"ვარ დიპლომატი, ვაშუქებ საერთაშორისო ურთიერთობებს, ვემსახურები მშვიდობას!"

აქა 7-ობა!

აქა 7-ობა!

სპეციალური რეპორტაჟი ყინულის დედოფლის სამფლობელოდან.

უკვე ათი დღეა, რაც ოფიციალურად ზაფხულია, თითქოს მზეც კი ანათებს, მაგრამ აქ მაინც გრილა. ამინდურად ხო გრილა და გრილა (მაგ ალაგას ყველაზე ცივი ამინდების კვირეულში ვახლდი დიდ თავადს, სუპერ ელჩს და ადამიან-ღირსებას ლევან მიქელაძეს სიგელების გადასაცემად. ისეთი გავიყინეთ, იმ ქალს გენერალ-გუბერნატორის მაგივრად, ყინულის დედოფალი შევარქვით. არც ლევანის ქუდები შველოდა და არც 50 მეტრში ერთხელ ვისკი. -50 გრადუსი იყო და ჩვენ +50-გრადუსიანით გვეგონა, დავაბალანსებდით. სახლში ძლივს ჩავაღწიეთ ქალიან-კაციან-ბავშვებიანად. მაინც ნეტავ იმ დროს), მაგრამ მაგას ვინ ჩივის. ხო გახსოვთ ლუდის მაგარი ემოციური რეკლამა – ნიკო გომელაური, “ირმებზე მონადირედან” საუნდტრეკი, თოვლი, მერე რა, რომ ზამთარია, ჩვენ ერთად ვართ. მთავარია. აი მაგ რგოლის ნახვა ნამდვილად არ აწყენდათ განწყობისთვის, ურთიერთობის გალღობისთვის სიგრილეში შეკრებილებს, თორემ ლუდი თავისიც კი ჰქონდათ სანაქებო. ერთმა ადგილობრივმა ჯიგარმა მაგარი მოტვინა, “ლიმითედ ედიშნ” 7-გრადუსიანი ჩამოასხა, ეტიკეტზე g7-ც დააკრა და ტრადიციული six-pack-ის მაგივრად კააააი ჩაციებული 7-პეკები გაუშვა. იქ კი იყო ხალხი, ვისაც ლუდით ვერ გააკვირვებ, მაგრამ საუბრის წამოსაწყებად, მასპინძლების შესაქებად, თავის ლუდზე გადასაპატიჟებლად (თუ კარგად წავიდოდა ლაპარაკი) ან უალკოჰოლო ლუდის მსმელების გასაშაყირებლად (თუ არაფერი გამოვიდოდა ყინულის გალღობიდან და ფოლადის შინაურულად გამოწრთობიდან) ნამდვილად კარგი მიგნება იყო.

მასპინძლებმა ისიც კი თქვეს, იცით, როგორი სიმყუდროვე შევქმენით, მარტოსულების კლუბის შეკრებას რომ ზედ დააკვდება – ბუხართან ფუსფუსი, გულახდილი საუბრები, საკუთარი დარდების წრფელად მოყოლა, ვიღაც ან ყველა ერთად მედიას დააყრის ქოქოლას, ვიღაც შეურიგდება ყველაზე ბობოლას და რავი, რა ჯობია კანადურებში, შუაცეცხლთან შვიდკაცათი კაი ამბების მოყოლას.

ნეტავ მართლა ასე მარტივად იყოს საქმე. აირია ყველაფერი ამ ქვეყანაზე. შვიდეულიც კი შვიდეულს აღარ ჰგავს. არადა იმდენი პრობლემაა, განსაკუთრებით ურევს ერთი “აბიჟნიკი”, სუფთა კალვერაა (ოღონდ მაგასთან შედარებით, კალვერაც კი კაი ტიპი იყო, ორი წიგნი არ ჰქონდა წაკითხული, მარა მაგარ რამეებს ამბობდა), თავი მართლა მეფე ჰგონია, საკუთარ სოფელში ხო ყველა დაჩაგრული ჰყავს, მეზობლებს ხო ერჩის და ერჩის და რადგანაც გასდის, უკვე დიიიდი წყლის (გოიკომიტიჩისსახესმაილიკი) გაღმა საქმეებშიც ერევა და მაგის ვირეშმაკობის გადამკიდე მრავალფეროვნებაში გაერთიანებულებსაც რამსები ერევათ. აბა მაგის სადმე გამოჩენა და დაპატიჟება იქნებოდა? ჰოდა, მაგ ამბავზე დილიდან ისეთი წაუყრიათ, ახალგაზრდა ფრანკოფონებს აფთერფართის ადგილიც კი არ გაუმჟღავნებიათ პაიჯის (გურულად პაიჯი – ინვითეიშნ) ინიციატორისთვის. ინიციატივა კიდევ დასჯადია. იჯდეს ახლა ნომერში მარტო. ისე გამოვიდა, რომ სახლში მარტოს მაგივრად, სტუმრად მარტო დარჩა ტიპი. ჰოდა, ადგა და დილიდან გავარდა კიდეც.

აი ასეთ შარებში ვართ. ხალხმა აღარ იცის ამ პიწერსკი ბოტებს (დემნა გვასალიას “ჩექმას” არ ვგულისხმობ) როგორ ებრძოლოს და ამ დროს კიდევ ამათმა აქეთ ფოლადი და ალუმინიო, ტარიფებიო, უარყოფითი ბალანსებიო, იქით თანასწორობაო, ესაო, ისაო. მოკლედ რაა. არადა, თავისი გადმოსახედიდან შვიდივეს თავისი სიმართლე აქვს (ნუ, იმ მაოხრებლის დაპატიჟებაზე აღარაფერს ვამბობ. ეგ რომ მოხდეს, მილიონობით ადამიანისთვის ტარანტინოს „Hateful Eight“-ად გადაიქცევიან). შვიდში ერთი, ყველაზე მაღალი და ყველაზე ჯანიანი იძახის, ეგრე არ გამოვა, ძმებო და დებო, გაიკარით ჯიბეზე ხელი, მარტო მე ხო არ ვიყიდი ვინჩესტერებს და მე ხო არ ვაჭმევ მთელს ამა სოფელს პურსაო. ექვსი კიდევ ერთს ეუბნება: ჩვენთან რო ხარ დიდ გულზე, მიდი და იმას ეჭიდავე, ვითომ ძაალიან ჩუმად რო არის და ამ დროს მოდის და მოიწევს ამ თავისი ერთი გზა, ერთი სარტყელითო; ერთს ჩაგიკრავს ისედაც თითქმის ჩაკრულ/ჩაჭუტულ თვალს და ეგრევე უმარტივებ ცხოვრებას, არადა, მაგი გიგებს ვაჭრობაში თუ გიგებსო (აი მაგან კი ჩაიყვანა თავისთან ის მსოფლიო ამრევი, მეგობრობის ორდენის პონტში ეჟვანიც შეაბა და მაგარს ჰა-ჰა-ვებს თავისთვის კმაყოფილი); აქეთ ჩვენ გვიძაბავ, თქვენი არც ხორბალი მინდა და არც ბორბალიო, გვიბღვერ, გვემუქრები, აქედან კიდევ მიდიხარ იმ ძალად გაღიმებულთან, უკუნითი უკუნისამდე ძმობა უნდა შეფიცოო; ეს სპეც.გამოშვება მედალიონი ხო საერთოდ დეგრადიულობის პიკი იყო. კიდევ კაი, შეცვალეს.  

არ ვიცი, ვინ რა გაიგეთ ჩემი ვითო ვითო შეფუთულ-შენიღბული მონათხრობიდან, მაგრამ ძნელი მისახვედრი ნამდვილად არ უნდა ყოფილიყო,  რომ ამბავი ესე დიდ შვიდეულს, მათ შორის არსებულ ურთიერთობებს და მათ შეკრებას ეხება. რა თქმა უნდა, ყველა ლიდერისთვის მნიშვნელოვანია, რომ თავისი ქვეყნის ინტერესები დაიცვას. ჯონ ლენონის “Imagine”-ვითაც რო არ გამოვა და დიდი შვიდეულის ლიდერებში სამარადჟამო იდილია და წრფელი სიყვარული რო არ დაისადგურებს, ესეც ყველას გვესმის. უბრალოდ, ჩვენი სურვილია, რომ მსოფლიოში არსებული შტორმების და ქარიშხლების ფონზე, დიდი შვიდეულის თითოეულმა წევრმა და ლიდერმა გამოავლინოს კომპრომისის და შეთანხმების უნარი,  საერთო, გლობალური გამოწვევების (ერთის განსაკუთრებულად) წინაშე პასუხისმგებლობისა და მტკიცე ერთიანობის  დემონსტრირება  მოახდინოს.  არ ივარგებს 6+1 ფორმულა. არავისთვის, გარდა ბოროტების.

ძვირფასო მკითხველო! ისეც ნუ აღელდები, აქაოდა, რადგან კანადის პაწაწინა შარლევუში დიდი ვერაფერი შეთანხმდა, შვიდეული აღარ იშვიდეულებს. ასე ცუდადაც არ არის საქმე, მაინც მეგობრობა გაიმარჯვებს, მაგრამ რაც მალე, უკეთესი.   

მე ძალიან მომწონს რომანტიკოსი ფრანგების “liberte, egalite, fraternite”. შეიძლება, როგორც არასდროს, ისე სჭირდებოდეს დღეს დიდ შვიდეულს ეგ მოტო. Deutschland Uber Alles-ც თავისებურად მაგარია და Forza Italia-ზე ხო ყველა გიჟდება, იტალიელიც და გურჯი ტიფოზიც, მაგრამ ჩვენი ამერიკელი მეგობრის და დიპლომატის მიერ სამი დღის წინ ქართულად წარმოთქმულ, პირველი ქართველი დიპლომატის სიბრძნეს “ძალა ერთობაშია”, მე მგონი, მაინც არაფერი სჯობს. არც გლობალურად და, მით უმეტეს, არც ადგილობრივად.

აქა 7-ობა!

გააზიარე