"ვარ დიპლომატი, ვაშუქებ საერთაშორისო ურთიერთობებს, ვემსახურები მშვიდობას!"

ოხ ეს პ?????სტები!

ოხ ეს პ?????სტები!

მაგრად მომრავლდნენ. მაგრად მოღონიერდნენ. გაივსო ევროპა. სადაც არ გაიხედავ, ან მთავრობაში არიან, ან პარლამენტში მსუყედ წარმოდგენილი. მერე როგორი მოთხოვნები აქვთ: მხოლოდ ჩვენ (ჩვენ თვითონ-ში არ აგერიოთ), ანუ “Me – First” ანუ მე – უპირველეს ყოვლისა. მოკლედ, შეესივნენ ევროპას. თანაც უბრალოდ პ?????სტები რომ იყვნენ ან თავისთვის ჩუმად და წყნარად  იყვნენ, კიდევ აიტანდა კაცი. აგრესიულები არიან. სხვებს არ აღიარებენ. თუ მისი თანამოაზრე ხარ, ლეგიტიმური ხარ, თუ ოპონენტი და პირიქით, არალეგიტიმური. სადაც ჩვენ ვართ, იქ სხვებს აღარ შემოვუშვებთო. მაგი კი არა, გაგანია მოცარტის სამშობლოში, ყველა “უბედურებასთან” ერთად ასეთი რამის დაკანონებაც კი მოინდომეს, გარედან ვისაც შემოვუშვებთ, რაც ფული აქვთ, ყველაფერს ექსპროპრიაციას ჩავუტარებთო. რა არის მაინც გენები.

აურიეს ხალხს გონება. დაითრიეს ნელ-ნელა მათი გულები, აზრები, ფიქრები. მერე ხმებს მიადგნენ. თან ისე, შეპარვით, ჩუმ-ჩუმად. რომ იცოდეთ, არც  2016-ში დაწყებულა ეგ ამბავი და არც საბედისწერო 2008-ში. ამ საუკუნის დასაწყისიდან მოყოლებული აკრიფეს.  მერე როგორ აკრიფეს. ერთი ციფრებს შეხედეთ: 2000-იანებში 8-9%-დან, მეორე ათწლეულის შუა წლებში 24-25%-მდე გაიზარდა მათი არჩეული რაოდენობა, ზოგან 30%-საც კი მიუკაკუნა. თან ყველგან მრავლდებიან. აღარ აქვს მნიშვნელობა, ძირძველს დაირქმევენ, თუ სხვებს ახლებად მონათლავენ. ბალტიის ზღვიდან ეგეოსამდე მანქანით ისე იმგზავრებ, რომ მარტო იმ ქვეყნებში გაივლი, სადაც ეგენი არიან მთავრობაში. თავდაპირველად ცენტრალურსა და აღმოსავლეთ ევროპაში მოიკიდეს ფეხი. მოიკიდეს და თან ისე მაგრად, რომ დღეს უკვე სხვა ჯურის ხალხს დევნიან, ავიწროებენ, ქვეყნიდანაც კი აგდებენ. იქიდან, სადაც ოდესღაც პუშკაში ქუხდა, დღეს ხალხს “პუშკასავით” ისვრიან.  კანონი და სამართალი ჩვენ ვართო და შოპენის სამშობლოშიც ნოტები აერიათ. ასეა, ბატონო – არ მიხედავ, არ შეიმჩნევ დროზე და რომ გგონია, დალხენილ, არხეინ, უფრო სწორად კი ყველაზე რეიტინგულ ბედნიერ სკანდინავიაში ცხოვრობ და საყოველთაოდ აღიარებულ ღირებულებებს არაფერი ემუქრება, ნურას უკაცრავად. ყველგან შეაღწიეს – ფინეთში, ნორვეგიაში, შვედეთსა და დანიაში (დიახ, იმ დანიაში, ცხონებული გიგა ბურდული რომ იძახდა, ქართველობაა ძნელი, თორემ დანიელობას რა უჭირსო. აღარ გავაგრძელებ, საგარეოს ძველებმა იციან, რა მაგარი კაცი იყო პლატონიჩი).

თანაც რომელ ფლანგზეც არ უნდა თამაშობდნენ, განაპირა მარჯვენაზე თუ უკიდურეს მარცხენაზე, ერთმანეთს მაგარს უგებენ, უსიტყვოდ. მთავარია, შუა უნდა გაიკრიფოს (ჰაა, პარალელებს არა ვართ. სხვა რამეზეა აქ საუბარი). კი გაიკრიფნენ და გაილიენ ეს მართლა ცენტრისტები, თუ მემარჯვენე და გინდა მემარცხენე და აგერ უკვე მყარად, საქმიანად, “ხაზეინურად” მოაბიჯებენ ეს პ?????სტები. ფეხით გავიარეთ ნახევარი ევროპაო, დღემდე მღერის ერთი საბჭოელი ლიოვუშკა. მღერის და ესენიც მოდიან. განა მაგათ უმღეროდა, მაგრამ აი, ვინც ეგ სიმღერა დაუკვეთა, იმისვე დაკრულზე რომ ეს პ?????სტები (ყველგან ვერ ვიტყვი, არ ვიქნები მართალი) დღეს ცეკვავენ, მაგის შემხედვარე ვისარიონოვიჩიც და შიკლგრუბერიც ერთმანეთს, გაგებით და ურთიერთპატივისცემით, ულვაშებში უღიმიან. არაფერი შეგეშალოთ. საფლავში კი არ ტრიალებენ, პირიქით, სიამოვნებისგან ფრუტუნებენ. განსაკუთრებით ჩვენი ულვაშა. კარგი კადრი ჰყავს სახლში დატოვებული. მეორე ვერაა ეგრე ყოჩაღად, მარა წელს მაგარი მოიხოდნენ მაგისიანებიც. შეგრიალდნენ რაიხსტაგში და ერთი 90-მდე სული დეპუტატიც დასვეს. ყველასთვის სათაყვანებელი მონ ჟენეღალ’ის ელისეს სასახლეში ვერა, მარა ულვაშას პროტეჟეს პროტეჟიხა ფინალშიც გავიდა და კაი მაგრადაც გვანერვიულა. ნუ არა უშავსო, პარლამენტში ხო კარგად ვართო. ყველას თავისი ყვაილი ჰყავს საკანონმდებლო ორგანოში. 

ამ პ?????სტებმა კონტინენტური ევროპა არ იკმარეს და ნისლიან ალბიონს მიადგნენ. უინსტონ ჩერჩილის ალბიონს, კაცო. კარგ მთქმელს კარგი გამგონე უნდაო. სერ უინსტონმა თავის ისტორიულ “რკინის ფარდა” სპიჩში სულ სხვა რამეზე ილაპარაკა და ამ პ????სტმა იუკიპმა კიდე რა ქნა?  რა ქნა და გააქანა და “გაერთიანებულს მრავალფეროვნებაში” ევროკავშირს პკპკ-ო დაუძახა. მოგზაურობას აგვირგვინებს ჩემი საყვარელი იტალია. არც მეტი, არც ნაკლები, ხუთვარსკვლავიან+ლიგა=მთავრობას. ჯიგრები პირდაპირ ფულიკებს მიადგნენ. პროგრამაში ჩაწერეს, ევროკავშირმა, ბევრ ლაპარაკს ჯობია, 250 მილიარდი ევრო ვალი რომ გვაქვს, მაგის გაქვითვაზე დაიწყოს ფიქრიო.  ჩვენ კიდევ ამასობაში ევროზონიდან გასვლის რეფერენდუმზეც ვიფიქრებთო. რა კარგია, არა?!

მე მგონი, მომწიფდა დრო, რომ ჩვენს ბლოგში ჩვენ თვითონ ავხადოთ ფარდა ამ ევროპელ  პ ო პ უ ლ ი ს ტ ე ბ ს. ჩახედული და ყურადღებიანი მკითხველი თავშივე მიხვდებოდა, ვისზე რეკავდნენ ზარები, მაგრამ ამ ბლოგს, დარწმუნებული ვარ, სხვა თვალიც ნახავს და ალბათ პირველი სტრიქონების წამკითხვარე, გენაცვალე შენაო, იტყვის და კითხვას გააგრძელებს (ან აღარც გააგრძელებს). მერე ცოტას დაიბნევა, სად ულვაშა, სად ეგენიო და ბოლოსკენ კი რომ მიხვდება, თურმე ევროპაში პოპულიზმის აღზევება უფრო გვანერვიულებს, ვიდრე სხვისი ორიენტაცია, იტყვის, რაში ხარჯავს ეს ხალხი დროს, მაგიტომაცაა, რომ გვექცევა თავზე ქვეყანაო.

არც ჩვენ გვექცევა თავზე ქვეყანა და არც ევროპაა მთლად ბოლომდე გაპოპულისტებული. ჯერჯერობით. იმედია, ევროპაც გამოიღვიძებს, მათ შორის საქართველოც და ზომებს მიიღებს, თორემ საქმე იქამდე მივა (არ მისულა თუ რა), ბეთჰოვენის მეცხრე სიმფონიის დასკვნით ნაწილს, კერძოდ “ოდა სიხარულს”, ანუ ევროკავშირის ჰიმნს, ვიწრო წრეში შეკრებილი ადამიანები ჯერ ჩუმ-ჩუმად მოუსმენენ და მერე საერთოდ ვეღარ მოუსმენენ, ღმერთმა არ ქნას და სხვისი ეროვნული გრძნობების შეურაცხყოფად თუ აღიქვა ვინმემ სადმე. აი, წიგნებზე როგორც ხდებოდა ხოლმე და კიდევ რომ შეიძლება მოხდეს, ისე.

და ჩვენთან კიდევ ყველაფერი ცუდად რომ არ დამთავრდეს, პირველ რიგში, უსწრაფესად უნდა აილაგმოს ეს ზიგჰაილ ინ ჯორჯია. სლავა კაპეესესიც ზემოდან არის მისაყოლებელი. მაგათ ორივეს ასი თავით ჯობია თუნდაც ჩვენი გადახდილი და ძვირად ღირებული Check in Georgia. მადლობა ჩვენს ძმებს ლიტველებს, “პრიეჟაიწე გრუზიას” მაგივრად Gaumarjos SAKARTVELAS რომ ოფიციალურად იძახიან.

გააზიარე