რა დროს ფეხბურთია?!

არ ჩამქოლოთ. ფეხბურთი ჩემი ნაწილიცაა. 1978-დან ვუყურებ. კიდევ უფრო ადრიდან ვთამაშობ. მე კი ვარ პენტაკამპეონეს გულშემატკივარი, მაგრამ მამაჩემის მეგობრები, მხოლოდ და მხოლოდ ჩემი აღნაგობისდა გამოისობით, გერდ მიულერს მამსგავსებდნენ. მაგარი კი იყო მართლა ეგეც და კაიზერ ფრანციც, ზიკოც, მფრინავი ჰოლანდიელიც, ტოსტაოც, ფალკაოც და ძმაო ალემაოც. ახლაც სიამოვნებით ვუყურებ  ისტორიულ მომენტებს და მატჩებს. პოლიტიკურად არც ეგ პერიოდი იყო მსოფლიოში იდეალური. ავღანეთი, ბერლინის კედელი, ჩეკ პოინტ ჩარლი, ორი გერმანიის ნაკრები, შპიონური ომები და ბევრი კიდევ სხვა რამ, მაგრამ მაინც ეს იყო ცივი ომის ეპოქა. კიდევ უფრო მეტად ცუდი მოგონებები, ცუდი კადრები და მწარე გამოცდილებები შემორჩენილია 1936 წლის ოლიმპიადიდან, რომელიც ნაცისტური ბატონობის ქვეშ მყოფ გერმანიაში ჩატარდა. იქ რომ ნაცისტების ჟესტიკულაციით პატივს მიაგებდნენ დემოკრატიული სახელმწიფოს ნაკრებები ფაშისტური გერმანიის ჰიმნს და მათი მთავრობები არ იმჩნევდნენ შეშლილ ფანატიკოს მასპინძელს, იქნებ დრო მოვიგოთ, იქნებ გამოვაჩემბერლენოთო, იმიტომაც იყო, რომ 1942 წელს, უკვე გაგანია ომის დროს, არაოფიციალური მსოფლიო თასის გათამაშებაშიც მოუწიათ მონაწილეობის მიღება ნეიტრალებს და ნებსით თუ უნებლიეთ მიმხრობილებს. მოკლედ, ძალიან ცუდ გემოს ტოვებს ამ ყველაფრის გახსენება. კიდევ უფრო ცუდ გემოს ტოვებს საწამლავი პოლონიუმი, უფრო სწორად, ცუდ გემოს ტოვებს, თორემ ცოცხალს არავის ტოვებს. აი “ნოვიჩოკმა” კი, მადლობა ღმერთს, თავისი სახელი გაამართლა. კი არის კარგა ხანია შეიარაღებაზე, მაგრამ ინგლიშ ბრექვესტ ჩაისთან რაღაც ცუდად გაზავდა. ფაქტია, რომ მიზანს ვერ მიაღწიეს. ახალბედამ “ვერ ივარგა”. თან სად? ფეხბურთის სამშობლოში. გაცხარდნენ ბრიტანელები. არ წავალთ ჩემპიონატზეო. გამოეხმაურნენ თანამეგობრობიდან. ვიფიქრე, როგორც იქნა. თურმე, შენც არ მომიკვდე. სამეფო ოჯახი და მთავრობის წევრები იგულისხმებოდნენ.

ბუკინგემის სასახლეს ჩემი პატივისცემა, აი “ბუკ”-ის სარაკეტო სისტემა კი სისხლიანი ასოებით ამოიტვიფრება მსოფლიო ისტორიაში და ამ ლაქას ვერასდროს ჩამოირეცხავს კრემლი. არც არავის ეპარებოდა ეჭვი, მაგრამ ამ დღეებში საერთაშორისო საგამოძიებო კომისიამ დასკვნა დადო, რომ სწორედ რუსულ სამხედრო ნაწილს ეკუთვნოდა ის სიკვდილის მანქანა, რომელმაც მალაიზიური ავიახაზების სამოქალაქო თვითმფრინავი ჩამოაგდო და 298 მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე შეიწირა. მათ შორის შესაძლოა, მომავალი იოჰან კრუიფი ან მარკო ვან ბასტენიც იყო, მაგრამ რუსებს რა ენაღვლებათ. მაგათ რო უსმინო, საწამლავი მაგათი არ იყო, თორე უეჭველი მოკლავდაო; კასეტური ბომბები ქართველებმა თვითონ დაყარესო (აფხაზეთში სუ-25 რო ჩამოაგდეს ჩვენებმა და პაშა გრაჩოვმა, ქართველებმა თვითონ გადაღებესო, აი ისევ იქ არიან), მწვანე კაცუნები უკრაინაში თავიდან არაო, მერე კიო. ეგ “ბუკი” კიდევ ჩვენ რა ვიცით, დონბასში საერთოდ არ ვართ ჩვენო. უტიფრად ხოცავენ ხალხს და თან სადაც შეუძლიათ, ყველა დონეზე “მაზავენ”. თვითონ სიამაყით ხუმრობენ, იმხელა ფული გადაიხადა “გაზპრომის” მილერმა სოჭის ოლიმპიადასა და მსოფლიო ჩემპიონატში, ძიმა ბილანის გამარჯვება ევროვიზიაზე ხურდაში მოჰყვაო.

როგორც 1936 წელს ჩატარდა ოლიმპიადა ფაშისტურ გერმანიაში,  ისე ჩატარდება 2018 წელს ჩემპიონატი ოკუპანტ რუსეთის ფედერაციაში. სამწუხაროდ, გარდუვალია. უბრალოდ, მერე ისევ სანანებელი არ გაუხდეს მსოფლიოს. არ შეიძლება ავტორიტარი ოკუპანტის არც წახალისება და არც თუნდაც სანახევროდ აღიარება. ისტორიამ ბევრჯერ გვიჩვენა, ცუდად მთავრდება.

არ ვამბობ, რომ მე არ ვუყურებ. არ გეგონოთ, რომ ან ჩემპიონატში მონაწილე ფეხბურთელების არ მესმოდეს ან მათი ასეულობით მილიონი გულშემატკივრისა, მაგრამ, ჩემი აზრით, ამ ჩემპიონატს ვიზუალიც სხვა და იქ მოგებასაც სხვა გემო ექნება. დიდი იმედი მაქვს, რომ არა ისეთი, როგორიც მათ მიერ მირთმეულ ჩაის აქვს ხოლმე.

გულს მხოლოდ იმით ვიწყნარებ, რომ ჩემი ქვეყანა არ მონაწილეობს. კიდევ კარგი, რომ ვერ მონაწილეობს. ამაში მაინც გაგვიმართლა (აქ სარკაზმი-სმაილიკი), რაღა მაინცდამაინც ოკუპანტების მოედანზე უნდა მოგვიწიოს მეორე რენესანსმა. არადა, ფული იმხელა იდება, წესით, რენესანსიც უნდა მოგვდიოდეს, დედესიტიც, როკოკოც და ბაროკოც. როგორც არის.

ასე პესიმისტურად ხო არ დავასრულებთ. იუბილე გვაქვს ბოლო-ბოლო. ჩვენებურები მსოფლიოში ყველაზე ძლევამოსილ არმიებსაც მეთაურობდნენ, გამყოფ კედლებსაც ანგრევდნენ და იმპერატორებად ირაცხებოდნენ. კიდევაც დაიზრდებიან...

ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატი რუსეთი კრემლი

წინა სტატია

კიდევ ვის სურს დისტანციურად მუშაობა?
23 მაისი, 2018

შემდეგი სტატია

Revision of Television
29 მაისი, 2018
ისტორიული ალიანსი
კომპანიები | მაი, 21, 2018
სექტორული ალიანსი
ფორბს-მოსაზრება | ივნ, 11, 2018
STARBUCKS საქართველოში შემოდის
ახალი ამბები ქართულად | ივნ, 11, 2018
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა