ცეკვინგ დიფლომასი

რაო, რა ქნეს მსოფლიო ლიდერებმა და ჩინოსნებმა, როგორ გაატარეს ზაფხულიო? როგორ და სულ ცეკვა-ცეკვით. ყველაზე ვერ იტყვის კაცი მაგას ნამდვილად, მაგრამ იყვნენ გამორჩეულებიც. ჰოდა, მათ ცეკვებზე იყო, რომ ატყდა ერთი ამბავი. კრიტიკა ადვილია, ძმაო, მით უმეტეს ისეთ, ერთი შეხედვით უწყინარ ქმედებაზე, როგორიც ცეკვაა. დაწყებული ყველაზე მარტივი “მეტს მაინც ვერაფერს აკეთებენ”, დამთავრებული “თუ ცეკვავენ, წესიერად მაინც იცეკვონ”-ით. დარწმუნებული ვარ, ასეთები უხვად შეგხვდებოდათ მსოფლიო თუ ლოკალურ ზაქერბერგ-ლოჟებში პრემიერ-მინისტრ მეის ცეკვებზე აფრიკებში. ასევე კრიტიკის ქარცეცხლში მოხვდა, ჩემი აზრით, ამ შემთხვევაში სავსებით სამართლიან, ოღონდ არასაკმარისად მწვავე და ხმაურიანში, “თეთრი ცეკვა ევროპებში”. აღვშფოთდით და შევშფოთდით, ვისთან ცეკვავს ქალაუ, რომელიც კარკუჩით ჩამაიყვანეს (როგორი ლამაზი და როგორი თმიანი, მაგის შეფასება თქვენთვის მამინდვია), რომელსაც შვიდის მაგივრად ერთი ჰყავს მაყარი და თანაც ახვარი მაგარი. მოკლედ, ვივიშვიშეთ, გავარჩიეთ და ცოტა ხანში მზეს მივეფიცხეთ და გავიარეთ.

არადა, ამ სკაუტებთან თუ პატარძლებთან ცეკვებში სერიოზული საქმეები კეთდება, საკითხები წყდება. ვის რა გასჭირვებია - ზოგს ახალი ბაზრები, ზოგს ძველი თუ ახალი სანქციები. ხომ გაგიგიათ სახალხო დიპლომატია, სპორტული დიპლომატია. მე მგონი, წლევანდელ ზაფხულს წინა პლანზე საცეკვაო დიპლომატია, ანუ მოფერებით ცეკვინგ დიფლომასი წამოვიდა. კონკრეტულად, თუ რა შედეგით დასრულდა დიპლომატიური ცეკვები, ამას მომავალი გვიჩვენებს. დიდი იმედი მაქვს, რომ “ფაინენშალ თაიმსის” გვერდებზე ამოვიკითხავთ, რომ მრავალმილიარდიანი კონტრაქტები გაფორმდა დიდ ბრიტანეთსა და აფრიკულ ქვეყნებს შორის. ასევე დიდი იმედი მაქვს, რომ სულ მალე გავიგებთ რუსეთისთვის დამატებითი სანქციების შემოღების ამბავს. მე ღიად ვგულშემატკივრობ დიდ ბრიტანეთს და მის პრემიერს  და მას და მის ქვეყანას წარმატებას ვუსურვებ. საქმეშიც გაუმარჯოთ, ცეკვაშიც და ერთად ორივეში. ასევე ღიად ვაცხადებ, რომ ბოროტება, რომელსაც კრემლი სჩადის, უნდა დაისაჯოს. არც ცეკვამ უნდა უშველოს და არც რაიალზე დაკვრამ.

ასეა თუ ისე, ყოველგვარი პათეტიკის გარეშე უნდა ითქვას, რომ, როდესაც საქმე ეროვნულ ინტერესებს ეხება, როდესაც წინ ბრექსიტის “მეცხრე ტალღა” გელის, სამხრეთ აფრიკაშიც წახვალ და კენიაშიც, კიდეც იცეკვებ და კიდეც იმღერებ (ისე, რა ჯობია აფრიკაში ინვესტიციებზე “საფარის”, თან რა სასწაული ქვეყნებია. აქვე მოვუწოდებ ინვესტიციების მაძიებელ ეროვნულ უწყებებს და მათ ხელმძღვანელებს, ნუ შედრკება მათი გული, ამ მამულიშვილურ მსხვერპლშეწირვაზე თუ წავლენ თუნდაც ერთი რიგითი ლარიანის გადასარჩენად, მაგალითად, აქვე, საუდეთში, სადაც ელჩი გვყავს კაცი-რაკეტა და უეჭველი გაშანსავს შეიხებთან ხმლებით ცეკვას, მქუხარე აპლოდისმენტი და არტისტიზმში და პლასტიკაში მაღალი შეფასებები ჩვენზეა). როგორ გამოგივა, ეს სხვა ამბავია, მაგრამ ცეკვინგ დიფლომასი თუ ახალი ბაზრების, ახალი ინვესტიციების და ახალი შესაძლებლობების მოძიების პერსპექტივებს გიჩენს, the floor is yours! კიდევ ერთხელ ვიმეორებ, აქ დისკოს მოცეკვავე ძიმონა არავინ არალი. არც ანდრეს ლიეპა კიდე. ზოგს უკეთ გამოსდის, ზოგს ნაკლებად.  

ისე, ბედის ირონიით, ცეკვინგ დიფლომასის ფოკუსში სწორედ იმ ორი ქვეყნის ლიდერები მოხვდნენ, რომლებიც დანასისხლად არიან წაკიდებული ერთურთთან. რას არ წაეკიდები თავმოყვარე ქვეყნის თავმოყვარე ლიდერი, როდესაც ტიპი გრუშნიკ ქილერებს გიგზავნის, შენს მიწა-წყალზე ადამიანებს გიწამლავს და მერე უტიფრად გაიძახის, თქვენ თვითონ წამლავთ საკუთარ მოქალაქეებს, საბრალო მამა სკრიპალი მოკალით კიდეც უკვე ალბათ და ახლა ვიღაც არარსებულ ტიპებზე ლაპარაკობთ, რუსეთის პრეზიდენტმა გამოგზავნაო. არ ასცდება ახალი სანქციები რუსეთს, სადაც არ უნდა იცეკვოს მისმა ლიდერმა.

გულწრფელად რომ გითხრათ, ერთი რამ მახარებს: არ გაუტარა დიდმა ბრიტანეთმა ამჯერად რუსეთს ბოროტება. აღარ გადაგორდა და ჩაიფარცხა ეს ამბავი. არ დაუბრუნდა ვითარება “ბიზნეს ეზ იუჟუალ” მდგომარეობას. თუ პატარძალს არ უტყდება მაყრიონში “ნოვიჩოკი”, მასზე გაცილებით უფრო გავლენიან, მასთან ერთ ენაზე მოსაუბრე კანცლერინს ნაღდად აღარ ევასება არც საქმეში და არც პირადულში. ზოგადად, ამ მხრივ, მსოფლიოში სახიფათო ტენდენციაა, არიან ისეთებიც, ვინც არაყსაც დალევდა სიამოვნებით ბრუდერშაფტზე პუწინთან და წაიცეკვებდა კიდეც, მიუხედავად იმისა, მდედრია თუ მამრი, მაგრამ ბოლომდე ვერ იხსნებიან. თანაც ყველა დემოკრატიულ გაერთიანებაში უმცირესობაში არიან.  ასე რომ, არ გამოსდით. არც უნდა გამოუვიდეთ. რუსებს კიდევ აღარ უნდა გაუვიდეთ.

ცეკვით დავიწყეთ და ცეკვითვე დავასრულოთ. ცხოვრებისეულად შეიძლება კევინ კოსტნერის ჯონ დანბარივით მგლებთან ცეკვაც მოგიწიოს, მაგრამ სახელმწიფოებრივად სხვის დაკრულზე არასდროს უნდა იცეკვო. ასე რომ, რამდენიც გინდა იცეკვეთ, ოღონდ პარტნიორიც ფრთხილად შეარჩიეთ და მელოდიაც, თორემ მერე ცეკვინგ დიფლომასი აღარ უშველის საქმეს!

წინა სტატია

ფიზიკური ლაბორატორიიდან ვირტუალურში
07 სექტემბერი, 2018

შემდეგი სტატია

ჩვენ რა ვქნათ, ჩვენ?
17 სექტემბერი, 2018
ხარისხის ამბასადორი
ინტერვიუ | აგვ, 29, 2018
Forbes Georgia: 30 Under 30 - მეცნიერება და განათლება
რეიტინგი | სექ, 03, 2018
Forbes Georgia: 30 Under 30 - ანტრეპრენიორი
რეიტინგი | სექ, 05, 2018
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა