კომპეტენციების "ტესტდრაივი" კარიერული წინსვლისთვის

დღეს, როცა უმაღლეს სასწავლებელთა რაოდენობა მნიშვნელოვნად არის გაზრდილი და  კვალიფიციური განათლების მიღების მსურველთა რიცხვიც პროგრესულად მატულობს, დასაქმების ბაზარზე მაინც შეინიშნება მოთხოვნა-მიწოდების დისბალანსი. ხშირია შემთხვევები, როცა დიპლომით ხელდამშვენებული ახალგაზრდა შესაფერის სამსახურს ვერ პოულობს და ზოგჯერ ისეთ სამუშაოს დაყაბულდება, რაც მისი ცოდნის დონეს არ შეეფერება და ვერც სამომავლო განვითარების პერსპექტივას აძლევს. ისეთი შემთხვევების მომსწრეც ვართ, როდესაც ადამიანური რესურსების დეპარტამენტი ნებისმიერ ვაკანსიაზე ითხოვს რამდენიმე წლიან გამოცდილებას. მართალია, კვალიფიკაციას წლებით დაგროვილი პრაქტიკით ვიმყარებთ, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ მხოლოდ სტაჟი ჩავთვალოთ დასაქმების უპირობო გარანტად. ისიც გასათვალისწინებელია, რომ მუშაობის ხანგრძლივობა   ზოგჯერ ადექვატურად არ ასახავს ცოდნის პრაქტიკაში რეალიზებას, მითუმეტეს, როცა ხარისხის შეფასებაზეა საუბარი.  

კარიერული „მოგზაურობისას’’  მიზანს რომ არ ავცდეთ, მთავარი მარშრუტიდან არ გადავუხვიოთ და რაციონალურ შედეგამდე მივიდეთ, მკაფიოდ უნდა გამოიკვეთოს ის პრივილეგიები, რასაც ჯამურად ქმნის თეორიული ცოდნით მიღებული შესაძლებლობების, საქმიანი კონტატების დამყარების უნარებისა და მართვის პროცესებისთვის საჭირო პიროვნული თვისებების ერთობლიობა. შევაფასოთ საკუთარი თავი გარედან, პროფესიულ მოთხოვნათა ჭრილში. აკადემიური ცოდნის ათვისების ერთი უცნაურობაა თვალში მოსახვედრი: ამა თუ იმ უნივერსიტეტის დიპლომი და შესაბამისი განათლება, რა თქმა უნდა,  სიამაყის განცდას ანიჭებს ნებისმიერ კურსდამთავრებულს. ბუნებრივიცაა, როცა დაასრულებ სწავლას სათანადო ხარისხის მიღწევისთვის და ფაქტობრივად, მზად ხარ დაიწყო შენი  პირველი სამსახური, ამაღლებული განწყობა გეუფლება. თუმცა პარადოქსულია ის გარემოება, რომ ყველა დიპლომიანი წინსწრებით არის დარწმუნებული თავის შესაძლებლობებში. მიაჩნიათ, რომ არიან კარგი მსმენელები, გუნდის მოთამაშეები და აქვთ ორგანიზაციაში ლიდერობის გამოვლენის შანსი.    

გათვლებმა შეცდომაში რომ არ შეგვიყვანოს, უმჯობესია, გადავხედოთ წარმატებულ ადამიანთა ისტორიებს, მათ შემართებას, სიდინჯეს და ემოციათა მართვის ნაცად ხერხებს. ჰარვარდის ბიზნეს სკოლის ერთiერთ ანგარიშში სათაურით: „ააშენეთ ხიდი სიცარიელის შესავსებად: აღადგინეთ ამერიკის „საშუალო უნარები,“ ნათქვამია, რომ  გამოკითხულ აღმასრულებელ პირთა 44 %-ს ვაკანსიების შევსების ერთერთ სირთულედ სწორედ  ამ უნარების ნაკლებობა მიაჩნიათ. უფრო მეტიც, ამავე კვლევით ნაჩვენებია, რომ სამუშაოზე მიღების წარმატებაში 85 % განმსაზღვრელია კარგად განვითარებული „მოქნილობისა და ჰარმონიულობის“ უნარები, დანარჩენი 15% უკვე მყარი თეორიული ცოდნისა და კონკრეტულ სამუშაოზე გავარჯიშების შედეგია. მარტივად რომ ვთქვათ, უმაღლესი განათლების დიპლომი აუცილებელი, მაგრამ არასაკმარისი პირობაა დაკისრებულ მოვალეობათა სათანადო შესრულებისთვის.

ამასწინათ ერთმა ჩემმა სტუდენტმა საჯაროდ იკითხა, არც თუ რიტორიკულად და ხუმრობანარევი ტონით: „სადმე „იყიდება“ ეს სტაჟი ან როგორ შევიძინო, როცა ყველგან ამას ითხოვენ და რანაირად უნდა დაიწყო მუშაობა?!“. რატომღაც, პერსონალის შერჩევის ასეთი must have მახასიათებელი მოდურ ტრენდად იქცა, რაც იმის მიმანიშნებელია, რომ მეტწილად კომპანიებს მზა რესურსის მიღება ურჩევნია, ვიდრე თავად გამოზარდოს სასურველი კადრი. 

ლოგიკურად რომ ვიმსჯელოთ, საფუძველს მოკლებული როდია დამსაქმებელთა პოზიცია თუ „პრეტენზია“ გამოცდილი მუშაკის სამუშაოზე აყვანის მცდელობის შესახებ. თუმცა რა გინდ მცოდნეც არ უნდა იყოს სამუშაოს მაძიებელი, მთავარი განმსაზღვრელი მაინც არის ე.წ. ურთიერთობის უნარები ანუ „soft skills,” რომელიც წლებთან ერთად იხვეწება, მოქნილი და ჰარმონიული ხდება.

და მაინც რა არის ის უნივერსალური ნაკრები, რაც ესოდენ მნიშვნელოვანია კარიერული წინსვლისთვის. საუკეთესო ხუთეული ასე გამოიყურება: 

  • კომუნიკაბელურობა
  • გუნდურად მუშაობა
  • ერთიანობის განცდა
  • პროფესიული მიდგომა
  • გადაწყვეტილების მიღება

რა არის კარიერული მზადყოფნის უპირობო მაჩვენებელი?! განათლების, პიროვნული განვითარებისა და  პრაქტიკული გავარჯიშების  ე.წ. „ტოლგვერდა სამკუთხედი“, რომლის სამი გვერდისა და სამივე კუთხის ტოლობა კანონზომიერად ბადებს სამ ურთიერთდაკავშირებულ წერტილს შორის თანაფარდობის შეგრძნებას. ამიტომ შეკითხვაზე თუ  ვინ აგებს პასუხს სათანადო კომპეტენციის გამოსამუშავებლად, ერთადერთი სწორი პასუხია: ჩართული სამივე მხარე! 1. ლექტორი, 2. სტუდენტი,  3. დამსაქმებელი  კერძო კომპანია ან საჯარო სამსახური - ამ სამთა კავშირის ერთობლივ მონდომებაზეა დამოკიდებული საკვალიფიკაციო მოთხოვნათა დაკმაყოფილება და წარმატების რეალური მიღწევის შესაძლებლობა.

მარტო თეორიული ცოდნა ან პრაქტიკული წვრთნა არ ყოფნის პროფესიონალიზმის განვითარებას. კომპანიის ხელმძღვანელობა ხელს უნდა უწყობდეს პოტენციურ კანდიდატს პროაქტიულ განვითარებაში. სწორედ ეს არის მათი მხრიდან ლიდერობის გამოხატვის დიდი ნიჭი და არა მხოლოდ მაღალი დონის სტრატეგიის გამომუშავების უნარი. ბილ გეიტსი ჯერ კიდევ გამოუცდელ ადამიანებს თავისი პირადი მაგალითით აჩვენებს ხოლმე, როგორ მოიპოვონ მომხმარებლის ნდობა. ერთერთ არგუმენტად მოყავს, ტელეფონით როგორ უგვარებს პრობლემას მომხმარებელს, როცა ეცნობა Microsoft-ის მომხმარებელთა მხარდაჭერის უზრუნველმყოფ აგენტად გამოგონილი უილიამსის სახელით.  განმეორებითი ზარის შემთხვევაში მომხმარებელი თავად ითხოვს დააკავშირონ სასიამოვნო ადამიან უილიამსთან, რომელიც დაეხმარება პრობლემის გადაწყვეტაში.  

პრობლემის გადაჭრის უნარ-ჩვევების შესამოწმებლად, წარმოიდგინეთ საკუთარი თავი კონკრეტულ სიტუაციაში. ახსენით, როგორ მოიქცევით, რას გააკეთებთ. დაუსვით საკუთარ თავს შეკითხვა: "რა იყო ყველაზე უმძიმესი გადაწყვეტილება, რაც ცხოვრებაში მიიღეთ და რატომ?" ეს არის თვითდიაგნოსტიკის ერთერთი საუკეთესო საშუალება, რაც გვეხმარება მივხდეთ სად რას ვაკეთებთ კარგად და რომელი თვისებაა გასაუმჯობესებელი. 

აქვე რამდენიმე რჩევა ჰარმონიული ურთიერთობათა დამყარებისა და სათანადო უნარ-ჩვევების გაძლიერებისთვის.   

  • მოიპოვეთ სანდოობა საქმისადმი პასუხისმგებლობის გრძნობისა და პატიოსნების გამოვლენით. მთავარია, აკეთოთ მართებულად, აკეთოთ ის, რაც თქვით, რომ გააკეთებთ, ანუ შეასრულოთ დანაპირები. ეს ხელს უწყობს ერთიანობის, თანაზიარობის გაძლიერებას და ობიექტურობას.
  • დააფასეთ განსხვავებული აზრი, იყავით ტოლერანტული და გამოიმუშავეთ კულტურათა შორის დიალოგის წარმართვის უნარი. ეს განაპირობებს პატივისცემასა და ურთიერთგაგებას.
  • ყოველთვის წინასწარ განჭვრიტეთ რა მოლოდინი შეიძლება ქონდეს მომხმარებელს ან დამკვეთს, გაიგეთ საჭიროებები, შეაფასეთ მომსახურების ეფექტიანობა და გააუმჯობესეთ ხარისხი. ეს არის მომხმარებელზე ორიენტირებული ურთიერთობის ოქროს წესი.
  • ისწავლეთ გუნდური თამაშის წესები, რათა ადვილად შეძლოთ ურთიერთობის დამყარება, საერთო ენის გამონახვა, კონფლიქტების თავიდან არიდება. კრიტიკული მასის თავმოყრით საქმე გაცილებით უფრო ნაყოფიერია, ამიტომ გუნდურობის შეგრძნება გამორჩეულად ფასობს.
  • ურთიერთობის ფსიქოლოგია გვასწავლის, რომ აქტიური მოსმენის უნარი ორმხრივი კომუნიკაციის აუცილებელი კომპონენტია. თქვენ უნდა ფლობდეთ არავერბალურ ანუ შეგრძნებებისა და განწყობის დონეზე ურთიერთქმედების „საიდუმლოს“. სხეულის ენა გეხმარებათ გაიგოთ გარშემო მყოფთა დამოკიდებულება, თავის მხრივ, ჟესტიკულაციით, მიმიკით, მოძრაობით თქვენ გაცილებით მეტს ეუბნებით თანამოსაუბრეს, ვიდრე სიტყვებით გადმოსცემთ. უკუკავშირის მიღება და კომუნიკაციის ეტიკეტი საქმიანი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია.
  • თქვენ უნდა შეგეძლოთ დროის სწორი განაწილება, შესასრულებელ საქმეთა გეგმა-გრაფიკის შედგენა, პრიორიტეტების მინიჭება და სწორი განაწილება. ამ მიდგომით ყოველდღიური სამუშაო უფრო საინტერესოდ წარიმართება. ფაქტობრივად, დაგეგმვა-ორგანიზება ნებისმიერი ადამიანის პიროვნულ მახასიათებელთა ჩვეული ატრიბუტი უნდა გახდეს.
  • საქმეში ფორიაქს და ურთიერთობის დაძაბვას იწვევს გადაუდებელი, მოუგვარებელი საკითხები, დაგროვილი პრობლემები, გადაუწყვეტლობა. ცხადია, ეს აფერხებს საქმის წინ სვლას. ამიტომაც პრობლემის დროული მოგვარებისა და გადაწყვეტილების მიღების უნარი პირად პასუხიმგებლობად უნდა გაითავისოთ.
  • ბარიერების გადალახვის პროცესში ზედმეტი სიფრთხილე და თავშეკავება აფერხებს  სამუშაო პროცესების გაუმჯობესებას. თუ გინდათ სასიკეთო ცვლილებების მიღწევა უნდა შეგეძლოთ დაარეგულიროთ ცვლილებისთვის საჭირო პრიორიტეტები და გამოავლინოთ მოქნილობა.
  • დღევანდელ ციფრული ტექნოლოგიების ხანაში, ბიზნეს-კომუნიკაციების პროდუქტიულობა დამოკიდებულია იმ  ძირითადი  მედია-საშუალებებისა და აპლიკაციების გამოყენების უნარზე, რაც აადვილებს სასურველ აუდიტორიასთან წვდომას, სათანადო კავშირ-ურთიერთობას და ოპერატიულობას. ინოვაციური სოციალური საშუალებებით სარგებლობა ზრდის სასურველი კანდიდატურისადმი მომთხოვნელობის რეიტინგს.   

გაინტერესებთ, რამდენად მზად ხართ კარიერული წინსვლისთვის?! გაიარეთ „ტესტდრაივი“ ფსიქო-ემოციურ სტაბილობასა და კომპეტენციების ჩამოყალიბებაზე. გაიხსენეთ პარეტოს პრინციპი, რომლის მიხედვითაც ცნობილია, რომ ნებისმიერი საქმიანობის შეფასებისას მხოლოდ გამოყენებული ძალისხმევის 20%-ს მოაქვს შედეგების 80%. დაფიქრდით, როგორ მიუსადაგოთ ის ყოველდღიურ ცხოვრებას თუ საქმიან ურთიერთობებს, რათა დაეუფლოთ საკუთარ შესაძლებლობათა მართვის ხელოვნებას.

კარიერა კარიერული წინსვლა წარმატება

წინა სტატია

ბიზნესი საზოგადოებაში - ახალი მოდელები
08 სექტემბერი, 2017

შემდეგი სტატია

CSR vs ფილანტროპია
19 სექტემბერი, 2017
გული და ნება
ფორბს-მოსაზრება | ნოე, 21, 2017
ხარისხის, მდგრადი განვითარებისა და ფუფუნების სინთეზი
კომპანიები | ნოე, 14, 2017
ახალი საფეხური სამშენებლო დეველოპმენტში
კომპანიები | ნოე, 21, 2017
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა