3 ჩ - ჩინას ჩუმი ჩანაფიქრი

მოხერხება ხო უნდა? მთელი მსოფლიო ლაპარაკობს ტრამპზე, კითხულობს მის ტვიტებს, უსმენს მისი ყოფილი ადვოკატის მაიკლ კოენის მიერ მასთანვე საუბრის ფარულ ჩანაწერებს პორნოვარსკვლავის გასაჩუმებლად ნაღდი ფულის გადახდაზე და კიდევ ახალ-ახალ ბომბა ნიუსებს რუსებთან გადაკვეთებზე; ეს პუწინი ხო საერთოდ მარადმშრალი მაჩოა (წვიმიდანაც მარტო ეგ გამოდის მშრალი და ომებიდანაც, ჯერჯერობით) - მისი ტორსი ჯერ კიდევ განიხილება მსოფლიოს წამყვან სპეცსამსახურებში, ტვინტანკებში და არამც და არამც ყვითელ ჟურნალ-გამოცემებში.

ამ დროს, მსოფლიოში ყველაზე გავლენიანი ადამიანი ვინ არის? როგორც ტრამპმა პუწინთან შეხვედრის წინა ბრიფინგზე უწოდა, მათი საერთო მეგობარი, რომლის სახელია ში. ისე, მაგარი მეგობრები არიან, ლამის ახალი ტარიფების შემოღების 24/7 რეჟიმზე გადავიდნენ, მეგობარს ჩაუდე ტარიფი, დილაო ჰოუ დილაოო. იქვე პუწინმაც კი გაიფიქრა ალბათ, ტამბოველი მგელია შენი და შის მეგობარიო, მაგრამ ჩეკისტური დღის წესრიგი ჰქონდა და საქმეს ვერ გააფუჭებდა. ამიტომ ხმამაღლა არაფერი უთქვამს. თორე ისე, წესით მაჩო ბიჭი თვითონაც გამსკდარი უნდა იყოს გულზე. ტიპი 5 წელიწადი იყო მიყოლებით მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი ადამიანი (აი მართლა ეს მსოფლიო რა, როგორც ასეთი, რითი ფიქრობენ, არ მესმის), არაფრის დიდებით არ უშვებდა წინ მეორეადგილოსან ამერიკელებს და ა ბატონო, მისსავე ტატამზე შიმ ჩაუტარა მოგვერდი და ჩააჩოჩა მეორე ადგილზე. არადა თან ისე, ჩუმად, წყნარად, დაძაბვის გარეშე, ღიმილ ღიმილით, ორდენიც კი ჩამოკიდა, ემანდ გული არაფერზე დაგწყდესო. ეს არის ვითომ ჩინას (იტალიურად ზუსტად ასე ჟღერს) ჩუმი ჩანაფიქრი? არა მხოლოდ. სხვათა შორის, ყოფილი ვიცე-პრემიერის და წარსულში პარტიული გავლენიანი ბოსის ვაჟი, თვითონ შიც არ არის მაინცდამაინც დახურული ტიპი. ჩინეთის კომპარტიაზე ნამდვილად ვერ იტყვი იგივეს, მაგრამ შის საჯაროობის პრობლემა არ აქვს. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი იმის გათვალისწინებით, რამდენადაც შეიძლება იყოს ღია ჩინეთის კომუნისტური პარტიის თავმჯდომარე, 2013 წლის მარტიდან ჩინეთის პრეზიდენტი, 2016 წლიდან “მთავარი ლიდერის” სტატუსმინიჭებული (1,4 მილიარდი ჩინელისთვის ში დადა, ანუ ში ერის მამა, ასევე, ყოვლისშემძლე ბიძია ში. ისე მეც მყავს უფროსი მეგობარი, ოქრო კაცი ბიძია დადაში, ერთი პლანეტის ფასი აქვს მარტო ულვაში) და 2017 წლის მარტში კონსტიტუციაში მიღებული შესწორებებით განუსაზღვრელი ვადით ხელახლა არჩეული პრეზიდენტი.  ში დადას პიროვნების კულტი იგრძნობა ყველგან და ყველაფერში, წიგნებში, სატელევიზიო გადაცემებში, ჟურნალებში, გამოსვლებში და სიმღერებშიც კი. თავმჯდომარე მაოს, დენ სიაო პინის და ძიან ძემინის მერე ში ჩინეთის კომპარტიის მეოთხე კაცია, ვისაც “მთავარი ლიდერის” სტატუსი მიენიჭა.

ჩინელები მოსახლეობის რაოდენობით მსოფლიოში პირველ ადგილზე არიან, მილიარდელებით და ეკონომიკით კი მეორეზე (ისე ბოლო ხანებია, სატარიფო წაძაბვების ფონზე, ვერც იუანი ვერაა მთლად კარგად და ვერც მსხვილი ჩინური კომპანიების აქციები, მაგრამ მუშაობს მაგ საკითხზეც ცისქვეშეთის კანცელარია). ორ თუმან ტრილიონ დოლარებში არიან, მააშ. გეგმები კი აქვთ დიადი. 2050-თვის პირველ ადგილზე უნდათ რომ გავიდნენ მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობის მიხედვით. აი ეგ კი არის ნაღდად ჩინას ჩუმი ჩანაფიქრი. რაღა ჩუმიო, კი მკითხავთ თქვენ, მაგრამ აბაა დაკვირდით, როგორ უხმაუროდ მიილტვიან თავისი “ჩინური ოცნებისკენ” (ჩემი მოგონილი არ გეგონოთ, შის სახელთან ასოცირდება “ჩინური ოცნება”, ტრამპის “გავხადოთ ამერიკა დიადი ისევ”-ის პონტშია).

რაც მართალი მართალია, მაგრა მრავლდებიან, მაგრა შენდებინ, ცათამბრჯენებში და სამრეწველო გამონაბოლქვში ჯგუფ ჯგუფად ქრებიან და დღე-ღამის განმავლობაში აშენებული კორპუსის X სართულიდან ჩნდებიან. ჯგუფების ზომას არ იკითხავთ? ერთი ასეთი ნახევრად ხუმრობა, ნახევრად სიმართლე მახსოვს. არჩევნების შედეგების დათვლისას იქაური ცესკოს კომპიუტერულმა სისტემამ აურია და ერთი პროვინციის 8,6 მილიონი ხმა დაიკარგა. გავლენა კი არ ჰქონიაო შედეგებზე, მარა მაინც გადავთვალეს და მცირედი ხარვეზიც კი აღმოფხვრილიაო. ჰოდა ამ ხალხს ჭამაც უნდა (ჩვენს მეზობელ სომხებს დათვლილიც კი ჰქონდათ, ჩინეთის ერთი დღის ბრინჯის მარაგი სომხეთს ერთი ხუთწლედი ეყოფაო), მანქანაც, ჩაცმაც და დახურვაც (ჩინური “ექსპერიმენტები” ვის ახსოვს, აწიოს ხელი. სანშაინებიც, მარა ნაღდი ჩინური ორბურთიანები მაინც სულ სხვა იყო). თვითონ რასაც გინდა, იმას დაგიმზადებენ, ისე რო ნაღდისგან ვერ გაარჩევ, მაგრამ მარტო ეგ საქმეს არ შველის. ყველაზე მთავარი მიწის და განთავსების პრობლემაა. ამიტომაც მაგრად მიგრირებენ, სახლდებიან და ჩაინათაუნდებიან. უჰ, რა მიყვარს ისე ამერიკის და ევროპის ქალაქების ჩაინათაუნებში კულინარიული მოძრაობები, ჩინეთის ლიდერშიფს კიდევ გლობალური საგარეო და სამხედრო-პოლიტიკური მოძრაობები.

ავაღორძინოთ ისტორიული აბრეშუმის გზა - დაიძახეს და მიაწვაა ერთი სარტყელი, ერთი გზის ინიციატივა. ყველა მიმართულებით მუშაობენ. გაიხედავ და ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს იკრავს გულში, აქეთ მოიხედავ და სამხრეთ აზიის ქვეყნებში და აფრიკაში ვიზიტები უმაღლეს დონეზე, იქეთ ავსტრალია იღებს ზომებს კანონმდებლობის დონეზე ჩინური გავლენების შესამცირებლად. რუსეთის შორეულ აღმოსავლეთს ხო ისრუტავს, მოთქვავენ რუსები, მაგათ ისევ ჩვენი ჯიგარი შუა აზიელები გვირჩევნიაო. დიდი ზბიგიც, ცხონებული ზბიგნევ ბზეჟინსკი მაგას ამბობდა, სად წავა რუსეთი, ბოლობოლო იძულებით მაინც დასავლეთს ჩაეხუტება, იმიტომ რომ სხვა შემთხვევაში ჩინეთის ვასალობა ელოდებაო. ჩვენც დაველოდებით, თან ჩვენებურად, თან ჩინურ ანდაზურად, აი მდინარის ნაპირზე რო უნდა იცადოო, ისე. მთავარია, ეგრე არ დავრჩეთ. კარგია, რომ ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობა შეჭედილია (ვისიც არის, თავის გზაზე გაუმარჯოს, მთავარია, ქვეყნისთვის კარგია), ჩინელებში ღვინის ათვისება საგრძნობლად გაზრდილია, მარა ჩვენებურებში მაინც როგორ არის იცით? ჩინელები ამბობენ, მოხარული ვართ ჩვენი ჩამოსვლით გვანჯოუდან ქუთაისშიო, თეთრი ხიდიდან პიკასოს ბიჭები კიდევ პასუხობენ, აჰ, რავა გეკადრებათ, უმჯობესია ჩვენი ჩამოგულავება შანხაიშიო. ამასობაში კასპიისპირა ყაზახეთშიც და ჩვენს მეზობელ აზერბაიჯანშიც დღითი დღე იზრდებიან, შედიან და შედიან, ირანს გულში იკრავენ, ეფერებიან, ამერიკული სანქციების ნუ გეშინიათ, თქვენი ნაფთი, ჩვენი უთოებიო. ამასწინათ, ჩემს მეგობარ ქეთი ბოჭორიშვილს ვესაუბრებოდი კონფლიქტებზე, კონკრეტულად ეთიოპიასა და ერითრეაზე და ნება ნება გადავედით აფრიკის კონტინენტზე თუ პაკისტანში ჩინეთის გავლენებსა და მონაწილეობაზე. მადლობა მას ამ ბლოგის ინსპირაციისთვის და კიდევ სხვა ყველაფრისთვის, რასაც ის აკეთებდა და აკეთებს ქვეყნისთვის.  

ჩინეთით და მისი მოქმედების ტაქტიკით განსაკუთრებით დავინტერესდი თურქმენეთსა და ავღანეთში მუშაობის პერიოდიდან. რუსეთს ოღონდ ტრანსკასპიური მილსადენი არ გაეგო და თავს შეაკლავდა პატარა კასპიაში ამერიკას და ევროპას. ამასობაში, დღეს უკვე 4 გაზსადენი მიდის ცენტრალური აზიიდან ჩინეთში. რაც აშხბადში ვიმუშავე, სულ იყო ხმაურიანი განცხადებები, კონსპირაციის თეორიები, რუსები, ამერიკელები, ევროკავშირი, აზერბაიჯანი და ქართველები. ამასობაში, ჩამოვიდოდა ჩინეთიდან თურქმენბაშთან დელეგაცია, თან იაფიანი კრედიტი, თან უმაგრესად გაშუქებული ვიზიტი და მეორე დღიდან იწყებოდა სამინისტროებში ჯგუფ-ჯგუფად მინისტრების მისაღებში დელეგაციების დესანტი. მართლა მაგრა მშურდა.

რა არის ჩინას ჩუმი ჩანაფიქრი? ჩანაფიქრი თუ ჩანაფიქრები? ხალხურად, მარტივად რომ ვთქვათ: ცოტა ხანი მაცადეთ, ნამბერ უანი ვიქნები.

Khvedelidzee, დაცვას მიხედე, დაცვაას. 

წინა სტატია

კბილი კბილის წილ
23 ივლისი, 2018

შემდეგი სტატია

მშიერის დაპურება
02 აგვისტო, 2018
ყველაზე მსხვილი მიკროსაფინანსო ორგანიზაციები
რეიტინგი | ივლ, 16, 2018
ევროკავშირში თითქმის ორჯერ მეტი პროდუქცია გაგვაქვს, ვიდრე რუსეთში
საქართველო | ივლ, 19, 2018
Destination Developer
Forbes Georgia in English | ივლ, 25, 2018
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა