წინასაახალწლო ხარჯები და ინფლაცია

საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია, რომ საშობაოდ ფასები მთელს მსოფლიოში იზრდება. ფასების ზრდა მომხმარებლის მხრიდან მოთხოვნის ზრდიდან გამომდინარეობს, რადგან მომხმარებლები ამ პერიოდში ყიდულობენ საჩუქრებს, საახალწლო დეკორაციებს და ა.შ, რაც ფასებზე ჰპოვებს ასახვას. საშობაო სეზონი სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა დროს იწყება. აშშ-ში საშობაო სეზონი ოქტომბრის დასაწყისში იწყება, კანადაში ოქტომბრის ბოლოს, გაერთიანებულ სამეფოსა და ირლანდიაში კი ნოემბრიდან. ნოემბრის შუა რიცხვებში იწყება საახალწლო სეზონი საქართველოშიც. სწორედ ამ პერიოდში იწყებენ მაღაზიები ინტერიერის საახალწლო დეკორაციებით გაფორმებას, სთავაზობენ მომხმარებლებს საახალწლო ფასდაკლებებსა და საჩუქრებს.

ისიც საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია, რომ მომხმარება სწორედ ამ პერიოდში აღწევს წლიური მოხმარების პიკს. როგორც გამოკვლევებმა აჩვენა, აშშ-ში სამომხმარებლო ხარჯების მეოთხედი სწორედ წინა საშობაო სეზონზე მოდის. საშობაო სეზონზე ამერიკელები საყიდლებში საშუალოდ 929 დოლარს ხარჯავენ, კანადელები 1,397 დოლარს, ავსტრალიელები 1,079 დოლარს, ხოლო ინგლისელები 796 ფუნტ სტერლინგს (1,011 დოლარი). საცალო კვლევითი ცენტრის მონაცემებით, საშუალო ინგლისელის საშობაო საყიდლებზე გაწეული ხარჯების 59% საშობაო საჩუქრებზე მოდის, 28% სურსათზე, 10% მოგზაურობაზე (ოჯახის წევრების მოსანახულებლად ან შობის საინტერესო ადგილებში შესახვედრად), ხოლო 3% საშობაო დეკორაციებზე. 

წყარო: საცალო კვლევითი ცენტრი

სამწუხაროდ მსგავსი სტატისტიკა საქართველოში არ გვაქვს, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ სამომხმარებლო კალათის 31.1% სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე მოდის, ხოლო 6% ალკოჰოლურ სასმელებსა და თამბაქოზე, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ განაწილება არც წინა საახალწლოდ იქნება დიდად განსვავებული და ქართველი მომხმარებლის საახალწლო ხარჯების უდიდესი ნაწილი კვლავაც სურსათსა და სასმელებზე მოვა.

მიუხედავად იმისა, რომ ჯერ საახალწლო საყიდლები მოსახლეობის დიდ ნაწილს არ განუხორციელებია და ფასებსაც წინასაახალწლო პიკისთვის არ მიუღწევია, წინასაახალწლო პერიოდი უკვე დაწყებულია და საინტერესოა თუ რამდენით და რა პროდუქტზე მოიმატა ფასებმა ნოემბრის თვეში. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის თანახმად, 2016 წლის ნოემბერში საქართველოში ფასების დონემ წინა თვესთან შედარებით 0.6 პროცენტით, ხოლო წინა წლის ნოემბერთან შედარებით 0.2%-ით მოიმატა. წინა თვესთან შედარებით ფასები ყველაზე მეტად გაზრდილია ტრანსპორტზე (1.8%-ით) და სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე (0.7%-ით), ხოლო შემცირებულია ტანსაცმელსა და ფეხსაცმელზე (0.3%-ით). სატრანსპორტო საშუალებებზე ფასების ზრდა ქვეყანაში დაგეგმილ რეფორმებს უკავშირდება, ხოლო სურსათზე ფასების მცირედით მატება შესაძლოა უკვე დავუკავშიროთ წინა საახალწლო პერიოდს. წინა საახალწლო ფასდაკლებებთანაა კავშირში ასევე ტანსაცმელსა და ფეხსაცმელზე ფასების 0.3%-იანი კლებაც.

თუმცა, აქვე აღსანიშნავია, რომ წინა წლის ნოემბერთან შედარებით ტრანსპორტზე ფასები 3.7%-ითაა გაიაფებული, სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე 0.1%-ით, ხოლო ტანსაცმელსა და ფეხსაცმელზე 5.6%-ით. წინა წლის ნოემბერთან შედარებით ფასების ზრდა ძირითადად ალკოჰოლურ სასმელებსა და თამბაქოზე ფიქსირება (10.5%-ით).

ბოლო 5 წლის მონაცემების თანახმად, ფასები ნოემბერში 0.3%-ით იზრდებოდა ოქტომბერთან შედარებით, ხოლო დეკემბერში 0.3%-ით ნოემბერთან შედარებით. სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე ფასები ნოემბერში 0.7%-ით იზრდებოდა ოქტომბერთან შედარებით, ხოლო დეკემბერში 1.4%-ით ნოემბერთან შედარებით. საპირისპიროდ, ტანსაცმელსა და ფეხსაცმელზე საახალწლო სეზონის პიკში, დეკემბრის თვეში ფასები ნოემბერთან შედარებით 0.4%-ით მცირდებოდა.

დასკვნის სახით შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოში საახალწლო სეზონზე ფასები სურსათსა და სასმელებზე იმატებს, ხოლო ტანსაცმელსა და ფეხსაცმელზე, რომელის  მოხმარებაც წინასაახალწლოდ ასევე მაღალია (როგორც პერსონალური მოხმარებისათვის, ასევე სასაჩუქრედ) მცირდება. 

წინა სტატია

საქართველო ტოპ სამი საკრედიტო სარეიტინგო სააგენტოს რეიტინგებში
12 დეკემბერი, 2016

შემდეგი სტატია

სარეიტინგო სააგენტოების როლი ევროზონის კრიზისში
26 დეკემბერი, 2016
გული და ნება
ფორბს-მოსაზრება | ნოე, 21, 2017
ახალი საფეხური სამშენებლო დეველოპმენტში
კომპანიები | ნოე, 21, 2017
ხარისხის, მდგრადი განვითარებისა და ფუფუნების სინთეზი
კომპანიები | ნოე, 14, 2017
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა