დამილიე ნოვიჩოკი, გეთაყვაა!

კაი გახურებულია უკვე მსოფლიო ჩემპიონატი. წითელ მოედანზეც კი თამაშობს ხალხი, თან რა ხალხი. გერმანელ გულშემატკივრებს უმასპინძლეს და გლიჯეს “ამხანაგური“ 7:2. მოსკოვს ფრიცების არ სჯერა. მოკალი თუ გინდა. არ ახარებენ არც ნაკრებს, არც გულშემატკივრებს. ერთი გერჰარდა შროდერი ჰყავთ საქორწინო გენერალივით. ხან ინაუგურაციაზე გამოაჭენებენ და ხან გაზის ტრუბაზე შემოასკუპებენ ბებია იაგოსავით. ისეთ კუშს უხდიან, უღირს ალბათ ჩემმა მზემ (სხვათა შორის, გავიცანი ამასწინათ ქართველი კაცი გიორგი და ძალიან პოზიტიური შთაბეჭდილებით ვარ, ჩემმა მზემ). გადახდით ისეთს იხდის გაზპრომი, მზე რო არ ყოფილა, ისეთ ქალაქებში მოიყვანა მზე. ეს ქალაქები კიდე დაასწავლეს მსოფლიო მედიასაც და გულშემატკივრებსაც. ზოგს კი აერია მაინც რამსები და ქურდული რასტოვის მაგივრად 1000 კილომეტრის მოშორებით ველიკი დონ-ში ამოყო თავი. პრინციპში, ერთია, უბრალოდ მამა რასტოვში სამხრეებიან/ტატუებიანების ამინდია. თუმცა, მაინც ყველა ერთი ბოსის ქვეშ დადის.

რუსეთს მსოფლიო გეოგრაფიის დასწავლის თავისებური, სპეციფიკური მეთოდები აქვს. კარგად მახსოვს, ჯერ კიდევ 2000-იანების დასაწყისში აშშ-ის სახელმწიფო მდივანი საქართველოს ქალაქებს კი არა, რეგიონებს და სოფლებს ისე სხლავდა, ძირძველი ომალოელი ან თამარაშენის მკვიდრი გეგონებოდათ. დაისწავლიდა, აბა რას იზამდა, ხან წითელსოფელში ჩამოაგდებდნენ ბომბას, თანაც ისე, გამძვრა, გამეპარა, შემომებომბა და ბოდიში კი არა, აი ბავშვებმა რო იციან, მარცხი რო მოუვათ და მე არ ვიყავი სიფათით რო დგანან, ისე (ბავშვებს როგორ შევადარებ მაგ უჯიშოებს! გაუმარჯოს იუნისეფს!).

აღმოსავლეთ უკრაინის რეგიონები და ქალაქები, სოფლები და სარკინიგზო კვანძებიც ხო აათვისებინა თუ ევროპელებს, თუ ამერიკელებს. თვითონ არიან მდინარეებად შესეული კიპლინგისებრი მწითური ავი ძაღლებივით თავისუფლებისმოყვარე მეზობელ ერს, და აქაც სანამ არ მიუბაბანებენ ან დაუტყვევებენ რეგულარული არმიის მოქმედ სამხედროებს, არც კი გაგვიგია ეგ სოფლები და ქალაქები, რა ბუკი, რის ბუკნარიო (ჯვარი წერია ჩემს აჭარას).

აბა ახლა მე მკითხეთ გეოგრაფია/გეოლოგიის ფაკულტეტის კურსდამთავრებულს, ეკონომ გეოგრაფს, ლეგენდარული გეოგრაფი ელჩების კოლეგას და საუკეთესო ლექტორების (აცხონოს ღმერთმა ძია ალიკა რონდელი) არცთუ საუკეთესო სტუდენტს, საიდან ვისწავლე ბრიტანული ქალაქუკები სოლსბერი და ეიმსბერი? 

ფეხბურთიც მიყვარს, ლუდიც და შერლოკ ჰოლმსიც. ინგლისურ საუზმის ჩაისაც ვსვამდი სიამოვნებით და უშიშრად ინგლისში. მარა გავიდა დრო. ნისლიან ალბიონზეც კი ჩაი ჩაის აღარ ჰგავს. “გაზავებული“ ჩაის სმის მწარე გამოცდილება ჯერ კიდევ ამ საუკუნის დასაწყისიდან აქვთ. ასე იციან რუსებმა, ხან პოლონიუმს შეაპარებენ, ხანაც ნოვიჩოკს.

ვინც გაექცათ, ყველას ბოლომდე მისდევენ და მიჰყვებიან. კიდევ 20-მდე შემთხვევაში აქვთ ეჭვი რუსულ კვალზე, მაგრამ აქ ძალიან მკაფიოდ და დასაბუთებულად არის დასახელებული რუსეთის ხელისუფლება. ჯერ იყო და სოლსბერიში წლის დასაწყისში მამა-შვილი სკრიპალები მოწამლეს. მეფის რუსეთის ახრანკიდან მაგარმა დააფგრეიდებულმა, მუშნის მემკვიდრე ბიჭებმა მამა-შვილ სკრიპალებს დაბეჯითებით სთხოვეს, ჩაი დაელიათ. მთლად ისე არა, ჭაბუასთან როგორც იქნებოდა, არამედ უფრო ცბიერად, თან ბრიტანულად და დახვეწილად: დამილიე, ნოვიჩოკი, გეთაყვაა!  ბ(ვ)ლადიმერმა იუარა, ჩვენ რომ მაგის გაკეთება გვდომოდა, როგორ გგონიათ, გაგვიჭირდებოდა საქმის ბოლომდე მიყვანაო? სკრიპალების მოწამვლას მოჰყვა დიპლომატიურ საფარქვეშ მყოფი მზვერავების მასშტაბური გაძევება ევროპიდან და განსაკუთრებით აშშ-დან. სამეფო ოჯახმა და ოფიციოზმა ბოიკოტი გამოუცხადა ჩემპიონატზე დასწრებას (იმიტო არ გაუსკდა ბ(ვ)ლადიმერს გული? არიქა, არ დავრჩე ისეო და სანარკანე მარადონა დააწია ეგრევე თავის ბუენოს-აირესში რუსეთის საელჩოდან ამოღებული ჩემოდანი კოქსით. კინაღამ ჩააკვდათ ეგეც). მოკლედ, ძალიან იმუქრებოდნენ ჩვენი მეგობრები, აღარ გაგრძელდება ძველებურად, ბიზნეს ეზ იუჟუალ ვეღარ გამოვაო. რომაც უვიზოდ დატოვეს და კიდევ ვიღაცეებს ურჩიეს, ემანდ აღთქმულ მიწაზე ეძიეთ თქვენც ნავსაყუდელიო. ეგ იყო და ეგ.

ჰოდა, ნოვიჩოკმაც არ დააყოვნა. ამჯერად ეიმსბერიში. ჩაიც კი არ დასჭირდათ. ასე, თავისთვის, ნოვიჩოკი ქუჩაში დაბაჩუნობდა და ქალი და მამაკაცი შემოეწამლა.

რა ეშველება ამ ყველაფერს? როდემდე? აზღვევინებენ ვითომ როდისმე? აუცილებლად. გუშინ წავიკითხე, აუმ სინრიკიოს სექტის თავკაცი შოკო ასაჰარა (მოფერებით შორენა არ გეგონოთ, საშინელი კაცი იყო. 1996 წელს 18 კაცი მოკლეს მეტროში მომწამლავი გაზი ზარინით, მერე კიდევ რვა. ჯამში 29 ადამიანი მოკლეს) და კიდევ ექვსი თანამზრახველი გაისტუმრეს მოუსვლელში. დასაჯეს სიკვდილით. იაპონელები წესის ხალხია. 2004-ში გამოუტანეს განაჩენი, 2006-ში დასრულდა პროცედურები უზენაეს სასამართლოში. ჰოდა, გუშინ აღსრულდა სამართალი. ნოვიჩოკის დისტრიბუტორებსაც არ ასცდებათ.

პ.ს. იაპონელებზე და წესზე გამახსენდა. იაპონიაში ჩაის დამზადება რელიგიის დონეზეა აყვანილი. სიამოვნებით ვეზიარები, როცა წავალ იაპონიაში. იმედია, ნოვიჩოკის გარეშე.

წინა სტატია

სად არის ქართული პროდუქტი?
05 ივლისი, 2018

შემდეგი სტატია

სწრაფი სამართალი
10 ივლისი, 2018
233 დაგეგმილი პროექტი - ბრენდული სასტუმროები, რომელიც საქართველოში გაიხსნება
ახალი ამბები ქართულად | ოქტ, 16, 2018
ბრიტანულმა სასამართლომ ირაკლი რუხაძე Salford-ის მილიარდიანი პროექტის მითვისებაში ამხილა
საქართველო | ნოე, 07, 2018
მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტები
ახალი ამბები ქართულად | ოქტ, 31, 2018
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა