ფიზიკური ლაბორატორიიდან ვირტუალურში

ბავშობაში ქიმიის გაკვეთილს განსაკუთრებული ენთუზიაზმით ველოდებოდი ხოლმე, ალბათ იმიტომ, რომ სხვა საბუნებისმეტყველო საგნებისგან განსხვავებით, აქ ყველაზე ხშირად გვიწევდა პრაქტიკული დავალებების შესრულება. თუმცა, ვისაც ჩემსავით მჟავით სავსე კოლბა ერთხელ მაინც დაუჭერია ხელში, კარგად ეცოდინება, რომ ერთმა არასწორმა მოძრაობამ როგორც საკუთარ თავს, ისე გარშემომყოფებს შეიძლენა დიდი ზიანი მიაყენოს.

ჰოდა, მსგავსი ექსცესისგან რომ დავიცვათ თავი, Google-მა დანიურ კომპანია Labster-თან თანამშრომლობით გადაწყვიტა უნივერსიტეტისა და კოლეჯის სტუდენტებისთვის ალტერნატივად ვირტუალური ლაბორატორია შეეთავაზებინა. განსაკუთრებით სტუდენტებს და ზოგადად, მომხმარებლებს საშუალება ეძლევათ ლაბორატორიაში ფეხის შეუდგმელად წვდომა ჰქონდეთ უახლეს მოწყობილობა-დანადგარებთან, ერთი ნიუანსით - დამცავ სათვალეებს აქ Google Daydream ან Lenovo Mirage-ი ანაცვლებს. არც პარტნიორობის და არც სამიზნე მომხმარებლის არჩევანი შემთხვევითი არ ყოფილა.

რატომ Labster-ი?

დანიაში დაარსებული სტარტ-აპ კომპანია 2013 წლიდან მოყოლებული ვირტუალური ლაბორატორიების შემუშავებითაა დაკავებული. თავდაპირველად კომპანიის მიერ შექმნილი პროგრამულ-აპარატული კომპლექსის გამოყენება კომპიუტერის დახმარებით ხორციელდებოდა. თუმცა სტარტაპერებს ყოველთვის სურდათ პროგრამის მომდევნო საფეხურზე გადაყვანა, და სწორედ მაშინ გამოჩნდა Google-იც.

პარტნიორობის შესახებ ინფორმაცია Google IO 2018-ზე გამოქვეყნდა, თუმცა თანამშრომლობა გაცილებით ადრე, წელიწადნახევრის წინ დაიწყო.

"ჩვენ გვინდოდა  შეგვექმნა საუკეთესო საგანმანათლებლო პლატფორმა სტუდენტებისთვის, Google-თან თანამშრომლობამ კი ამის საშუალება მოგვცა. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ მზად ვართ უზრუნველვყოთ სტუდენტები მაღალი ხარისხის ვირტუალური განათლებით, დაბალ ფასად“, - აღნიშნავს Labster-ის  თანადამფუძნებელი, მაიკლ ბოდკაერი.

რატომ სტუდენტები?

ა) Labster-ის გამოცდილება: ამ კომპანიას მსოფლიოს 150 უნივერსიტეტთან აქვს გაფორმებული ხელშეკრულება, რომელთა შორისაა ჰარვარდის, MIT-ის, სტენფორდისა და ჰონკონგის უნივერსიტეტები. VR ლაბორატორიების გასაუმჯობესებლად კი კომპანიამ სულ  ცოტა ხნის წინ 10 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით დაფინანსებაც მიიღო.

ბ) სტუდენტები როგორც წესი, უფრო ღია არიან ტექნოლოგიური სიახლეების მიმართ: Labster-ს არ აქვს იმის ილუზია, რომ მომხმარებელთა უდიდესი ნაწილი ავტომატურად მიაკითხავს ვირტუალურ ლაბორატორიას. ცხადია, დიდი რაოდენობით იქნებიან ისეთები, ვინც რეალურ ლაბორატორიებში მუშაობას უპირატესობას მხოლოდ იმიტომ მიანიჭებს, რომ ვირტუალური სამყარო ‘მათი არაა’. მაგრამ ამ წამოწყების ავტორებს უპირობოდ სჯერათ იმისაც, რომ პროგრამის უფრო დეტალურად გაცნობის შემდეგ, სკეპტიკოსებიც მიხვდებიან, რომ რეალური ლაბორატორიებისგან განსხვავებით, ვიტუალური ვერსია გაცილებით დიდ შესაძლებლობებსაც იძლევა: აპარატურისა და ნივთიერებების ულევი მარაგის გარდა, თქვენ აქ შეხვდებით უახლეს დანადგარებსა და ექსპერიმენტების ვარიაციულ თანმიმდევრობას: ელექტროდის ჯაჭვში გადაადგილების სიმულაცია, RNA-ის  გამოყოფა, დნმ სეკვენსერი, ციტოგენეტიკა,  გენების ექსპრესია, მოლეკულების 3D ფორმატში დანახვა, გენების რეგულაცია და ა.შ.

რაც შეეხება ერთ არასწორ მოძრაობას...

სასწავლო გაკვეთილები სპეციალურადაც კი მოითხოვს სტუდენტებისგან გარკვეული ექსპერიმენტების ჩატარებისას შეცდომის დაშვებას, რათა მზად იყვნენ მოვლენების ყველა სავარაუდო განვითარებისთვის.

Labster-ის თანადამფუძნებელი, მაიკლ ბოდკაერი იმედოვნებს, რომ ოდესმე - "იქნებ სულ რაღაც 15 წელიწადში" - მსოფლიოს ვირტუალური ლაბორატორიის კურსდამთავრებული ნობელის ლაურეატი უკვე ეყოლება.  

წინა სტატია

New Way To Bank
06 სექტემბერი, 2018

შემდეგი სტატია

ცეკვინგ დიფლომასი
10 სექტემბერი, 2018
ხარისხის ამბასადორი
ინტერვიუ | აგვ, 29, 2018
Forbes Georgia: 30 Under 30 - მეცნიერება და განათლება
რეიტინგი | სექ, 03, 2018
Forbes Georgia: 30 Under 30 - ანტრეპრენიორი
რეიტინგი | სექ, 05, 2018
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა