"ვარ თავისუფალი უნივერსიტეტის მართვისა და საზოგადოებრივი მეცნიერების სკოლის სტუდენტი".

კოსმოსში! სახლიდან გაუსვლელად

კოსმოსში! სახლიდან გაუსვლელად

კოსმოსში მოგზაურობა იმ ჯადოსნურ თავგადასავალთან ასოცირდება, რომელიც მხოლოდ ოცნებებში არსებობს. ამ ოცნების ასრულება კი მხოლოდ რჩეულთა ხვედრია… დანარჩენებს ცაში ყურება და ჩამოვარდნილ ვარსკვლავზე სანუკვარი ოცნების ასრულების ჩაფიქრებაღა დაგვრჩენია.

როგორც ერთ-ერთი გაცვეთილი ფრაზა გვახსენებს: სამყაროში სასწაულები ხდება და სწორედ ერთ-ერთ ასეთ სასწაულს National Geographic გვთავაზობს, რომელმაც შეძლო და ჩვენი ბავშვური ოცნება რეალობად აქცია. მან McCann-სა და ნიუ-იორკის “Tomorrow Lab”-ის  დამხარებით “One Strange Rock” შოუსათვის Space Projection Helmet (კოსმოსის პროექციის შემქმნელი ჩაფხუტი) შექმნა.

National Geographic-მა ჩაფხუტი პირველად 2018 წლის 14 მარტს ექსპერიმენტულ ჩვენებაზე წარადგინა, რომელსაც NASA-ს ასტრონავტებიც ესწრებოდნენ. მან შოუს მონაწილეებს “კოსმოსში მოგზაურობის” დაუვიწყარი გამოცდილება  შესთავაზა. ამის განხორციელება კი იმ ვიდეო ჩვენებით შეძლო, რომელიც კოსმონავტების მიერ დანახული დედამიწის გამოსახულების სიმულაციას ახდენდა. ეს კი ნიშნავს იმას, რომ ჩაფხუტი მომხმარებელს შესაძლებლობას აძლევს დაინახოს დედამიწა უზარმაზარი სიმაღლიდან, დაინახოს ისე, როგორც ამას კოსმოსში მოგზაურები ხედავენ.

ერთი შეხედვით, კოსმოსური სიმულაციის შემქმნელი ჩაფხუტი ვირტუალური-რეალობის (VR) მოწყობილობის მსგავსია, რადგან იგი ჩვენ გარშემო არსებული სამყაროს პერსპექტივის ჩანაცვლებას ახდენს ვირტუალური რეალობით. თუმცა ჩაფხუტი, VR მოწყობილობისგან განსხვავებით, უფრო სიღრმისეულ და ფართო პროექციას გვთავაზობს. იგი ვიდეო-სიმულაციას რეალურ შეგრძნებებთან მაქსიმალურად მიახლოებულს ხდის. ამის ერთ-ერთი მიზეზი კი ჩაფხუტის შიგნით თავის თავისუფლად ტრიალის შესაძლებლობა შეიძლება იყოს, რაც მომხმარებელს “კოსმოსური სივრცის” უფრო ფართოდ დანახვაში ეხმარება.

საინტერესოა, რომ ვიდეოჩვენება ინდივიდუალურად, თითოეულ ჩაფხუტში ჩაშენებული media player-ისა და 720p ლაზერის პროექტორის დახმარებით ხდება. უფრო ნათლად რომ წარმოიდგინოთ ეს მოწყობილობა, გეტყვით, რომ ის IMAX-ის ეკრანის მქონე პერსონალური მინი კინოთეატრის მსგავსია. ჩაფხუტის ზედაპირი გადამცემის როლსაც ითავსებს  და ამ თვისების წყალობით, ყველასათვის შესაძლებელი ხდება იმის დანახვა, რასაც მომხმარებელი ჩაფხუტის შიგნით ხედავს. შეგრძნებათა რეალობასთან დაახლოებაში ვიზუალურთან ერთად მნიშვნელოვან როლს ხმოვანი ეფექტებიც თამაშობენ. მათი გადაცემა კი ჩაფხუტში ჩაშენებული დინამიკებით ხდება.

ჩვენების შემდეგ NASA-ს ასტრონავტებმა ამ ახალი მოწყობილობის შეფასება გააკეთეს-ერთმანეთს შეადარეს საკუთარი ვირტუალური და რეალური გამოცდილებები. ერთ-ერთი კოსმონავტის, მაიკ მასიმინოს თქმით (რომელიც ორჯერ-2002 და 2009 წელს გავიდა კოსმოსში), ჩაფხუტი რეალურად ასახავს იმ გამოსახულებას, რომელსაც კოსმოსში ხედავ. მისი მოხმარების დროს ისეთივე შეგრძნებები გეუფლება, როგორიც კოსმოსში რეალურად ფრენისას…

შესაბამისად, შეიძლება ითქვას, რომ National Geographic-მა მიაღწია საკუთარ მიზანს და შექმნა რეალობასთან იდეალურად მიახლოებული სიმულაციური მოწყობილობა, რომელიც მომხმარებელს “დედამიწიდან წყვეტს და უსასრულო სივრცეში გადაისვრის”… National Geographic-ის ჩაფხუტი თითოეულ ადამიანს სულ რაღაც რამდენიმე წუთის განმავლობაში იმ დაუვიწყარი შთაბეჭდილებების შექმნას სთავაზობს, რომელიც მას მთელი ცხოვრების განმავლობაში ერთ-ერთ საუკეთესო მოგონებად გაჰყვება.

National Geographic-ის მიერ გაკეთებული განცხადების თანახმად, იგი გაზაფხულზე ამერიკის ზოგიერთ სკოლასა და პლანეტარიუმში Space Projection Helmet-ის შეტანას გეგმავს. ეს კი გარე დამკვირვებლისათვის კოსმოსს უფრო “ხელშესახებს” გახდის.  

ინოვაციურმა ტექნოლოგიებმა შეუძლებელი შეძლო და ჩვენი არარეალური ოცნებები რეალობად აქცია. ჩვენ კი მხოლოდ ისღა დაგვრჩენია, გაფაციცებით ვუცქიროთ მიმდინარე მოვლენებს და ვივარაუდოთ, რომელ ოცნებას უწერია ახდენა შემდეგში…

გააზიარე