"ვსწავლობ საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტში ბიზნესის ადმინისტრირებას, წარმოების მენეჯმენტის მიმართულებით. ამასთანავე ჩართული ვარ Erasmus+ არაფორმალური განათლების საერთაშორისო პროექტებში".

ჭკვიანი ქალაქები

ჭკვიანი ქალაქები

თითოეული ჩვენგანი ყოველდღე ვიყენებთ უამრავი სახის მობილურ აპლიკაციას, რომელიც წამებში უზრუნველყოფს ინფორმაციის მოძიებას, გზის გაკვლევას, ერთმანეთში კომუნიკაციას, გართობას და უამრავ სხვა ფუნქციას. ახლა წარმოიდგინეთ როგორი იქნება ჩვენ თვითონ ვცხოვრობდეთ ერთ დიდ აპლიკაციაში, სადაც ყველაფერი საათივით არის აწყობილი, წინასწარ ვიცოდეთ სად არის საცობი, ზუსტად სად გველოდება თავისუფალი ადგილი პარკინგისთვის, დღეში რა ენერგიას ვზოგავთ და ასე შემდეგ. 

დაახლოებით ამას გულისხმობს Smart City კონცეფცია, რომელზეც მინდა მოგიყვეთ. მისი მრავალი განმარტებიდან შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ეს არის მონაცემთა ანალიზის, სმარტ ტექნოლოგიებისა და კომუნკიკაციის მეშვეობით გამარტივებული ცხოვრება, სადაც მაქსიმალურად უნდა ხდებოდეს ენერგიის დაზოგვა, დიდი მასების შეფერხების გარეშე გადააადგილება, ჰაერის დაბინძურების შემცირება და ჯანმრთელობისა და საჯარო სერვისების გაუმჯობესება. ასეთ მომავლის ქალაქში, შენობებიდან დაწყებული სამედიცინო მომსახურებით დამთავრებული ყველაფერში სმარტ აპლიკაციები და ტექნოლოგიებია ჩართული. 

მსოფლიოს მრავალ ქალაქში უკვე დაიწყო ამ მიმართულებით სხვადასხვა პროექტების განხორციელება და ნელ-ნელა სმარტ ქალაქებად გადაქცევა. ალბათ არ გაგიკვირდებათ თუ გეტყვით, რომ მათ შორის ერთ-ერთი მოწინავეა სინგაპური, რომელსაც ჭკვიან ერსაც (Smart Nation) კი უწოდებენ. მათი სიჭკვიანე იმაში მოიაზრება, რომ აქ ხალხი, ბიზნესები და მთავრობა თანამშრომლობენ ინოვაციური პროექტების განსახორციელებლად, როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში. სინგაპურში, სადაც მობილური ტელეფონი უფრო მეტია ვიდრე ადამიანი, მთავრობის წარმომადგენლები მიზნად ისახავენ მსოფლიოში ყველაზე სწრაფნი იყვნენ კავშირგაბმულობის ფართოზოლური ქსელით და მობილური კავშირით. კონკრეტულ პროქტებამდე კი უმარავ რესურსს დებენ, მათ კვლევასა და განვითარებაზე გამოიყო $ 19 მილიარდი ხუთ წლიანი გეგმის შესასრულებლად (RIE2020). გარდა ამისა, გამოყოფილია სპეციალური უბნები, სადაც უამრავი პროტოტიპის განვითარება და საპილოტო პროექტების დატესტვა მიმდინარეობს. სინგაპურში, სადაც ტერიტორიის 12% უკავია გზებს, დღითი-დღე მატულობს მოსახლეობა, რომელიც 40%-ით გაიზარდა 2000 წლიდან მოყოლებული, მნიშვნელოვანია მასების ეფექტურად და სწრაფად გადაადგილებაზე ზრუნვა. აქ უკვე ამოწმებენ თვითმართვად ავტომობილებს, რომელიც სამომავლოდ გადაადგილების ერთ-ერთი ალტერნატივა იქნება და მის დაჯავშნას მომხმარებელი მარტივად, სმატფონის საშუალებით შეძლებს. იგეგმება რომ თვითმართვადი ავტობუსებიც შეასრულებენ ფიქსირებულ, დაგეგმილ მარშრუტებს. სწორედ გადაჭარბებული მანქანების რაოდენობასთან საბრძოლველად მთავრობამ გამოყო 28 მილიარდი სინგაპურული დოლარი (21 მილიარდი აშშ დოლარი) ახალი სარკინიგზო ინფრასტრუქტურის და საზოგადო ტრანპორტის განსავითარებლად. ასევე, 2018 წლის თებერვლიდან მოყოლებული ავტომობილების და მოტოციკლების წლიური ზრდა 0%-ს გაუტოლდება. გარდა ამისა, მიმდინარეობს მუშაობა თვითმართვადი ავტომობილების გამოყენებაზე, რომელთა ფუნქცია იქნება ქუჩაში დამოუკიდებლად ნარჩენების შეგროვება და გზების დასუფთავება. დღეს სინგაპურის სხვადასხვა სექტორში განლაგებულია ათიათასობით სენსორი, რომლებიც აგროვებენ ინფორმაციას, პარალელურად ხდება მისი დამუშავება და უკან ხალხისთვის დაბრუნება, შედეგად კი იძლევა სხვადასხვა პრობლემა ყოველდღიურ ცხოვრებაში. მაგალითად, ანონიმური ინფორმაცია რომელიც გროვდება მოსახლეობის სამგზავრო ბარათებიდან, შესაძლებლობას იძლევა ავტომატურ რეჟიმში აპლიკაციით მგზავრმა გააკონტროლოს რომელი ავტობუსია ყველაზე დატვირთული და თავიდან აირიდოს ლოდინის დრო, სხვა მარშრუტის არჩევით ან მისი შეცვლით. Smart Nation and Digital Government Office-ის ცნობით ამ მეთოდმა ავტობუსებში ხალხმრავლობის პრობლემა 92%-ით და ლოდინის დრო 3-7 წთამდე შეამცირა. 

ქალაქებში საცობებისა და მოძრაობის გარდა ასევე დიდი როლი აქვს სმარტ შენობებს, რომლებიც არანაკლბ ენერგიას მოიხმარენ, იქნება ეს ბიზნეს თუ საცხოვრებელი უბნები. სმარტ შენობის ერთ-ერთი შესანიშნავი მაგალითი – The Edge მდებარეობს ამსტერდამში. დამეთანხმებით, რომ რამდენიმე ათასი ადამიანის ფუნქციონირება ერთ ბიზნეს ცენტრში დიდი რაოდენობით ენერგიის გახარჯვას და მოწყობილობების მართვას მოითხოვს. მაგრამ საბედნიეროდ დღეს ვცდილობთ ყველაფერი გავამარტივოთ და აქაც ინტერნეტს, ტექნოლოგიებს და სენსორებს მივმართავთ დასახმარებლად. დაახლოებით 32000 სენსორის მეშვეობით, The Edge-შო იგებენ კონკრეტული ოთახების მოხმარების სიხშირეს და დატვირთულობას, ინფორმაცია გადაიცემა ავტომატურად და ამის მიხედვით მოქმედებს დამლაგებელთა ჯგუფი. ასევე, კვლავ სენსორები ხალხის რაოდენობის მიხედვით არეგულირებენ ჰაერის გაჯანსაღებას და გასუფთავებას, შენობის მენეჯერს აწვდიან ინფორმაციას თავისუფალი ადგილების/ოთახების რაოდენობაზე დღის განმავლობაში და მათ მიერ დაზოგილ ან გახარჯულ ენერგიაზე. 

ამ ყველაფერს თავისი გეგმებით რაღა თქმა უნდა დუბაიც არ ჩამოუვარდება, სადაც მიზნად ისახავენ ეკონომიკის, ცხოვრების, მენეჯმენტის, ინფრასტრუქტურის, გადაადგილების და გარემოს კიდევ უფრო განვითარებას და გამარტივებას. ავტომობილების რაოდენობა აქაც პრობლემად რჩება, რადგან RTA-ის მონაცემებით 2006-2014 წლებში მათი რაოდენობა გაორმაგდა (1.4 მილიონი). დუბაის 2018 წლის Smart Dubai ინიციატივის საფუძველზე ყველგან მონტაჟდება “ჭკვიანი” მრიცხველები, რომელიც მობილური აპლიკაციის დაკავშირებით ზუსტად მოგაწვდის ინფორმაციას კომუნალურ დანახარჯებზე და შეამცირებს დანაკარგს. დუბაი ასევე იყენებს სმარტ ტელემედიცინას, რის მეშვეობითაც დისტანციურად ხდება რიგი სამედიცინო კონსულაციების გაწევა.

საბედნიეროდ, ეს ინოვაციური პროექტების და მომავლის ქალაქების ძალიან მცირე ჩამონათვალი იყო და ამასთან დაკავშირებით მსოფლიოს გარშემო განხორციელებული პროექტები კიდევ უფრო მრავალფეროვანია. გაეროს ვარაუდით 2030 წელს მსოფლიოს მოსახლეობის 2/3 ქალაქში იცხოვრებს, ხოლო, IHS Technology-ის თანახმად კი 2025 წლისათვის მსოფლიოს მასშტაბით დაახლოებით 88 სმარტ ქალაქი იარსებებს. ეს რამდენად საკმარისი რიცხვია მოსალოდნელი მზარდი ურბანიზაციის ფონზე რთული სათქმელია, თუმცა ფაქტი ერთია, მსოფლიოს მრავალი ქალაქი ამ ზრდას Smart City პროექტებით აღჭურვილი ხვდება.

გააზიარე