დაბნეული ბარმენის დილემა ანუ რა არის ანტრეპრენიორობა?

ტრავმატოლოგი, კარდიოლოგი და პლასტიკური ქირურგი შედიან ბარში. ბარმენი აათვალიერებს სამივეს და სხვადასხვა მაგიდაზე გაამწესებს.

პოლიტიკოსი, ადვოკატი და სახელწმიფო მოხელე შედიან ბარში. ბარმენი აათვალიერებს სამივეს და სხვადასხვა მაგიდაზე გაამწესებს.

მეწარმე, ბიზნესმენი და ანტრეპრენიორი შედიან ბარში. ბარმენი აათვალიერებს სამივეს და ერთ მაგიდასთან დასვამს. ანტრეპრენიორი გააპროტესტებს ბარმენის გადაწყვეტილებას, ბარმენი კი დაბნეული იყურება, ვერ გაუგია რით განსხვავდებიან ერთმანეთისგან ანტრეპრენიორი, მეწარმე და ბიზნესმენი.

დაბნეული ბარმენივით მეც მოვქცეულვარ: როდესაც მეკითხებიან რას ვსწავლობ უნივერსიტეტში, ხშირად მითქვამს მეწარმეობა, ანტრეპრენიორობის მაგივრად, არასასურველი კითხვების ასარიდებლად. იმ შემთხვევებში, როდესაც ანტრეპრენიორობა მიხსენებია, ჩემი მსმენელი დაბნეული ბარმენის მსგავსად მიყურებდა. ამ უხერხულობის თავიდან აცილების მიზნით, შეცდომით ეს ტერმინები როგორც სინონიმები ისე გამოგვიყენებია და გამოგვპარვია სხვაობა ამ სამ საქმიანობას შორის. სწორედ ამიტომ გადავწყვიტე ამომეხსნა დაბნეული ბარმენის დილემა და განმემარტა თუ რას ნიშნავს ანტრეპრენიორობა.

მეწარმე (Proprietor) იურიდიულად აღიარებული ტერმინია და საკუთრების აღმნიშვნელად გამოიყენება. საქართველოს საჯარო რეესტრის მიხედვით, ინდივიდუალური მეწარმე არ არის იურიდიული პირი და საქმიან ურთიერთობებში როგორც ფიზიკური პირი გამოდის საკუთარი სახელით. სწორედ ამიტომ, ინდივიდუალური მეწარმე თავისი სამეწარმეო საქმიანობიდან წარმოშობილი ვალდებულებებისათვის კრედიტორების წინაშე პასუხს აგებს პირადად, მთელი თავისი ქონებით.

ბიზნესმენობა (Business) გავრცელებული საქმიანობაა საქართველოში და მოიცავს ყველა იმ დასაქმებულ ადამიანს, რომელიც ჩართულია ბიზნესში. რადგანაც ბიზნესმენი ზოგადი ტერმინია, კონცეფცია ისეთივე ძველია, როგორც ვაჭრობა, სწორედ ამიტომ ბიზნესმენების წინაპრებად ვაჭრები შეგვიძლია მოვიაზროთ. თანამედროვე ბიზნესმენები წარმატებული მენეჯერები არიან.
რა სხვაობაა მეწარმესა და ბიზნესმენს შორის? მესაკუთრეობა აუცილებელი განმასხვავებელი ელემენტია. ბიზნესმენი არის ადამიანი, რომელიც ეწევა კომერციულ საქმიანობას, მაგრამ სავალდებულო არ არის ფლობდეს ბიზნესს, ხოლო მეწარმე აუცილებლად ბიზნესის მფლობელია.

ანტრეპრენიორი (Entrepreneur) ფრანგულიდან ნასესხები სიტყვაა და ზუსტი თარგმანით წამომწყებს ნიშნავს. სიტყვის შეთხზვას ფრანგ ეკონომისტ ჯან ბაპტისტ სეის აკუთვნებენ და ანტრეპრენიორობის შესწავლა მეჩვიდმეტე-მეთვრამეტე საუკუნეებში კლასიკური ეკონომიკის საფუძვლებში რიჩარდ კანტილიონის და ადამ სმიტის ნაშრომებს უკავშირდება. დღეს ანტრეპრენიორი გულისხმობს ისეთი თვისებების ადამიანს, რომელსაც შეუძლია ლიდერობა, ინიციატივის საკუთარ თავზე აღება და სიახლის დანერგვა ახალ წამოწყებაში. რისკი, ინოვაცია, ქმედება და რესურსების ეფექტურად გამოყენება ანტრეპრენიორობის განუყოფელი ნაწილია.

რა განსხვავებაა ანტრეპრენიორსა და ბიზნესმენს შორის? სხვობის მთავარი აზრი ინოვაციაა. ბიზნესმენი არსებულ ბიზნესში, არსებული პროდუქტით, ხერხით და მეთოდით ერთვება და მოგების გამომუშავებას ცდილობს ბიზნესის მართვის საშუალებით. ანტრეპრენიორი ინოვატორი და გამომგონებელია. მისთვის მნიშვნელოვანია, რომ მისი წამოწყების მიზანი ორიგინალური იდეის განხორციელება იყოს. ბიზნესმენი ფიქრობს რისკის შემცირებაზე და მართვაზე, ხოლო ანტრეპრენიორებს შეუძლიათ მეტი რისკის ატანა და უფრო მეტიც, რისკი მათ იზიდავს კიდეც. ბიზნესმენი დამსაქმებელი და მენეჯერია, ანტრეპრენიორი კი ლიდერი. (იხილეთ ჩემი ბლოგი მენეჯერებზე და ლიდერებზე).

ბიზნესმენი არსებულ პროექტსაც აგრძელებს, სწორედ ამიტომ მისთვის გადამწყვეტი მნიშვნებლობა აქვს დროს და ფულს. მეორე მხრივ, ანტრეპრენიორი ნოლიდან იწყებს, ზუსტად ამიტომ მისთვის მნიშვნელოვანია საკუთარი იდეის განხორციელება და არა სპეციფიური ფინანსური და დროის ჩარჩოები. და საბოლოოდ, ბიზნესმენი დღის ბოლოს ბიზნესზე ფიქრობს, ხოლო ანტრეპრენიორი კი იმ ცვლილებაზე, რასაც მისი იდეა მოახდენს სამყაროზე.

შეიძლება ადამიანი ერთდროულად იყოს ანტრეპრენიორი, მეწარმე და ბიზნესმენი? რთულად, მაგრამ შესაძლებელია. მხოლოდ ორი სამიდან? შესაძლებელია. ჩემი ბლოგი ნომენკლატურული ნაშრომი არ არის და არც სემანტიკოსობას ვიბრალებ. ჩემი ჩვენება ის არის, რომ ეს ტერმინები სინონიმები არ არის, მაგრამ საზღვრები ამ ტერმინებს შორის არ არის მკაცრად გამოყოფილი და იმასაც ვუშვებ, რომ ყველა არ დაეთანხმება ჩემს შეხედულებებსა და განმარტებებს. მეტიც, ამჟამად ანტრეპრენიორის და ანტრეპრენიორობის ზუსტი განმარტების მოძებნა წარმოუდგენელია, მაგრამ საჭიროა იმის აღნიშვნა, რომ მეწარმე, ბიზნესმენი და ანტრეპრენიორი სხვადასხვა ღირებულებებსა და ვალდებულებებს მოიაზრებს. დღეს თუ არა ხვალ, ჩემი სურვილია ამაყად დავუძახო იმას რასაც ვსწავლობ უნივერსიტეტში ანტრეპრენიორობა, ვიცოდე რომ ჩემს მსმენელს ესმის ამ კონცეპციის მნიშვნელობა და არავის დააბნევს “ჩემი ფრანგული.”

P.S. ჩემი ერთი მეგობრის რჩევით, გადავწყვიტე ყველა ბლოგის თარიღი ბლოგის ნაწილად გამოვყო, რადგან ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ ჩემი შეხედულებები ცვალებადია. დღეს ასე ვფიქრობ, მაგრამ არ მეშინია ჩემი შეხედულების ცვლილებისა.

ანა გვალია. 1 სექტემბერი 2016 წელი.

წინა სტატია

ევროკავშირიდან გასვლის სამართლებრივი საფუძვლები
01 სექტემბერი, 2016

შემდეგი სტატია

დამანგრეველი ინოვაციები
13 სექტემბერი, 2016
გული და ნება
ფორბს-მოსაზრება | ნოე, 21, 2017
ახალი საფეხური სამშენებლო დეველოპმენტში
კომპანიები | ნოე, 21, 2017
ხარისხის, მდგრადი განვითარებისა და ფუფუნების სინთეზი
კომპანიები | ნოე, 14, 2017
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა