კბილი კბილის წილ

კიდევ კარგი ზაფხულია. კიდევ კარგი წელს მსოფლიო ჩემპიონატის წელი იყო და არა ოლიმპიადის. კიდევ კარგი იმიტომ, რომ ისეთი ამბები ხდება მსოფლიოში, ისეთი ნაცნობი ფრაზები ისმის ამ ბოლო დღეებში, ყველას ის დედააფეთქებული "დამაშნიე ზაგატოვკი" გვახსენდება და რაც ჩინეთის ოლიმპიადის დროს ჩვენს თავს უბედურება დატრიალდა, არასდროს დაგვავიწყდება.

10 წელი გავიდა. მაშინაც, გლობალურად დიდი უბედურება მოხდა. 21-ე საუკუნეში დამოუკიდებელი სახელმწიფოს ტერიტორიების ოკუპაცია მოახდინა მეზობელმა, მაგრამ ამის გააზრებას, რა მოხდა, მსოფლიოსთვის წლებიც დაჭირდა და კიდევ ერთი სახელმწიფოს ტერიტორიების ანექსია და მის მიწაზე ომის გაჩაღება. დღესდღეობით, შეიძლება ითქვას, რომ მსოფლიომ როგორც იქნა გაისიგრძეგანა, თუ რა ჩაიდინა 2008-ში საქართველოში და 2014-ში უკრაინაში რუსეთის ფედერაციამ. რამდენად ღრმად და ყოვლისმომცველად, ეგ კიდევ საკითხავია. იმიტომ რომ მერე იყო კიდევ მალაიზიური MH-17-ს ჩამოგდება, აშშ-ს არჩევნებში დადასტურებულად და ბრექსიტში მაღალი ალბათობით ჩარევა, სკრიპალების მოწამვლა, მერე კიდევ ერთი წყვილის მოწამვლა, პოლიტიკური ოპონენტების შუაგულ მოსკოვში თუ სხვა ქალაქებში დაქილერება - ჩამონათვალი საკმაოდ გრძელია, რაზეც პასუხად მხოლოდ სანქციებით და დიდი შვიდეულიდან გარიცხვით შემოფარგვლა, ჩემთვის პირადად, არადამაკმაყოფილებელია.

ერთ-ერთი ძლიერი მხარე, რომელიც გააჩნია არსენალში პუწინის რეჟიმს, არის გამძლეობა. დიდი ამბავი, თუ ოლიგარქები და ჩინოვნიკები, მათი ცოლები და შვილები, ევროპებში და ამერიკებში არ იშოპინგებენ, არ ისწავლიან და, რაც მთავარია, ფულიკებს არ გადამალავენ. უკეთესი კიდევ წითელი ვლადიმერისთვის და მისი რეჟიმისთვის. აბა ხალხს სულ ფეხბურთის ყურებ-ყურებით, ფუკასავით აახიეს ცხვირწინ პენსიები და გაუზარდეს გადასახდები, მაგრამ შენც არ მომიკვდე, ვინაა ხმის ამომღები. ჯერერთი, რამე რო იყოს, ყველაფერში დამნაშავე პრემიერი ძიმონაა, და მეორეც ერთი, 87%-თვის იმპერიალიზმს ისე ვერავინ უმკლავდება და ისე ვერავინ წარმოადგენს ძერჟავას, როგორც ვლადიმერ ვლადიმეროვიჩი. ტყუილად კი არაა ნათქვამი, გონებით რუaსეთს ვერ გაუგებო.

ჰოდა, ეს გამძლეობა მაგრად ადგება დასავლეთთან ურთიერთობაში. ყოველ 6 თვეში ერთხელ ევროპელების მიერ სანქციების მიღება დიდხანს ნანატრ შვილზე ფეხმძიმობას ჰგავს. ჰადაჰა მოწყდება მუცელიო, მარა აი რაღაც სასწაული მანქანებით მაინც ჯერჯერობით ინარჩუნებენ. გასაგებია, ევროკავშირი რთული მექანიზმია, 28 ქვეყანას ერთნაირად ვერც ეყვარება და ვერც ეძულება რუსეთი. თანაც, ეკონომიკა, ბიზნესი თავისას შობა.

გამძლეობა იქეთ იყოს, და ეს ჩეკისტური უნარების და ძიუდოს ილეთების გამოყენებაც მაგარი დამხეცებული აქვს. ევროპელების რიგებში ხო მუდმივად შეაქვს არეულობა. ზუზუნებენ ზოგიერთნი ევროპიელნი, განსაკუთრებით ისინი, ვის ქუჩებშიც რუსულ T-54 გაზაფხულობით უგრიხინია და უდანაშაულო ხალხიც დაუხვრეტია. წარმოუდგენელია, მაგრამ ეგრეა. ჰოდა, ახლა ამ ევროპელებთან "ჩორტის" ჩაგდება რო დაამუღამა, ოკეანის გაღმაც მიადგა. აი იქ "ჩორტა" თუ "ჩორტა".  ამოდენა 45-ე პრეზიდენტმა კაცმა ჯერ 44-ს დააბრალა ყველაფერი, ჩემო ვოვა, მე და შენი დაშორება სულ ჰუსეინიჩის (იგრძნობა ჯერ კიდევ ჰორვატიული შთაბეჭდილება ხო?) ბრალიაო, მერე მის პარტიას, კიდო თავისუფალ მედიას. ჩემს მზვერავებს კი ვენდობიო, მარა.... აი მერე რაც მოხდა, ყველას გაგაოცებთ. ფინეთის ყურედან დაიჭექა (ისეთი დააბაბანა, ავრორას გასროლა მიმიქარამს), მართალია ეს კაცი, რაში ენაღვლებოდა ჩემი არჩევნებიო. მარა აი ხო გაგიგიათ მოხვალ შენ სახლში ამხანაგო ჭიპილია, ეგრე მოუვიდა 45-ს. სახლში რო დაბრუნდა, ავიბენი პატარაზე, თორე უნდა მეთქვა, ჩემს გვერდზე რო კაცი დგა (აი როგორ რო კახურათა რა, დგა), იმას ყველა მიზეზი ჰქონდა, ჩარეულიყო ჩვენს საპრეზიდენტო არჩევნებშიო. ისე ამ პუწინთან ფლირტაობა მაგით რო მორჩენილიყო, კიდე ჰო. ამერიკელმა გამოძიების მამამ რობერტ მოლერმა რო 12 კაციანი გრუ-ს სია შეაბზრიალა ბრალის წასაყენებლად და ჰელსინკის გზაზე აუფრიალა ძია დონალდს, რუსმა სამისდღემჩიო პრეზიდენტმა, სულით და ხორცით ჩეკისტმა, თქვენზე ნაკლებისო და არც მეტი არც ნაკლები საპასუხოდ რუსეთში აშშ-ს ყოფილი ელჩის მაიკლ მაკფოლის, მაგნიცკის სიის სულის ჩამდგმელის ბილ ბროუდერის, მაგნიცკის აქტის ავტორი კონგრესის უფროსი სტაფერის და კიდევ 9 კაცის სია უკან შეუტრიალა. ჩემი ბიჭებისთვის თვალებში ჩახედვა თუ გინდათ, თქვენი პატრიოტი 12 კაცის თავები დაიდოსო. თვალი თვალის წილ, კბილი კბილის წილ. ატყდა ერთი ვაი და ვიშ-ვიში. ოფიციოზში ჯერ საინტერესო წინადადება უწოდეს, მერე უარყვეს, მერე ისევ ვფიქრობთო, მერე ისევ არ განვიხილავთო. ეს ბლოგი რო გამოვა, იმედია სამჯერაც ექნებათ უარყოფილი და საკითხიც ჩახურული. ცოტა ხნით მაინც. მინამ ზაფხულია, თორე შემოდგომაზე ისევ ეპატიჟება, უკვე თეთრ სახლში ამ ყველას ცოდვით სავსე ვლადიმერს და აი იმ პერიოდში კი გაიყიდება ვაშინგტონშიც და მთელ ამერიკაში საყვირები, ქაღალდები, საღებავები და დემონსტრაციებისთვის საჭირო ატრიბუტები. თან პოლიტიკა, თან ბიზნესი. გინდა, არ გინდა, განუყოფელ.

ამასობაში, ევროკავშირმა გუგლი (დეიდა გუგული კაათა ჰყამდეთ) დაშტრაფა 5 მილიარდი ევროთი ანტიმონოპოლიური რეგულაციების დარღვევის გამო. ტვიტების მბრძანებელმა ეგრევე მიცა: აბა მე რას ვიძახდი, მოწინააღმდეგეები არიანო! კბილი კბილის წილ ამბავია ეგ, მეტი არაფერიო.

ცისქვეშეთის კანცელარიის ფარული ფანატი შეიძლება გახდეს კაცი. გააქანა და ეგრევე დაუატმასკა ევროკავშირს, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში ერთად უნდა შევუტიოთ, აღარაფერში ეტევა ძია სემის არც თვალი, არც კბილი და არც ტარიფიო. ემაგეებს კიდევ 45-ის ეკონომიკურმა მრჩეველმა მაიკლ ქუდლოუმ უპასუხა, ჩინეთის პრეზიდენტ ში-ს შითანხმება არ უნდოდეს, ვაშინგტონ დი.სი.- ში ვისი რა ბრალიაო. ისევ კბილი კბილის წილ.  

ნეტა ის დრო მოვიდოდეს, როდესაც ბლოგში საერთოდ არ დამჭირდება რუსეთის ხსენება, არც ცუდ და არც კარგ კონტექსტში. მე ალბათ მაგას ვერ მოვესწრები, მაგრამ ესეც ნათქვამია, იმედი ბოლოს კტებაო. ამიტომაც სანამ პირში სული მიდგას, რომელიც ღმერთმა მეც მაჩუქა, მტერთან, რომელიც ჩემს მიწა-წყალზე დააბოტებს, დათვისთვის ბაბაიას ძახილს ყოველთვის მერჩივნება: კბილი კბილის წილ.

ღმერთო, დაიფარე ჩემი ხალხი და ჩემი ქვეყანა!

წინა სტატია

დასრულდა "პოვრების" ხანა
19 ივლისი, 2018

შემდეგი სტატია

3 ჩ - ჩინას ჩუმი ჩანაფიქრი
30 ივლისი, 2018
ხარისხის ამბასადორი
ინტერვიუ | აგვ, 29, 2018
Forbes Georgia: 30 Under 30 - მეცნიერება და განათლება
რეიტინგი | სექ, 03, 2018
Forbes Georgia: 30 Under 30 - ანტრეპრენიორი
რეიტინგი | სექ, 05, 2018
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა