"ვარ UCD-ის სტუდენტი ირლანდიაში, ვსწავლობ ფინანსებზე".

სწრაფი სამართალი

სწრაფი სამართალი

სწრაფი სამართალი ბიზნესებისთვის, ეგრეთ წოდებული იდეა, რომ ფულს სამართლიანობის მიღწევის დაჩქარება შეუძლია, ირლანდიის მართლმსაჯულებაში 2004 წელს გაჩნდა, როცა მსხვილი ბიზნესის დავების გადასაწყვეტად კომერციული სასამართლო დააარსეს.

კომერციული სასამართლო იხილავს ბიზნესდავას, რომელიც 1 მილიონ ევროზე მეტი ღირებულებისაა, ის ასევე იხილავს დავას ინტელექტუალურ საკუთრებაზე. ცალკე მდგომი სასამართლო სტრუქტურის შექმნის მიზანი ბიზნესებისთვის დავის განსახილველი რიგის დროის შემცირება გახლდათ, რაც ასევე შეამცირებდა ფინანსურ დანაკარგს, რომელსაც დროში გაწელილი სასამართლო პროცესები აზიანებს. 

საქმეების განხილვის სისწრაფეს განაპირობებს ის, რომ ყველა საჩივარი უნდა განიხილონ, მიღებიდან არა უმეტეს 5 კვირის ვადაში. მასალების გადაცემის ვადა და სხვა ტექნიკური პროცესების ხანგრძლივობა კონტროლდება მოკლე ვადებით და ჯარიმებით, თუ ვადები არ არის დაცული. ამის ვალდებულებას კომერციულ სასამართლოში იღებს მოსამართლე და მოსამართლევე უზრუნველყოფს საქმის მასალების დროულ გადმოცემას,  უმაღლესი სასამართლოსგან განსხვავებით, სადაც მხარეების პრეროგატივაა, ერთმანეთს შეუთანხმონ საქმის მასალების გადაცემის ვადები. 

პრეცედენტული სამართალი კიდევ ერთი მიზეზია იმ მრავალ მიზეზთაგან, რის გამოც კომპანიები კაპიტალის დასაბანდებლად ირლანდიას ირჩევენ. პრეცედენტებზე დაფუძნებული სამართალი – ეგრეთ წოდებული ინგლისური სამართალი – ბიზნესისთვის უფრო სტაბილურ საინვესტიციო გარემოს ქმნის, სადაც გარანტირებულია სასამართლოს როგორც მიუკერძოებლობა, აგრეთვე თანაბარუფლებიანობა. პრეცედენტული სასამართლო დამყარებულია წარსულში ანალოგიური დავების გადაწყვეტილებებზე, რაც თანაბარ პირობებში აყენებს ნებისმიერ მხარეს, ხოლო თუ დავა თავისი არსით განსხვავებულია და მისი ანალოგი წარსულში არ მოიძებნა, მაშინ სასამართლოს მიერ დადგენილი განაჩენი სამომავლოდ იდენტური დავების გადაწყვეტის ნიმუშად იქცევა.  

იმის გამო, რომ პრეცედენტული სასამართლოს განაჩენი პროგნოზირებადია, ის ქმნის სტაბილურ, აპოლიტიკურ გარემოს. ასევე პრეცედენტულ სამართალში მოსამართლეს აქვს უფლება, გამოსცეს ახალი კანონი, თუ გამოძიების მსვლელობა  არ ემთხვევა ადრე მიღებულ საკანონმდებლო აქტს, რაც პროცესის მიმდინარეობასა და იურიდიული კანონის გამოცემას აჩქარებს, მაშინ როცა სამოქალაქო სამართალში ნებისმიერი ახალი კანონი პარლამენტის მიერ მიიღება. იმ სფეროში, სადაც დრო ფულია, კანონების სწრაფად მიღება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.  

პრეცედენტული სამართალი სწორედ ამ მიზეზების გამო იზიდავს ბიზნესებს. ბევრი ქვეყანა, რომელსაც მსოფლიოს ეკონომიკურ და ფინანსურ ცენტრად თავის დამკვიდრება სურს თავისუფალ ეკონომიკურ ზონებთან ერთად ნერგავს პრეცედენტულ სამართალს. მაგალითად, დუბაი, და ჰოლანდია რომლებმაც სპეციალური ბიზნესდავების გასარჩევად გარკვეულ ზონებში პრეცედენტული სამართალი შემოიღეს. 

ირლანდიური კომერციული სასამართლო სისტემის ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული საქმე Lehman Brothers-ისა და Anglo Irish Bank-ის დავა იყო. როდესაც 2008 წლის ეკონომიკური კრიზისის დროს Lehman Brothers–ი გაკოტრდა, ის Anglo-ს 5% წილის მფლობელი იყო და არარაციონალურად გაცემული სესხების გამო Anglo-ს ფინანსური კრიზისი კიდევ უფრო გაამძაფრა Lehman Brothers-ის  ჩამოშლამ, რამაც არაერთ უმსხვილეს ბანკს მიაყენა ზიანი. 

აღსანიშნავია, რომ პრეცედენტული სამართლის პარალელურად სულ უფრო ფეხს იკიდებს დავების საარბიტრაჟო გადაწყვეტა. 

მაშინ როდესაც აღმოსავლეთ ევროპაში არბიტრაჟი ძირითადად განიხილება როგორც სასამართლოს ერთ-ერთი ინსტანცია, ამერიკა და დასავლეთი ევროპა არბიტრაჟის ინსტიტუტს აღიქვამს როგორც ცალკე მდგომ დავების გადაწყვეტის ინსტიტუტს. არბიტრაჟში დავას არბიტრები განიხილავენ საგანგებოდ შექმნილ ტრიბუნალთან ერთად. დღესდღეობით ბევრი ბიზნესი, კომერციული სასამართლოს ნაცვლად, უპირატესობას საერთაშორისო არბიტრაჟს ანიჭებს. არბიტრაჟის დროს ორივე მხარეს უფლება აქვს, იდავოს ნებისმიერ ქვეყანაში ბიზნესის წარმოშობის/ოპერირების ქვეყნის მიუხედავად. ეს აძლევს ბიზნესს საშუალებას, დარწმუნებული იყოს პროცესის მიუკერძოებლობასა და განაჩენის სისწორეში, რადგან მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში დავის წარმოება გამორიცხავს  ტრიბუნალებს  და მოდავე მხარის შორის კავშირს და ამა თუ იმ საქმით დაინტერესებას. ასევე არბიტრის მიერ გამოტანილი განაჩენი არის საბოლოო,  არ ექვემდებარება გასაჩივრებას და ორივე მომჩივანი მხარე ვალდებულია, მას დაემორჩილოს. საერთაშორისო არბიტრაჟის ინსტიტუტის ობიექტურობას თან ერთვის ის ფაქტი, რომ ის არ ექვემდებარება არც ერთი ქვეყნის სამართლის კანონებს და ყველა ქვეყნის არბიტრი ძირითადად მოქმედებს “ნიუ–იორკის 1958 წლის კონვენციის” თანახმად. 

არბიტრაჟისთვის მიმართვის კიდევ ერთი მიზეზია საქმის კონფიდენციალურობის დაცვა. რაც იმას ნიშნავს, რომ არბიტრაჟის დროს ყველა სხდომა დახურულია, ამიტომ  ბიზნესები არ ხდებიან მედიის ინტერესის ობიექტები და ინფორმაციის გავრცელების მსხვერპლი, რაც მათ პირველ რიგში იცავს ნეგატიური პიარისგან და იმ ფინანსური ზარალისგან, რაც, შესაძლოა, ხალხის ნდობის დაკარგვამ გამოიწვიოს. 

დიდი ხანია, მიდის მსჯელობა იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოშიც შეიქმნას ცალკე მდგომი კომერციული პალატა ბიზნესებისთვის და განვითარდეს არბიტრაჟის ინსტიტუტი. აბრეშუმის გზის პროექტის “ერთი გზა, ერთი სარტყელის” განვითარებასთან ერთად არსებობს მოსაზრება, რომ ყველა წევრი ქვეყანა, მათ შორის საქართველოც, დაექვემდებაროს საერთო სამართლის კანონებს და შეიქმნას ამ პროექტზე მორგებული საარბიტრაჟო კანონმდებლობა. ზემოთ ხსენებული არბიტრაჟის  პრივილეგიებიდან გამომდინარეშესაძლებელია, რომ საარბიტრაჟო ინსტიტუტი წაახალისებს საერთაშორისო ბიზნესებს, ისარგებლონ აბრეშუმის გზით და ბიზნესსაქმიანობა  ამ პროექტში ჩართულობით განახორციელონ.  

გააზიარე

ავტორის სხვა მასალა