არ იქნება სამართალი - არ იქნება ნატალი

პირველად რომ გავიგე No justice, No Peace, ვააახ, მეთქი, უეჭველი მარტინ ლუთერ კინგის, ნელსონ მანდელას ან უილიამ უოლასის ნათქვამი იქნება და ეს როგორ არ ვიცოდი ამსიოდენა დიპლომატმა და პოლიტიკურ მარაქაში გარეულმა სთქო. მომეწონა, მოვიძიე, დაილოცოს ინტერნეტი, ჩავიკითხე. წინამორბედი ვერსიები საუკუნეებს ითვლის. ზოგი მღვდლებზე და მეფეებზეა, ზოგი ირლანდიელებზე და ცუგებზე (მაგათ გარეშე აბა როგორ), ზოგი ქალებზე (ვერც უმაგათოდ გამოვა რამე) და ცრემლებზე და ზოგიც გადასახადებზე (აი ნეტავ ეგენი იყოს რაც შეიძლება ნაკლები). ეს გამოთქმა აგერ 2011 წლით არის დათარიღებული და პოლიციელების მიერ გასაღებული ნარკოგამსაღებლის ფანებს ეკუთვნით. მერე ორ დანიელ, მათი სახელების არაფრის მთქმელ ხელოვანებს გამოუყენებიათ გამოფენისთვის, რომელიც დანიის ქალაქ ფრედერიკსბერგში გაუმართავთ (რავარ პოპულარიზაციას ვუკეთებ დანიას, თუ აკვირდებით). დანიის სამეფოში კია მაინც სიმშვიდე, ჩვენ ვიკითხოთ.

კაი ბატონო! გავიგეთ. მერე ჩვენ რა? ჩვენ რა შუაში ვართ? მით უმეტეს, რა შუაშია ნატალი?

დავიწყოთ იმით, რომ ნატალი ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვან, ყველაზე ძლიერ და წარმატებულ ორგანიზაციას - ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს შევარქვი ამ ბლოგწამს (გაგიკვირდებათ და ჩემი შვილებიდან ერთ-ერთს სწორედ ნატალი ჰქვია და ძალიან მეძვირფასება). იყო დრო, როდესაც სულ უფრო აქტუალური ხდებოდა ნატო-სკენ საქართველოს სწრაფვის საკითხი, ერის მამებმა ქართული აკრონიმი არ შეიძლება რომ გამოვიყენოთო? ვცადეთ და  ნატოს მაგივრად ჩახო (ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაცია) შეგვრჩა ხელში. ჰოდა, დარჩა ნატო ნატოდ.

მერე? მერე ის, რომ ნატო მარტო ჯარი, ტანკები, სტელსები და M-4 არაა. ნატო დემოკრატიის სადარაჯოზეა; ნატო-ს წევრ ქვეყნებს სახელმწიფო ინსტიტუტები მართავენ. ხელისუფლებებიდან ერთ-ერთ უმნიშვნელოვანესი კი სასამართლოა. სასამართლო მიუკერძოებელი და ყოველგვარი წნეხისგან თავისუფალი - აი, ეს არის ერთ-ერთი სამარკო ნიშანი ქვეყნის, რომელიც წევრია ან სურს გაწევრება.

ოდენ სასამართლოს ამარაც ვერ დარჩება ნატო-ში წევრობის ასპირაცია. აღმასრულებელი ხელისუფლების საგამოძიებო ორგანოების გამართული და ეფექტიანი მუშაობა მნიშვნელოვანი ელემენტია ხომალდში, რომელიც ნატო-ს, იმავე ნატალის ორბიტაზეა და მის პლანეტაზე დაფუძნებას ლამობს.

ერთ-ერთ შეკრებაზე ნატალისთან, ერთი აზიელი კაცი (კორუფციას რომ აშკარად პირზე კოცნით იცნობდა) საღამოს უხვლუდიანი ფესტის შემდეგ ამბობდა, თან აი ისე, ყველაზე ძვირფას საიდუმლოს რომ გიზიარებენ მოჭუტული ცალი თვალით, ჩვენს ქვეყანაში ყველაზე სახიფათო კაცი გენერალნი ფრაქურორიაო (თან წარმოიდგინეთ, „კავკასიელი ტყვე ქალიდან“ ეტუშის გენიალურად განსახიერებული ამხანაგი საახოვი რომ არის, აი იმის ხმით ამბობს ამას). შეიცხადა ჩახედულმა ხალხმა, აბა, პრეზიდენტზე რო ვიცით, ასეთი, ისეთი, გავლენიანი და ა.შ. კი ბატონო, გავლენიანი პრეზიდენტია, მაგრამ დაჭერის სანქციას გენერალური ფრაქურორი გამოწერსო. აღმოსავლური სიბრძნე მაინც აღმოსავლური სიბრძნეა.

ჰოდა, პლანეტა ნატალიზე ასეთი წესებია: ჯარი შეიძლება სხვაზე მცირე გყავდეს, ეკონომიკაც დიდი შვიდეულის დარი არ იყოს (აქვე ვსარგებლობ შემთხვევით და ვულოცავ პლანეტა ნატალის ღირსეულ მკვიდრს, ჩვენს მეგობარ ლიეტუვას ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის - OECD-ის 36-ე წევრად შესვლას. ძალიან მაგარი რამეა. ნეტა 50-ეულში მოხვედრა შეძლოს ჩემმა ქვეყანამ), მაგრამ სამართალმა პური კანონისა და წესების სრული დაცვით უნდა სჭამოს.

მიყვარს სერიალებში მაგარი პრინციპული მოსამართლეები რომ არიან, რობერტ მოლერისნაირი ფებეერის შეფებიც მაგრად მევასებიან. აი რომ მოუსმენ და თვალებში ჩახედავ და მიხვდები, რომ ფაიზახი კაცია. ვუყურებ და მეც მინდა ჩემს ქვეყანაში ბევრი ეგეთი. არ არის ეს, ძმებო და დებო, ცხონებულ დიმიტრი გელოვანზე ოცნება. შესაძლებელია. მისაღწევია. აუცილებელია, თორემ გვერდზე დაგვრჩება არა მარტო ნატალია, არამედ მეზობელი ანტალიაც (ზაფხულის მოსვლა თავისას შვრება მაინც). ზაფხულის პირველი დღე, 1 ივნისი ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეა. დავიცვათ ჩვენი შვილები, უზრუნველვყოთ მათთვის ცოდნაცა და სამართალიც, აბა, ვისთვის გვინდა ეს ნატალი.

წინა სტატია

Revision of Television
29 მაისი, 2018

შემდეგი სტატია

აქა 7-ობა!
11 ივნისი, 2018
QNET’s vision
ინტერვიუ | ოქტ, 02, 2018
233 დაგეგმილი პროექტი - ბრენდული სასტუმროები, რომელიც საქართველოში გაიხსნება
ახალი ამბები ქართულად | ოქტ, 16, 2018
Nexia TA - ერთადერთი აუდიტორული კომპანია საქართველოდან, რომელმაც IAB-ის ცერემონიაზე ჯილდო მოიპოვა
საქართველო | ოქტ, 08, 2018
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა