გლობალური ინოვაციის ინდექსი და საქართველო

ინოვაცია გულისხმობს ახალი იდეის არსებობას, რომელზე დაყრდნობითაც შეიძლება შეიქმნას ახალი პროდუქტი, მომსახურება ან სისტემა. ინოვაცია ხშირად ახალ ტექნოლოგიებს უკავშირდება, თუმცა ინოვაცია შეიძლება იყოს მართვის განსხვავებული სტილის დანერგვა, განსხვავებული ტიპის მომსახურების შეთავაზება და სხვა.

განასხვავებენ ინოვაციის რამოდენიმე სახეს:

  • „ინოვაციური პროდუქტი" - მოიცავს ახალი ან მნიშვნელოვნად გაუმჯობესებული პროდუქტის ან მომსახურების დანერგვას;
  • „ინოვაციური პროცესი“ - მოიცავს ახალი ან მნიშვნელოვნად გაუმჯობესებული წარმოებისა და მიწოდების მეთოდების დანერგვას;
  • „ინოვაციური მიწოდების ქსელი" - მოიცავს საწარმოო რესურსების პროდუქტებად გარდაქმნის და მომხმარებლისთვის მიწოდების ახალ ან მნიშვნელოვნად გაუმჯობესებულ პროცესს;
  • „ინოვაციური მარკეტინგი" - მოიცავს მარკეტინგის ახალი ან მნიშვნელოვნად გაუმჯობესებული მეთოდების (პროდუქტის დიზაინი და შეფუთვა, გაყიდვების კამპანია, ფასდადება და სხვ.) დანერგვას.

ინოვაციების მნიშვნელობა თანამედროვე ბიზნესში უფრო და უფრო იზრდება. ინოვაცია კომპანიას საშუალებას აძლევს მოიპოვოს კონკურენტული უპირატესობა, ჩამოიშოროს კონკურენტები, შექმნას ბაზარზე შესვლის ბარიერები და სწრაფად დაიკავოს მოწინავე პოზიციები. მნიშვნელოვანი ინოვაციის წყალობით, კომპანიამ შესაძლოა მოიპოვოს მონოპოლიური ძალაუფლებაც კი. სწორედ ამიტომ, თანამედროვე მოწინავე კომპანიები არ იშურებენ დროსა და ფინანსებს, კვლევის და განვითარების კომპონენტის გაძლიერებისთვის. თუმცა ინოვაციები მნიშვნელოვანია არამხოლოდ კომპანიებისთვის, რათა გაზარდონ საკუთარი მოგება, არამედ საზოგადოებისთვისაც. ინოვაციების არსებობით საზოგადოება ვითარდება და აღწევს ცხოვრების უფრო მაღალ დონეს. ინოვაცია მნიშვნელოვანია ქვეყნის ეკონომიკისთვისაც, რადგან მეტი ინოვაცია ხელს უწყობს ეკონომიკურ ზრდას.

ქვეყნებში არსებული ინოვაციების დონე ბოლო 9 წელია რაც გლობალური ინოვაციის ინდექსით (GII) იზომება. რას მოიცავს გლობალური ინოვაციის ინდექსი? გლობალური ინოვაციის ინდექსი 7 კომპონენტისგან შედგება. ესენია:

  • ინსტიტუტები (პოლიტიკური გარემო, მარეგულირებელი გარემო, ბიზნეს გარემო);
  • ადამიანური კაპიტალი და კვლევა (ზოგადი განათლება, უმაღლესი განათლება, კვლევა და განვითარება);
  • ინფრასტრუქტურა (ინფორმაციისა და კომუნიკაციის ტექნოლოგიები, ზოდაგი ინფრასტრუქტურა, ეკოლოგიური მდგრადობა);
  • ბაზრის განვითარების დონე (კრედიტები, ინვესტიციები, ვაჭრობა, კონკურენცია და ბაზრის მასშტაბი);
  • ბიზნესის განვითარების დონე (დასაქმებულთა ცოდნის დონე, ინოვაციისათვის საჭირო კავშირების არსებობა, ცოდნის მიღების შესაძლებლობა);
  • ცოდნა და ტექნოლოგიები (ცოდნის შექმნა, ცოდნის გავლენა ინოვაციების შექმნის პროცესში, ცოდნის გავრცელება);
  • შემოქმედებითობა (არამატერიალური აქტივები, შემოქმედებითი პროდუქტი და მომსახურება, ელექტრონული შემოქმედებითობა).   

2016 წლის რეიტინგით, გლობალური ინოვაციის ინდექსის სიის სათავეში შვეიცარიაა. შვეიცარია უკვე 6 წელია რაც რეიტინგის ლიდერია. მას მოსდევს შვედეთი, გაერთიანებული სამეფო, აშშ და ფინეთი. რაც შეეხება საქართველოს, 2016 წლის მონაცემებით, ქვეყანა გლობალური ინოვაციის ინდექსის რეიტინგში 64-ე ადგილს იკავებს 128 ქვეყანას შორის. აღსანიშნავია, რომ 2015 წელთან შედარებით საქართველოს რეიტინგი 9 პოზიციით გაუმჯობესდა (2015 წელს ქვეყანა აღნიშნულ რეიტინგში 73-ე ადგილს იკავებდა).

ზემოთ აღნიშნული კომპონენტებიდან, საქართველოს ძლიერ მხარეებს შემდეგი კომპონენტები წარმოადგენს: ბიზნეს გარემო (ქვეყანა რეიტინგით მე-6 ადგილზეა) და ბაზრის განვითარების დონე (ქვეყანა რეიტინგით მე-7 ადგილზეა),  ხოლო სუსტ მხარეებს წარმოადგენს: განათლება (ქვეყანა რეიტინგით 115-ე ადგილზეა),  კვლევა და განვითარება (ქვეყანა რეიტინგით 103-ე ადგილზეა),  ინვესტიციები (ქვეყანა რეიტინგით 86-ე ადგილზეა) და დასაქმებულთა ცოდნის დონე (ქვეყანა რეიტინგით 91-ე ადგილზეა).

თუ გლობალური ინოვაციის ინდექსის კომპონენტებს წლების მიხედვით გადავხედავთ, დავინახავთ, რომ 2013 წლიდან მოყოლებული საქართველოს ქულა მზარდი დინამიკით ხასიათდება ადამიანური კაპიტალისა და კვლევის მიმართულებით. თუმცა, მიუხედავად დადებითი ტენდენციისა, აღნიშნულ კომპონენტში საქართველოს დაბალი შედეგი აქვს. ქვეყანას სტაბილურად მაღალი შედეგი აქვს ინსტიტუტების კომპონენტში, ხოლო ყველაზე დიდი მერყეობით ბაზრის განვითარების კომპონენტი გამოირჩევა. მიუხედავად იმისა, რომ 2016 წლის მონაცემებით, ბაზრის განვითარების კომპონენტის ქულა უმაღლესია  სხვა დანარჩენ კომპონენტებს შორის, აღნიშნული მაჩვენებელი ძალიან დაბალი იყო 2015 წელს.

დასკვნის სახით შეგვიძლია ვთქვათ, რომ მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს რეიტინგი 2016 წელს წინა წლებთან შედარებით საგრძნობლად გაუმჯობესდა, ქვეყანა კვლავაც დიდი გამოწვევების წინაშე დგას. ვინაიდან, ქვეყანას დაბალი ქულები აქვს ისეთ კომპონენტებში, რაც გრძელვადიან პერიოდში ინოვაციური განვითარების ძირითად წყაროს წარმოადგენს. კერძოდ კი ადამიანური კაპიტალისა და კვლევის, ასევე, ცოდნისა და ტექნოლოგიების კომპონენტებში. 

წინა სტატია

როგორ არღვევს კომკასტი კაპიტალიზმის და ეფექტური ბაზრების პრინციპებს
29 დეკემბერი, 2016

შემდეგი სტატია

The Usual Suspects
02 თებერვალი, 2017
აუდიტის ბაზრის ამომავალი ვარსკვლავი
კომპანიები | აგვ, 14, 2017
ევროკავშირში 65%-ით მეტი პროდუქცია გაგვაქვს, ვიდრე რუსეთში
საქართველო | სექ, 19, 2017
Golden Fleece Token - პირველი ქართული კრიპტოვალუტა!
ინტერვიუ | აგვ, 15, 2017
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა