Tesla კოტრდება?

Tesla კოტრდება?

ადამიანი, რომელიც მარსის კოლონიზაციაზე საუბრობს და არამარტო საუბრობს. ადამიანი, რომელიც ბავშვობიდანვე “გიჟური” იდეებით იყო აღსავსე. (აბა, სხვას ვის შეიძლება, სიცოცხლის სხვა პლანეტაზე დასრულების სურვილი გაუჩნდეს?!) ილონ მასკი უამრავი ადამიანის იდეალი, ინსპირაცია და მაგალითია. ტყუილად არა, სხვათა შორის. მაგრამ…

როგორია მისი ამჟამინდელი მდგომარეობა? ფინანსური, ცხადია… ვერ ვიტყვით, რომ სახარბიელო.

ამის მიზეზი კომპანია Tesla და ბოლო დროს მის გარშემო განვითარებული მოვლენებია. საქმე ისაა, რომ კომპანიას საკმაოდ დიდი რაოდენობის წინასწარი შეკვეთები აქვს აღებული, რომლებიც დაახლოებით 2019 წელს უკვე მზად უნდა იყოს. ამ დროს კი ილონ მასკი და მისი კოლექტივი, რბილად რომ ვთქვათ, ჩამორჩება სამოქმედო გეგმას, რაც ერთგვარ ფორსმაჟორულ სიტუაციას ქმნის და დამატებით ფინანსურ მხარდაჭერას ითხოვს.

2017 წელი კომპანიამ საკმაოდ დიდი ვალით დაასრულა. ის – არც მეტი, არც ნაკლები – $9.4 მილიარდს შეადგენს და კიდევ უფრო იზრდება. ექსპერტები არ გამორიცხავენ, რომ სიტუაციის მსგავს კონდიციაში დარჩენის პირობებში კომპანიას ფინანსური სახსრები ამოეწუროს და გაკოტრდეს. ასევე არსებობს მონაცემი, რომლის მიხედვითაც კომპანია წუთში $6500 დოლარს ხარჯავს და ხარჯებს შემოსავლებზე სწრაფად ზრდის. ცხადია, ადამიანური რესურსი Tesla-ს საკმაოდ დიდი რაოდენობით სჭირდება, გამომდინარე იქიდან, რომ TeslaModel 3 არ არის ჩვეულებრივი ავტომობილი და მას უამრავი უნიკალური ნაწილი გააჩნია, რომელთა დასამონტაჟებლადაც მანქანა-რობოტი არ გამოდგება.

ეს სიტუაცია ნოყიერ ნიადაგს უქმნის უცხოურ მედიასა და ექსპერტებს იმისათვის, რომ კრიტიკა არ მოაკლონ ანტრეპრენიორს. მიუხედავად იმისა, რომ ის საკუთარ “მძინარა ფოტოს” ტვიტერშიც ტვირთავს და ამით ახდენს დემონსტრიტ-ებას, თუ რამდენს მუშაობს პრობლემების აღმოსაფხვრელად – ეს ფანდი, როგორც ჩანს, დიდად არ ამართლებს.

ის, რომ კრიზისი რეალურია, ამაზე ანტრეპრენიორის ქცევებიც მეტყველებს. ილონ მასკის ღელვას სწორედ საკუთარი ტვიტები, გზავნილები მედიისთვის და Tesla-ს აქციებით მანიპულირება ააშკარავებს. პირველი – მისი ტვიტია მომავალ “ტკბილეულის კომპანიაზე”, რომელიც, ილონ მასკის თქმით, “ძალიან წარმატებული იქნება” ეს ალბათ უფრო მეტად ინვესტორებში დადებითი განწყობის შექმნისა და მოლოდინების შეცვლის მცდელობა უფროა, ვიდრე რეალური ბიზნესგეგმა. . მეორე – სულ რამდენიმე დღის წინ მან, საკუთარი ფულით, 10 მილიონი დოლარის ღირებულების Tesla-ს აქციები იყიდა, რაც საზოგადოების ნდობის დაბრუნების პირდაპირი მცდელობაა. მესამე და “საკონტროლო გასროლა” მედიასთან კომენტარი იყო, სადაც სატელეფონო საუბრისას ბიზნესმენმა პირდაპირ განაცხადა, რომ არ სურს კომპანიის ფინანსურ მდგომარეობაზე საუბარი და თუ ვინმეს არ სჯერა კომპანიის მომავალი წარმატების – ურჩია, უბრალოდ არ შეიძინონ აქციები.

აღსანიშნავია, რომ მიუხედავად Tesla-ს ცუდი ფინანსური წლისა, 46 წლის მილიარდერის პირადი ქონება $2.6 მილიარდით გაიზარდა და Forbes-ის მონაცემებით $19.1 მილიარდს შეადგენს, რაც მისი SpaceX-სა და Falcon Heavy-ის ბენეფისს უნდა დავაბრალოთ, სადაც Tesla Model 3-იც მონაწილეობდა (David Bowie-სთან ერთად გავწითლდი).

ვფიქრობ, ზემოჩამოთვლილი მიზეზების მიუხედავად, Paypal-ის დამფუძნებელი საკმაოდ რთული სიტუაციიდან მაინც გამოძვრება, რადგან ის არ არის ჩვეულებრივი ადამიანი, მას არ ეშინია რისკის, ერთი შეხედვით – გაუმართლებელი ნაბიჯების გადადგმის, ბიზნესდოგმების დარღვევის და რაც მთავარია, მას სჯერა იმის, რასაც აკეთებს!

სწორედ ეს წინააღმდეგობა და სიჯიუტე იყო SpaceX-ის წარმატების მთავარი ფორმულა. ალბათ ადამიანი არ დარჩა დედამიწაზე, ვისაც მისიის წარმატებული სტარტის შემდეგ, ილონ მასკის ბედნიერი სახე არა აქვს ნანახი..

იმას გავიმეორებ, რასაც სერიალ Billions-ის ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟი ამბობს, როცა ილონ მასკის პროტოტიპზე საუბრობს: “მე მისი იდეების დიდი გულშემატკივარი ვარ, უბრალოდ არ მომწონს მისი ბიზნესმოდელი”.

სათაურში დასმულ კითხვაზე კი პასუხი ჩემებური მაქვს. კოტრდება Tesla? ამაზე მსჯელობა ჯერ ადრეა, რადგან ილონ მასკს თავისი სიჯიუტე ბოლომდე არ ამოუწურავს. გავწითლდი

გააზიარე

ავტორის სხვა მასალა