ჩვენ რა ვქნათ, ჩვენ?

მსოფლიო ჩემპიონატებზე შესარჩევ ჯგუფებში ძალიან მაგარი გუნდები რომ მოხვდებიან, მათ დამკვიდრებული ტრადიციით “სიკვდილის ჯგუფებს” უწოდებენ. საბედნიეროდ, არც ფეხბურთშია ეს შეფასება პირდაპირი მნიშვნელობით გამოყენებული და არც რეგიონს მინდა ჰქონდეს ასეთი ასოცირება (თუმცა ამის სერიოზული საფუძველი და, სამწუხაროდ, საშიშროებაც არსებობს), მაგრამ რეგიონში, რომელშიც ჩვენ გვერგო წილხვედრობა, ზოგიერთი ლეგენდის მიხედვით, ჩვენივე სიზარმაცის გამო, რაც დრო გადის, დედა შვილს მით უფრო არ იყვანს.

ჩვენ კი გვაქვს ყველასთან სხვადასხვა დონის, მაგრამ ჯამში კარგი ურთიერთობები (თუმცა, ეს არამც და არამც არ არის საკმარისი არც ჩვენი, არც რეგიონის სხვა ქვეყნების და არც რეგიონით დაინტერესებული ჩვენი სტრატეგიული პარტნიორებისა თუ მოკავშირეების სრული ბედნიერებისთვის); ყველასთან, ერთის, ძალად ერთმორწმუნე გრუ-სეთის გამოკლებით. გრუ-სეთის იმიტომ, რომ მათი ახალი, გრუ-სული სახე ამ რამდენიმე დღის წინ დამოუკიდებელი მედიის “მსოფლიო ფლაგმანის” “რაშა თუდეის” მეშვეობით იხილა მსოფლიომ. ორი “გრუ-სო ტურისტო, ობლიკო მორტალე” დაჯდა საბჭოთა  ტელეეთერში (ჩემს თვალში, “რაშა თუდეი” სუფთა “დანავაროტებული” სოვიეტიკუს ტელევიზიუსია) და მოგვიყვა, როგორ დადიოდნენ ხელიხელჩაკიდებულები სოლსბერის დასათვალიერებლად. წინა დღეს ვლადივოსტოკში მათმა შეფმა თავდაჯერებულად ბრძანა, რა თქმა უნდა, ვიცით, ვინ არიან, მალე გამოჩნდებიან და ყველაფერს თავად მოჰყვებიანო. მეორე დღეს მოჰყვა ინტერვიუ, რომელშიც აშკარად ეტყობოდა, რომ დიდი წვალების შემდეგ გაიზეპირეს “საკალელმა” ტურისტებმა აუცილებელი სათქმელი, მაგრამ “ფილტვის” ამბავში მაინც გაიჭედნენ. რო ჰკითხეს, ყველა ფოტოზე ერთად რატო ხართო, დადუმდნენ და უხერხულად შეიშმუშნენ. ალბათ, მაგათი შემხედვარე, ამ დროს ცხონებული ანდრეი მირონოვის საყვარელი კონტრაბანდისტი გმირიც კი საფლავში ტრიალებს. ისე, კრეატივი არასდროს ყოფილა რუსების ძლიერი მხარე. რაც მათ სკრიპალების მოწამვლისთვის ზეწოლა, სანქციები და ეპითეტები მიიღეს და ამ ყველაფრის მერე ორი, სრულიად შეზღუდული ტიპის საჯაროდ გამოგდების მერე რა უნდა იფიქრო კაცმა. არ ენაღვლებათო, ვერ იტყვი, მაშინ თავისით “დააძინებდნენ” “ტურისტებს”. არსებულ ვითარებაში აშკარად მოუწიათ მათი გამოყრა, მაგრამ მეტის მოფიქრებაც რომ არ შეუძლიათ, ცხადია. ხო რა, რატომ გვიკვირს, ეს ხომ ჩვეულებრივი “ზაპოროჟეცის” გაქანების ქვეყანაა. ღონი გქონდეს, ტვინი არად გჭირდებოდესო, მათივე ნათქვამია. კი ეტრფიან ჩვენთან ვიღაცები, ენასაც უჩლექენ, თეთრეულსაც უფრიალებენ. სამარცხვინო იეფობაა ეგ ყველაფერი.  

ძალიან არ მომწონს, როდესაც ოდნავი კითხვის ნიშნებიც კი ჩნდება თურქეთის ნატო-ს წევრობასთან დაკავშირებით. თურქეთი ჩვენი ალიანსში გაწევრიანების ერთ-ერთი ყველაზე მტკიცე მხარდამჭერია და მისი ნატო-დან გასვლის შესახებ სპეკულაციებიც კი ნამდვილად არ არის სახარბიელო სიახლე. ევროკავშირთან მოლაპარაკებებიც რო შემწყდარია, გულდასაწყვეტია. სხვათა შორის, მაგ ამბავში ორივე მხარეს თავისი სიმართლე აქვს. მე ვიცი, რომ თურქეთს ნამდვილად უნდოდა ევროკავშირის წევრობა, თანაც ჯერ კიდევ სულ ცოტა ხნის წინ, მაგრამ სადღაც გაიჭედა ურთიერთობები. ასეა თუ ისე, თურქეთის ევროინტეგრაცია შეჩერებულია, ევროკავშირი გაბრაზებულია.  გაბრაზებული კია, მარა ამ დროს 4 მილიონი დევნილის თავის ქვეყანაში შემაკავებელიც ბევრი კი არადა, არც არავინაა. მიგრანტების პრობლემის ნიადაგზე ლამისაა დაკარგონ ერთმანეთი ძირძველმა და ახალგაზრდა ევროკავშირელებმა. ეს იცის ჯუმჰურბაშკანმა ერდოღანმა, ძლიერმა, ძალაუფლებაგანმტკიცებულმა და თავის ქვეყანაში ყველაზე გავლენიანმა. ჰოდა, არ გინდათ და აგერ მიყურეთ თქვენო. ჯერ ხო ევროკავშირს აქცია ზურგი. ამას კიდევ დაემატა ტრანსატლანტიკური დაძაბულობა. არავისზე ნაკლები ყოჩი მე არა ვარ, მინდა “პეტრიოტებს” დავდგამ, მინდა რუსულ “ს-400”-ებს და მინდა ორივეს ერთადო. არადა, ორივე ერთად არ გამოვა. მერე იყო და, შენი სიტყვა სიტყვაა და ჩემი არაო, შეუთვალა ძია დონალდს და ჩაიტოვა ეჭვმიტანილი პასტორი. ამის პასუხად დოლარმა ლირას შემოარტყა. ჯუმჰურბაშკანმა ლირას არ დაგაჩაგვრინებთო და კეთილდღეობის ფონდის დირექტორად თვითონ დადგა, მოადგილედ კიდევ - მისი სიძე. ისე, ეს სიძე მარტო კახელებისთვისაა მურტალი ნათესავი, თორემ თურქომან სხვა სახელმწიფოებშიც გამიგია, სიძეები მაგარი მოხოდილები არიანო. აღმოსავლეთი ფაქიზი რამააო, ნათქომია.

აზერბაიჯანი, თურქეთთან ერთად, სტრატეგიულ პროექტებში ჩვენი საიმედო პარტნიორია. რაც არ უნდა განსხვავებები გვქონდეს საგარეო-პოლიტიკურ ვექტორებზე მოძრაობის ტემპებში, სტრატეგიასა თუ ტაქტიკაში, როგორი არაერთგვაროვანიც არ უნდა იყოს ჩვენი ხედვები სახელმწიფო ინსტიტუტების საქმიანობასთან მიმართებით, ეს ქვეყანა მაინც ჩვენი მნიშვნელოვანი მეზობელია. თანაც, ორივემ ვიცით, რომ ტერიტორიული მთლიანობის დარღვევის პრობლემა სათავეს კრემლში იღებს. თითქოს პუწინისგან მილიარდობით იარაღსაც ყიდულობენ, თითქოს უფრო მეტსაც თანამშრომლობენ, მარა არა შეჯდა მწყერი ხესა, არა შველის ამ გრუ-სებსა. ჰოდა, ფრთხილობს დიდი ჰეიდარის მემკვიდრე. მგონია, რომ თავის მომენტს ელოდება. ვინც მოითმენს, ის მოიგებს? ინშალა. ღმერთმა ხელი მოუმართოთ.

სომხეთში რეფორმებია, ცვლილებებია. მისასალმებელია. მგონია, რომ ჩვენი მეზობლები აკეთებენ იმას, რაც შესაძლებელია. სხვა რეალობა აქვთ მათ. არავის ვუსურვებ რუსულ სამხედრო ბაზას თავის მიწა-წყალზე (ცნობისთვის, ჩვენი ქვეყნიდან რუსული შეიარაღების უდიდესი ნაწილი ირაკლი მენაღარიშვილის თაოსნობით, ლევან მიქელაძემ, გიგა ბურდულმა და სამხედრო-პოლიტიკური დეპარტამენტის ბიჭებმა, თავდაცვის სამინისტროს კაი კაცებთან ერთად გაიყვანეს), არავის ვუსურვებ ძირითადი სტრატეგიული ობიექტების რუსების ხელში ჩაგდებას. მე მესმის სომხების. თანაც რუსების საპირწონეც არავინ ჩანს მაგათ მხარეს. შორიდან რეფორმებით ფრთხილი აღფრთოვანება და შეძახილები არ შველის საქმეს. მინსკის ჯგუფის იმედად მტერი იყოს. მინსკის ფორმატი ჩვენს უკრაინელ ძმებსაც აქვთ, მაგრამ დღესაც კი ჩვეულებრივი ომი აქვთ რუსებთან აღმოსავლეთ უკრაინაში. დიდება გმირებს. რუსეთი ოკუპანტია.  

როგორ მინდა, ირანში რომ “სვეცკად” იყოს საქმე, ცხოვრება და ურთიერთობა. ათეულ მილიონობით იქაურს ჩემზე მეტად უნდა, მაგრამ ერთ მაგდენს სულ პირიქით უნდა. ჰოდა, ასე გვირილასავით როა, იმას უნდა, ამას არ უნდა, რაც ობამას მოსწონს, ტრამპს - არა, ამიტომაცაა, რომ სულ გაქვს იმის განცდა, თითქოს ბომბზე ვსხედვართ. შეიძლება არა ატომურზე, ისიც ჯერჯერობით, მაგრამ კონვენციურზე კი ნამდვილად, რამდენიც გინდა, სულო და გულო.

ეს ყველაფერი კარგი, მარა ჩვენ რა ვქნათ, ჩვენ? (ამ ფრაზის გამოყენების უფლების თანამფლობელობაზე განმარტება იხ. წინა ბლოგებში)

ცოტა ხნის წინ, ვერცხლისწყალივით ერთ ადგილას მოუსვენარმა და ოქროსავით ძვირფასმა ნინო ევგენიძემ ისევ ნახევარ დუნიას მოუყარა თავი. თან ისე, დიდი დაძაბვის გარეშე. პრეზიდენტები, მინისტრები, უძლიერესი დიპლომატები, გავლენიანი აზრის შემქმნელები და ცნობილი ჟურნალისტები - ჩვეულებრივი ვარსკვლავთცვენა მოაწყო, უკვე მეოთხედ. რა იყო მათი ყველას გზავნილი საქართველოსთვის?

-        ქართული რაგბის შერკინებასავით ძლიერი ერთობა საგარეო გამოწვევებთან ჭიდილში;

-        ესტონურად სანიმუშო რეფორმები ევროკავშირისა და ნატოს წევრობისთვის ურთულეს გზაზე;

და რა თქმა უნდა,

-        ცოტა ხნის წინ გარდაცვლილი ლეგენდარული ამერიკელი სენატორის ჯონ მაკკეინის უკვდავი დევიზი: “ქვეყანა უპირველეს ყოვლისა”. მადლობა მას ყველაფრისთვის.

ეს არ არის მხოლოდ სიტყვები. ეს არ არის კეთილი სურვილები. ეს არ არის ჭკუა-დარიგებები. ეს არის ის, რასაც მოაქვს გამარჯვებები.

წინა სტატია

ცეკვინგ დიფლომასი
10 სექტემბერი, 2018

შემდეგი სტატია

The Great Power of Diaspora
21 სექტემბერი, 2018
რომელ ბანკებს აქვთ ყველაზე მეტი “უმოქმედო სესხი”
ახალი ამბები ქართულად | ნოე, 19, 2018
10 ქვეყანა, რომლის მოქალაქეებიც საქართველოში ვიზიტისას ყველაზე მეტ ფულს ხარჯავენ
ახალი ამბები ქართულად | დეკ, 05, 2018
საქართველოს ბანკი QR გადახდებს ნერგავს
საქართველო | დეკ, 05, 2018
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა