@AVE TWITTER!

თანამედროვე მსოფლიოში ციფრული კომუნიკაციები და, მათთან ერთად ციფრული დიპლომატიაც, ძალიან მაღალი ტემპებით ვითარდება. კომუნიკაციის საშუალებები მრავლდება, იხვეწება, პოპულარულიც ხდება, სავალდებულოც, ცალკეულ ქვეყნებში კი სახიფათოც. ადრე თუ მხოლოდ საიდუმლო შიკრიკი რისკავდა და დანიშნულების ადგილამდე წერილის მიტანა წერილის წაღებად შეიძლებოდა დასჯდომოდა, ახლა დაგეცემა ერთ მშვენიერ დღეს როსკომნადზორი და ფაფუ TELEGRAM-ი! რა უნდა ქნა მერე? ან ქაღალდის წეროები უნდა გააფრინო, თუ რუსეთში ხარ, ან ფულის ბანკნოტებზე უნდა წერო - მაგ. მეც ვმონაწილეობ გადატრიალებაში - თუ აღმოსავლეთში ხარ. არადა ამ დროს, დალოცვილ დასავლეთში, ყველაფერს, აი სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით ყველაფერს, გაიგებ ინტერნეტიდან.  

წლების წინ, როდესაც ძალიან ჩამითრია ფეისბუკმა, პოსტებმა და ლაიკებმა, ქუჩაში მეგობარი შემხვდა. თბილი სალმისა და მოკითხვის, ფბ-პოსტებსა და ბლოგებზე აზრთა ურთიერთგაცვლის შემდეგ მითხრა, ისე, რომ იცოდე, შენი პროფესიისა და სტატუსის კაცმა (ოჰ, ეს სტატუსი) ტვიტერი აუცილებლად უნდა გახსნაო. მართლა, გამოგადგება, მთელი ევროპელი ბიგ ბოსები და ქუულ ტიპები მანდ წერენ ნიუსებს და მოსაზრებებსო. ეს ისე კი არ უთქვამს, დააგდე ერთი ტვიტერ-ექაუნთიც, შენი რა მიდისო. არა, საქმიანად, მეგობრულად და პროფესიულად მირჩია, კარგ ტონადაც ითვლება და საქმეშიც გამოგადგებაო.

მე, რა თქმა უნდა, დავრჩი ფეისბუკში. მას მერე, იმ სტატუსში!!! ბოლო ფბ-სტატუსიც დავწერე, მერე კიდევ ბევრიც დავწერე (ვაღიარებ, რაღაც ამბავში გადავამლაშე კიდეც, ერთი პერიოდი ჩვეულებრივ ედიქთადაც კი ვიქეცი), მაგრამ მეგობრის რჩევას ყური ვუგდე და ტვიტერიც გავხსენი. ოღონდ, თავიდან მართლაც, „იყოს მაინც აქ“ ამბავში გავხსენი.

ჩემი პროფესიიდან და დღევანდელი საქმიანობიდან გამომდინარე, რომლითაც, აქვე მინდა გითხრათ, ძალიან კმაყოფილი და დამუხტული გახლავართ, ტვიტერი ჩემს მთავარ მოკავშირედ სწრაფად და მყარად ჩამოყალიბდა. განა ფეისბუკს ვაკნინებ, გაეროს 193 წევრი სახელმწიფოდან 175-ის მთავრობებს ფეისბუკ- ანგარიშებიც აქვთ და ლაიკებზეც კარგად ნადირობენ, მაგრამ მე პირადად, ავიადარტყმების გამოცხადებით დაწყებული, უმაღლესი დონის სამიტებით დასრულებული, ვინ სად ჩავიდა, ვის რა დიპლომატიური „იაღლიში“ მოუვიდა (ასეა, გგონია კაცს, იცი უცხო ენა, გინდა ასიამოვნო მასპინძელს მწვანე და კენგუროვანი სამყაროდან და მის თანამეცხედრეს კომპლიმენტად სტუმართმოყვარის მაგივრად ტკბილიაო ეძახი),  ვის პრემიერს უფრო მაგარი წინდები აცვია, რომელი ინტერნეტთამაშია (Fortnite-ს - ჩემი ტკივილი - 45 მილიონი მომხმარებელი ჰყავს, მათ შორის ამერიკული ფეხბურთის ვარსკვლავები და ჩემი შვილი და მისი მეგობრები) ყველაზე პოპულარული, რატომ უნდა ვიყიდოთ ან არ ვიყიდოთ კრიპტოვალუტა - ყველაფერ ამაზე და უამრავ კიდევ სხვა რამეზე ინფორმაციას ძირითადად ტვიტერიდან ვიღებ. სხვათა შორის, ჩემი მეგობარი და კოლეგა ქართველი დიპლომატების სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მათი გააქტიურებაც ტვიტერზე თვალში საცემია და ეფექტიანი. 

უნდა ვაღიაროთ, რომ ტვიტერის ზეპოპულარიზაციაში მაინც ყველაზე დიდი წვლილი აშშ-ის ამჟამინდელ პრეზიდენტს მიუძღვის. ჩაფიქრებული არა აქვს და ამბავი ტვიტერზეა. ბომბა ნაგლეჯი არა აქვს და ტვიტერზეა. პირველი დიპლომატი ჰაერში მოხსნაო, ადრე მეგონა, მარტო ჩემს ქვეყანაში ხდებოდა, თურმე სად ხარ, ადევნე თვალი ტვიტერს. ახლის დანიშვნის ინაუგურაცია და მილოცვაა და ესეც ტვიტერზეა. ვუერთდებით ჩვენც, ზოგი ოფიცილურზე და ზოგიც პირადში. ცოტა ხნის წინ ასეთი ექაუნტიც კი შემხვდა მე, სტაჟიან დიპლომატს @twiplomacy. გავხდი ეგრევე მისი ფოლოუერი. @DigitalDiplomacy -შიც ბევრ საინტერესოს აღმოაჩენთ. ისე, რა გასაკვირია, რომ შემხვდებოდა, საერთაშორისო ურთიერთობების უმნიშვნელოვანესი და უახლესი გზავნილები ყოველწამიერად ტვიტერზე იდება, ბრეიკინგ-ნიუსები, მოლაპარაკებები, ტარიფები - ყველაფერი. სანქციების ამბებიც, დაწყებაც და გადადებაც, პირველად ტვიტერში გვეგებება და მერე არიან ზეხეროვები ოფიციალურ პასუხებზე თავის ტკივილში. ისე მათაც არ უნდათ, რომ ფერხულს ჩამორჩნენ, ფეისბუკზეც დაასველებენ ხოლმე ერთ-ორ სიტყვას, მაგრამ ბატონ დონალდს მაინც ვერავინ ეწევა. თან, ამათ კომპლექსი აქვთ: რომ მიბაძონ და ვერ გაუგონ? ძერჟავაა, ძმაო, რა აქვს მისაბაძი. აქვე ვიტყვი, რომ რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლაშიც ტვიტერი მოწინავე საშუალებებს შორისაა.

სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ მარტო ოკუპანტების თავის ტკივილი არაა @ნამდვილიტრამპი-ს ტვიტები. თვითონ ვაშინგტონური ისტებლიშმენტიც გვარიანად ღელავს. გამოურთეთ ამ კაცს ტვიტერი, ანგლობენ სი-ენ-ენზე ერთნი; ასე დიპლომატია და საქმეები არ კეთდება, განიცდიან გულწრფელად მეორენი, ძველი პროფები, ნამდვილები და მაგრები. მესმის მათიც. დიპლომატია ხომ ხელოვნებაა, მაგრამ პოლიტიკამ და ძალაუფლებამ ხელოვნება და დანდობა არ იცის; მით უმეტეს თანამედროვე ციფრულ სამყაროში. გახსოვთ ალბათ: არცთუ ისე დიდი ხნის წინ ოფიციალური და არაოფიციალური ელექტრონული ფოსტით მიმოწერებში აღრევა აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატს, მსოფლიოს ყველაზე ძლიერი სახელმწიფოს ყოფილ პირველ დიპლომატს, ძალიან სახელოვანსა და პოლიტიკურ ამბებში გამოცდილს, მისი ცხოვრების მთავარ გამარჯვებად დაუჯდა. აი ტვიტერი კი მიდიის, ლიწინ-ლიწინით. ავე ტვიტერ! 

პ.ს. ისე, სიტყვა ტვიტერის დაწერის დრო რომ მოვიდა, რამდენჯერმე დავბეჭდე და წავშალე - ტვიტერი თუ თუითერი, ცუკერბერგი თუ ზაქერბერგის გამოთქმის არ იყოს. ნუ, მთავარია, რომ არა ტვიწერ და იყოს ჩვენებურად როგორც ვამბობთ. ნახეთ ტვიტერი!

პატივისცემით,

@AlPetriashvili

ტვიტერი ციფრული კომუნიკაციები სოციალური მედია

წინა სტატია

მოძრაობები უბირთვოდ
30 აპრილი, 2018

შემდეგი სტატია

ფეისბუკი მაჭანკლობას იწყებს
08 მაისი, 2018
ყველაზე მსხვილი მიკროსაფინანსო ორგანიზაციები
რეიტინგი | ივლ, 16, 2018
მეორედ მოსვლა მეორედ წასვლისთვის
ფორბს-მოსაზრება | ივლ, 11, 2018
ევროკავშირში თითქმის ორჯერ მეტი პროდუქცია გაგვაქვს, ვიდრე რუსეთში
საქართველო | ივლ, 19, 2018
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა