც ქანდაკებების შეერთების მომენტში ტაშს უკრავენ; მოცეკვავე შადრევნებში საწუწაოდ შევარდნილი ბავშვები, რომლებიც პერიოდულად გამაყრუებლად კივიან.

ბათუმი ენდორფინების ქალაქია. მზე, ზღვა, სიყვარული და ზომიერი ალკოჰოლი – დეპრესიის მიმართ მედეგობას ზრდის. თუმცა ზამთართან ერთად, ენდორფინების დოზაც მცირდება. ძირითადი დოვლათიც ზამთრამდე უნდა დაგროვდეს:

– შემოწმებები იქნებაო. ნებართვა ვისაც არ აუღია, იმათ ავყრით ადგილებიდანო.

– გვაცადონ ცოტა ხანს. მალე გაივლის სეზონი და აღარც წყლის ბუტკები იქნება გარეთ და აღარც სიმინდის მანქანები.

ბათუმი წინააღმდეგობების ქალაქიც არის: ერთ მხარეს – თანამედროვე ღამის კლუბები და მეორე მხარეს – რუსული ესტრადის გულისგამაწვრილებელი ხმა, თანმიმდევრული ზომბირების ეფექტით. ერთ მხარეს – დაგრძელებული ბულვარი თავისი ველობილიკებით და მეორე მხარეს – აყრილი ქვაფენილი, ნაგვით სავსე. ერთ მხარეს – ბარაკები, წამოწყებული და მიტოვებული მშენებლობები; მეორე მხარეს – ბრენდსასტუმროები, სადაც ერთი ღამე საშუალოდ 500 ლარი ღირს და ამ დრომდე ნემსს ვერ ჩააგდებ.

არის თუ არა ბათუმი ევროპული ქალაქი? წელს ორი რამ მომხვდა თვალში, რამაც გამახარა: ვიწრო ქუჩებზე ფეხით გადამსვლელს, მანქანის მძღოლები ღიმილით თავს გიკრავენ და გზას გითმობენ. და მეორე – სულ უფრო ცოტა ხალხი დგას ზღვის ნაპირზე ხელ-ფეხ გაჩაჩხული და ისე ეფიცხება მზეს, თითქოს ამით უფრო თანაბრად გაინაწილებს რუჯს მთელ სხეულზე. რუჯის მიღების ამ საბჭოური მეთოდით ჯერ კიდევ 1987 წელს გაოგნდა ვაშინგტონ პოსტი:

“On a recent visit to Batumi, I suddenly realized how often there are unexpected moments on Soviet beaches. For example, there is the peculiar Soviet-style suntanning method of standing up, arms outstretched, in order to give the body maximum exposure. And in Batumi, right on the city’s central beach, I watched a cow happily sniffing around the garbage that had spilled out of trash bins” Celestine Bohlen, April 12, 1987 Washington Post

“ბათუმში ბოლო ვიზიტის დროს, უცებ მივხვდი, რამდენ მოულოდნელობას შეიძლება გადააწყდეს ადამიანი საბჭოთა სანაპიროებზე. მაგალითად,  რუჯის მიღების საბჭოთა სტილის უცნაური მეთოდი: ფეხზე დგახარ, ხელები განზე გაქვს გაჭიმული იმისთვის, რომ სხეულს მაქსიმალურად მოეკიდოს მზე. და ბათუში, ქალაქის ცენტრალურ სანაპიროზე, ვუყურე, როგორ ბედნიერად ყნოსავდა ძროხა ნაგავს, რომელიც სანაგვეებიდან იყო მიმოფანტული“ სელესტინ ბოლენი, 12 აპრილი, 1987 წელი ვაშინგტონ პოსტი

ბათუმის ცენტრში ძროხები ნამდვილად აღარ დადიან. სიმინდის ტაროების და ცივი სასმელების (რომლებიც სინამდვილეში ყოველთვის თბილია) ჩამოტარებას რაც შეეხება – ნელ-ნელა ამასაც გადავეჩვევით, უფრო მას შემდეგ, რაც ძვირადღირებული ბრენდსასტუმროების მიერ დაგროვილი კეთილდღეობა ბარაკებამდეც მიაღწევს. ამას დრო სჭირდება, თუმცა წლევანდელმა ბათუმმა ბოლო ორი წლის განმავლობაში მიძინებული განცდა ისევ გამიღვიძა, რომ დაბალი მომსახურების და მაღალი ფასების მიუხედავად, ტურიზმი მაინც ჩვენი საქმეა.

საღამოს სავახშმოდ ზღვისპირა რესტორანში დავსხედით, მიმტანმა გაგვაფრთხილა, რომ შეკვეთას ნახევარი საათი დააგვიანდებოდა. არ გაგვიპროტესტებია: სასიამოვნო ბრიზი უბერავდა და პატარა ტალღების ხმა ჩვენამდეც აღწევდა. მე მობილურში ბლოგისთვის იდეებს ვინიშნავდი, ცალი ყურით კი ვუსმენდი ჩემი ქმარი ჩვენს 8 წლის ანასტასიას როგორ ართობდა:

– შეხედე სამი გემია. ერთი უფრო ღრმად არის წყალში. როგორ ფიქრობ, რატომ?

– უფრო მძიმეა.

– ჰო, შენთვის სასუსნავებით არის დატვირთული.

– აი, ის გემები რატომ დგანან მოშორებით? პორტში თავის რიგს ელოდებიან?

– მართალია. და შორს რატომ დგანან? პორტთან ახლოს რატომ არ მოდიან?

– არ ვიცი.

– შტორმი თუ დაიწყო, ზღვა სიღრმეში უფრო მშვიდია.

– ვაა. სიღრმე უფრო საშიში მეგონა ყოველთვის.

– არც გამტყუნებ. ზოგჯერ ვერ იჯერებ, რომ რაც უფრო გაბედავ, უფრო მოიგებ…

ასე მივაგენი ჩემს პასუხს კითხვაზე – როგორი ქალაქია ბათუმი?

ბათუმი ამბიციების ქალაქია – ზოგიც მიღწეულის, ზოგიც დათმობილის, ზოგიც მისაღწევის.

და თქვენთვის როგორია?

გააზიარე

ავტორის სხვა მასალა