გამონაბოლქვი - ერთ-ერთი ყველაზე მწვავე გარეგანი ეფექტი საქართველოში

ეკონომიკაში ერთი პიროვნების გავლენას მეორე პიროვნების კეთილდღეობაზე გარეგანი ეფექტი ეწოდება. თუ ეს გავლენა მეორე პიროვნების კეთილდღეობას აუმჯობესებს, მაშინ საქმე გვაქვს დადებით გარეგან ეფექტთან, ხოლო თუ აუარესებს, უარყოფითთან. უარყოფითი გარეგანი ეფექტის მაგალითია ქარხანა, რომლის გამონაბოლქვიც ან საწარმოო ნარჩენებიც ბუნებას აბინძურებს და მავნე ზემოქმედებას ახდენს ადამიანთა ჯანმრთელობაზე, ხოლო დადებითი გარეგანი ეფექტის მაგალითია ისტორიული შენობებისა და ნაგებობების რესტავრაცია, რაც იწვევს როგორც ტურიზმის ზრდას, ასევე სიამოვნებას ანიჭებს ადგილობრივ მოსახლეობას.

როგორ ებრძვიან უარყოფით გარეგან ეფექტს? უარყოფითი გარეგანი ეფექტის არსებობის შემთხვევაში სახელმწიფო ვალდებულია ჩაერიოს, რათა დაცული იქნეს იმ მოქალაქეთა უფლებები, რომელთა კეთილდღეობაც მცირდება სხვათა ქმედების გამო. უარყოფითი გარეგანი ეფექტის აღმოფხვრის ყველაზე გავრცელებული პოლიტიკებია:

  • რეგულირება: მთავრობას შეუძლია უარყოფითი გარეგანი ეფექტის დაძლევა, თუ სავალდებულოს გახდის ან აკრძალავს გარკვეული სახის ქცევას. თუ გარკვეული სახის ქცევა დანაშაულად იქნება აღქმული, მისი ჩადენის სურვილი ნაკლებ ადამიანს/კომპანიას გაუჩნდება.
  • მაკორექტირებელი გადასახადები: მთავრობას შეუძლია ისეთი ქმედებების დაბეგვრა, რომელთაც უარყოფითი გარეგანი ეფექტი აქვთ.

საქართველოსთვის ქმედება, რომელსაც ერთ-ერთი ყველაზე მწვავე გარეგანი ეფექტი ახლავს თან ავტომობილების გამონაბოლქვით ჰაერის დაბინძურებაა. კვლევების თანახმად, დაბინძერებული ჰაერი იწვევს ასთმას ბავშვებში, გულ-სისხლძარღვთა დაავადებებს და ფილტვის ფუნქციების დარღვევას. კიბოთი დაავადებულთან 10-20% სწორედ დაბინძურებული ჰაერის ინტენსიური შესუნთქვის გამო ავადდება. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის თანახმად, ყოველწლიურად ჰაერის დაბინძურების გამო საშუალოდ ექვსი  მილიონი ადამიანი იღუპება მთელს მსოფლიოში. თუმცა ვინაიდან ჰაერის დაბინძურების შედეგად გამოწვეული სიკვდილი არც უცაბედია და არც სავალდებულო, აღნიშნულ ფაქტს ადამიანები ხშირად აიგნორებენ იმ იმედით, რომ ეს მათ და მათ შვილებს არ შეეხებათ ან თუ შეეხებათ ეს ძალიან დიდი ხნის შემდეგ იქნება და დიდი ხნის შემდეგ ისედაც ყველანი დავიხოცებით.

ალბათ საგანგაშოზე მეტია მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციისა და ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები, რომელთა თანახმადაც საქართველო პირველია იმ ქვეყნებს შორის, სადაც ჰაერის დაბინძურების შედეგად ყველაზე მეტი ადამიანი იღუპება. თბილისში ჰაერის დაბინძურება უკვე დიდი ხანია რაც სცდება ჰაერის დაბინძურების დასაშვებ ზღვარს, თუმცა დედაქალაქში კვლავაც იმატებს ავტომობილების რაოდენობა და იკლებს ხეებითა და მწვანე საფარით დაფარული ტერიტორიის ფართობი. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ავტომობილების პარკირების ადგილისთვის ხეების გაჩეხვაც კი არ წარმოადგენს მოსახლეობის ნაწილისთვის პრობლემას. თუმცა ფაქტი ფაქტად რჩება, მსგავსი ტემპებით ჰაერის დაბინძურების შემთხვევაში ის უარყოფითი გარეგანი ეფექტი, რაც ჰაერის დაბინძურებას ახლავს თან თითოეულ ჩვენგანზე იქონიებს გავლენას და არც თუ ისე შორეულ მომავალში.

რა შეიძლება გაკეთდეს ავტომობილების გამონაბოლქვის უარყოფითი გარეგანი ეფექტის შესამცირებლად? რა მეთოდებს და პოლიტიკებს იყენებენ სხვა ქვეყნები? ევროპის ქვეყნების უმრავლესობაში მოსახლეობა გადასაადგილებლად ძალიან აქტიურად იყენებს საზოგადოებრივ ტრანსპორტს და ამის მიუხედავად მათ არც არსად აგვიანდებათ და არც ერთმანეთზე მიკუჭულებს უწევთ ფეხზე დგომა. ტექნიკურად გამართული, დიდი რაოდენობის საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რომელიც ყველა მიმართულებით იმოძრავებდა, შესაძლებელია ყოფილიყო კიდეც საქართველოსთვის აღნიშნული პრობლემის გადაჭრის ერთ-ერთი გზა.

გარდა საზოგადოებრივი ტრანსპორტის აქტიურად გამოყენებისა, ავტომობილების გამონაბოლქვის უარყოფითი გარეგანი ეფექტის შესამცირებლად ქვეყნების უმრავლესობაში გვხვდება შემდეგი ტიპის პრაქტიკები:

საწვავის ეკონომიის სტანდარტები: ბრაზილიაში, ჩინეთსა და იაპონიაში მოქმედებს სტანდარტები, რომლებიც მიზნად ისახავს საწვავის ეკონომიას, მოითხოვს რა მცირე ტვირთამწეობის მანქანებმა შეამცირონ საწვავის მოხმარება და მიაღწიონ გარკვეული ლიტრი/კმ ნიშნულს.

ტექნიკური მანდატი: ავტომობილის შემოწმების პროცედურა, რომელიც განსაზღვრულია კანონმდებლობით და ითვალისწინებს სატრანსპორტო საშუალების ტექნიკურად გაართულობის შემოწმებას, რათა განისაზღვროს შეესაბამება თუ არა ის კანონით დადგენილ ნორმებს. ინსპექტირება სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა დროის ხანგრძლივობით ხორციელდება. ბრაზილიაში ყოველიწლიური შემოწმება სავალდებულოა ყველა დიზელზე, ბუნებრივი აირისა თუ ბენზინზე მომუშავე მანქანისთვის, გარდა მიმდინარე წელს რეგისტრირებული  მანქანებისა. აშშ-ს 18 შტატში პერიოდულად (ყოველწლიურად ან ორწლიანი პერიოდის შუალედში) სავალდებულოა ავტომობილების შემოწმება. ჩინეთში სატრანსპოტრო საშუალების მძღოლი, შეიძლება დაჯარიმდეს პოლიციის მიერ, თუ მისი ავტომობილიდან გამოდის ხილვადი გამონაბოლქვი.  ისრაელში 2 წელზე მეტი ასაკის ავტომობილები გადიან ყოველწლიურ შემოწმებას, რათა ავტომობილმა მიიღოს ლიცენზია. ასევე, 1996 წლიდან მოყოლებული, ევროკავშირი ავალდებულებს საკუთარ წევრ ქვეყნებს განახორციელონ ავტომობილების უსაფრთხოებისა და ემისიის ინსპექტირება.

გადასახადები გზით სარგებლობისათვის: ფასიანი გზები ქვეყნების ნაწილში ფუნქციონირებს, როგორც შემოსავლის მიღების საშუალება, ქვეყნების ნაწილისათვის კი იგი პიკის საათებში გზების განტვირთვის მეთოდს წარმოედგენს. გადასახადები წესდება ძირითადად მაგისტრალებით სარგებლობისთვის და მეტროპოლიტენებში.

იმპორტის შეზღუდვები/აკრძალვები: ქვეყნების ნაწილი აწესებს შეზღუდვებს ან კრძალავს გარკვეული ტიპის ავტომობილების იმპორტს. ევროკავშირის ქვეყნები ეყრდნობიან ეკოლოგიურ სტანდარტს „ევრო 6“, რაც გარკვეულ წლამდე გამოშვებული ავტომობილების გამოყენებას ზღუდავს. ახლო წარსულში აზერბაიჯანიც გადავიდა „ევრო 4“-ის სტანდარტზე, რომლის თანახმადაც აზერბაიჯანმა აკრძალა 2005 წლამდე გამოშვებული ავტომობილების იმპორტი, რამაც სერიოზული გავლენაც კი იქონია საქართველოდან აზერბაიჯანში მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტზე.

ყოველი ზემოთ განხილული პოლიტიკა გამოიყენება ამა თუ იმ ქვეყანაში და უზრუნველყოფს ავტომობილების გამონაბოლქვისაგან გამოწვეული უარყოფითი გარეგანი ეფექტის შემცირებას. მართალია ღრმა ანალიზი სჭირდება ამა თუ იმ პოლიტიკის რომელიმე ქვეყნის რეალობისთვის მორგებას, თუმცა ფაქტი ფაქტად რჩება: ზომები ავტომობილების გამონაბოლქვისაგან გამოწვეული უარყოფითი გარეგანი ეფექტის შესამცირებლად აუცილებლად უნდა იქნეს მიღებული, თანაც სასწრაფოდ! 

წინა სტატია

პარტიები - თამაშგარე მდგომარეობაში
11 ოქტომბერი, 2016

შემდეგი სტატია

როგორ დავადოთ პროდუქტს ფასი?
02 ნოემბერი, 2016
რომელი ქვეყნის ტურისტები ხარჯავენ ყველაზე მეტს და მოგზაურობენ ყველაზე ხანგრძლივად საქართველოში
ახალი ამბები ქართულად | სექ, 18, 2019
რამდენიმეწლიანი ზარალის შემდეგ, "ენგურჰესმა" 2018 წელი 15.6 მილიონიანი მოგებით დაასრულა
ახალი ამბები ქართულად | ოქტ, 01, 2019
ქართლის ქარის ელექტროსადგური იყიდება – საწყისი ფასი $14.2 მილიონია
ახალი ამბები ქართულად | სექ, 17, 2019
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა