"ვსწავლობ საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტში ბიზნესის ადმინისტრირებას, წარმოების მენეჯმენტის მიმართულებით. ამასთანავე ჩართული ვარ Erasmus+ არაფორმალური განათლების საერთაშორისო პროექტებში".

ვირტუალური რეალობა განათლებაში

ვირტუალური რეალობა განათლებაში

ვირტუალური რეალობა ძირითადად სამხედრო საავიაციო სფეროში და ვიდეოთამაშების მიმართულებით გამოიყენებოდა, მაგრამ იმდენად, რამდენადაც ტექნოლოგიები ჩვენს ყოველდღიურობასა და პროფესიულ საქმიანობაში დღითი დღე ადაპტირდება და გვიუმჯობესებს ცხოვრებას, ვირტუალური რეალობაც არ ჩამორჩება ამ ტენდენციას და ის მრავალ სფეროში ვითარდება, მათ შორის – განათლების მიმართულებით.

თუ აქამდე სკოლაში სხვადასხვა ადგილის შესახებ მხოლოდ გეოგრაფიის სახელმძღვანელოში ამოვიკითხავდით, ან ისტორიულ მოვლენებს მასწავლებლის მიერ გადმოცემულს წარმოვიდგენდით, დღეს მოსწავლეებს ვირტუალური რეალობის (Virtual Reality) წყალობით შესაძლებლობა აქვთ, საკლასო ოთახიდან გაუსვლელად, ამერიკის დამოუკიდებლობისთვის წარმოებული ომის ბრძოლის ველზე ან თეთრ სახლში ექსკურსიაზე ამოყონ თავი.

რაც შეეხება საქართველოს, აქ შესაძლებელია, ვირტუალური რეალობის საშუალებით, წინასწარ მოინახულოთ სხვადასხვა ტურისტული ლოკაცია. ქართული კომპანია VRex-ი ქმნის ამ ვირტუალური რეალობის აპლიკაციას ტურიზმის განვითარებით დაინტერესებული ნებისმიერი დამკვეთისათვის. აპლიკაციის საშუალებით, რომელიც სხვადასხვა მოწყობილობაში ინტეგრირდება, თქვენ შესაძლებლობა გექნებათ, თავგადასავლებისა და შეგრძნებების დონეზე გამოსცადოთ, თუ რას გპირდებათ კონკრეტული ადგილი თუ ტური საქართველოს გარშემო და ამის შემდეგ მარტივად გააკეთოთ არჩევანი. კომპანია თანამშრომლობს სასტუმროებთან, ასევე ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან და მათ მიერ შექმნილი პროდუქციით საქართველოს ვირტუალური რეალობა საერთაშორისო გამოფენებზე წარდგება. VRex-ი, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობასთან ერთად, ასევე მუშაობს საქართველოს ატლასზე და სულ მალე შესაძლებელი იქნება წიგნში ამოკითხული კონკრეტული ადგილები VR-ისა და AR-ის (Augmented Reality) მეშვეობით დაათვალიეროთ.

საქართველოში საგანმანათლებლო მიმართულებით პირველი ვირტუალური რეალობის ლაბორატორია – VRLab Iliauni – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში შეიქმნა. ლაბორატორია სტუდენტებისა და პროფესორების მიერ სასწავლო და კვლევითი მიზნებისთვის გამოიყენება ეს შეიძლება იყოს ვირტუალურად დაპროექტება და დიზაინი, სიმულაციებისა და პროტოტიპების შექმნა, სწავლების ვიზუალიზაცია და ასე შემდეგ.

რა თქმა უნდა, დღეისათვის მსოფლიოში ვირტუალური რეალობის გამოყენებით სწავლება მრავალი სასწავლო დაწესებულებისთვის ჯერ კიდევ არ არის ხელმისაწვდომი და Oculus Rift-ით ან HTC Vive-ით სკოლების დაკომპლექტება შეიძლება არცთუ ისე იაფი ინვესტიცია იყოს, თუმცა საცდელ ვირტუალურ გაკვეთილებში მონაწილეთა შეფასებები იმდენად დადებითია, რომ სამომავლოდ შეიძლება ვირტუალური რეალობის სასწავლო პროცესში მნიშვნელოვანი ადგილის დაკავება ვიწინასწარმეტყველოთ. ამასობაში კი გარკვეული სკოლები ამერიკასა და ევროპაში საკმაოდ აქტიურად ცდილობენ ამ მიმართულების განვითარებას. აღსანიშნავია ისიც, რომ ზოგიერთი გზით არცთუ ისე ძვირია ვირტუალური რეალობისთვის „გემოს გაგება” გაკვეთილის პროცესში. სოციალური მეცნიერებების მასწავლებელმა მე-7 კლასის მოსწავლეები პირველი მსოფლიო ომის სანგრებში ამოგზაურა მხოლოდ $15 ღირებულების Google Cardboard V2-ისა და უფასო აპლიკაცია Trench Experience VR-ის დახმარებით. ზოგ სკოლაში კი ეს მეთოდი უკვე სასწავლო პროცესშია დანერგილი. აშშ-ში Arlington Science Focus School-ი მოსწავლეებს ვირტუალურ ექსკურსიებს Oculus Rift-ის საშუალებით სთავაზობს. ხომ წარმოგიდგენიათ, რა მარტივია ინფორმაციის აღქმა და დამახსოვრება ბავშვებისთვის, როდესაც ამ “რეალობის” ნაწილი თვითონ ხდებიან.

თუ საშუალო სკოლიდან განათლების კონკრეტულ მიმართულებებში გადავინაცვლებთ, აქ კიდევ უფრო საინტერესო მიღწევებს შევხვდებით. Case Western Reserve University-სა და Cleveland Clinic-ს აქვს HoloAnatomy-ის კურსი, რომლის საშუალებით ანატომიის შესწავლა ვირტუალურ გარემოში ხდება. შესაძლებელია სამ განზომილებაში სისხლის მიმოქცევის, გულის ფუნქციონირების, ნერვულ და კუნთოვან სისტემაზე დაკვირვება და ვირტუალურად ქვიზის დაწერაც. ეს კი მისი შესაძლებლობების მხოლოდ არასრული ჩამონათვალია. ჩეხეთში მდებარე Mendel Grammar School-ი Oculus Rift-ს იყენებს თვალის ანატომიის შესწავლისას. გარდა ამისა, VR Society-ის მიხედვით, ასტრონომიის სტუდენტებს შეუძლიათ მზის სისტემაში გადააადგილონ პლანეტები მათ ოკულუსში წარმოდგენილ სამგანზომილებიან გარემოში, ვარსკვლავებს დააკვირდნენ და კომეტის კვალს გაჰყვნენ. კიდევ ერთი დადებითი თვისება, რაც VR-სა და AR-ს ახასიათებს, არის შინაარსის მიღების კონტროლი, დაპაუზების, გამოტოვების ან გადახვევის შესაძლებლობა, რითაც საბოლოო ჯამში სწავლის პროცესი მაქსიმალურად მოსწავლეზეა მორგებული. VR და AR საკმაოდ ეფექტიანი საშუალებაა იმისათვის, რომ სასწავლო პროცესი სახალისო გახდეს ბავშვებისთვის და მათი ყურადღება უფრო მარტივად მიიპყროს საგანმა.

VR და AR დღეს საკმაოდ სწრაფად ვითარდება და მომავალში კიდევ უფრო ფართო გამოყენებას გვპირდება. ამას ასევე მოწმობს გაზრდილი შემოსავლებიც. კომპანია Digi-Capital-ის ანალიზის მიხედვით, 2016 წელს VR-მა და AR-მა $3.9 მილიარდი შეადგინა. International Data Corporation-ი კი ვარაუდობს, რომ VR/AR პროდუქციისა და მომსახურების გლობალური დანახარჯები 2021 წლისთვის $215 მილიარდი იქნება, შედეგად წლიური ზრდის ტემპი 100%-ს გადააჭარბებს. წამყვანი დეველოპერები მუდმივად მუშაობენ ახალი მიმართულებების დახვეწასა და განვითარებაზე, რის საფუძველზეც მომავალში მისი კიდევ უფრო ფართო მასშტაბებით დანერგვა შეგვიძლია ვივარაუდოთ.

გააზიარე