"ვარ თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტი. ვსწავლობ ბიზნეს ადმინისტრირების ფაკულტეტზე".

გაზიარების ეკონომიკა

გაზიარების ეკონომიკა

რაც დრო გადის, ადამიანების კერძო საკუთრების რაოდენობა მცირდება, გაზიარებული საკუთრების რაოდენობა კი იზრდება. 

“ინგლისი იქნება გაზიარების ეკონომიკის გლობალური ცენტრი” – ასეთი ინიციატივით განეწყობოდა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი გაზიარების ეკონომიკისადმი. ცოტა ხნის წინ კი ამავე მოდელზე აგებულ ერთ-ერთ მასშტაბურ კომპანიას ინგლისში ლიცენზია შეუჩერდა.

Transport for London-მა, ორგანომ, რომელიც ინგლისის ტრანსპორტირების სისტემას არეგულირებს, უარი განაცხადა Uber-ის ლიცენზიის განახლებაზე, რომელსაც ვადა 30 სექტემბერს გაუვიდა. გადაწყვეტილების ოფიციალურ მოტივად ასახელებენ კომპანიის კორპორაციული პასუხისმგებლობის დეფიციტს, რომელიც Uber-ის გახმაურებულ სკანდალებზეც აისახება. მათი თქმით, Uber-ი მკაცრად არ აკონტროლებს მძღოლების მონაცემებს, რაც მომსახურების უსაფრთხოებას ეჭვქვეშ აყენებს. კომპანიას ეწინააღმდეგება ლონდონში მცხოვრებთა ნაწილიც, რომელიც Uber-ს ბრალს სდებს ლიცენზირებულ “ტაქსებთან” უსამართლო კონკურენციასა და მძღოლების ექსპლუატაციაში. Uber-ი არ ნებდება და მაქსიმალურად ცდილობს რეპუტაციის გაჯანსაღებას. კომპანიის CEO პრესის წინაშე საბოდიშო სიტყვითაც კი წარდგა.  ინგლისის საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ კიდევ უცნობია, შესაბამისად, ბუნდოვანია კომპანიისა და საერთოდ გაზიარების ეკონომიკის განვითარების შემდეგი ნაბიჯიც. 

რაც შეეხება ზოგადად გაზიარების ეკონომიკის ისტორიას, მისი განვითარება თავიდანვე არაპროგნოზირებადი იყო. კომპანიებმა სერიოზული პიკისა და კრიზისის პერიოდები გამოიარეს, დღეს კი კვლავ არასტაბილურობის შეგრძნებითა და გაურკვეველი მომავლის მოლოდინით არიან. 

გაზიარების ეკონომიკის განვითარებამ ციფრულ რევოლუციასთან ერთად შეცვალა მომხმარებლის ქცევა და ტენდენციები. გასულ საუკუნეში ადამიანის საკუთრების რაოდენობა მიუთითებდა მის შეძლებულობასა და გავლენიანობაზე. ვისაც მეტი ფული ჰქონდა – მეტ ქონებასაც ფლობდა. მასობრივი წარმოების გაფართოებასთან ერთად ნივთებისა და ქონების შეძენა აღარავის უკვირდა. ამ ბოლო დროს კი მილენიალებმა მინიმალიზმის ტრენდი წამოიწყეს და დიდი ქონების ფლობაზე უარს ამბობენ.

პირველ რიგში ციფრულმა ინდუსტრიამ ჩაანაცვლა დისკებით, ჟურნალებითა და წიგნებით გამოვსებული თაროები. ციფრულ რევოლუციას კი გაზიარების ეკონომიკა მოჰყვა, რომელიც უფრო კომპლექსური აღმოჩნდა.

მანქანების გაზიარება, ბინების ქირაობა, გადაყიდვები – ეს ყველაფერი გაზიარებითი ეკონომიკის ნაწილია. ამ ქმედებებზე კი შესაძლოა, გაგახსენდეთ წამყვანი კომპანიები – Uber-ი, Airbnb-ი, ZipCar-ი, eBay… მათი არსი იმ ადამიანების დაკავშირებაა, რომელთაც შეუძლიათ და აქვთ სურვილი, ღირებულებები გაცვალონ. ამ ბიზნესების წარმატებას ალბათ დიდწილად “სწორი დრო და სწორი ადგილიც” განაპირობებს.

Airbnb-ი ერთ-ერთი პირველი წარმატებული კომპანიაა, რომელიც გაზიარების მოდელზეა აგებული. ის წააგავს ბინის ქირაობის ტრადიციულ მოდელს, რომელიც რეგულირებულია კომპანიის მიერ. შესაბამისად, არის უფრო უსაფრთხო, მარტივი და სწრაფი. Airbnb-ი გათვლილია საცხოვრებელი ადგილის მოკლე ვადით ქირაობაზე და ანაცვლებს სასტუმროს პრინციპს. დღესდღეობით კომპანია 191 ქვეყანაში ფუნქციონირებს. უძრავი ქონება კი, რომელსაც ის მომხმარებელს სთავაზობს, სინამდვილეში ეკუთვნით ჩვეულებრივ ადამიანებს, რომელთაც თავიანთი ქონების მარტივად, ონლაინრეჟიმში გაქირავება სურთ. ამ მოდელს, რა თქმა უნდა, ხელი შეუწყო ინტერნეტისა და ციფრული ინდუსტრიის გავრცელებამ.

Uber-ი მანქანების გაზიარებაზე კონცენტრირებული კომპანიაა, რომელიც ანაცვლებს “ტაქსების” კონცეფციას. თუმცა მათგან განსხვავებით ტრანსპორტი, რომელსაც Uber-ი გვთავაზობს, კერძო პირების (მძღოლების) საკუთრება გახლავთ. კომპანიის პოპულარობა ასევე პროცესის დიგიტალიზაციამ განაპირობა – მომხმარებელს საშუალება მიეცა, მანქანა ონლაინრეჟიმში გამოეძახა და ტრანსპორტის მარშრუტისათვის თვალყური ედევნებინა.

ერთი შეხედვით, გაზიარების ეკონომიკა ძალიან მომხიბვლელია მწარმოებლის გადმოსახედიდან. მათ ბიზნესის წამოსაწყებად დიდი რაოდენობით რესურსები არ სჭირდებათ, რადგან ისინი რეალურად არ ფლობენ ბევრ ფიქსირებულ აქტივს. მარტივია მოკლე დროში დიდი მასშტაბების მოცვაც, რაც მოყვანილი მაგალითებიდანაც ჩანს. მასშტაბის ეკონომიიდან გამომდინარე კი მათ მიერ შეთავაზებული პროდუქტები მომხმარებლისთვის ბევრად ნაკლებ ფასში არის ხელმისაწვდომი. თუმცა, მეორე მხრივ, მწარმოებლები ქმნიან ბაზარს, რომელშიც  უნდა იყვნენ ადამიანები, რომელთაც თავიანთი ქონების გაზიარება სურთ და ამავდროულად ისინიც, ვინც ამ რესურსის გამოსაყენებლად  ფულს გადაიხდის. ამ პროცესის დასარეგულირებლად სწორი მარკეტინგი და ოპერაციების ეფექტიანი მართვაა საჭირო. მიუხედავად ბევრი შეღავათისა, შესაძლოა ეს გზა ბევრად სარისკო და რთული იყოს, ვიდრე ტრადიციული ბიზნესმოდელი. გაზიარების ეკონომიკას საზოგადოებისთვისაც ბევრი დადებითი მხარე აქვს. პირველ რიგში, მომხმარებლებს ნაკლებ ფასში აქვთ წვდომა სხვადასხვა რესურსზე. გამოუყენებელი აქტივების მფლობელებს ქონების მონეტარიზაციის საშუალება ეძლევათ, მოცემულ აქტივებს კი ენიჭებათ დანიშნულება, რაც ზოგადად რესურსების რაციონალურ ალოკაციას უზრუნველყოფს.

სწორედ ამ მომხიბვლელობის გამო გაზიარების ეკონომიკა მომავლის ბიზნესმოდელად განიხილებოდა. მას ონლაინშოპინგის ინოვაციასაც ადარებდნენ, რომელსაც ხალხი თავდაპირველად ერიდებოდა, რადგან უსაფრთხოების შეგრძნება არ ჰქონდა, მაგრამ მსგავს ვებგვერდებზე რამდენიმე ონლაინშენაძენის შემდეგ მომხმარებლები თავს კომფორტულად გრძნობდნენ.  Airbnb-სა და Uber-საც ანალოგიური გზა აქვთ გამოვლილი. კომპანიების პოპულარობის პიკის დროს კი ადამიანები უკვე განზრახ იძენდნენ მანქანასა და უძრავ ქონებას მსგავს ბიზნესში ჩართვის მიზნით.

დროსთან ერთად გამოიკვეთა პრობლემებიც და გაზიარების ეკონომიკა კამათის საგნად იქცა – რამდენად კარგია ეკონომიკისთვის მოცემულ მოდელში დასაქმებული მოსახლეობა; იცავენ თუ არა კომპანიები საერთაშორისო კანონებს; არის თუ არა მათი მომსახურება უსაფრთხო.

2014 წელს გასაჯაროვდა ინფორმაცია, რომ Airbnb-ზე რეგისტრირებული უძრავი ქონების 72% არღვევდა დარაიონების მუნიციპალურ კანონს. შედეგად, ბერლინსა და პარიზში გაამკაცრეს “ლიცენზიები” ბინის გამქირავებლებისათვის, რაც დიდ დაბრკოლებას ქმნის Aribnb-ის მსგავსი ბიზნესებისთვის. Uber-საც შეექმნა ბევრი პრობლემა მოდელთან დაკავშირებით – ის რამდენჯერმე გააიგივეს ულიცენზიო “ტაქსის” კომპანიასთან, რაც, რა თქმა უნდა, კანონდარღვევაა. შედეგად კომპანია დაიბლოკა გერმანიასა და კანადის რამდენიმე ქალაქში. Uber-ს ბრალს სდებდნენ მძღოლების ექსპლუატაციაშიც, რომლებსაც კომპანია თანამშრომლებად არ აღიარებს და საჭირო რაოდენობით თანხას არ უხდის, არ უფინანსებს დაზღვევასა და სოციალურ უსაფრთხოებას. თანამშრომლების სექსისტური გადარჩევა და მძღოლების მიერ ჩადენილი კრიმინალური ქმედებები, რაც საჯარო სკანდალებში გადაიზარდა, კომპანიაში კულტურის ნაკლებობაზე მიუთითებს.  

კრიმინალთან დაკავშირებული სიახლე ყველაზე მოულოდნელი აღმოჩნდა – Uber-ი ყველაზე ერთგულმა მხარდამჭერმა და ოპტიმისტურმა ბრიტანეთმაც კი “მიატოვა”.

ნეგატიური სიახლეების მიუხედავად, ბევრი ქალაქი და კომპანია კვლავ ოპტიმიზმით უყურებს გაზიარების ეკონომიკას. Avis-მა 2013 წელს ნახევარ მილიარდ დოლარად შეიძინა მანქანის გაზიარების ბიზნესი ZipCar-ი. ბაზარი ისეთი ახალი კონკურენტებით იტვირთება, როგორიცაა, მაგალითად,  Uber-ის მსგავსი Lyft-ი. საით წავა გაზიარების ეკონომიკა, ბუნდოვანია, თუმცა, ფაქტია, – აზრები ორად იყოფა.  

გააზიარე

ავტორის სხვა მასალა