თანამედროვე პროფესია - "დამოუკიდებელი დირექტორი"

2016 წლის 15 მაისს ძალაში შევიდა ცვლილება საქართველოს კანონში „მეწარმეთა შესახებ“, რომლის მიხედვით კომპანიები, რომელთა ფასიანი ქაღალდები ივაჭრება საფონდო ბირჟაზე, ვალდებული არიან სამეთვალყურეო საბჭოში აირჩიონ კომპანიასთან არააფილირებული წევრები - დამოუკიდებელი დირექტორები.

დამოუკიდებელი დირექტორი  (The Non-Executive Director) ფორმალურად არ შედის კომპანიის მაღალი რგოლის აღმასრულებელი მენეჯერების რიცხვში. მაგრამ, ამავე დროს, დამოუკიდებელი დირექტორი არის მნიშვნელოვანი რგოლი სტრატეგიული მიმართულებების განსაზღვრისას, პასუხს აგებს კონტროლის სისტემების გამართულ მუშაობაზე, აუდიტზე, რისკ-მენეჯმენტზე და სხვ.

აღმასრულებელი დირექტორებისაგან განსხვავებით, რომლებიც დაკავებული არიან  ოპერატიული საქმიანობით, დამოუკიდებელი დირექტორი ასრულებს მაკონტროლებელ ფუნქციებს თავისი აქტივობის ძირითადი მიმართულებების მიხედვით:

დამოუკიდებელი დირექტორის კომპეტენციაში ასევე შედის:

-         აქციონერთა საერთო კრების მომზადებაში მონაწილეობის მიღება;

-         კომპანიისათვის მნიშვნელოვანი და პერსპექტიული პროექტების განხილვაში მონაწილეობის მიღება;

-         აუდიტი, კომპანიის ფუნქციონირების შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობა;

-         კორპორაციული კულტურის არსებობა კომპანიაში;

-         ეთიკური სტანდარტების დაცვა კომპანიაში;

-         კომპანიის სოციალურ პასუხისმგებლობაზე ზრუნვა.

თავიანთ ფუნქციებს დამოუკიდებელი დირექტორები ახორციელებენ სამეთვალყურეო საბჭოს მიერ შექმნილი აუდიტის, რისკების, მენეჯმენტის  დაქირავებისა და ანაზღაურების კომიტეტების საშუალებით (ამასვე გულისხმობს 2016 წელს მიღებული საქართველოს კანონი „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა  და აუდიტის შესახებ“).

ასეთი მნიშვნელოვანი ფუნქციების წარმატებით შესასრულელბლად დამოუკიდებელი დირექტორი უნდა ფლობდეს შესაბამის პროფესიონალურ ცოდნას და უნარ-ჩვევებს. მაგრამ, თავის მოღვაწეობაში წარმატების მისაღწევად დამოუკიდებელი დირექტორისათვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია  გააჩნდეს ისეთი პიროვნული თვისებები, როგორებიცაა დამოუკიდებელი ანალიზისა და მსჯელობის უნარი, გადაწყვეტილებების მიღების სითამამე, მზადყოფნა კონსტრუქციული  ოპონირებისათვის.

დამოუკიდებელი დირექტორი მოქმედებს და წარმოადგენს ყველა აქციონერს, მათ შორის, მინორიტარებს, რისთვისაც ჩართულია კონსტრუქციულ დიალოგში აქციონერებსა და კომპანიის მენეჯმენტთან.

ინვესტორები, როგორც წესი, დაინტერესებული არიან განათავსონ თავიანთი თანხები ისეთ კომპანიებში, რომლებიც გამოირჩევიან კორპორაციული მართვის მაღალი სტანდარტებით. მაღალხარისხიანი მენეჯმენტისათვის (შესაბამისად, განთავსებული თანხებზე მაღალი ამონაგების მოლოდინით) ისინი მზად არიან გადაიხადონ დამატებითი პრემია.                                            

დამოუკიდებლობის ტესტი    

განვითარებულ ქვეყნებში მოქმედებს „კორპორაციული მართვის კოდექსი“ - თავისებური კონსტიტუცია ლისტინგური (ბირჟაზე დაშვებული) კომანიებისათვის, რომელიც განსაკუთრებულ მოთხოვნებს უყენებს დამოუკიდებელი დირექტორობის კანდიდატებს. დამოუკიდებლობა არის უმნიშვნელოვანესი პირობა წარმატებული მოღვაწეობისათვის და დამოუკიდებელმა დირექტორმა არ უნდა დაუშვას რაიმე ქმედება ან უმოქმედობა, რომელმაც შეიძლება მისი დაკარგვა გამოიწვიოს.

სხვადასხვა ქვეყნებში მიღებული სტანდარტების მიხედვით, დამოუკიდებელ დირექტორად ჩაითვლება პიროვნება, თუ ის:

-          არ იყო მოცემული  კომპანიის მენეჯერი ან თანამშრომელი ბოლო ხუთი წლის განმავლობაში;

-         არ არის მოცემულ კომპანიასთან აფილირებული პირი (აქციების პაკეტის მფლობელი, მსხვილი კონტრაქტორი);

-         არ არის მოცემული კომპანიის მენეჯერთან აფილირებული პირი (ახლონათესაური და კომერციული ურთიერთობები);

-         არ არის სახელმწიფოს წარმომადგენელი;

-         არ უწევს მოცემულ კომპანიას საკონსულტაციო ან სხვა სერვისულ მომსახურებას;

-         არ წარმოადგენს სხვა კომპანიების ინტერესებს მოცემულ კომპანიასთან ურთიერთობაში;

-         აქვს კარგი საქმიანი რეპუტაცია;

-         არის პროფესიონალი ბიზნესის რომელიმე სფეროში;

-         აქვს მეწარმეობის წარმატებული გამოცდილება;

-         ფლობს ლიდერობის საჭირო თვისებებს;

-         იცავს მაღალ ეთიკურ ნორმებს;

-         საჯაროდ აცხადებს თავისი დამოუკიდებლობის შესახებ სამეთვალყურეო საბჭოში არჩევამდე;

-         საჯაროდ განაცხადებს დამოუკიდებლობის სტატუსის დაკარგვის შესახებ.

შეიძლება თუ არა დამოუკიდებელი იყოს პირი, რომელიც ანაზღაურებას იღებს მოცემული კომპანიიდან?

რა თქმა უნდა, შეიძლება.

დამოუკიდებელი დირექტორის მთავარი აქტივი არის მისი, როგორც პროფესიონალის იმიჯი. ამ პოზიციაზე იწვევენ შემდგარ (მათ შეიძლება ჰქონდეთ თავიანთი მიმდინარე ბიზნესი სხვა ინდუსტრიაში), ხშირად ყოფილ, წარმატებულ მენეჯერებს, ფინანსურად დამოუკიდებელ პირებს, რომლებიც ამ პოზიციას არ განიხილავენ მნიშვნელოვან შემოსავლის წყაროდ. ბევრი მათგანის მთავარი მამოძრავებელი ფარქტორია გადასცეს თავისი ცოდნა და გამოცდილება იმ კომპანიებს და ადამიანებს ვისაც ეს სჭირდება და ვინც მზად არის მიიღოს ის.

დამოუკიდებელი დირექტორი გადაწყვეტილების მიღებისას დარწმუნებული უნდა იყოს, რომ ეს კეთდება კომპანიის, მისი აქციონერების და სხვა დაინტერესებული პირების (სტეიკჰოლდერების)  ინტერესებისათვის. ასევე, მუდმივად უნდა იცავდეს ინტერესთა გონივრულ ბალანსს.

დამოუკიდებელ დირექტორს უნდა შეეძლოს თქვას „არა“;  მას უნდა შეეძლოს გადადგეს თუ მისი შინაგანი რწმენა და ბიზნესის კეთების საუკეთესო სტანდარტი არ შეესაბამება კომპანიის მოღვაწეობას.

იმის მიუხედავად, რომ დამოუკიდებელი დირექტორების ყოფნა სავალდებულოა საჯარო, ლისტინგური კომპანიების სამეთვალყურეო საბჭოებში, ბოლო პერიოდში, აქტიურად მიმდინარებს მათი ჩართვა კერძო და საოჯახო კომპანიებში (ზოგჯერ მრჩეველის სტატუსით). მიზანი ნათელია - სტრატეგიის განსაზღვრაში ჩართულობა, კომპანიის მიმზიდველობის გაზრდა, საკონტროლო ფუნქციების გაძლიერება, კომპანიის მომზადება აქციების  (ან ობლიგაციების) საჯარო განთავსებისათვის.

სრულიად ნათელია, რომ მომავალში მეტ წარმატებას ის კომპანიები მიაღწევენ, ვინც უფრო მაღალ კორპორაციულ სტანდარტს დანერგავს, ვინც საკმარის გახსნილობას და ანგარიშვალდებულებას გამოავლენს აქციონერების, სტეიკჰოლდერების, საზოგადოების მიმართ. ამ პროცესში კი ფასდაუდებელი როლის შესრულება შეუძლიათ დამოუკიდებელ დირექტორებს.

წინა სტატია

დაუზღვეველი რისკების რისკი
24 მარტი, 2017

შემდეგი სტატია

საპენსიო რეფორმა და კორპორაციული მმართველობა
25 მაისი, 2017
გული და ნება
ფორბს-მოსაზრება | ნოე, 21, 2017
ხარისხის, მდგრადი განვითარებისა და ფუფუნების სინთეზი
კომპანიები | ნოე, 14, 2017
ახალი საფეხური სამშენებლო დეველოპმენტში
კომპანიები | ნოე, 21, 2017
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა