"ვსწავლობ საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტში ბიზნესის ადმინისტრირებას, წარმოების მენეჯმენტის მიმართულებით. ამასთანავე ჩართული ვარ Erasmus+ არაფორმალური განათლების საერთაშორისო პროექტებში".

როგორ ვაქციოთ დაბინძურებული ჰაერი სამკაულად?

როგორ ვაქციოთ დაბინძურებული ჰაერი სამკაულად?

კრეატიული აზროვნება ისაა, რაც ყველა ტექნოლოგიაზე წინ გვაყენებს და რაშიც მანქანები ჯერ ვერ დაგვეწევიან.

სამკაულების დასამზადებლად სმოგის გამოყენების იდეა ერთი შეხედვით აბსურდულად ჟღერს, თუმცა ამაში წამოუდგენელი არაფერია, თუ საჭირო ინგრედიენტები გვაქვს, რაც მოიცავს: ქალაქში დაბინძურებულ ჰაერს, რომელიც, სამწუხაროდ, არ გვაკლია, ცოტა შემოქმედებით აზროვნებას, ტექნოლოგიების ჭკვიანურად გამოყენებას და სულ რაღაც ნახევარ საათში შესაძლებელია, სმოგისგან ბეჭედი დავამზადოთ.  

გლობალური მონაცემებით, 2016 წელს დაბინძურებული ჰაერით გამოწვეული ავადმყოფობების შედეგად 4.2 მილიონი ადამიანი გარდაიცვალა, რაც 1990 წლის მაჩვენებელს თითქმის 23%-ით აღემატება. აღმოსავლეთი ევროპა ამ მხრივ ერთ-ერთი პრობლემური რეგიონია. მსოფლიოში არსებული ამგვარი სტატისტიკა კი კიდევ უფრო გვიბიძგებს ვიფიქროთ კრეატიულ გზებზე, თუ როგორ შეიძლება ვებრძოლოთ მსგავს პრობლემებს დღეისათვის ჩვენს ხელთ არსებული რესურსებით. საბედნიეროდ, თანამედროვე ტექნოლოგიების წყალობით საკმაოდ ეფექტური და “მწვანე” იდეების განხორციელება შეგვიძლია, ენერგიის მინიმალური დანახარჯით და გარემოსთვის ზიანის მიყენების გარეშე. 

ამის შესანიშნავი მაგალითია კომპანია Studio Roosegaarde, რომელიც, არც მეტი, არც ნაკლები, პეკინის სმოგისგან ბეჭდებსა და საკინძებს ამზადებს. ჰოლანდიელი ანტრეპრენიორისა და ინოვატორის, Daan Roosegaarde-ს ხელმძღვანელობით დიზაინერებისა და ინჟინრების ჯგუფი ცდილობს ერთად გადაჭრას ურბანიზაციის ფონზე წარმოქმნილი პრობლემები. Smog Free Project-ი პირველად 2015 წელს დაიწყო. იგი ჰაერის დაბინძურების წინააღმდეგ მიმართული ურბანული ინოვაციების სერიას მოიცავს. პროექტმა დასაწყისშივე დიდი მოწონება დაიმსახურა და Kickstarter-ის მეშვეობით მოთხოვილ თანხაზე გაცილებით მეტი – $ 50 000-ის მოლოდინში $ 113,153 მოიპოვა.  

Smog Free Project-ის სერიის ერთ-ერთი გამორჩეული პროექტია – მსოფლიოში ჯერჯერობით ყველაზე დიდი ჰაერის გამწმენდი, ასე ვთქვათ, უზარმაზარი “მტვერსასრუტი”, რომელიც პარკებში განთავსდება. გუნდმა შექმნა 7 მეტრი სიმაღლის თანამედროვე შენობის მსგავსი კონსტრუქცია, რომელიც შეიწოვს დაბინძურებულ ჰაერს, გადაამუშავებს მას და ბუნებაში სუფთა სახით აბრუნებს.“მტვერსასრუტს” შეუძლია ერთ საათში 30 000 კუბური მეტრი ჰაერი გაწმინდოს. მისი შემქმნელის განცხადებით, პარკში გიგანტური გამწმენდის წყალობით 55-75%-ით უფრო სუფთა ჰაერია, ვიდრე ქალაქში. თუმცა ეს ოპერაციის საბოლოო ეტაპი არაა. ვინაიდან კომპანია  ნარჩენების გადამუშავებისთვის ბოლომდე იბრძვის, აქაც მოიფიქრეს საკმაოდ მოხერხებული გზა. რასაკვირველია, ჰაერის გაწმენდისას მტვრის ნაწილაკები გამოიყოფა და დანადგარშივე გროვდება. სწორედ ამ ერთად დაგროვილ მტვერს მაღალი  წნევის საშუალებით პრესავენ და ამზადებენ ძვირფასი ხარისხის ბეჭდებს (Smog Free Ring), ასევე პატარა ზომის ლამაზ კუბებს შავი გულით, რომელთაც მომხმარებელი თავისი ფანტაზიის მიხედვით იყენებს – საყურის, ყელსაბამის ან სხვა სამკაულის შესაქმნელად. საბოლოოდ ეს ყველაფერი იმას ნიშნავს, რომ ერთი ბეჭდის/კუბის შესაქმნელად 1000 კუბური მეტრი ჰაერი იწმინდება. გამწმენდის გადაადგილება თავისუფლადაა შესაძლებელი. პირველი მოწყობილობა ერთხანს მდებარეობდა კრაკოვში, შემდეგ პეკინსა და ტიანძინში. ამ ეტაპზე მის განვითარებაზე მუშაობს კომპანიის ჩინელი პარტნიორი – ფირმა Film Method Works-ი. მეორე გამწმენდი კი როტერდამის პარკში აგრძელებს მუშაობს.  

ამ ყველაფერს ისიც ემატება, რომ მთელი მექანიზმი აღჭურვილია გარემოსთვის არასაზიანო ტექნოლოგიით და მოიხმარს მცირე რაოდენობის ელექტროენერგიას. კომპანიის მონაცემებზე დაყრდნობით, ეს უზარმაზარი მოწყობილობა იყენებს 1170 ვატს, ანუ დაახლოებით იმავე რაოდენობის ელექტროენერგიას, რასაც ჩვენი სამზარეულოს ელექტროჩაიდანი.

კიდევ ერთი ხერხი ჰაერის დაბინძურებასთან ბრძოლისთვის კომპანიამ ველოსიპედებში დაინახა. პროექტ Smog Free Bicycle-ის განხორციელება 2017 წელს დაიწყო. ველოსიპედის საჭეზე დამაგრებული პატარა მოწყობილობა გადაადგილებისას ისრუტავს ჰაერს, ფილტრავს და გასუფთავებულს უბრუნებს ველოსიპედისტს. გამწმენდი კი ენერგიის გამოსამუშავებლად პედალის ძალას იყენებს. მისი პირველი პროტოტიპი წელს შეიქმნა და მის განვითარებაზე მუშაობა ახლაც მიმდინარეობს. სამომავლო პარტნიორი კი ერთ-ერთი უმსხვილესი ჩინური ველოსიპედების გასაზიარებელი კომპანია OFO-ა, რომელსაც 100 მილიონზე მეტი (2017) რეგისტრირებული მომხმარებელი ჰყავს და მისი პროდუქცია მსოფლიოს 250 ქალაქშია ხელმისაწვდომი. ჩინეთს, სადაც ყოველწლიურად 1-1.2 მილიონი ადამიანი იღუპება დაბინძურებული ჰაერის გამო და რომელიც ამავდროულად ველოსიპედების რაოდენობით ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანაა, ვფიქრობ, ნამდვილად წაადგება მსგავსი წამოწყებები ამ დიდ პრობლემასთან ბრძოლაში. 

კრეატიული აზროვნება ისაა, რაც ყველა ტექნოლოგიაზე წინ გვაყენებს და რაშიც მანქანები ჯერ ვერ დაგვეწევიან. ჩვენი უპირატესობა კი ის არის, რომ ისინი ჩვენი ინოვაციური მიზნების შესასრულებლად მაქსიმალურად გამოვიყენოთ. ეს პროექტი კი მხოლოდ ერთ-ერთი მათგანია. 

გააზიარე