"ვსწავლობ საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტში ბიზნესის ადმინისტრირებას, წარმოების მენეჯმენტის მიმართულებით. ამასთანავე ჩართული ვარ Erasmus+ არაფორმალური განათლების საერთაშორისო პროექტებში".

კიდევ ვის სურს დისტანციურად მუშაობა?

კიდევ ვის სურს დისტანციურად მუშაობა?

რა ჯობია, როცა გაღვიძებისთანავე იმზადებ ყავას, კომფორტულად თავსდები შენს საყვარელ სავარძელში და მოიმარჯვებ ლეპტოპს, ან თუნდაც გაეშურები კაფესკენ და იქ იპოვი სამუშაოდ მყუდრო კუთხეს. ან შეგიძლია ესტუმრო მშვიდ საერთო სამუშაო სივრცეს (Co-working space) და იქ მონახო კომფორტული გარემო. არჩევანი, თუ საიდან იმუშავებ, კიდევ უფრო მრავალფეროვანია, ის სრულიად შენზეა დამოკიდებული და ეს სულაც არ ჰგავს ოცნებას. სახლიდან, დისტანციურად მუშაობას ზოგმა შეიძლება ისევ სკეპტიკურად შეხედოს, შუადღემდე ძილს ან ინტერნეტში დროის ფუჭად ხარჯვას დაუკავშიროს, მაგრამ რეალობა სულ სხვაა და დისტანციურად დასაქმებულიც საკმაოდ ბევრია. უფრო მეტიც, ისინი ხშირად უფრო პროდუქტიულებიც კი არიან, ვიდრე ოფისის კედლებში მოქცეული თანამშრომლები.

როგორც აღმოჩნდა, მუშაობის ამგვარი ფორმა საქართველოშიც დღითი დღე უფრო პოპულარული ხდება. ამას ადასტურებს თბილისში Co-working space-ის მომრავლებაც. მაგალითად, Vere Loft-ი, რომელლიც ჩვენთან 2016 წლიდან ფუნქციონირებს,  ერთ-ერთი საყვარელ ადგილად იქცა დისტანციურად დასაქმებულთათვის. თანამედროვე და მშვიდ სამუშაო გარემოსთან ერთად, Vere Loft-ი მომხმარებელს განტვირთვის ზონას, ბარსა და ლაუნჯს სთავაზობს. გაგიკვირდებათ და დისტანციურად მომუშავეთა რაოდენობას სულაც არ განსაზღვრავს მათი საქმიანობის პროფილი – Vere Loft-ის მონაცემები ითვლის დაახლოებით 46 პროფესიას და მიმართულებას, რაზეც მათი co-working სივრცის მომხმარებლები მუშაობენ. აქ ვიზიტორთა საშუალო ასაკი 34 წელია და მომხმარებელთა 28% – უცხოელი, ხოლო მთლიანად, ქართველებთან ერთად დისტანციურად მომუშავეთა უმეტესობა სხვადასხვა ქვეყანაში ონლაინ მუშაობს.მოთხოვნა იმდენად მზარდია, რომ Vere Loft-მა ახლახანს კიდევ უფრო დიდი, მრავალფეროვანი და მოქნილი საერთო სამუშაო სივრცე, ახალი კონცეფცია Terminal-ი შესთავაზა ქართულ ბაზარს.

მსოფლიოში ყოველწლიურად იზრდება დისტანციურად მომუშავეთა და ამ მიდგომის მიმართ დადებითად განწყობილი კომპანიების რაოდენობა. Global Workplace Analytics-ის მიხედვით, 2005 წლის შემდეგ აშშ-ში დისტანციურად მუშაობის მაჩვენებელი 103%-თ გაიზარდა. ევროკავშირის სამუშაო ძალის 15% კი კვირაში მინიმუმ 10 საათს მაინც მუშაობს დისტანციურად. 

იმის გასარკვევად, მართლა ეფექტიანია თუ არა დისტანციურად მუშაობა, სტენფორდის უნივერსიტეტის პროფესორმა, ნიკოლას ბლუმმა საინტერესო კვლევა ჩაატარა შანხაიში არსებულ მოწინავე ტურისტულ კომპანია Ctrip-თან ერთად. მრავალი მსურველიდან შემთხვევით შერჩეული თანამშრომლების ერთი ჯგუფი 9 თვის განმავლობაში მუშაობდა სახლიდან, ხოლო  მეორე ჯგუფი – ოფისიდან. ამის შემდეგ ჯგუფებმა ადგილები გაცვალეს. ექსპერიმენტის შემდეგ:

• სამუშაოს პერფორმანსი 13%-ით გაიზარდა.

• თანამშრომლების წუთებში დათვლილი სამუშაო დრო დღეში 9.2%-ით მეტი აღმოჩნდა, რაც დამოუკიდებლად დროის უკეთ მართვამ და მათთვის მშვიდ, კომფორტულ გარემოში ყოფნამ განაპირობა.  

• სამსახურიდან წასვლის მაჩვენებელი 50%-ით დაეცა.

• კომპანიას დაეზოგა $ 2000 დისტანციურად მომუშავე თითოეულ თანამშრომელზე.

საბოლოოდ, შედეგები იმდენად სახარბიელო აღმოჩნდა, რომ Ctrip-მა მთლიან გუნდს შანსი მისცა აერჩიათ, როგორ სურდათ მუშაობა. 

რა მოტივაცია აქვს კომპანიას, ჰყავდეს დისტანციური თანამშრომლები ან დასაქმებულს, რომ იმუშაოს სახლიდან? 

ამ კითხვაზე რამდენიმე მარტივი პასუხი არსებობს. კომპანიებისთვის მნიშვნელოვანია საოფისე ხარჯების შემცირება, განსაკუთრებით კი დიდ ქალაქებში, სადაც უძრავი ქონების ფასი ტელეფონის ნომერს ემსგავსება. გარდა ამისა, კომპანიებს, რომელთაც აქვთ სპეციფიკური მიმართულება, ხშირად ტექნოლოგიურ სფეროში, უჭირთ  კვალიფიციური სპეციალისტების კონკრეტულ ქალაქში მონახვა. ამიტომ ამჯობინებენ, დისტანციურად დაიქირაონ თანამშრომლები, რომლებსაც ნამდვილად შეუძლიათ წინ წასწიონ მათი კომპანიის საქმიანობა. თავის მხრივ, რა თქმა უნდა, თანამშრომლებიც არანაკლებ სარგებელს იღებენ ამ მდგომარეობით. მათ არ უწევთ ყოველდღე მნიშვნელოვანი დროის გატარება საზოგადოებრივ ტრანსპორტში, საცობში ლოდინი ან საწვავის ხარჯი. მეტიც, თვითონ ირჩევენ სასურველ, მათთვის კომფორტულ “ოფისს” სახლში ან გარეთ, თუნდაც სულ სხვა ქალაქში და ხშირ შემთხვევაში სხვა ქვეყანაშიც. PGI-ის მიერ ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ დისტანციურად მომუშავე ხალხი უფრო ბედნიერად გრძნობს თავს, რადგან 82%-ს შეუმცირდა სტრესის დონე. როგორც ხედავთ, სარგებელი ორივე მხარისთვის საკმაოდ მოგებიანად გამოიყურება. 

ამ ტენდენციის გაზრდის პარალელურად იბადება კომპანიები, რომლებიც ეხმარებიან დისტანციურად მუშაობის მსურველებს და ორგანიზაციებს ერთმანეთის პოვნაში და უწევენ კონსულტაციას სახლიდან მუშაობის ეფექტიანობის გაზრდაში. მაგალითად, ერთ-ერთი წარმატებული ონლაინპლატფორმა remote.com ერთმანეთთან აკავშირებს დისტანციურად მუშაობის მსურველ პროფესიონალებსა და კომპანიებს, რომლებიც მათ ეძებენ. ამ დარგში კიდევ უფრო კრეატიული იდეით შემოვიდა კომპანია Remote Year, რომელიც თავის მონაწილეებს ერთი წლის განმავლობაში მოგზაურობასა და ამავდროულად დისტანციურად მუშაობას სთავაზობს ყოველთვე მსოფლიოს ნებისმიერი 12 სხვადასხვა ქალაქიდან. პროგრამამ მალევე გამოიწვია დაინტერესება და მონაწილეობის მსურველთა რაოდენობაც ყოველწლიურად მატულობს. 

ამ მიმართულებით შესაძლებლობები მრავალფეროვანია, საინტერესო და ეს შეიძლება იყოს გზა, რომლის მეშვეობით მუშაობისას ბევრად ბედნიერად და კომფორტულად იგრძნოთ თავი. ეს არცთუ ურიგო ალტერნატივაა, თუ მაინცდამაინც არ გიყვართ ოფისის ქსეროქსის ხმა, გზაში დაკარგული წუთები ან ყოველ დილით სამსახურში წასასვლელად გამოწყობა.

გააზიარე