"ვარ ილიაუნის დოქტორანტი. იქამდე ვწავლობდი "საქართველოს უნივერსიტეტში" (მაგისტრის ხარისხი კომუნიკაციებში) და "საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში" (მაგისტრის ხარისხი საერთაშორისო პოლიტიკაში)".

მზე დასავლეთიდან ამოდის

მზე დასავლეთიდან ამოდის

მე დავიბადე 1983 წელს, როდესაც ჩემი სამშობლო – საბჭოთა საქართველო, გეორგიევსკის ტრაქტატის ხელმოწერიდან 200 წელს აღნიშნავდა. საიუბილეო წელს თბილისიდან ყაზბეგამდე არაერთი ძეგლი აღიმართა და განახლდა. საქართველოს სსრ კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველ მდივან, ამხანაგ ედუარდ შევარდნაძეს, ე.წ. სამხედრო გზა ამ აღმშენებლობითი პროექტისთვის შემთხვევით არ შეურჩევია. ძეგლების ლოკაცია განპირობებული იყო ტოტალიტარული სისტემის იდეოლოგიზებული ასტრონომიული წარმოდგენებით: „ჩვენი ჭეშმარიტი მზე აღმოსავლეთიდან კი არა, ჩრდილოეთიდან, რუსეთიდან ამობრწყინდა, ამობრწყინდა ლენინური იდეების მზე, საქართველო სამხრეთის თბილი რესპუბლიკაა, მაგრამ ჭეშმარიტი სითბო ჩვენთან შემოვიდა ჩრდილოეთიდან, დარიალის ხეობიდან“ (იხილეთ „Zoon Politikon: შტრიხები ედუარდ შევარდნაძის პორტრეტისთვის“, ემზარ ჯგერენაია, „საქართველოს სახელმწიფოს ხელმძღვანელები“, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა, 2017, გვ. 9–23).

1983 წლის მონუმენტთა შორის გამორჩეული იყო რუსეთ-საქართველოს საზღვარზე, მდინარე თერგის პირას აღმართული კომპოზიცია „თერგდალეულები“. როგორც ჩანს, იდეის ავტორის ჩანაფიქრით, ჩრდილოეთიდან ამოსულ მზის სხივებს პირველ რიგში უნდა გაეთბო „პროგრესული ინტელიგენციის იმ ახალგაზრდა წარმომადგენელთა შესანიშნავი პლეადა, რომლებმაც რუსეთში მიიღეს უმაღლესი განათლება და ცოდნასთან ერთად შეისისხლხორცეს იმ დროის რევოლუციური იდეები“ (ე. შევარდნაძე, 1983 წლის 29 ოქტომბერი).

სხვათა შორის, მონუმენტს დიდი ხნის სიცოცხლე არ ეწერა. განრისხებულმა თერგმა ჯერ ვაჟა-ფშაველა მოსწყვიტა „პლეადას“ (ან, გნებავთ, განრისხებული ვაჟა–ფშაველა პირველი მოსწყდა კომპოზიციას და გადაეშვა თერგში), შემდეგ კი, როცა დარჩენილები (ილია ჭავჭავაძე, აკაკი წერეთელი, ნიკო ნიკოლაძე, იაკობ გოგებაშვილი, გიორგი წერეთელი და ალექსანდრე ყაზბეგი) აღარ იყვნენ საჭირონი ქართული სოციალ-დემოკრატიული იდეების ღრმა ფესვების არსებობის დასამტკიცებლად, ისინიც გაურკვეველი მიმართულებით წაიღეს.

ასტრონომია არ იყო მეცნიერების ის სფერო, რომელიც საბჭოთა რეჟიმის პოლიტიკურმა ამოცანებმა ყველაზე უფრო დააზარალა. ცივი ომისა და გამალებული შეიარაღების პირობებში საბჭოთა იმპერიას ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების განვითარება უპირობოდ სჭირდებოდა. იმავეს ვერ ვიტყვით სოციალურსა და ჰუმანიტარულ მეცნიერებებზე, რომელთა ერთადერთი დანიშნულება სსრკ-ში გახლდათ ქვეყნის შიგნით საბჭოთა სისტემის ლეგიტიმაცია. სოციალური და ჰუმანიტარული მეცნიერებებისთვის მხოლოდ და მხოლოდ პროპაგანდისტული ფუნქციის დატოვების შედეგად მეცხრამეტე საუკუნის საქართველოს ინტელექტუალები გამოცხადდნენ საქართევლოს კომუნისტების საამაყო წინამორბედებად, რომელთა მოღვაწეობა, ედუარდ შევარდნაძის მიერ 1983 წელს გამოთქმული აზრის თანახმად, „ადასტურებს: რუსეთსა და საქართველოს ერთი გზა აქვთ. ასე არის, ასე იყო და ასე იქნება მუდამ“.

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ სურათი შეიცვალა. ტოტალიტარიზმმა, რომლის პირობებში მეცხრამეტე საუკუნის ქართველ ინტელექტუალთა მემკვიდრეობის გააზრება მხოლოდ ერთი პერსპექტივიდან იყო შესაძლებელი, ადგილი დაუთმო განსხვავებული ღირებულებების ირგვლივ შემოკრებილ ჯგუფებს, რომლებმაც თერგისპირა „რაშმორზე“ თავმოყრილი „დამფუძნებელი მამების“ ავტორიტეტსა და ინტელექტუალურ მემკვიდრეობას თავიანთი შეხედულებების დაცვისა და დასაბუთებისთვის იყენებენ. მაგალითისთვის, სხვადასხვა ჯგუფების წარმომადგენლებმა ილია ჭავჭავაძეს წარმოგვიდგენენ, როგორც ერთ-ერთი პირველ ქართველი სოციალისტს, ლიბერალს, მემარჯვენეს, კონსერვატორს ან წმინდანს.

მას შემდეგ, რაც 2010-იან წლებში საქართველოში და, ზოგადად, აღმოსავლეთ ევროპაში განსაკუთრებით გაძლიერდა მიზანმიმართული ანტიდასავლური პროპაგანდა, მეცხრამეტე საუკუნის ინტელექტუალების ავტორიტეტს და მემკვიდრეობას სულ უფრო ხშირად იყენებენ ანტიევროპულ დისკურსში. სასაცილოა, რადგან მეცხრამეტე საუკუნის პრესაში (ხშირ შემთხვევაში ერთადერთი წყარო, საიდანაც იმ პერიოდის ინტელექტუალური ელიტის შეხედულებებს ვიგებთ) ჩვენ საერთოდ არ გვხვდება ანტიდასავლური სენტიმენტები. მეტიც, მეცხრამეტე საუკუნის საქართველოს ინტელექტუალები კარგად ხედავდნენ, რომ საქართველო ჩამორჩენილი იმპერიის ნაწილი იყო და თავისი ქვეყნის განვითარების საშუალებებს, გზებს, იდეებსა და ინსტრუმენტებს მხოლოდ და მხოლოდ დასავლეთში ეძებდნენ. მეტიც, სწორედ მეცხრამეტე საუკუნეში შეიქმნა ის ძირითადი ფორმულები, რომლებსაც ჩვენ დღეს ვიყენებთ სკეპტიკოსებთან კამათში საქართველოს ევროპული ცივილიზაციისადმი მიკუთვნებულობის დასასაბუთებლად. მაგალითისთვის, 1863 წელს კონსტანტინე მამაცაშვილი წერდა: „რადგანაც საქართველო აღიარებს ქრისტიანობას და თავისი ბედი და ისტორია რუსეთთან შეაერთა, ამისთვის ეს უფრო ევროპას ეკუთვნის, ვიდრე აზიას“. მამაცოვი (ასეთი იყო კონსტანტინეს გვარი ვიდრე მზე ჩრდილოეთიდან ამოდიოდა და „დასავლეთი“ ქართულ ტრადიციებს საფრთხის ქვეშ დააყენებდა) ყველა სკეპტიკოსს ეუბნება, რომ ვახტანგიდან ერეკლემდე საქართველოს ცივილიზაციური არჩევანი არ შეცვლილა, რომ მეფე ვახტანგის გამოცდილებასა და იმდროინდელი მსოფლიოს პოლიტიკური მოცემულობების გათვალისწინებით მეფე ერეკლემ გააკეთა ტაქტიკური არჩევანი ისე, რომ არ უღალატია საქათველოს ერთ-ერთი პირველი ასტრონომის – ვახტანგ მეექვსის – წარმოდგენებისთვის მზის სისტემის შესახებ.

ევროპას მეცხრამეტე საუკუნის საქართველოში ხედავდნენ როგორც განვითარების ერთადერთ სწორსა და მისაბაძ მოდელს. 1872 წელს სერგეი მესხი წერდა: „ყოველგვარი ცოდნისა, განათლებისა, ცხოვრების გაუმჯობესებისა და წარმატების წყარო ჯერჯერობით დასავლეთ ევროპა არის. ყველა ხალხები და, მათ შორის, რუსებიც, ამ წყაროს ეწაფებიან და აქედამ გამოაქვთ ყველაფერი, რაც კი საუკეთესოა, კაცის მანუგეშებელია და წინ წამწევი ამ ხალხების ცხოვრებაში. თავის თავისა და თავის ქვეყნის წინ წაწევა მხოლოდ იმას შეუძლია, ვისაც ევროპის ცხოვრება და მეცნიერება კარგად და ჭეშმარიტად გაუცნია“.

თანამედროვე საქართველო ისე ახლოსაა თავის ცივილიზაციურ არჩევანთან, როგორც არასდროს ხანგრძლივი და დაბრკოლებებით სავსე ისტორიის განმავლობაში. ვიცი, რომ, ზოგისთვის, შესაძლოა, მეტისმეტად პათეტიკურად ჟღერდეს, მაგრამ გამოვიყენებ შესაძლებლობას, რათა ჩემი და ჩემი არაერთი მეგობრის სულისკვეთება გამოვხატო: ჩვენ ჩავიდენთ უპატიებელ დანაშაულს ჩვენი წინამორბედი და მომავალი თაობების წინაშე, თუ დავუშვებთ ქართული სახელმწიფოს დამფუძნებელი მამების მემკვიდრეობის მცდარ ინტერპრეტაციას მათივე იდეებისა და ხედვების დისკრედიტაციისთვის.

Nova Societas-ის გუნდის სახელით გამოვხატავთ მადლიერებას:

ფონდ „ღია საზოგადოება – საქართველოს“, რომლის მხარდაჭერამ მოგვცა საშუალება, ვიკვლიოთ მეცხრამეტე საუკუნის ინტელექტუალების პროევროპული მემკვიდრეობა; საინფორმაციო ცენტრს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ და სახელმწიფო მინისტრის აპარატს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში; რადიო „თბილისსა“ და რადიო „ჰერეთს“, რომლებიც გვითმობენ ეთერს ჩვენი კვლევის შედეგების პოპულარიზაციისთვის.

გააზიარე

ავტორის სხვა მასალა