პოლიტიკური დილემა წინასაარჩევნო ეკონომიკურ პროგრამებში

როგორია ჩვენი პოლიტიკური პარტიების პოლიტიკური ხედვები? როგორია სოციო-ეკონომიკური წესრიგი, რომლის ფორმირებასაც გვთავაზობენ ისინი წინასაარჩევნო პროგრამებით? ბლოგის მიზანია გავერკვეთ ამ საკითხში, რათა მივიღოთ ინფორმირებული გადაწყვეტილება და შევიქმნათ რეალობასთან მიახლოებული მოლოდინები. აქვე, უნდა აღინიშნოს, რომ ბლოგის ამოცანას  არ წარმოადგენს რომელიცმე პოლიტიკური სუბიექტის კარგად ან ცუდად წარმოჩენა. შევეცდებით, პარტიები მხოლოდ იდეოლოგიურ ჭრილში განვიხილოთ, რაც ამომრჩეველს დაეხმარება გაიგოს თუ რომელი პოლიტიკური სუბიექტი არის უფრო ახლოს მათ ღირებულებებთან. 

ზოგადად, ეკონომიკური განვითარების თეორიებეზე დაყრდნობით (რომლის ზოგიერთ ელემენტს ქვემოთ შევეხებით), გამოყოფენ სამ ძირითად ეკონომიკურ იდეოლოგიას:

  • მემარცხენე: პარტიის ეკონომიკური იდეოლოგია, მისი პლათფორმის მიხედვით, ხასიათდება, როგორც სოციალისტური ან უკიდურესად სოციალისტური, რიგ შემთხვევებში კომუნისტურიც. ისინი ემხრობიან გადასახადების გაზრდას, რაც ხელს უწყობს სოციალური პროგრამების სპექტრის გაფართოებასა და სოციალური თანასწორობის მიღწევას.
  • ცენტრისტული: პარტიის ეკონომიკური იდეოლოგია, მისი პლათფორმის მიხედვით, ხასიათდება, როგორც დაბალანსებული, არა მკვეთრ ცვლილებებზე ორიენტირებული და განვითარების ევოლუციური მიდგომის მომხრე. ეს არის წამყვანი იდეოლოგია დასავლეთ-ევროპულ ქვეყნებში, რომელთა ამომავალი წერტილი  არის არა სწრაფი ეკონომიკური ზრდა, არამედ სოციალური სამართლიანობა.
  • მემარჯვენე: პარტიის ეკონომიკური იდეოლოგია, მისი პლათფორმის მიხედვით, ხასითდება, როგორც ლიბერალური ან ლიბერტარიალური, რაც გულისხმობს რომ  სახელმწიფო არ, ან მინიმალურად, უნდა ერეოდეს ეკონომიკის რეგულირებაში. მათი რწმენით, გადასახადების შემცირება ყველაზე მეტად უწყობს ხელს ახალი ინვესტიციების მოზიდვას და ბიძგს აძლევს ეკონომიკურ ზრდას, რაც თავისთავად უზრუნველყოფს  სამუშაო ადგილების შექმნას და მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობის გააუმჯობესებას.

აღსანიშნავია, რომ საკმაოდ ხშირია მემარცხენე და მემარჯვენე მიდგომების აღრევა, რაც ინფორმირებული ამომრჩევლისთვის წინასწარვე ცხადყოფს თუ რომელი პოლიტიკური სუბიექტის პროგრამა არის განწირული კრახისთვის და რომლის დაპირებები არის პოპულისტური, ანუ მხოლოდ ამომრჩევლის ხმის მოპოვებაზე ორიენტირებული.

მაშ ასე, საპარლამენტო არჩევნები - 2016: დღეის მონაცემებით დარეგისტრირებულია 27 პოლიტიკური სუბიექტი (22 პარტია + 5 ბლოკი). საარჩევნო პროგრამა წარდგენილი აქვს მხოლოდ 7 პოლიტიკურ სუბიეტს, რომლებიც სხვადასხვა სოციალური გამოკითხვების მიხედვით, ყველაზე პოპულარული გაერთიანებები არიან. უნდა აღინიშნოს, რომ 7-დან 6 სუბიექტი არის მემარჯვენე იდეოლოგიის მატარებელი, ხოლო ერთი - მემარცხენე. გასაკვირი  ნამდვილად არ არის  მემარჯვენე ძალების სიჭარბე, რადგან ქვეყნის წინაშე არსებული ყველაზე მწვავე პრობლემების პირველ სამეულში, ყველა სოციოლოგიური კვლევის მიხედვით, შედის სამუშაო ადგილების სიმცირე და სიღარიბე. ხოლო, მემარჯვენე იდეოლოგიის სამარკო ნიშანი არის "სწრაფი ეკონომიკური ზრდა ნებისმიერ ფასად".

საქართველოში, ტრადიციულად, პოლიტიკურ სუბიექტთა ერთი ნაწილის ეკონომიკურ პროგრამებში შეიმჩნევა მემარცხენე და მემარჯვენე მიდგომების აღრევა, რასაც უთუოდ პოპულისტური მოტივები გააჩნია. მაგალითად, პოპულისტური მიდგომები თვალნათლივ იკვეთება, როდესაც, ერთი მხრივ, სუბიექტები აცხადებენ, რომ შეამცირებენ გადასახადებს, ხოლო, მეორე მხრივ, აპირებენ სოციალური პროგრამების კიდევ უფრო გაზრდას. ბუნებრივია, ამგვარი ურთიერთგამომრიცხავი დაპირებების მოსმენისას  იბადება მრავალი  შეკითხვა. მათ შორის,  როგორ უნდა მოხდეს სოციალური პროგრამების გაზრდა გადასახადების შეცირების პირობებში, თუნდაც მთავრობის დანახარჯების ზომის შეზღუდვით?

 პოლიტიკური სუბიექტი

 ეკონომიკური იდეოლოგია

 სახელმწიფო ხალხისთვის

მემარჯვენე / სოციალისტური

 ერთიანი ნაციონალური მოძრაობა 

მემარჯვენე / ლიბერტარიანული

 თავისუფალი დემოკრატები 

მემარჯვენე / სოციალისტური

 კოალიცია "ქართული ოცნება"

მემარჯვენე / ლიბერალური

 რესპუბლიკური პარტია

ცენტრისტული/სოციალ-დემოკრატიული

 პატრიოტთა ალიანსი

მემარცხენე / კომუნისტური

 ეროვნული ფორუმი

მემარჯვენე / ლიბერალური

 

საგულისხმოა, რომ პოლიტიკური სუბიექტების იდეოლოგიური კურსი დროთა განმავლობაში ცვლილებებს ექვემდებარება. პოლიტიკურ სუბიექტებს შორის, ყველაზე მკვეთრი იდეოლოგიური ცვლილება შეინიშნება „ქართული ოცნების“ პროგრამაში. 2012 წლის საპარლამენტო არჩევენების დროს, მათ ჰქონდათ მკვეთრად მემარცხენე, ახლა კი მკვეთრად მემარჯვენე იდეოლოგიური კურსი. მათი მიმდინარე საარჩევნო პროგრამის ამომავალი წერტილია სამუშაო ადგილების შექმნა. პროგრამაში არ არის საუბარი სოციალური პროგრამების გაუმჯობესებაზე, მეტიც, პრემიერისა და მთავრობის კაბინეტის განცხადებებით დაანონსებულია დივერსიფიცირებული ჯანდაცვის პროგრამის შემოღება (ანუ, საყოველთაოს გაუქმება) და უფასო სახელმძღვანელოების პროგრამის გადახედვა, რაც, რეალურად, მეტყველებს მათი მხრიდან მემარცხენე იდეოლოგიის ნაცვლად, ახალი, მემარჯვენე იდეოლოგიური კურსის აღებაზე.

საერთო ჯამში, საარჩევნო პროგრამების მიხედვით, პოლიტიკური სუბიექტები, რომელთა ლიდერებსაც აქვთ სახელმწიფო მართვის საკითხებში სამუშაო გამოცდილება, უფრო თავშეკავებულად გასცემენ საარჩევნო დაპირებებს და ისინი მეტ-ნაკლებად ეფუძნებიან რეალისტურ გათვლებს. ამის საპირისპიროა, პოლიტიკურ სცენაზე გამოჩენილი ახალი აქტორების დაპირებები.

მაგალითისთვის:

  • „ეროვნულ ფორუმს“ აქვთ ნაკლებად გაზომვადი ეკონომიკური პროგრამა, ნაკლებად არის მოცემული რაოდენობრივი დაპირებები. მისი პროგრამა იდეოლოგიურად ემთხვევა „ქართული ოცნების“ პროგრამას, რომელთან ერთადაც კოალიციურ ბლოკში იყო გაერთიანებული წინა არჩევნების პერიოდში.
  • „ნაციონალური მოძრაობა“ კვლავ ინარჩუნებს მემარჯვენე იდეოლოგიას. წინა პროგრამისგან განსხვავებით, შეინიშნება მემარჯვენე სულისკვეთების კიდევ უფრო გაღრმავება, პარტიის ლიბერტარიანული (მთავრობის როლის მინიმიზაცია) მიმართულებით გადახრა. აღნიშნული ტენდენცია ვლინდება მათ მიერ მთავრობის ზომის შემცირების დაანონსებაში; კერძოდ, მთავრობის ხარჯების მოცულობა დღესდღეობით განისაზღვრება მშპ-ს 30%ით, ხოლო პარტია აცხადებს, რომ მას ეტაპობრივად დაიყვანს მშპ-ს 20%-ამდე 2022 წლისთვის.
  • „რესპუბლიკური პარტია“  სხვა პარტიებისგან გამოირჩევა დაბალანსებული მიდგომებით. მათ იდეოლოგიას  უფრო ცენტრისტულ იდეოლოგიას ვუწოდებდი. ეს ეკონომიკური პროგრამა არ პირდება ხალხს არც გადახასადების მკვეთრ შემცირებას, არც  სოციალური პროგრამების გაზრდას, მათი ორიენტირი არის არსებული მიდგომების დახვეწა/ოპტიმიზაცია. უნდა ითქვს, რომ, მათი ეკონომიკური პროგრამა ნაკლებად ეფუძნება რაოდენობრივ გათვლებს, რაც მნიშვნელოვნად  გაართულებს, სამომავლოდ, პარტიის მიერ გაცემული დაპირებების გაზომვას. თუმცა, სრულიად შესაძლებელია, ეს გარემოება ამ პოლიტიკური სუბიექტის ტაქტიკური სვლაც იყოს.
  • ერთადერთი მემარცხენე იდეოლოგიის მქონე პარტიის - „პატრიოტთა ალიანსის“, პროგრამა გამოირჩევა გულუხვი სოციალური დახმარების დაპირებებით. მათი ეკონომიკური პროგრამა არცერთი ასპექტით არ ეფუძნება რეალისტურ ეკონომიკურ გათვლებს, რაც პროგრამას სხვებზე უფრო მეტ პოპულისტურ ელფერს სძენს.

დასასრულს, არ არსებობს ეკონომიკური განვითარებისთვის უნივერსალური მოდელი, ყველაფერი დამოკიდებულია ქვეყნის სპეციფიკაზე, მოცემულ პერიოდში. არც  იდეალური ეკონომიკური იდეოლოგია არსებობს. ყველა მიდგომას აქვს როგორც წარმატების, ასევე წარუმატებლობის უამრავი მაგალითი. მთავარია, ხალხმა განსაზღვროს, რომელი პოლიტიკური სუბიექტის ეკონომიკური და პოლიტიკური ხედვა შეესაბამება მის ღირებულებებს, არსებულ პრობლემებს და რამდენად განხორციელებადია მათი პროგრამები. ამის შემდეგ კი, უმიშვნელოვანესია, თითოეულმა მოქალაქემ მიიღოს მონაწილეობა არჩევნებში და დააფიქსიროს მისი შეხედულება, რადგან წარმომადგენლობითი დემოკრატიის პირობებში ეს არის ერთადერთი გზა, რაც საშუალებას გვაძლევს მოქალაქეებს მივიღოთ მონაწილეობა სახელმწიფოს  მართვაში და გადაწყვეტილებებში.   

წინა სტატია

ქალი, როგორც იარაღი, რომელსაც პროგრესი მოაქვს
20 სექტემბერი, 2016

შემდეგი სტატია

ევროკავშირი ქართული ბიზნესის მხარდასაჭერად
22 სექტემბერი, 2016
გული და ნება
ფორბს-მოსაზრება | ნოე, 21, 2017
რომელი სახელმწიფო უწყებების დაფინანსება იზრდება 2018 წელს
საქართველო | ოქტ, 02, 2017
ქართული ბიზნესის #1 არჩევანი
კომპანიები | ოქტ, 19, 2017
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა