"ვარ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის მკვლევარი, მოწვეული ლექტორი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, შავის ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და კავკასიის უნივერსიტეტებში. დავიბადე 1989 წლის 10 აგვისტოს".

რომელია საუკეთესო საგანმანათლებლო სისტემები მსოფლიოში?

რომელია საუკეთესო საგანმანათლებლო სისტემები მსოფლიოში?

ყველა მშობლის მიზანია შვილს კარგი განათლება მისცეს, რათა ის მომავალში წარმატებულ ადამიანად იქცეს. განათლებული საზოგადოების ყოლა, ერთ-ერთი მთავარი მიზანია ნებისმიერი ქვეყნისთვისაც, ვინაიდან ადამიანური რესურსები წარმოედგენს ქვეყნის მწარმოებლურობის და შესაბამისად, ეკონომიკური ზრდის განმაპირობებელ ერთ-ერთ დეტერმინანტს. თუმცა როგორ მივცეთ საზოგადოებას კარგი განათლება და რა სისტემას უნდა დაეყრდნოს ქვეყანა კვლავაც რჩება დავისა და განხილვის საკითხად. ფაქტია, რომ მიმდინარე ტექნოლოგიური ცვლილებებისა და გლობალიზაციის პირობებში, განათლების სისტემა, რომელიც ამართლებდა 50 წლის წინათ, დღეს აღარ ამართლებს.

განათლების შესახებ გლობალური ანგარიშის მიხედვით, მსოფლიოში განათლების ყველაზე კარგი სისტემა სამხრეთ კორეას აქვს. ასევე, აღსანიშნავია ფინეთიც, რომელიც იგივე რეიტინგში პირველ ადგილს იკავებდა 2012 წლის მდგომარეობით. 

რას გულისხმობს ფინეთის ან სამხრეთ კორეის განათლების სისტემები და რით განსხვავდებიან ისინი ტრადიციული საგანმანათლებლო სისტემებისგან?

სამხრეთ კორეამ წიგნიერების უმაღლეს საფეხურს მიაღწია. ქვეყანაში წიგნიერების დონე 100%-ია. მოსწავლეების 93% კი სკოლას მოცემულ ვადაში ამთავრებს. მოსახლეობის 68% ფლობს ბაკალავრის ხარისხს 25-34 წლის ასაკში, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია OECD წევრ ქვეყნებს შორის. კორეის სამუშაო ძალა კი ერთ-ერთი ყველაზე განათლებული და მაღალი უნარების მქონეა მსოფლიოში.

სამხრეთ კორეული სწავლების მოდელი მოსწავლეებისგან დიდ ნებსიყოფას, მძიმე შრომასა და თავდადებას მოითხოვს. ბავშვები მთელი წლის განმავლობაში სწავლობენ, როგორც სკოლის კედლებში, ასევე მის გარეთ: კერძო რეპეტიტორებთან. მშობლები აღნიშნავენ, რომ მათი ყოველწლიური ხარჯების ერთი მესამედი შვილების განათლებაზე მოდის. ბავშვებს ტრადიციულად სწამთ, რომ გრძელვადიანი ბედნიერებისთვის, მოკლევადიანი უბედურების პერიოდები უნდა განვლონ. აქ პიროვნების მიღწევები განათლებაში, მის სოციო-ეკონომიკურ სტატუს განაპირობებს. ბავშვების მთელი გარემომცველი სამყარო, თავიდანვე ქმნის მოლოდინს იმისა, რომ ბავშვმა უნდა ისწავლოს კარგად, რაც შემდგომში წარმოადგენს ძირითად მოტივს მოსწავლეებისათვის, მიაღწიონ მეტს და იშრომონ მეტი.

ბევრი პოლიტიკოსი აქებს კორეულ სისტემას და განიხილავს საკუთარი ქვეყნის კურიკულუმის კორეული სისტემისადმი მისადაგებას, თუმცა, ამასთანავე მეცნიერები დაობენ, რომ მიუხედავად სისტემის წარმატებისა საერთაშორისო რეიტინგებში, წარმატება მიიღწევა ბავშვების სტრესის ხარჯზე და აღნიშნული მოდელის გამეორება არ შეიძლება.

ფინური სასწავლო მოდელის მიხედვით, მთავარია სწავლა და არა სწავლება. შესაბამისად, მოსწავლეები შედარებით მოკლე სასწავლო საათებს ატარებენ საკლასო ოთახებში, დროის ძირითადი ნაწილი კი არასაკლასო სამუშაოებს ეთმობა.  ფინელებს სჯერათ, რომ ცოდნის ყველაზე დიდი ნაწილი სასწავლო კედლებს გარეთ მიიღება. უმაღლეს კლასებში საგნების მესამედი არჩევითია და მოსწავლეები თავად წყვეტენ არა მარტო იმას თუ რომელი საგნები ისწავლონ, არამედ იმასაც თუ რომელი გამოცდები ჩააბარონ. ფინელი მასწავლებლები არ არიან ვალდებულნი დაემორჩილონ წინასწარ განსაზღვრულ რეგულაციებს, მათ აქვთ უფლება შეიმუშაონ საკუთარი ინოვაციური სასწავლო გეგმა და ჩაატარონ ექსპერიმენტები. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ფინეთში, როგორც დაწყებითი, ასევე უმაღლესი კლასების  მასწავლებლებს მოეთხოვებათ მაგისტრის ხარისხის ფლობა. მომავალ მასწავლებელს აუცილებლად უნდა ჰქონდეს საუკეთესო აკადემიური მოსწრება და  მასწავლებლის სამუშაოს იღებს კურსდამთავრებულების პირველი 10%. შესაბამისად, ფინეთში მასწავლებლები ღრმა პატივისცემითა და იგივე სტატუსით სარგებლობენ, რითაც ექიმები.

ფინური სისტემა ნაკლებად სტრესულია და გახსნილია სხვადასხვა ტიპის სწავლების მეთოდებისადმი. შედეგად, განსხვავება ყველაზე საუკეთესო მოსწრებისა და ყველაზე დაბალი მოსწრების მოსწავლეებს შორის მინიმალურია მსოფლიოს მასშტაბით. ისევე როგორც სამხრეთ კორეაში, ფინეთშიც მაღალია სკოლა დანმთავრებულთა რიცხვი. ყოველწლიურად  მოსწავლეთა საშუალოდ 93% ამთავრებს სკოლას.

ფინეთში მოსწავლეები სწავლას 7 წლის ასაკიდან იწყებენ და 16 წლის ასაკში ამთავრებენ საშუალო განათლების მიღებას. რასაც მოსდევს 3 წლიანი არასავალდებულო ზოგად საგანმანათლებლო პროგრამა ან პროფესიული სწავლება, რის შემდეგაც ისინი აბარებენ უნივერსიტეტებში ბაკალავრის ხარისხის დასაუფლებლად.  შესაბამისად, მოსწავლეს მიღებული გაქვს გარკვეული პრაქტიკული უნარები მისთვის საინტერესო სფეროში და შეგნებულად იღებს გადაწყვეტილებას თუ რა პროფესიის დაუფლება სურს საბაკალავრო საფეხურზე.

როგორც ვხედავთ, ეს ორი მოდელი სწავლების ორ ექსტრემალურ პოლუსს წარმოადგენს და სრულიად განსხვავებულია ერთმანეთისაგან. ის თუ რომელი მათგანია უკეთესი და შეთავსებადი კონკრეტული ქვეყნისათვის დიდადაა დამოკიდებული აღნიშნული ქვეყნის ტრადიციებსა და სოციო-ეკონომიკურ პირობებზე. 

გააზიარე